მეხსიერება და მასთან დაკავშირებული პრობლემები
.
შესაბამისად, გარემოში მიმდინარე ცვლილებათა დამახსოვრებისა და "დასწავლის" საშუალებით ჩვენ ცოდნის დაგროვების უნარი გვაქვს და ამ ცოდნას ვიყენებთ. ამრიგად, მეხსიერება წარმოადგენს ფენომენს, რომლის საშუალებითაც ხდება "დასწავლა". ამ გაგებით "დასწავლა" და მეხსიერება ერთმანეთისგან განუყოფელია. მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ცხოვრებისეული გამოცდილებითაა დაგროვილი. მეხსიერების დაკარგვა ადამიანის დეპერსონალიზაციას იწვევს და ადამიანთა შორის ურთიერთობას შეუძლებელს ხდის.
მეხსიერების დეფიციტი და დასწავლის უუნარობა აღინიშნება დაუნის სინდრომის, დისლექსიის, ალცჰაიმერის, ჰანტინგტონის და სხვა დაავადებათა დროს. მუდმივად ცვლად გარემოში, ანუ განსხვავებულ სიტუაციებში ადეკვატური ქცევის განხორციელება მეხსიერების განსხვავებული ფორმების მონაწილეობით მიმდინარეობს. მიღებული გამოცდილების საფუძველზე ადამიანმა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სწრაფად, გაუაზრებლად მოახდინოს რეაგირება გამღიზიანებელზე, ხოლო სხვა შემთხვევაში გააანალიზოს, გაიაზროს ადრე აღქმული, მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს საპასუხო ქცევა. ნათელია, რომ მეხსიერების განსხვავებული ფორმების რეალიზაციაში განსხვავებული ნერვული სტრუქტურები და მექანიზმები უნდა მონაწილეობდეს.
ამგვარად, მეხსიერება, ფუნქციობის კანონზომიერებითა და ნერვულ-მოლეკულური მექანიზმებით, ურთულესი ფენომენია. მეხსიერების კლასიფიკაციაზე, მის დარღვევებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება კლინიკა "მედიჰელფის" ექიმი ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი ეკა დევიძე.
- ქალბატონო ეკა, ყველაზე ხშირად რომელ ნევროლოგიურ პრობლემებს ახლავს თან მეხსიერების დარღვევა და უმთავრესად რა სახისაა ეს დარღვევები?
- ვიდრე მეხსიერების დარღვევებზე გადავიდოდე, გეტყვით, რომ მეხსიერება თავის ტვინის უნარია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება, შენახვა, გადამუშავება და საჭიროების შემთხვევაში მისი გახსენება ანუ ზედაპირზე ამოტანა. რაც შეეხება ინტელექტს, ის ადამიანის განსჯის, შემეცნებისა და მსჯელობის უნარი გახლავთ. ინტელექტი სამ კომპონენტს მოიცავს - ცოდნის მოცულობას, შემეცნების უნარსა და აღმასრულებელ კონტროლს. მეხსიერება არ არის მარტივი ერთგვაროვანი სისტემა; ის თავის ტვინის ნეირონული სისტემების ერთობლიობას წარმოადგენს.
კლინიცისტები მეხსიერებას ხანგრძლივობის მიხედვით სამ საფეხურად ყოფენ:
- მყისიერი ანუ მუშა მეხსიერება (მას ოპერატიულ მეხსიერებასაც უწოდებენ) გულისხმობს აქტიური დამახსოვრების გარეშე მცირე მოცულობის ინფორმაციის დაფიქსირებას დროის მცირე მონაკვეთში. ამ დროს არ ხდება ინფორმაციის შენახვა. ადამიანის მყისიერი მეხსიერება შვიდ სიმბოლოს იტევს. მაგალითად, ტელეფონის შვიდნიშნა ნომერს, ან შვიდ სიტყვას. ყურადღების სხვა საგანზე გადატანისას მყისიერ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია გვავიწყდება. შვიდზე მეტი ციფრის შემცველ რიცხვს სუპრამოცულობითი რიცხვი ეწოდება და მისი დამახსოვრება მეხსიერების აქტიურ მუშაობას მოითხოვს.
- მეხსიერების მეორე სახეა ხანმოკლე ანუ ფიქსაციური მეხსიერება, რომელიც გულისხმობს განსაზღვრული სიტყვების ან მოვლენების დაფიქსირებას და რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ მათ გახსენებას. მას, ასევე, უწოდებენ ახალი ინფორმაციის დასწავლის უნარს.
- ხანგრძლივი მეხსიერება ეწოდება მეხსიერებაში არსებული ცოდნის, ინფორმაციის გახსენების უნარს. ხანგრძლივ მეხსიერებას აქვს შეუზღუდავი მოცულობა და შეუძლია ინფორმაცია შეინახოს განუსაზღვრელად დიდხანს. ხანმოკლე მეხსიერებისგან განსხვავებით, აქ ინახება არა სენსორული ნიმუში, არამედ აზრობრივი ან შემთხვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ხანგრძლივი მეხსიერება გულისხმობს ფაქტობრივი ცოდნის გახსენების უნარს. მას სემანტიკურ მეხსიერებასაც უწოდებენ.
- ამნეზიის რა ფორმები არსებობს და უპირატესად როდის ვლინდება ისინი?
- ახალი ინფორმაციის დაფიქსირების შეუძლებლობას ანტეროგრადული ამნეზია ეწოდება, ხოლო ამ მწვავე ეპიზოდის წინ მომხდარი მოვლენების გახსენების შეუძლებლობას - რეტროგრადული ამნეზია. ამნეზიური სინდრომი წარმოადგენს მეხსიერების მეორე საფეხურის - ხანმოკლე მეხსიერების - ღრმა დაზიანებას. ამ დროს დაზიანებულია ან არ არსებობს დასწავლა ანუ ხანმოკლე მეხსიერება. პაციენტს შენარჩუნებული აქვს მყისიერი მეხსიერების მოცულობა, შორეული წარსულის ინფორმაციის გახსენების უნარი. მაგალითად, იხსენებს ბავშვობას, განათლებას (ხანგრძლივი მეხსიერება). ამნეზიური სინდრომის მქონე პაციენტები მუდმივად აწმყოში იმყოფებიან. მათ შესაძლოა IQ ტესტში მაღალი ქულა მიიღონ, მაგრამ სიტუაციის დასრულებიდან ხუთი წუთის შემდეგ ტესტის შესახებ ვერაფერი გაიხსენონ.
ამნეზიურ სინდრომს ახასიათებს დეზორიენტაცია დროსა და სივრცეში, აგრეთვე - კონფაბულაციები ანუ ისეთი ინფორმაციის გამოგონება, რომელსაც ადამიანი არ ფლობს. ასეთ პაციენტებს შენარჩუნებული აქვთ სხვა უმაღლესი ქერქული ფუნქციები, რაც მათ დემენციის მქონე პაციენტებისგან განასხვავებს.
- თავის ტვინში მიმდინარე რა პათოლოგიურ პროცესებს ეფუძნება ძირითადად მეხსიერების ფუნქციის დაქვეითება და დარღვევა? იქნებ პოპულარულ ენაზე განუმარტოთ მკითხველს უჯრედულ დონეზე ნეირონებში მიმდინარე ის პათოლოგიური ძვრები, რომლებიც მეხსიერების დარღვევას იწვევს.
- ამნეზიურ სინდრომს განაპირობებს ტვინის იმ რეგიონების დაზიანება, რომლებიც ლიმბურ სისტემას ქმნის. ესენია საფეთქლის მედიალური სტრუქტურები, დიენცეფალონი და წინა ტვინის ბირთვები. ამ სტრუქტურების ორმხრივი დაზიანება ამნეზიურ სინდრომს იწვევს. ამნეზიურ სინდრომს იწვევს ზოგიერთი დაავადებაც, უმეტესად - თავის ტვინის ტრავმა. ქალა-ტვინის ტრავმებს რეტროგრადული ამნეზია ახასიათებს.
საშუალო და მძიმე ტრავმის შემთხვევაში მეხსიერების დაზიანებას უმეტესად თან ერთვის ერთი ან რამდენიმე კოგნიტიური ფუნქციის დაზიანება, რაც ტრავმის მიზეზზე, დაზიანების მხარეზე, პრემორბიდში პიროვნების კოგნიტიურ და პერსონალურ ფაქტორებსა და ტრავმის შემდგომ დაწყებულ მკურნალობაზეა დამოკიდებული.
ქალა-ტვინის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტრავმის შემდგომ ერთიდან სამ თვემდე პერიოდის განმავლობაში კოგნიტიური ფუნქციები უმეტესად უმჯობესდება. საშუალო ხარისხის ტრავმის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს პოსტკომოციური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების დაქვეითება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, გაღიზიანებადობა, დეპრესია.
ამნეზიური სინდრომის სახესხვაობაა კორსაკოვის სინდრომი. ის ვითარდება ალკოჰოლიზმის, თიამინის დეფიციტის პირობებში, შიმშილის დროს. კორსაკოვის სინდრომის დროს დაზიანებულია დასწავლა ანუ ხანმოკლე მეხსიერება, თუმცა შენარჩუნებულია მყისიერი მეხსიერების მოცულობა, ყურადღების დაძაბვის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია დიდი მოცულობის ინფორმაციაც აითვისოს. კორსაკოვის სინდრომის დროს რეტროგრადული ამნეზია კონფაბულაციებთან არის შერწყმული. ამ დროს ზიანდება დვრილისებური მორჩები და დორსომედიალური თალამუსი. მსგავსი სინდრომი ვითარდება ტვინის უკანა არტერიების აუზში განვითარებული თალამუსის ბილატერალური ინფარქტის შედეგად, რომელიც აზიანებს ჰიპოკამპურ მიდამოს, ნეიროინფექციების დროს (მარტივი ჰერპესული ენცეფალიტი), როდესაც ზიანდება ორბიტოფრონტალური და მედიალური საფეთქლის ქერქი. მეხსიერების დაქვეითებას შესაძლოა ჰქონდეს ფსიქოგენური ხასიათი.
სერიალებში ხშირად გვხვდება ფსიქოგენური ამნეზიის სინდრომი. პაციენტს აღენიშნება პირადი ან ფსიქოგენური ტრავმა. ამ დროს ვითარდება რეტროგრადული ამნეზია, რომელიც დაკავშირებულია პირადი ინფორმაციის გახსენების უნართან. თუმცა ამ დროს შენარჩუნებულია გარე სამყაროდან ინფორმაციის აღქმა და რთული დასწავლილი დავალების შესრულება. ასეთ შემთხვევებში კოგნიტიური დარღვევები შექცევადი ხასიათისაა და ანტიდეპრესანტებით მკურნალობას ემორჩილება.
ასთენიური სინდრომის არსებობისას პაციენტები უჩივიან მეხსიერების დაქვეითებას, გაძლიერებულ გულმავიწყობას და ინფორმაციის გადამუშავების შენელებას. ამ დროს მეხსიერების პირველადი დაზიანება არ ვლინდება და დახმარება დასწავლასა და აზრობრივი კავშირის მოძებნაში, ასევე კარნახი სიტყვის გახსენებისას ზრდის დამახსოვრების ეფექტურობას.
ამნეზიური სინდრომის ერთ-ერთი სახეა ტრანზიტორული გლობალური ამნეზია. სინდრომი რამდენიმე საათიდან 24 საათამდე გრძელდება. ამ დროს არ ვითარდება ცნობიერების დაბინდვა, აფაზია (მეტყველების უნარის სრული ან ნაწილობრივი მოშლა), მხედველობით-სივრცობრივი დარღვევები. შეტევის განმავლობაში პაციენტს აღენიშნება როგორც ანტეროგრადული, ისე რეტროგრადული ამნეზია. ტრანზიტორული გლობალური ამნეზიის სინდრომის დროს ადამიანი უეცრად კარგავს მიმდინარე მოვლენების დამახსოვრების უნარს, უსასრულოდ კითხულობს, სად იმყოფება, ვერ აფიქსირებს მიღებულ პასუხს. შესაძლოა აღენიშნებოდეს კონფაბულაციები. ამნეზია ხანმოკლე და გარდამავალია, თუმცა არ არის გამორიცხული, დარჩეს მეხსიერების დეფექტი, რომელიც შეტევამდე არსებულ პერიოდს მოიცავს. სინდრომის ეტიოლოგია უცნობია, თუმცა არსებობს კავშირი საფეთქლის ეპილეფსიასთან, შაკიკთან, თავის ტვინის ტრანზიტორულ იშემიასთან ორმხრივად ან ცალმხრივად ჰიპოკამპის დონეზე.
- ასაკთან ერთად გამოხატული მეხსიერების დაქვეითება და/ან დარღვევა უბრალოდ "ტვინის ფიზიოლოგიური დაბერების" შედეგია თუ ყოველთვის ამა თუ იმ პათოლოგიასთან არის შეჭიდული?
- მოგეხსენებათ, მეხსიერებისა და ინტელექტის დარღვევა ვითარდება თავის ტვინის ისეთი დეგენერაციული დაავადებების დროს, როგორებიცაა ალცჰაიმერის, პარკინსონის დაავადება, ჰანტინგტონის ქორეა. მეხსიერების დაქვეითება დემენციის (ჭკუასუსტობის) აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ასაკთან დაკავშირებულ მეხსიერების დარღვევას სიბერის თანმხლებ აუცილებელ მოვლენად მიიჩნევდნენ, თუმცა დღეს უკვე ცნობილია, რომ მეხსიერების დარღვევები უვითარდებათ შედარებით ახალგაზრდებსაც და ამჟამად, კვლევის თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით, ნეირომეცნიერები თანხმდებიან იმის თაობაზე, რომ მეხსიერების დაკარგვა არის დაავადება, რომელიც აზიანებს თავის ტვინს 30-40 წლის ასაკიდან მანამდე, სანამ თავს იჩენს ალცჰაიმერის დაავადების პირველი სიმპტომები.
მეხსიერების დაკარგვის რისკფაქტორებია:
- ასაკი - 65 წლის ასაკში ალცჰაიმერის დაავადება უვითარდება მოსახლეობის 10%-ს, ხოლო 85 წლის ასაკში - 50%-ს;
- ოჯახური ანამნეზი - პირველი რიგის ნათესავებში დაავადების განვითარების რისკი 3-4-ჯერ იზრდება;
- გენეტიკური ფაქტორები - ოთხი ალელური გენის არსებობა, სულ მცირე, 8-ჯერ ზრდის ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს;
- ქალა-ტვინის საშუალო და მძიმე ხარისხის ტრავმა შედარებით ადრეულ ასაკში ორ-სამჯერ ზრდის ალცჰაიმერის განვითარების რისკს;
- სქესი - ქალებს დაავადების განვითარების მაღალი ალბათობა აქვთ; ესტროგენების დონის დაქვეითებაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების განვითარებაში;
- განათლება - ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი მცირდება განათლების წლების რიცხვის ზრდასთან ერთად. გამოკვლევები მიუთითებს, რომ თუ მენტალური აქტივობა მთელი სიცოცხლე გრძელდება, ეს თავის ტვინზე ნეიროპროტექტორულ ეფექტს ახდენს.
ალცჰაიმერის დაავადების საშიშ ნიშნებს მიეკუთვნება:
- მეხსიერების დაკარგვა (რომელიც გავლენას ახდენს სამუშაო უნარ-ჩვევებზე);
- ნაცნობი ამოცანების შესრულების სირთულე;
- მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;
- დეზორიენტაცია დროსა და სივრცეში;
- გადაწყვეტილების მიღების გაძნელებული უნარი;
- აბსტრაქტული აზროვნების პრობლემები;
- მნიშვნელოვანი ობიექტების ადგილმდებარეობის არევა;
- განწყობისა და ხასიათის, აგრეთვე პიროვნული ცვლილებები;
- ინიციატივის დაკარგვა.
მეხსიერების დარღვევები და დემენცია შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის მულტიინფარქტული დაზიანების პირობებში. კლინიკური სურათი დამოკიდებულია ინფარქტის ან სისხლჩაქცევის ლოკალიზაციაზე. მულტიინფარქტული დემენციისას ხდება სიმპტომების საფეხურებრივი განვითარება, მაშინ როდესაც დეგენერაციული დაავადებების დროს დემენცია პროგრესულად მიმდინარეობს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე დაავადების ანამნეზს.
მეხსიერების დაზიანება ვითარდება ენდოკრინული დარღვევების დროს - ჰიპოთირეოზის შედეგად, ასევე ქრონიკული მეტაბოლური დარღვევების - ჰიპოგლიკემიის, ჰიპოქსიის, ურემიის, ღვიძლისმიერი უკმარისობის დროს. ინტელექტის დარღვევები ხშირია ჰიპოვიტამინოზების პირობებში. ინტელექტის დარღვევები ვითარდება დემიელინიზაციით მიმდინარე დაავადებების, მაგალითად, გაფანტული სკლეროზის დროს, რაც განპირობებულია თავის ტვინის ქერქქვეშა თეთრ ნივთიერებაში დაზიანების მრავლობითი კერის არსებობით. მეხსიერებისა და ინტელექტის დარღვევებს იწვევს აგრეთვე თავის ტვინის მოცულობითი წარმონაქმნები - თავის ტვინის პირველადი სიმსივნე, აბსცესი. ტრავმული ან ქრონიკული სუბდურული ჰემატომა შესაძლოა ძირითადად მეხსიერებისა და ინტელექტის დარღვევებით გამოვლინდეს.
- თუ სიბერე მეხსიერებასაც ასვამს დაღს, რა ასაკიდან გვემუქრება იგი? ისიც ხომ ფაქტია, რომ მაღალი ინტელექტის მქონე, მოაზროვნე ადამიანებს, ცნობილ მეცნიერებსა და გამოჩენილ მოღვაწეებს, და არამხოლოდ მათ, ღრმა მოხუცებულობამდე ჰქონდათ და აქვთ სრულფასოვანი მეხსიერება. ბევრისგან იმასაც გაიგონებთ, ჩემი ბებია-ბაბუა სულ არ ყოფილან მეცნიერები, მაგრამ 80 ან 90 წლისანი გარდაიცვალნენ და სიცოცხლის ბოლო წუთამდე საუკეთესო მეხსიერება ჰქონდათო. რას იტყვით ამის თაობაზე, მაშ, რაზეა დამოკიდებული მეხსიერების ფუნქცია?
- სენილური (ასაკთან შეჭიდული) მეხსიერების დარღვევა ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევა. ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილია, რომ ჯანმრთელი ადამიანები მოხუცებულ ასაკში გაცილებით ძნელად ითვისებენ ახალ ინფორმაციას და დასწავლილი ინფორმაციის მეხსიერებიდან ზედაპირზე ამოტანაც უძნელდებათ.
სენილური მეხსიერების დარღვევას აქვს მეორეული ხასიათი და დაკავშირებულია ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებასთან, გარეგან სტიმულებზე რეაქციების შენელებასთან. მეხსიერების ფიზიოლოგიური ასაკობრივი ცვლილებები მიმდინარეობს 40-65 წლებში, არ პროგრესირებს, არ იწვევს დემენციის განვითარებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან სირთულეებს. ასეთ ადამიანებს დასწავლაში დახმარება და შეხსენება საგრძნობლად უადვილებს ინფორმაციის ათვისებას და გახსენებას. მოხუცებულ ასაკში მეხსიერების პათოლოგიური დაქვეითება შესაძლოა აღწევდეს მსუბუქი კოგნიტიური დარღვევების სინდრომის ჩარჩოებს.
- რა პრინციპებს ეფუძნება მეხსიერების ამა თუ იმ დარღვევის მკურნალობა-აღდგენა? გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, დღეისთვის დანერგილ და გამოყენებულ რომელ მეთოდებს გამოყოფდით?
- თანამედროვე გაიდლაინებით მეხსიერების სამკურნალოდ მოწოდებულია მრავალი მედიკამენტი. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაავადების გამომწვევ, ეტიოლოგიურ ფაქტორზე. პირველი რიგის მედიკამენტებია აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორები, რომლებიც ზრდის ნეიროტრანსმიტერ აცეტილქოლინის დონეს. ეს უკანასკნელი უკიდურესად მნიშვნელოვანია მეხსიერების ფორმირებისთვის. ფართოდ გამოიყენება გლუტამატ რეცეპტორების მოდულატორებიც, რადგან მეხსიერების დაქვეითებისას ვლინდება გლუტამატის დისმეტაბოლიზმი.
დემენციის სამკურნალოდ იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც აწესრიგებს ქცევით და ნეიროფსიქიკურ დარღვევებს, ასევე მოწოდებულია ალტერნატიული მედიკამენტების წყება, ვიტამინები, ანტიანთებითი პრეპარატები, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია. ძირითადი მედიკამენტების გვერდით განიხილავენ ინტეგრაციულ თერაპიასაც.
საზოგადოდ, რეგულარული ფიზიკური აქტივობა წარმატებული სიბერის ნაწილია. გამოკვლევები მიუთითებს, რომ ასაკოვან მოსახლეობაში ცხოვრების აქტიურ წესს თავის ტვინის დამცავი ეფექტი აქვს. რეტროსპექციულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 40-დან 60 წლის ასაკის პირებს, რომლებიც რეგულარულად იყვნენ დაკავებულნი ფიზიკური აქტივობით, უფრო იშვიათად უვითარდებოდათ დემენცია. ათწლიანი კვლევის მონაცემები მოწმობს, რომ ვარჯიში ინვერსიულად იყო დაკავშირებული მეხსიერების დაზიანებასთან. ფიზიკური აქტივობა ზრდის ცერებრულ პერფუზიას (სისხლით მომარაგებას), ასტიმულირებს ნერვის ზრდის ფაქტორის პროდუქციას, ზრდის ანგიოგენეზს (სისხლძარღვთა განახლებას), სინაპტოგენეზს (სინაფსების ფორმირებას), ნეიროგენეზს (ახალი ნეირონების წარმოქმნას), ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს.
ქრონიკული, გაუწონასწორებელი სტრესი აორმაგებს ალცჰაიმერის განვითარების რისკს. კვლევებით დადგენილია ისიც, რომ სტრესის დროს ძლიერდება თირკმელზედა ჯირკვლების მიერ სისხლის ნაკადში კორტიზოლის გამოთავისუფლება ჰიპოკამპში შემდგომი ტრანსპორტირებით, რის შედეგადაც ირღვევა გლუკოზის მეტაბოლიზმი, სინაფსური ტრანსმისია, ვითარდება ოქსიდაციური სტრესი, ანთება, რაც საბოლოოდ იწვევს ჰიპოკამპური უჯრედების ნეირონულ დაზიანებას და სიკვდილს. ადამიანებში, რომლებიც მუდმივ სტრესს განიცდიან, სისხლში კორტიზოლის მომატებული დონე ასევე აჩქარებს დაბერების პროცესს.
- როგორც ნევროლოგი, რას ურჩევთ მკითხველს მეხსიერების დიდხანს შესანარჩუნებლად? თაფლისა და ტკბილეულის რეგულარული მიღება, ლექსების დაზეპირება და სხვა ტრადიციული მეთოდები თუ ამართლებს ამ თვალსაზრისით? ამ და სხვა შინაურ რეცეპტებს, ცხადია, თავისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლები აქვს, და მაინც, რას შემოგვთავაზებთ?
- მეხსიერების გასაუმჯობესებლად მოწოდებულია კოგნიტიური ვარჯიშები - კროსვორდების ამოხსნა, დისკუსია. კარგი იქნება, ვუსმინოთ მუსიკას, ხელი მოვკიდოთ ხელოვნების რომელიმე დარგს. ყოველივე ეს ზრდის თავის ტვინის პლასტიკურობას. მნიშვნელოვანი ფაქტორია კვებაც, კერძოდ, ომეგა-3-ის შემცველი უფრო მეტი პროდუქტის ჩართვა კვების რაციონში. ცხოველური ცხიმისა და ქოლესტერინის რადიკალურად აკრძალვა არ არის რეკომენდებული.