სწორად რომ გაირუჯოთ
ერთგვარი სავიზიტო ბარათია და პასუხი იმაზე, როგორ დაისვენა!
როგორ გაირუჯოთ ლამაზად და ხანგრძლივად შეინარჩუნოთ ნამზეური, ამ კითხვებზე ექსპერტებს საინტერესო რეკომენდაციები აქვთ:
გაირუჯეთ თანდათანობით!
თუ გინდათ, რუჯი ხანგრძლივად შეგინარჩუნდეთ, სწრაფად (ერთბაშად) გარუჯვას უნდა ერიდოთ! მზეზე დაყოვნების ხანგრძლივობა თანდათანობით უნდა გაზარდოთ 10-15 წუთიდან 40 წუთამდე დღეში. გახსოვდეთ, გარუჯვა და მით უფრო კანის დამწვრობა ორგანიზმისათვის ძლიერი სტრესია. დაზიანებული კანი, აღდგენის მიზნით, სწრაფად იცილებს (იშორებს) მკვდარ უჯრედებს, ამის გამოა სწორედ, კანი რომ იქერცლება. შესაბამისად, რუჯის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად დამწვრობა არ გამოგადგებათ, თუ მზეზე ეტაპობრივად გაირუჯებით, რუჯი ხანგრძლივად შეგინარჩუნდებათ!
იკვებეთ სწორად!
გარუჯვას კაროტინის შემცველი პროდუქტებიც ეხმარება (სტაფილო, გარგარი, ატამი და სხვა); კანს დამწვრობისაგან იცავს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებითაც მდიდარია თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხები, ასევე E ვიტამინით გაჯერებული პროდუქტები, როგორებიცაა მცენარეული ცხიმები (ზეთები) და ნიგოზი. დაიცავით სიფრთხილე მედიკამენტების მიღებისას. ზოგიერთი მათგანი ზრდის მზის სხივების მიმღებლობას, მათ შორისაა ანტიბიოტიკები (ტეტრაციკლინი, დოქსაციკლინი) და ორალური კონტრაცეპტივები.
აქტიურად დაიტენიანეთ კანი!
გარუჯული კანი გაუწყლოებულია, შესაბამისად, აქტიურად უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი საშუალებები. ისინი სხეულზე დღეში სულ მცირე 2-ჯერ (დილა-საღამოს) მაინც უნდა წაისვათ, ხელებზე კი – 4-5-ჯერ დღის განმავლობაში. მიიღეთ მეტი სითხე, რათა კანი შიგნიდანაც რაციონალურად დატენიანდეს.
გარუჯვის შემდეგ მოსალოდნელი პრობლემები:
როდესაც რუჯი გადადის, კანზე ზოგჯერ მცირე ზომის მოთეთრო ლაქები რჩება. ეს ყველაზე ხშირად კანის სოკოვანი დაზიანებაა, რომელიც ინტენსიური ოფლიანობით გამორჩეულ ადამიანებს უვითარდებათ. ჩვეულებრივ (ყოველდღიურ) ყოფაში დაავადება არ ავლენს თავს, არც შეგრძნების გაუარესებით, არც ქავილით და სხვა სიმპტომებით, რუჯის გავლის შემდეგ კი თავს იჩენს. თუ ეს პრობლემა აღმოგაჩნდათ, უმჯობესია მკურნალობის კურსი ჩაიტაროთ. გაითვალისწინეთ – გართულებების შემთხვევაში შესაძლოა ქავილის გაძლიერება, პრობლემის უგულებელყოფისა და სათანადო მკურნალობის გარეშე კი – ლაქების გაერთიანება უფრო მსხვილ დაზიანებებად.
მეორე პრობლემა, რომელიც ასევე ხშირად ვლინდება „პლაჟზე მიღებულ სიამოვნებათა შემდეგ“, პიგმენტური ლაქებია. მას უფრო ხშირად ის ქალები ეჯახებიან, რომლებმაც პილინგი ზღვის კურორტზე გამგზავრებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ჩაიტარეს. ბალზაკის ასაკის ქალებისთვის პიგმენტაცია საკმაოდ ხშირი შემთხვევაა ორგანიმზში მიმდინარე ჰორმონული ძვრების ფონზე. პიგმენტური ლაქებისაგან თავდაღწევა, მით უფრო, თუ ისინი მსხვილი და ხშირია, არც ისე მარტივია. ამისთვის პროფესიონალი კოსმეტოლოგის დახმარება დაგჭირდებათ. ექიმები, თავის მხრივ, ლაზერის პროცედურებსა და პილინგს ურჩევენ პაციენტებს.