საშარდე გზების ინფექცია

მათ შორის - სისხლის ფილტრაცია და ნარჩენი ნივთიერებების გამოყოფა, არტერიული წნევის რეგულაცია, სისხლში ელექტროლიტების ნორმალური შემცველობის შენარჩუნება, სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების პროდუქცია.
სად მდებარეობს თირკმელი?
თირკმელი მდებარეობს ხერხემლის ახლოს, წელის არეში, დიაფრაგმის ქვეშ. ის წყვილია. ორივე თირკმელი შარდსაწვეთის მეშვეობით უკავშირდება შარდის ბუშტს. შარდსაწვეთი გრძელი, მილის მსგავსი წარმონაქმნია. სწორედ მისი მეშვეობით მიედინება შარდი თირკმლიდან შარდის ბუშტისკენ. შარდის ბუშტში დაგროვილი შარდი პერიოდულად, მოშარდვისას, შარდსადენის გავლით გარეთ გამოიყოფა.
რა არის თირკმლის ინფექცია?
თირკმელები, შარდსაწვეთები, შარდის ბუშტი და შარდსადენი საშარდე სისტემის ნაწილებია. ინფექციური პროცესი შესაძლოა ნებისმიერ მათგანში აღმოცენდეს. ამ მდგომარეობას საშარდე გზების ინფექციას უწოდებენ. ქვემო საშარდე გზების ინფექცია მოიცავს შარდსადენს, შარდის ბუშტს და პროსტატას - მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალს. ზემო საშარდე გზების ინფექცია თირკმლის ინფექციას გულისხმობს. თირკმლის ინფექციას პიელონეფრიტს უწოდებენ.
რა არის თირკმლის ინფექციის მიზეზი?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
შარდი, ორგანიზმის სხვა სითხეების მსგავსად, მნიშვნელოვანი ბაქტერიული ინფექციის არარსებობისას სტერილურია. შარდში ბაქტერიების არსებობა ანომალიურ მდგომარეობად განიხილება. ის შეიძლება საშარდე გზების ინფექციის მიზეზად იქცეს.
ბაქტერია საშარდე სისტემაში, წესისამებრ, შარდსადენიდან ხვდება. შემდგომ მან შესაძლოა თირკმელსაც მიაღწიოს და თირკმლის ინფექცია გამოიწვიოს.
ზემო საშარდე გზების (თირკმლის) ინფექცია უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ქვემო საშარდე გზებისა. ამის მიზეზია ბაქტერიების სისხლში მოხვედრის ანუ ბაქტერიემიის აღმოცენების შესაძლებლობა.
შარდსადენში ბაქტერია შეიძლება სწორი ნაწლავიდან ან საშოდან მოხვდეს. არის შემთხვევები, როცა ბაქტერია კანიდანაც ხვდება შარდასდენში. ქალებს საშარდე გზების ინფიცირების უფრო მაღალი რისკი აქვთ, რაც საშარდე გზების ანატომიურ თავისებურებას – შარდსადენის სიმოკლეს - უკავშირდება.
თირკმლისა და საშარდე გზების ინფექციათა რისკფაქტორები
ცნობილია მრავალი ფაქტორი, რომლებიც თირკმლისა და საშარდე გზების ინფექციის რისკს ზრდის. ქალისთვის ასეთი ფაქტორია სქესობრივი კონტაქტი. ამის მიზეზია უცხო ბაქტერიების მოხვედრა შარდსადენთან. სწორედ ამ ფაქტორთან არის დაკავშირებული შარდის ბუშტის ანთება - ცისტიტი - პირველი სქესობრივი კონტაქტის შემდგომ, რომელსაც თაფლობის თვის ცისტიტსაც უწოდებენ.
საშარდე გზებისა და პიელონეფრიტის რისკს ზრდის ორსულობაც. დადგენილია, რომ ორსულობისას ქალთა 2-8%-ს გადააქვს საშარდე გზების ინფექცია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს შარდსადენში შარდის დინების შეფერხება, რაც გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლით არის გამოწვეული.
საშარდე გზებისა და თირკმლის ინფექციის რისკს ზრდის შარდსადენის კათეტერიც (ფოლის კათეტერი). ასეთ კათეტერს მაშინ იყენებენ, როცა ავადმყოფს არ შეუძლია მოშარდვა დამბლის, მძიმე დაავადების, შარდის შეუკავებლობის ან შარდის ბუშტის დისფუნქციის გამო. კათეტერის მეშვეობით ბაქტერიები თავდაპირველად შესაძლოა უშუალოდ შარდის ბუშტში მოხვდნენ, ხოლო შემდგომ - მის ზემოთაც.
თირკმლის ინფექციის მიზეზი შესაძლოა იყოს თირკმლის კენჭი ან საშარდე სისტემის სტრუქტურული ანომალია. დარღვეული დრენირება და შარდის პასაჟის ბლოკირება შესაძლებელს ხდის თირკმელში ბაქტერიების შეღწევას, ხოლო შარდის მეშვეობით მათი მოცილება ვეღარ ხერხდება.
შარდის დინების ნებისმიერი დარღვევა შესაძლოა ინფექციური პროცესის აღმოცენებისა და საშარდე გზების სხვა ნაწილებში მისი გავრცელების მიზეზი გახდეს. ბავშვებისთვის საშარდე გზების ინფექციის რისკ-ფაქტორებია მდედრობითი სქესი, საშარდე გზების განვითარების ანომალიები, კავკასიური რასა. ცნობილია, რომ კავკასიელებში საშარდე გზების ინფექცია 4-ჯერ ხშირად გვხვდება, ვიდრე აფროამერიკელებში.
როგორ ვლინდება საშარდე გზების ინფექცია
საშარდე გზების ინფექციის ფართოდ გავრცელებული სიმპტომებია:
- ცხელება;
- გულისრევა;
- ღებინება;
- მუცლის ტკივილი;
- შემცივნება;
- ოფლიანობა;
- მტკივნეული შარდვა;
- წელის ტკივილი;
- საერთო სისუსტე.
პაციენტის გასინჯვისას ექიმი აღმოაჩენს ცხელებას, წელის არეში კუნთების დაჭიმულობას. შარდის ანალიზი ინფექციის სიმპტომებს ავლენს. ხანში შესულ და დასუსტებულ პაციენტებს საშარდე გზების ინფექციის დროს აღენიშნებათ გონების დაბინდვა, გულისცემის აჩქარება, წნევის დაქვეითება, სითხის კარგვა.
თირკმლის ინფექციის დიაგნოსტიკა
თირკმლის ინფექციის დიაგნოსტიკა ემყარება პაციენტის სრულყოფილ გასინჯვას და მონაცემების დეტალურ შეკრებას. ექიმი განსაზღვრავს გულისცემის სიხშირეს, სისხლის წნევას, სხეულის ტემპერატურას, სუნთქვის სიხშირეს, დეჰიდრატაციის სიმპტომებს, წელის მიდამოს მდგომარეობას. ახალგაზრდა მამაკაცებს უტარდებათ მენჯის ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა, ქალებს - ორსულობის ტესტი.
საშარდე გზების ინფექციის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია შარდის საერთო ანალიზი. შარდი უნდა შეგროვდეს წესების დაცვით. აუცილებელია მოშარდვამდე შორისის არის დაბანა, რათა თავიდან ავიცილოთ შარდის კონტამინაცია ბაქტერიებით, რომლებიც შარდსადენის ირგვლივ კანზე ბინადრობენ. მოშარდვის დაწყებისას შარდის პირველ ულუფას არ ვიღებთ - ის უნიტაზში უნდა ჩავიდეს. კონტეინერში, რომელიც ლაბორატორიას უნდა ჩავაბაროთ, გროვდება შარდის შუა ულუფა. საკმარისია 10-15 მლ. ამის შემდეგ პაციენტი განაგრძობს მოშარდვას და დარჩენილ შარდს კვლავ უნიტაზში უშვებს.
საშარდე გზების ინფექციაზე მეტყველებს შარდში ლეიკოციტების ან ბაქტერიების არსებობა. თუ შარდის გამოკვლევამ საშარდე გზების ინფექციისთვის დამახასიათებელი ცვლილებები არ გამოავლინა, განიხილება სხვა დიაგნოზის შესაძლებლობა.