რძის პროდუქტები ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რძის პროდუქტები ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

რა შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში და რა ადგილი უკავია დღეს კოსმეტოლოგიაში რძესა და მის პროდუქტებს? სწორედ ამაზე გვესაუბრება კოსმეტოლოგი ნათელა მესტიაშვილი.

- ქალბატონო ნათელა, როგორ იყენებდნენ ძველად რძესა და მის პროდუქტებს კოსმეტიკური მიზნით?

- მშვენიერი ქალბატონები რძესა და რძის პროდუქტებს დასაბანად და კანის დასარბილებლად უხსოვარი დროიდან მოიხმარდნენ. კლეოპატრა სილამაზის შესანარჩუნებლად უნიკალურ რძის აბაზანებს იღებდა. უძველესი რომაელები მიიჩნევდნენ, რომ ნაოჭების გასაქრობად სახედრის რძეზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. ლეგენდის თანახმად, ნერონის მეორე ცოლი, უმშვენიერესი პოპეა, რეგულარულად იღებდა სახედრის რძის აბაზანებს და მგზავრობის დროსაც კი ხუთასამდე სახედარი თან მიჰყავდა.

საზოგადოდ, ითვლებოდა, რომ რძე კანს ახალგაზრდობასა და მშვენიერებას უბრუნებდა. დიდი მედიკოსი ავიცენა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად სწორედ რძის სმას გვირჩევდა. იგი ამტკიცებდა, რომ რძისა და თაფლის რეგულარული მიღება კანის ფერს აუმჯობესებდა და ლაქებს აქრობდა. როგორც ძველად ამბობდნენ, ვერაფერი შეედრება ახალგაზრდობას - ვერც გენიოსის ბრწყინვალება, ვერც სიბრძნე და ვერც სულის მშვენიერება. იმ ქალებისთვის, რომელთაც დაბერება არ სურთ, დღევანდელი კოსმეტოლოგები ათასგვარ საშუალებას ქმნიან. მაგრამ რატომ არ შეიძლება, დავუბრუნდეთ კარგად დავიწყებულ ძველს, საუკუნეებგამოვლილ, ნაცად რეცეპტებს?

- რატომ აძლევდნენ რძეს ასეთ მაღალ შეფასებას?

- რძე, პირველ რიგში, გასაოცარი კვებითი თვისებებით ფასდება. მოგეხსენებათ, ცხიმი და ზეთი ყველა თანამედროვე კოსმეტიკური საშუალების აუცილებელი კომპონენტებია. რძის ცხიმი ძალიან ძვირფასია. იგი მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ლეციტინითა და ვიტამინებით. რძის წვეთში 100-მლნ-ზე მეტი ცხიმის ბურთულაა. რძის ცხიმის ასეთი დისპერსია ხელს უწყობს კანის უჯრედების მიერ მის კარგ შეწოვასა და ათვისებას.

პირის რძით რეგულარული დაბანისას ნაოჭები, შეიძლება ითქვას, თვალსა და ხელს შუა სწორდება, კანი თეთრდება, იბრუნებს დაკარგულ სინორჩესა და ელასტიკურობას. რძემჟავა პროდუქტები (კეფირი, მაწონი, შრატი) კარგად წმენდს, კვებავს და ათეთრებს სახის კანს. ამ პროდუქტებით პირის დაბანა მთელი წლის განმავლობაში შეიძლება. ამასთანავე, რაც უფრო ცხიმიანი და უხეშია კანი, მით უფრო მჟავე უნდა იყოს პროდუქტი.

არაჟანი და ნაღები შეიცავს ემულგირებულ და კანისთვის ადვილად ასათვისებელ ცხიმებს, ცილებს, ცხიმში ხსნად ვიტამინებს და რძემჟავა ბაქტერიებს. ისინი შესანიშნავად არბილებს სახის კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას.

- რა განსხვავებაა რძესა და მის პროდუქტებს შორის კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით?

- განსხვავება რძესა და თუნდაც არაჟანს შორის პრინციპულია. რძე ნაკლებცხიმიანია, არ შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს, რომლებსაც ნაზი და მგრძნობიარე კანი ვერ იტანს, ამიტომ უმთავრესად მსუბუქი მკვებავი და დამამშვიდებელი კრემების დასამზადებლად გამოიყენება. ახალი და საკმაოდ ცხიმიანი რძისა და არაჟნისგან მშრალი, ნორმალური და მობერებული კანისთვის სხვადასხვა დანიშნულების ნიღბებს ამზადებენ: გამაუფერულებელს, ჩამოსაფცქვნელს, მკვებავს, დამამშვიდებელს, გამომშრობს, გამაახალგაზრდავებელს... მეტი ეფექტურობისთვის მათ არცთუ იშვიათად უმატებენ მცენარეულ პროდუქტებს - ზეითუნის, მზესუმზირას, სიმინდის ზეთს, დაფქულ ბურღულს, ხილსა და ბოსტნეულს, წვენებს, თაფლს, ქათმის კვერცხს და ა.შ.

- როგორი რძე შეიძლება გამოვიყენოთ ნიღბებისთვის?

- ყველაზე ცხიმიანი და ვიტამინიზებული თხის რძეა, მაგრამ დღეს ის არცთუ ხელმისაწვდომია, ამიტომ იძულებულნი ვართ, უმეტესად ძროხის რძეს დავჯერდეთ. ნიღბისთვის ვარგისია მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. მათი ყველაზე ძვირფასი თვისებები სიახლე და ცხიმიანობაა.

- საზოგადოდ, როგორ მოვუაროთ სახის კანს?

- სახის კანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კვების, ძილისა და დასვენების რეჟიმს. თვით კანის კვებაც ისევე აუცილებელია, როგორც გასუფთავება. ეს ყოველდღიური პროცედურაა, რომლისთვისაც მკვებავ მალამოებსა და ნიღბებს იყენებენ. სხვადასხვა ტიპის კანისთვის უამრავი ნიღაბი არსებობს. სიამოვნებით შემოგთავაზებთ ზოგიერთი მათგანის რეცეპტს, მაგრამ მანამდე მინდა, რამდენიმე წესი შეგახსენოთ:

  • ნიღბის დადებამდე სახე აუცილებლად უნდა გავისუფთაოთ გამწმენდი ან საბავშვო საპნით, რომელიმე ლოსიონით, წყლით, ლანოლინის ან სპერმაცეტის რძით.
  • ვწვებით კოსმეტიკურ სავარძელში, თმაზე თავსაფარი გვაქვს წაკრული, ხოლო კისერსა და ნიკაპს პენუარით ვიფარავთ. ნიღბის წასმისას თვალებზე ვიდებთ ოთხად მოკეცილ დოლბანდს, რომელიც დასველებულია ბორის მჟავას 2%-იან ხსნარში.
  • ნიღაბი ისმება ტამპონით. მასა სახეზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს.
  • ნიღბის ჩამობანა ხდება თბილი წყლით, უსაპნოდ. მისი ჩამობანის შემდეგ მშრალ და ნორმალურ კანზე მკვებავი კრემი უნდა წავისვათ, ხოლო ცხიმიანი ჩვეულებრივი საბავშვო ტალკით შევიპუდროთ.

ნიღბები ნორმალური და მშრალი კანისთვის შავი პურის ნიღაბი

შავი პურის ნატეხი დაალბეთ თბილ რძეში, ფაფად აქციეთ და წაისვით სახეზე სამასაჟო ხაზების მიხედვით. დაიტოვეთ 15 წუთს. ჩამოიბანეთ ბამბის ტამპონითა და ნელთბილი წყლით. წაისვით მკვებავი კრემი.

კომბოსტოს ნიღაბი

კომბოსტრო წრიულად დაჭერით, მოხარშეთ რძეში და აქციეთ ფაფად. ეს მასა წაისვით სახეზე, კისერსა და გულმკერდზე. გაიჩერეთ 20 წუთს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.

თაფლისა და ნაღების დამატენიანებელი ნიღაბი

1 ჩაის კოვზ თაფლს შეურიეთ 2 ჩაის კოვზი ნაღები. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე. დაიტოვეთ 30 წუთს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

საფუვრის ნიღაბი რძით

აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი საფუარი და ნელ-ნელა დაამატეთ თბილი რძე ან ზეითუნის ზეთი, ვიდრე არ მიიღებთ არაჟნის კონსისტენციის ნარევს. წაისვით სახეზე. ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით.

ხაჭოს ნიღაბი

აიღეთ 2 ჩაის კოვზი ხაჭო და 2 ჩაის კოვზი თბილი თაფლის სანთელი, აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე, განსაკუთრებით - თვალის კუთხეებში. დაიტოვეთ 20 წუთს, ჩამოიბანეთ ჯერ თბილი რძით, შემდეგ კი ოთახის ტემპერატურის წყლით. ეს ნიღაბი აახალგაზრდავებს და წმენდს კანს.

საფუვრის ნიღაბი ცივი რძით

აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი საფუარი და გახსენით ცოტაოდენ ცივ რძეში. მიიღებთ არაჟნისმაგვარ მასას. 20 წუთით წაისვით სახეზე. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ. კარგია ფერიმჭამელებიანი მშრალი კანისთვის.

ნუშის ფქვილის ნიღაბი

რამდენიმე ცალ ნუშის გულს დაასხით მდუღარე წყალი. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ნუში იოლად გაიფცქვნება. გაფცქვნილი ნუში მოათავსეთ მშრალ კოსმეტიკურ როდინში და კარგად სრისეთ, ვიდრე ფქვილისმაგვარ მასას არ მიიღებთ. აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი ნუშის ფქვილი, დაასხით ცხელი რძე და კარგად ასრისეთ. ეს ფაფისებრი მასა წაისვით სახეზე და 15-20 წუთს დაიტოვეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სისხლძარღვებით დაქსელილი კანისთვის

1 სუფრის კოვზ თბილ რძეში გაქენით 20 გრამი საფუარი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი სიმინდის, ქაცვის ან ზეითუნის ზეთი. წაისვით სახეზე, 15-20 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

ცხიმიანი კანის მოვლა უფრო ძნელია, ვიდრე სხვა ტიპის კანისა. მისთვის მისაღებია რძემჟავა პროდუქტები: მაწონი, კეფირი... თუ კანი ცხიმიანია და გექერცლებათ კიდეც, დაბანამდე 5-10 წუთით ადრე მაწვნით გაიწმინდეთ, შემდეგ კი სამკურნალო მცენარეების ნახარშით ან ნაყენით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

აიღეთ 1 სუფრის კოვზი ლუდის საფუარი და შეურიეთ მაწონს ან კეფირს ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებული მასა დაიდეთ სახის ყველა ცხიმიან ადგილას და ნარევი გააშრეთ. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით.

ნიღბები ყველა ტიპის კანისთვის

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ხაჭო, 2 ჩაის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. გასრისეთ ხაჭო და თაფლი, დაუმატეთ მცენარეული ზეთი და ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული მასა დაიდეთ სახესა და კისერზე, დაიტოვეთ 10 წუთით, ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით.

ნიღაბი ტონუსს მატებს და კვებავს კანს, აცხრობს ანთებას.

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ახალი ხაჭო, 2 სუფრის კოვზი გახეხილი გოგრა და 1 ჩაის კოვზი კიტრის წვენი. აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი ტონუსს მატებს, აახალგაზრდავებს და ატენიანებს ნებისმიერი ტიპის კანს.
  • გახეხეთ 1 სუფრის კოვზი მწიფე გარგარის რბილობი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო (ცხიმიანი კანისთვის) ან 1 ჩაის კოვზი ნაღები (მშრალი კანისთვის) და ერთმანეთში კარგად აურიეთ. ნიღაბი 15-20 წუთით წაისვით სახესა და კისერზე, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სახის გასათეთრებლად

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო და ამდენივე თაფლი. კარგად აურიეთ ერთმანეთში (უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა) და 30 წუთით წაისვით სახეზე. ნიღაბი გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით, სახე გაიწმინდეთ ყინულის ნატეხით (სასურველია, ყინული ცაცხვის ყვავილის ნაყენისა იყოს) და წაისვით მკვებავი კრემი.
  • გატეხეთ კვერცხი, ცილა ჩაასხით მომცრო ჭურჭელში და თქვიფეთ, ვიდრე არ გამკვრივდება (როგორც ტორტისთვის). დაუმატეთ 10 წვეთი წყალბადის ზეჟანგი. წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მკვებავი და ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბები

  • ერთმანეთში აურიეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო, 2 სუფრის კოვზი არაჟანი და მწიკვი მარილი. ნარევი 15-20 წუთით წაისვით სახეზე. ნიღაბი მოიცილეთ ცივ რძეში დასველებული ბამბის ტამპონით.
  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის საფუარი და თბილი რძე, კარგად აურიეთ ერთმანეთში და სახეზე წაისვით. დაიტოვეთ 30 წუთს. ეს ნიღაბი არბილებს კანს და ასწორებს ნაოჭებს.

- ზემოთ რძის აბაზანები ახსენეთ. თანამედროვე ქალს თუ შეუძლია მათი მიღება?

- რასაკვირველია, XXI საუკუნის ქალსაც სურს, იყოს ლამაზი. მართალია, თავს ნებას ვერ მივცემთ, სახედრების ჯოგი ვიყოლიოთ, მაგრამ, როგორც მეცნიერები ადასტურებენ, ძროხის რძე სახედრისას არაფრით ჩამოუვარდება. აი რძის აბაზანის რამდენიმე რეცეპტი:

კლეოპატრას აბაზანა

შეათბეთ 1 ლიტრი რძე. ორთქლზე გაადნეთ 1 ჭიქა თაფლი და რძეში გაქენით, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ნუშის რძე, ჩაასხით აბაზანაში. ჩაწექით 15 წუთით და ისიამოვნეთ.

სტრესის საწინააღმდეგო აბაზანა

აიღეთ 1,5 ლიტრი რძე, 3 სუფრის კოვზი გამომშრალი გვირილა, 1,5 ჭიქა ზღვის მარილი და 1/4 ჭიქა სოდა (ხისტი წყლის დასარბილებლად). გვირილა რძეში ჩაახარშეთ. ნახარში ჩაასხით წყალში, დაუმატეთ სოდა და ზღვის მარილი. რაც უფრო ცხელი იქნება წყალი, მით უკეთესი (მაგრამ 42 გრადუსს არ უნდა გადააჭარბოს). პროცედურის შემდეგ კანი გასაოცრად ნაზია.