ტუბერკულოზი და ორსულობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტუბერკულოზი და ორსულობა

ძველი ფთიზიატრების გამოთქმისამებრ, "ტუბერკულოზით დაავადებული გოგონა არ უნდა დაორსულდეს, ორსულმა შვილი არ უნდა გააჩინოს, ხოლო დედამ არ უნდა აწოვოს ძუძუ". რასაკვირველია, ტუბერკულოზი ორსულობისას განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ ნუთუ მართლა ასე ცუდად არის საქმე?

ამის შესახებ სასაუბროდ საპატრიარქოს სამშობიარო სახლის მეანს, ბატონ ალეკო დიაკონიძეს მივმართეთ.

- რეპროდუქციული ასაკის ქალებში ბოლო ხანს ტუბერკულოზით ავადობის მატება შეინიშნება. რას გვეტყვით ამის თაობაზე?

- ტუბერკულოზი, რომელიც ჩამქრალ დაავადებად იყო მიჩნეული, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთელი მსოფლიოსთვის სერიოზულ საფრთხედ გამოაცხადა. XX საუკუნის 90-იან წლებში ცხოვრების დონის დაქვეითების გამო მსოფლიოში მისმა გავრცელებამ 2-ჯერ მოიმატა. მნიშვნელოვნად გაიზარდა 20-30 წლის დაავადებული ქალების ხვედრითი წილი. ამასთანავე, ორსულებსა და ნამშობიარევ ქალებს შორის ავადობა 2-2,5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე არაორსულებს შორის.

ბოლო დრომდე ტუბერკულოზი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებად მიიჩნეოდა. დღეს, გამაჯანსაღებელი და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სპეციალური ღონისძიებების დანერგვის, ტუბერკულოზის სადიაგნოზო მეთოდების დახვეწის, პრაქტიკაში კომპლექსური მკურნალობის ახალი მეთოდების (ანტიბიოტიკები, ქიმიოპრეპარატები, ხელოვნური პნევმოთორაქსი, ოპერაციული ჩარევა ფილტვებსა და გულმკერდზე) ჩართვის გამო, ტუბერკულოზიანი ქალების ორსულობის საკითხისადმი მიდგომა შეიცვალა.

ანტიბიოტიკების ეპოქის დადგომასთან ერთად შესაძლებელი გახდა ორსულობის მართვა ტუბერკულოზის ზოგიერთი ფორმის დროს. დისპანსერსა და სტაციონარში ტუბეკულოზის სისტემატური კონტროლითა და მკურნალობით ორსულობის შენარჩუნება უმეტესად შესაძლებელია.

- რა ქნას მან, ვისაც შვილის გაჩენა სურს?

- იდეალური ვარიანტია, დედობა გადავდოთ სრულ გამოჯანმრთელებამდე, ანუ მკურნალობის კურსის დასრულებამდე და ამის შემდეგ - კიდევ 2 წლით.

- მაგრამ თუ ქალი შემთხვევით დაორსულდა? ისეთი რა ცვლილებები მიმდინარეობს ორსულის ორგანიზმში, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ტუბერკულოზურ პროცესზე?

- ორსულობის დროს ფილტვებში ტუბერკულოზური პროცესის გამწვავება შეიძლება გამოიწვიოს დაავადების ნებაზე მიშვებამ ან არარაციონალურმა მკურნალობამ. დაავადებაზე გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები (ენდოკრინული ჯირკვლების, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების, თირკმელების დატვირთვის მატება, ნივთიერებათა ცვლის გადაწყობა, ორგანიზმის იმუნური დაცვის დაქვეითება, კალციუმის ინტენსიური ათვისება).

ნაყოფის ძვლოვანი სისტემის აგება მოითხოვს დედის მინერალური ნივთიერებების ინტენსიურ ხარჯვას. ამის გამო ხდება ქალის ორგანიზმის დემინერალიზაცია, რამაც შეიძლება ტუბერკულოზის ჩაკირული კერებიდან კალციუმის გამოტანა და მათი გარბილება გამოიწვიოს, ეს კი ბიძგს აძლევს პათოლოგიური პროცესის პროგრესს. ამ მხრივ განსაკუთრებით არასასურველია ორსულობის პირველი სამი თვე, მათ წილად მოდის ორსულობის პერიოდში ტუბერკულოზის გამწვავების შემთხვევათა მესამედი.

- როგორ მოქმედებს ორსულობა და მშობიარობა ტუბერკულოზის მიმდინარეობაზე?

- მნიშვნელობა აქვს ოთხ ფაქტორს:

  • ტუბერკულოზური პროცესის ხასიათს;
  • ორსულობის ვადას;
  • სოციალურ-ყოფის და ოჯახურ გარემოებებს;
  • ორსულის ასაკს.

ტუბერკულოზური პროცესის ხასიათი, აქტივობა

  • არააქტიური პროცესი ორსულობის გავლენით, ჩვეულებრივ, არ მწვავდება;
  • აქტიური პროცესი, რომელიც დაიწყო ორსულობამდე, ასევე - არანამკურნალევი ან ბოლომდე მიუყვანელი პროცესი, ჩვეულებრივ, ორსულობის ფონზე მწვავდება.

დაავადების დაწყების დრო

პირველადი ტუბერკულოზი, რომელმაც ორსულობისას იჩინა თავი, მიდრეკილია გენერალიზაციისკენ და გაცილებით საშიშია, ვიდრე მეორეული ტუბერკულოზი, რომელიც უკვე არსებული ინფიცირების ფონზე განვითარდა.

დაავადების ფორმა

ტუბერკულოზის გავრცობილი და დესტრუქციული ფორმები უფრო საშიშია, ვიდრე შემოფარგლული. განსაკუთრებით საშიშია:

  • ტუბერკულოზის მწვავედ მიმდინარე ფორმები, აგრეთვე - ქრონიკული დესტრუქციული, განსაკუთრებით - მედიკამენტებისადმი მდგრადი პროცესები, თირკმელის ტუბერკულოზისა და ორსულობის თანაობა, რადგან ორსულობა ზრდის თირკმელებზე დატვირთვას და ამწვავებს თირკმელებში ლატენტურად მიმდინარე ტუბერკულოზს.
  • ორსულობა იშვიათად ვითარდება გენიტალიური ტუბერკულოზის ფონზე, მაგრამ ტუბერკულოზური ენდომეტრიოზის თანაობა ორსულობისას უკიდურესად არასასურველია - არსებობს ნაყოფის დედის მუცელშივე დაინფიცირების რისკი.

ტუბერკულოზური პროცესის გამწვავების თვალსაზრისით განსაკუთრებით საფრთხილოა ორსულობის პირველი ტრიმესტრი და ბოლო კვირები.


- რომელი ორსულები შედიან რისკის ჯგუფში?

- 20 წელზე ახალგაზრდები და 35 წელს გადაცილებულები. ასევე:

  • ორსულები ახლახან გადატანილი ტუბერკულოზური პროცესით (როდესაც მკურნალობის დასრულებიდან ერთ წელზე ნაკლები ხანია გასული);
  • ორსულები ტუბერკულოზის გამო გადატანილი ოპერაციის შემდგომ პერიოდში (ჩარევიდან გასულია ერთ წელზე ნაკლები ხანი);
  • ორსულები გავრცობილი ტუბერკულოზური პროცესით, განურჩევლად მისი ფაზისა;
  • ორსულები, რომელთაც აქვთ კონტაქტი ტუბერკულოზიან პაციენტებთან (როგორც ბაცილაგამომყოფთან, ისე არაგამომყოფთანაც);
  • ორსულები პირველად დადგენილი ვირაჟით, ჰიპერერგულით ან მზარდი ტუბერკულინური მგრძნობელობით (მანტუს სინჯით 2 TE-დან);
  • ორსულები თანმხლები დაავადებებით - შაქრიანი დიაბეტით, სასუნთქი სისტემის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებებით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით;
  • ალკოჰოლის, ნიკოტინისა და ნარკოტიკების მომხმარებლები;
  • ქალები, რომEებიც ასოციალურ ცხოვრების წესს მისდევენ.

- როდის არის უმჯობესი ორსულობის შეწყვეტა?

- ამ მხრივ საყურადღებოა ტუბერკულოზის ყველა აქტიური ფორმა:

  • პირველადი ტუბერკულოზური ინფექცია;
  • ფილტვისა და სასუნთქი სისტემის სხვა ორგანოთა ტუბერკულოზი;
  • ნაწლავების, ჯორჯლის ლიმფური კვანძებისა და ბადექონის ტუბერკულოზი;
  • ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი;
  • შარდსასქესო ორგანოების ტუბერკულოზი;
  • სხვა ორგანოების ტუბერკულოზი.

- როდის არ შეიძლება ორსულობის შეწყვეტა და რატომ?

- ორსულობის შეწყვეტის უკუჩვენებაა:

  • ტუბერკულოზური მენინგიტი;
  • ფილტვის მწვავე მილიარული ტუბერკულოზი;
  • ქვემწვავე დისემინირებული ტუბერკულოზი;
  • სხვა მწვავედ მიმდინარე პროგრესირებადი პროცესები.

დაავადების ამ ფორმების დროს ორსულობის შეწყვეტა მიზანშეწონილი არ არის, რადგან აბორტის შემდეგ ტუბერკულოზური პროცესი განსაკუთრებით აგრესიული ხდება. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ორსულობის შეწყვეტა მე-12 კვირამდე, მაგრამ არა მანამდე, ვიდრე დაავადება მკურნალობის ფონზე გაწოვას დაიწყებს. გვიანდელ ვადებზე ორსულობის შეწყვეტა ერთმნიშვნელოვნად უკუნაჩვენებია, რადგან ქალისთვის ეს უფრო საშიშია, ვიდრე მშობიარობა.

- როდის შეიძლება ორსულობის შენარჩუნება?

- ორსულობის შენარჩუნება შეუძლიათ:

  • ქალებს, რომელთაც დაასრულეს სპეციფიკური მკურნალობის კურსი კლინიკური ეფექტით, აქვთ დაავადების არააქტიური ფორმა ან კლინიკურად განკურნებული ტუბერკულოზი;
  • ქალებს შემოფარგლული აქტიური ტუბერკულოზის ნებისმიერი ლოკალიზაციის გაურთულებელი ფორმით, მათ შორის - ფილტვის კეროვანი, შემოფარგლული ინფილტრაციული ტუბერკულოზით, ექსუდაციური პლევრიტით. ასეთი პროცესები ორსულობის ფონზე ეფექტურად იკურნება. პროგრესირება, როგორც წესი, არ ხდება.

- როგორ ინფიცირდება ბავშვი თანდაყოლილი ტუბერკულოზის დროს?

- ბავშვს ასნებოვნებს ენდომეტრიუმიდან შეჭრილი მიკობაქტერია. ტუბერკულოზური ინფექციის პლაცენტიდან გადაცემა უკვე დადასტურებულია. აღწერილია შემთხვევები, როდესაც ახალშობილებს ლიმფურ კვანძებში ტუბერკულოზის მიკობაქტერია აღმოუჩინეს. თანდაყოლილი ტუბერკულოზი შეიძლება იყოს ინფიცირებული პლაცენტიდან, ჭიპის ვენიდან ჰემატოგენური დისემინაციის ან ინფიცირებული ამნიონური სითხის ასპირაციის შედეგი. ღვიძლი ჰემატოგენური დისემინაციის მთავარი სამიზნეა. თანდაყოლილი ტუბერკულოზის დიაგნოზი ეფუძნება შემდეგ კრიტერუმებს:

  • ტუბერკულოზის მიკობაქტერიის ბაქტერიოლოგიურ დადასტურებას;
  • ემბრიონის ან ახალშობილის ღვიძლში პირველადი კომპლექსის არსებობას;
  • საშვილოსნოსგარე ინფიცირების გამორიცხვას.

- როგორ ხდება ტუბერკულოზის მართვა?

- ორსულობის დროს ტუბერკულოზის სკრინინგი რეკომენდებული არ არის. მართვა ხორციელდება ფთიზიატრსა და მეან-გინეკოლოგთან ერთად. აუცილებელია ტუბდისპანსერის, ქალთა კონსულტაციისა და სამშობიარო სახლის თანამშრომლობა. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სტაციონარში ორსულობის გეგმური ჰოსპიტალიზაცია ტარდება სამჯერ: I ტრიმესტრში, 30-36-ე კვირას და 36-40-ე კვირას.

მშობიარობისთვის ჰოსპიტალიზაცია ტარდება სპეციალიზებულ სამშობიარო სახლში ან ზოგადი პროფილის სამშობიარო სახლის ობსერვატორიულ განყოფილებაში (ხშირად - რეგულარული სამშობიარო მოქმედების ან სანაყოფე წყლების დაღვრის დასაწყისში). უნდა გვახსოვდეს, რომ ტუბერკულოზის მქონე ორსულთა უმეტესობას დაავადების სიმპტომები არ აქვს, ამიტომ დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე ორსულები, დიდი ქალაქების მცხოვრებლები, ეპიდემიური კერებიდან ახალჩამოსულები უნდა შემოწმდნენ კანის ტუბერკულინური სინჯით (მანტუს სინჯი), თუ არ არსებობს მონაცემები, რომ ასეთი სინჯი მცირე ხნის წინ ჩატარდა.


- რით შეიძლება გართულდეს ორსულობა?

- აქტიური ფორმის დროს ორსულობის გართულება უფრო ხშირია, ვიდრე არააქტიურის დროს. იმატებს ადრეული ტოქსიკოზების, რკინადეფიციტური ანემიის, ფეტოპლაცენტური უკმარისობის, ნაყოფის რესპირატორული დისტრესის, ნაადრევი მშობიარობის ალბათობა. არსებობს აგრეთვე ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ნაყოფის ინფიცირების (ტრანსპლაცენტური გზით ან ინფიცირებული ამნიონური სითხის ასპირაციის დროს) და ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის შედეგად ანტენატალური სიკვდილის საფრთხეც.

- როგორ იმართება მშობიარობა და რით შეიძლება გართულდეს იგი?

-სპეციფიკური რეკომენდაციები არ არსებობს. მშობიარობის მეთოდი სამეანო ჩვენების მიხედვით შეირჩევა. ახალშობილისთვის გამომწვევის გადაცემა გამორიცხული არ არის, ამიტომ აუცილებელია, მშობიარობის წინა დღეს და მშობიარობის დროს განისაზღვროს ნახველში მიკობაქტერიის არსებობა. მშობიარობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა, რაც განპირობებულია სანაყოფე გარსების ინფიცირებით. ფილტვის ტუბერკულოზის დროს მშობიარობის საერთო ხანგრძლივობა ჯანმრთელი ქალის მშობიარობის ხანგრძლივობაზე ნაკლებია. რა უნდა გახსოვდეთ:

  • აქტიური ტუბერკულოზის დროს აუცილებელია მშობიარის იზოლაცია.
  • ტუბერკულოზიანმა მშობიარემ უნდა ატაროს ნიღაბი.
  • სამედიცინო პერსონალმა, რომელიც მონაწილეობს მშობიარობის წარმართვაში აქტიური ტუბერკულოზის დროს, აუცილებელია გაიკეთოს კანის სინჯი კონტაქტიდან 12 კვირის შემდეგ.

ლოგინობის პერიოდი

ლოგინობის პერიოდში ფილტვის ტუბერკულოზის გამწვავება ხშირად გამოწვეულია როგორც უეფექტო მკურნალობით ან პროცესის ნებაზე მიშვებით ორსულობის დროს, ასევე იმით, რომ მშობიარობა იწვევს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ფუნქციის სწრაფ გარდაქმნას.

ბავშვის ძუძუთი კვებისას იმატებს ქალის ყოველდღიური დანახარჯი (ცილებისა, ცხიმებისა). გარდა ამისა, მშობიარობის შემდეგ დიაფრაგმის დაწევის გამო შესაძლოა დაზიანებული ფილტვის ქსოვილებიდან ინფექცია დაუზიანებელ მიდამოში მოხვდეს. მშობიარობისას მიღებული ტრავმები, სისხლდენა, ენდოკრინული გარდაქმნები, ლაქტაცია, ემოციური სტრესი, ბავშვის მოვლა (დაღლილობა, გამოუძინებლობა) - ყოველივე ეს აუარესებს ტუბერკულოზის მიმდინარეობას და შესაძლოა, მის გენერალიზაციამდე მიგვიყვანოს.

  • თუ დედას ნახველში მიკობაქტერიები არ აღმოაჩნდა, ახალშობილი დაუყოვნებლივ უნდა აიცრას ბე-ცე-ჟეზე.
  • ახალშობილებს, რომელთა დედებიც იტარებენ მკურნალობას, უნდა ჩაუტარდეთ ტუბერკულინური სინჯი დაბადებისთანავე და 3 თვის თავზე.
  • ძუძუთი კვება უკუნაჩვენები არ არის იზონიაზიდით, პირაზინამიდით, ეტამბუტოლითა და რიფამპიცინით მკურნალობის დროს. ეს პრეპარატები რძეში მცირე კონცენტრაციით გადადის და ახალშობილს არ ვნებს.
  • დედის ნახველში გამომწვევის არსებობისას აუცილებელია ბავშვისა და დედის ერთმანეთისგან იზოლირება. ძუძუთი კვების საკითხი წყდება ინდივიდუალურად ფთიზიატრის, გინეკოლოგისა და პედიატრის თანხმობით. ინფიცირების თავიდან ასაცილებლად უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი - სტერილური ნიღაბი, თავსაფარი, ხელები გულდასმით დავიბანოთ და ა.შ.

- როგორ ხდება ორსულებში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა?

- ტუბერკულოზის საწყისი ფორმებისა და მისი გამწვავების დიაგნოსტიკა ორსულობის დროს რთულია, რადგან ამ დროს კლინიკური სურათი ხშირად წაშლილია, ტუბერკულინისადმი მგრძნობელობა დათრგუნულია. გარდა ამისა, ედსის მატება, ანემია, მცირედ გამოხატული ლეიკოციტოზი გვხვდება ორსულებშიც.

- რამდენად უსაფრთხოა ორსულისთვის მანტუს სინჯი?

- კანის ტუბერკულინური სინჯი ორსულობისას უსაფრთხო და ინფორმაციულია. ამ დროს ტუბერკულინური ტესტი სკრინინგის მნიშვნელოვან მეთოდს წარმოადგენს. ტუბერკულინური ტესტი ინფიცირებული ადამიანის გამოსავლენად არის განკუთვნილი, მაგრამ არ განსაზღვრავს დაავადების გავრცელებას ან მის აქტივობას. მწვავე პროგრესირებადი ტუბერკულოზის მქონე პაციენტებს შესაძლოა დადებითი რეაქცია არ ჰქონდეთ.

რენტგენოლოგიური კვლევა

ფილტვის აქტიურ ტუბერკულოზზე ეჭვის შემთხვევაში ორსულებს, რომელთაც მანტუს სინჯი დადებითი აქვთ, აღენიშნებათ სიმპტომატიკა, რომელიც ტუბერკულოზს გვაეჭვებინებს: ხველა, რომელიც გრძელდება 3 თვეზე მეტხანს, სისხლის არსებობა ნახველში, ღამის ოფლიანობა, წონის დაკლება და ცხელება, - განურჩევლად სინჯის შედეგისა და ორსულობის ვადისა, სჭირდებათ გულმკერდის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა აქტიური ფილტვისმიერი პროცესის გამოსავლენად. ამ მეთოდის შიშმა შესაძლოა დიაგნოსტიკა დააგვიანოს და შორსწასულ ტუბერკულოზურ პროცესამდე მიგვიყვანოს. გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ორსულებისთვის იყენებენ სპეციალურ მეთოდებს და დამცავ საშუალებებს, რომლებიც ნაყოფის დაზიანებას მაქსიმალურად ამცირებს. გახსოვდეთ: ორსულობის დროს სიფრთხილის წესების დაცვით ჩატარებული ფილტვის რენტგენოგრაფია ნაყოფისთვის საშიში არ არის.


სიფრთხილის ზომები

  • სასურველია, გამოკვლევა ჩატარდეს ორსულობის 12 კვირის შემდეგ.
  • გამოყენებულ იქნეს ტყვიის შემცველი რეზინის წინსაფარი.
  • აკრძალულია: ფლუოროგრაფია და რენტგენოსკოპია.
  • ოპტიმალურია: დაბალციფრული რენტგენოგრაფია; ნეფროტუბერკულოზის დროს - ექსკრეტორული უროგრაფია, ქრომოცისტოგრაფია, რეტროგრადული პიელოგრაფია.

- კიდევ რომელი გამოკვლევები უტარდებათ ორსულებს?

- დადებითი რენტგენოლოგიური მონაცემების შემთხვევაში ტარდება:

  • ნახველის კვლევა მასში მიკობაქტერიის გამოსავლენად;
  • ნახველის, ბრონქების ამონარეცხი წყლების ან ბაქტერიული სეკრეტის, შარდის (ნეფროტუბერკულოზზე ეჭვის შემთხვევაში) მრავალჯერადი ბაქტერიოსკოპიური კვლევა;
  • კულტურალური კვლევა - ბაქტერიული ნათესი ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე (ლევენსტეინ-იენსენის მეთოდი);
  • მიკობაქტერიის განსაზღვრა ჯაჭვურ-პოლიმერაზული (Pჩღ) მეთოდით. ამ მეთოდით დიაგნოზი რამდენიმე დღეში ისმება.

ნახველში კოხის ჩხირის აღმოჩენის შემთხვევაში რეკომენდებულია, ჩატარდეს სინჯი ტუბერკულოზური ჩხირის მგრძნობელობაზე ქიმიოპრეპარატების მიმართ და დაიწყოს მკურნალობა. ფილტვის ტუბერკულოზის ხანგრძლივი მკურნალობისას ყველა პაციენტს ყოველთვიურად უნდა ჩაუტარდეს ნახველის მიკროსკოპული და კულტურალური გამოკვლევა, სანამ ორი მომდევნო კვლევა არ მოგვცემს უარყოფით შედეგს. აქტიურ სპეციფიკურ პროცესზე აუცილებელი გამოკვლევა სჭირდებათ ორსულებს:

  • რომელთაც უკვე გადაიტანეს ნებისმიერი ლოკალიზაციის აქტიური ტუბერკულოზური პროცესი;
  • რომელთაც აქვთ კონტაქტი აქტიური ტუბერკულოზური პროცესის მქონე ავადმყოფთან, განსაკუთრებით - ბაქტერიაგამომყოფთან;
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში დადგენილი ჰქონდათ ვირაჟი, ჰიპერერგული რეაქცია მანტუს სინჯზე ან ტუბერკულინის მიმართ მზარდი მგრძნობელობა;
  • რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, სუნთქვის ორგანოების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, საშარდე სისტემის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • ხანგრძლივად იღებდნენ იმუნოდეპრესანტებს;
  • ინფიცირებულები;
  • სოციალურად დეზადაპტირებულნი.

- როგორ მკურნალობენ ორსულებში ტუბერკულოზს?

- დაავადებულმა ორსულებმა დაუყოვნებლივ, დიაგნოზის დასმისთანავე უნდა დაიწყონ მკურნალობა. არანამკურნალევი ტუბერკულოზი გაცილებით საშიშია ორსულისთვისაც და ნაყოფისთვისაც, ვიდრე ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები. აქტიური ფორმის დროს ძირითადი მეთოდია ქიმიოთერაპიული მკურნალობა. სრულყოფილი მკურნალობის ფონზე დიდია ალბათობა, ორსულობა ბოლომდე იქნეს მიყვანილი დედისა და ნაყოფისთვის უვნებლად. ტუბერკულოზის მკურნალობისას ძალზე მნიშვნელოვანია:

  • რეჟიმის დაცვა;
  • ფსიქოლოგიური კომფორტი;
  • სრულფასოვანი ბალანსირებული კვება ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების საკმარისი შემცველობით;
  • სრულფასოვანი ქიმიოთერაპია.

ანტიბაქტერიული თერაპიის პრინციპები

ოპტიმალურია დაინიშნოს ორსულობის მე-12 კვირის შემდეგ. ანტიბაქტერიული მკურნალობა აუცილებლად სტაციონარში უნდა დაიწყოს. არჩევის პრეპარატებია:

  • იზონიაზიდი;
  • პირაზინამიდი;
  • რიფამპიცინი;
  • პარაამინოსალიცილის მჟავა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს პრეპარატი გადის პლაცენტურ ბარიერს, არც ერთი მათგანი არ არის ტერატოგენული (არ იწვევს ნაყოფის სიმახინჯეებს) და არც ტოქსიკურია ნაყოფისთვის, თუმცა ორსულობის ადრეულ სტადიაში, ორგანოგენეზის პერიოდში (მე-12 კვირამდე), მათი გამოყენება სასურველი არ არის.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებიდან ორსულობის დროს მხოლოდ სტრეპტომიცინია უკუნაჩვენები. იგი აზიანებს ნაყოფის ვესტიბულურ და სმენის ნერვს და იწვევს თანდაყოლილ სიყრუეს.

არ შეიძლება ემბრიოტოქსიკური ანტიბიოტიკების (ამინოგლიკოზიდები, ფტორქინოლონები, ეტიონამიდი, პროტიონამიდი, ციკლისერინი) დანიშვნა. ანტიბიოტიკების დანიშვნა სასურველია B1, B6, B12, C ვიტამინებსა და ჰეპატოპროტექტორებთან ერთად.

ტუბერკულოზის მკურნალობის ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია და მოიცავს არამარტო ორსულობას - ის შესაძლოა გაგრძელდეს ძუძუთი კვებამდეც. მეტადრე, თუ პაციენტს დაავადება ორსულობის დროს გამოაჩნდა. ამ შემთხვევაში, თუ ჩატარდა დროული და სათანადო მკურნალობა, მშობიარობის და მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის, როგორც წესი, დაავადების მიმდინარეობაში შეინიშნება დადებითი კლინიკო-რენტგენოლოგიური დინამიკა. გისურვებთ ბედნიერ დედობას.