პერიფერიული ნერვული სისტემა დაავადებათა მკურნალობის მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პერიფერიული ნერვული სისტემა დაავადებათა მკურნალობის მეთოდები

  • ფიზიოთერაპია

nata-cincaze.jpgნატა ცინცაძე, ექიმი ფიზიოთერაპევტი:

- ფიზიოთერაპია მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად გამოიყენება. ის ამცირებს სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობის ვადას, შესაბამისად, მიღებული ქიმიური პრეპარატების რაოდენობასაც. ამით არის განპირობებული ისიც, რომ ფიზიოთერაპიის დროს ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობა გაცილებით ნაკლებია.

ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობა იმითაცაა საინტერესო, რომ ეს ახანგრძლივებს ქრონიკული დაავადებების რემისიას, ანუ თუ რომელიმე დაავადება შეიძლება სამ თვეში ერთხელ გამწვავდეს, ფიზიოთერაპიის შემდეგ ეს პერიოდი გაცილებით უფრო ხანგრძლივია. გარდა ამისა, ფიზიოთერაპია პაციენტისთვის სასიამოვნო და ადვილი ასატანია.

ფიზიოთერაპია ფიზიკური მეთოდებით მკურნალობაა. არსებობს აპარატული ფიზიოთერაპია, ასევე - ჰაერით, მზით მკურნალობა, რაც სულ სხვა სფეროა, თუმცა ისინიც ფიზიოთერაპიულ მეთოდებს მიეკუთვნება. კვარცის ნათურით, ულტრაბგერით, ლაზერით და ულტრაიისფერი სხივებით ორგანიზმზე ზემოქმედება - ესეც ფიზიოთერაპიის მეთოდებია.

აპარატული ფიზიოთერაპია გახლავთ დენით (სხვადასხვა სიგრძის, სიმძლავრის და სხვა) მკურნალობის მეთოდი. ფიზიოთერაპიული მეთოდები ადგილობრივად, ქსოვილში, აუმჯობესებს იმუნურ პოტენციას.

ახლა - რაც შეეხება ჩვენი საუბრის უშუალო თემას. პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიები, მაგალითად, ნევრალგიები და ნევრიტები, საკმაოდ ფართო ცნებაა. სხვათა შორის, ყველაზე მეტად გავრცელებულია ნეკნთაშუა ნევრალგია, მაგრამ ის მაინც ხერხემლის პათოლოგიებიდან მომდინარეობს. იმის თქმა მინდა, რომ პერიფერიული ნერვული სისტემის პრობლემები ხშირად ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემებიდან იწყება. არ არსებობს, ნერვი უცებ "გაცივდეს", ანთებადი გახდეს. ამ პროცესს ყოველთვის უძღვის წინ სხვა პროცესი, მაგალითად, ხერხემლის მიდამოში ნერვის ძირითად ღეროზე ზეწოლა ან მისი მიჭყლეტა რაიმე წარმონაქმნის გამო და სხვა. ორგანიზმის გაცივება შესაძლოა მაპროვოცირებელ როლს ასრულებდეს, რასაც ადრე არსებული ფარული პროცესი სააშკარაოზე გამოჰყავს. ასეთი შემთხვევების დროს გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ მიმართული ფიზიოთერაპიული მკურნალობის მეთოდები, მხოლოდ - ნევროლოგის ან თერაპევტის მიერ დანიშნულ მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად.

დიაგნოზის დასმის შემდეგ ფიზიოთერაპევტი წყვეტს, სახელდობრ რომელი მეთოდით დაიწყოს მკურნალობა - ლაზერით, ელექტროდენით, ულტრაბგერით თუ სხვა. უფრო გასაგები რომ იყოს ეს ყველაფერი საქმეში ჩაუხედავი მკითხველისთვის, მოდი, კონკრეტული მაგალითი მოვიყვანოთ.

ვთქვათ, ადამიანს აქვს საჯდომი ნერვის ანთება, რაც არცთუ ისე იშვიათია, ან პლექსიტი (კისრის, მხრის, გავა-წელის წნულების ტრავმული, ინფექციური ან ტოქსიკური დაზიანება). საჯდომი ნერვის ანთება ხერხემალში არსებული ცვლილებების გამო ვითარდება. ოსტეოქონდროზის, პოლიდისკოპათიის და სხვა დროს, ამ თუ იმ სახის წანაზარდის ან გამოვარდნილი დისკის არსებობისას, ნერვზე ზეწოლა ხდება. ის ტრავმას განიცდის, თუმცა გარკვეულ მომენტამდე მდგომარეობა კომპენსირებულია, ანუ ტკივილი არ იგრძნობა, მაგრამ რაღაც მომენტში, ვთქვათ, ორგანიზმის გადაცივებამ, იმუნიტეტის დაქვეითებამ, სიმძიმის აწევამ ან არასწორად დახრამ შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს მის აღმოცენებას და განვითარდეს იშალგია (ანუ ქვედა კიდურის ტკივილი, ჩვეულებრივ, საჯდომი ნერვის მიმართულებით). საჯდომი ნერვი მსხვილი ნერვია, რომელიც უმთავრესად ინერვაციას უწევს ქვედა კიდურს. მასში არსებული პრობლემების დროს შესაძლოა ადამიანს ფეხის თითი ან ტერფი ეტკინოს. გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, არ არის აუცილებელი, ამ დროს მაინცდამაინც წელი ან ბარძაყის არე გვტკიოდეს. ექიმთან, ნევროლოგთან ვიზიტის შემდეგ, რომელიც ზუსტ დიაგნოზს დასვამს და მედიკამენტურ მკურნალობას დანიშნავს, საქმეში ჩვენ, ფიზიოთერაპევტები ვერთვებით. ამ დროს ძალიან კარგი შედეგი აქვს ელექტროფორეზს. ამ დროს ელექტროდენის საშუალებით ორგანიზმში სამკურნალო პრეპარატი შეგვყავს. სხვათა შორის, ელექტროფორეზი საქართველოში წარმოებული პრეპარატების დახმარებით კეთდება. ტარდება სამი კურსი თვენახევრიანი ინტერვალებით. ეს უმთავრესი მეთოდია.

გამოიყენება ეგრეთ წოდებული ტრიბერგის დენიც. არსებობს ასეთი სინდრომი - ლოუბეკ პეინ, ანუ წელის ტკივილი, რომლისთვისაც ამ დენით მკურნალობის სპეციალური პროგრამაა შემუშავებული. შეიძლება გამოყენებულ იქნეს დიადინამიური დენი, ამპლიპულსი, ლაზერით მკურნალობა და სხვა.

დიდი მნიშვნელობა აქვს, რისი ჩატარების შესაძლებლობაა ფიზიოთერაპიულ კაბინეტში. არსებობს აპარატები, რომლებიც საშუალებას იძლევა, პაციენტისთვის მკურნალობის საუკეთესო ვარიანტი ავარჩიოთ. დღეს ამგვარი აპარატები საქართველოშიც არის.

ფიზიოთერაპიის ზოგადი ჩვენებაა:

    • ყოველგვარი ანთებითი პროცესი, ოღონდ არა მწვავე.

თუმცა აქვე დავამატებ, რომ არსებობს ახალი ტიპის აპარატურა, რომლის წყალობითაც ფიზიოთერაპიული მეთოდების გამოყენება უკვე მწვავე პერიოდშიც არის შესაძლებელი.

ფიზიოთერაპიის უკუჩვენებებია:

სხვათა შორის, ლაზერი ერთადერთი ფიზიოთერაპიული საშუალებაა, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების დროს გამოიყენება ტკივილის გასაყუჩებლად. ლაზერის მეშვეობით ისედაც შეიძლება პერიფერიულ თუ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედება, ეს ცალკე დარგია და ამის თაობაზე უამრავი სამეცნიერო პუბლიკაცია არსებობს. ხალხს რატომღაც ჰგონია, რომ ფიზიოთერაპია ონკოლოგიურ დაავადებას იწვევს. ასე არ არის. თუ ფიზიოთერაპიული მეთოდი სწორად გამოვიყენეთ, საშიში არაფერია. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის უპირატესობებიც მკურნალობის სხვა მეთოდებთან შედარებით, საუბრის დასაწყისში რომ ჩამოგითვალეთ.

  • სამკურნალო ფიზკულტურა

მამუკა ჯიქია, სამკურნალო ფიზკულტურის, სპორტული მედიცინისა და რაიტთერაპიის სპეციალისტი:

- პერიფერიული ნერვული სისტემის ყველა პრობლემა ძირითადად ცენტრალური ნერვული სისტემიდან წამოსული პრობლემებია, თუ არ ჩავთვლით ლოკალურ ტრავმებს. მაგალითად, ავიღოთ ხერხემალი, მისგან გამომავალი ნერვები და მოკლედ მიმოვიხილოთ, რა შეიძლება მოხდეს მათი დაზიანების დროს. ხერხემლიდან გამოდის 12 ძირითადი ნერვული წყვილი. რომელიმე წყვილში შექმნილმა პრობლემამ პერიფერიაზე, რომელიმე ლოკალურ ადგილას, შესაძლოა ტკივილის აღმოცენებას შეუწყოს ხელი. თუ გვეგონება, რომ ამ ადგილს განვკურნავთ და ტკივილს მოვხსნით, შევცდებით, რადგან ტკივილის მიზეზი ამ ადგილას არ არის. შესაძლოა ტკივილი მაინც გაქრეს სხვადასხვა ჩარევის გზით, მედიკამენტური მკურნალობით, ფიზიოთერაპიით, მასაჟით და პაციენტიც დამშვიდებული წავიდეს სახლში, მაგრამ სინამდვილეში ის კი არ განიკურნა, არამედ მხოლოდ ტკივილი მოეხსნა. გაივლის ხანი და ტკივილი ისევ იჩენს თავს. ამიტომ მთავარია, ზუსტად გავიგოთ ტკივილის მექანიზმი, საიდან, რატომ, რის გამო აღმოცენდება ის და დავიწყოთ იმ ადგილის მკურნალობა, სამკურნალო მანიპულაციები იმ ადგილისკენ მივმართოთ, სადაც მისი სათავეა.

არასდროს ხდება ისე, რომ ანთება ან ტკივილი მოულოდნელად აღმოცენდეს, ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგონია. ყველაფერს აქვს დასაწყისი. შესაძლოა პრობლემა ბავშვობიდან, ადრეული ასაკიდან მოდიოდეს, ან სიყმაწვილის პერიოდიდან, ტრავმის შედეგად. არსებობს პრობლემები, მაგალითად, ოსტეოქონდროზი, რომელსაც შეიძლება საშუალო და უფროს ასაკში შევხვდეთ.

პრაქტიკაში არცთუ იშვიათია ასეთი რამ: პაციენტი უჩივის მხოლოდ და მხოლოდ მუხლის ტკივილს, მეტს არაფერს, გასინჯვითაც ტკივილი მხოლოდ ამ მიდამოშია, მაგრამ კომპიუტერული კვლევით ვადგენთ, რომ ხერხემლის მალებს შორის არსებული დისკი ადგილიდან დაძრულა და აწვება იქვე არსებულ ნერვს, რომელზე ზეწოლაც მუხლში იძლევა ტკივილს. შესაბამისად, მუხლის ტკივილი რომც მოვხსნათ, ეს არ იქნება პაციენტის გამოჯანმრთელება, რადგან ძირითადი მიზეზი - ხერხემლიდან გამომავალ ნერვზე ზეწოლა - დარჩება და ადრე თუ გვიან ისევ იჩენს თავს. ასე რომ, მუხლის ტკივილის საბოლოო აღმოფხვრისთვის მკურნალობა ხერხემლიდან უნდა დავიწყოთ და პარალელურად ადგილობრივადაც ვუმკურნალოთ მუხლის სახსარს, მის ქვემო თუ ზემო ნაწილს.

ჩვენს სფეროში მკურნალობა კომპლექსურია. ამ დროს პაციენტს ვუნიშნავთ სამკურნალო ფიზკულტურის გარკვეულ კომპლექსს, რომლიც თითოეული ადამიანისათვის ინდივიდუალურად შეირჩევა, შემდეგ - მასაჟს და ფიზიოთერაპიას. მწვავე შემთხვევებში სამკურნალო ფიზკულტურა, ისევე როგორც მასაჟი, რა თქმა უნდა, არ გამოიყენება. ძლიერი ტკივილის დროს ადამიანი, უბრალოდ, ვერც ფეხს ასწევს და ვერც ხელს. მაგრამ თუ, მაგალითად, ხელი აქვს მოტეხილი და თაბაშირი ადევს, მასაჟი და ვარჯიშები მეორე ხელზე კეთდება. ამ დროს მოტეხილობაც უკეთესად ხორცდება, სახსარიც არ იკეტება, ფუნქცია არ ეკარგება და რეაბილიტაციაც უკეთ მიმდინარეობს. მანუალური თერაპიის გამოყენებაც ყოველთვის არ შეიძლება, თუნდაც იმავე მწვავე პერიოდში. ზოგჯერ მასაჟიც არ შეიძლება, მაგრამ ამ დროს შეგვიძლია საქმეში ჩავრთოთ ნემსორეფლექსოთერაპია (ბატონ სიმონ გორელაშვილს, ნემსორეფლექსოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტს, სამწუხაროდ, ვერ დავუკავშირდით, უცხოეთში აღმოჩნდა - დ.დ.).


ზემოთ მიზეზები ჩამოგითვალეთ. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო სკოლიოზზე. ეს ვერაგი დაავადებაა, რომელიც დიდხანს არ ჩანს, ხოლო როცა გამოჩნდება, უკვე გვიანია. სკოლიოზი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს, ბავშვთა ასაკშიც შეიძლება განვითარდეს სიმძიმის არასწორი განაწილების გამო. სკოლიოზი და მის გამო თავჩენილი პათოლოგიური პროცესები, ანთება თუ, ხალხური ენით რომ ვთქვათ, გამრუდებულ ადგილებში "მარილების ჩალაგება" ხშირად არ ჩანს, ზრდასრულ ასაკში კი რაიმე ხელშემწყობი ფაქტორის ზემოქმედების შემდეგ (ეს შეიძლება იყოს გაციება, სიმძიმის აწევა, გადაღლა და სხვა) გულმკერდის, წელის, კიდურების თუ სხვა ადგილებში ერთი შეხედვით მოულოდნელი ტკივილი იჩენს თავს. ეს დროთა განმავლობაში ხერხემალზე განვითარებული ოსტეოფიტების (ძვლოვანი წანაზარდების) ნერვებზე ზეწოლის შედეგია, რომელმაც შესაძლოა ტკივილი პერიფერიაზე წარმოშვას.

სამკურნალო ფიზკულტურის დახმარებით ქვემწვავე პერიოდში ხდება ტკივილის კუპირება, ლაგდება მწვავე პროცესი და ვარჯიშების ინტენსივობისა და დატვირთვის დონის თანდათანობით გაზრდით საბოლოო განკურნებაც ხდება. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მასაჟის, ფიზკულტურისა და ფიზიოთერაპიის დახმარებით განკურნების შანსი დაახლოებით 80%-ია.

რაც შეეხება რაიტთერაპიას, საქართველოში მისი ფუძემდებელი აკადემიკოსი დიმიტრი წვერავაა. თქვენ საუბრისას ბავშვთა ცერებრალურ დამბლაზე მკითხეთ. რაიტთერაპიის საშუალებით უამრავი სხვა პრობლემის გადაჭრაც არის შესაძლებელი. გაგიკვირდებათ, როგორ იცვლება ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვი ცხენზე დაჯდომის შემდეგ - წელში სწორდება, ხელებსაც მოჰკიდებს უნაგირს, აიწევა და ვინც მას არ იცნობს, ფორმაც თუ აცვია, ნამდვილი ჟოკეი ეგონება. რა თქმა უნდა, დისკოზის მწვავე პერიოდში პაციენტს, რომელსაც ძლიერი ტკივილები აქვს, ცხენზე ვერ დასვამთ. სამაგიეროდ, არსებობს ისეთი ვარჯიშები, რომლებიც შემდგომ, ცხენზე დაჯდომისას სრულდება. ასეთი სახის თერაპიისთვის ცხენი წინასწარ არის მომზადებული. მასა და პაციენტთან პარალელურად მუშაობს ინსტრუქტორი. ნევრიტების დროსაც ვერ დასვამ ცხენზე ადამიანს, მაგრამ მკურნალობის გარკვეული კურსის შემდეგ, მედიკამენტური თერაპია იქნება ეს, მასაჟი თუ ოპერაცია, ცხენზე ჯდომა ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს.

სხვათა შორის, აქვე ერთ რჩევას მოგცემთ: თუ ცხოვრების აქტიურ წესს მისდევთ, ისეთი დაავადებები, როგორიცაა ოსტეოქონდროზი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ათეროსკლეროზი, პოლიართრიტი, დისკოზი, დისკოგენური დისკოპათია, სკოლიოზი და სხვა, არ ჩამოყალიბდება ან გაქრება. რა თქმა უნდა, ზოგჯერ აქტიურ ადამიანებსაც აწუხებთ ეს დაავადებები, - კაცნი ვართ, - მაგრამ ეს ძალიან იშვიათია. ცხენზე ჯდომაც აქტიური ცხოვრების ერთ-ერთი ელემენტია და სასიამოვნო დასვენებასთან ერთად გაჯანსაღების საუკეთესო საშუალებაც.

  • აღდგენითი მედიცინა

იგორ ერისთავი, აღდგენითი მედიცინის სპეციალისტი:

- აღდგენით მედიცინაში პირველი მოსამზადებელი პროცედურა მასაჟია. მასაჟის შემდეგ ტარდება ან სამკურნალო ფიზკულტურა, ან მანუალური თერაპია, ან ხერხემლის სპინალური დაჭიმვა, - როგორც კისრის ნაწილისა, ასევე წელის მიდამოსიც. ნაწილობრივ ხერხემლის გულმკერდის მიდამოს დაჭიმვაც ხდება.

რეაბილიტაციაში მასაჟის ამოცანაა რბილი ქსოვილების მომზადება, მათი გახურება, ქსოვილებში სისხლის, ლიმფისა და მიკროცირკულაციის გაუმჯობესება. შესაბამისად, ტკივილის სინდრომის შემცირებაც. შემდეგ ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა, პაციენტისთვის ინდივიდუალურად იქმნება სპეციალური პროგრამა. ნევრალგიებისა და ნევრიტების დროს არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მანუალური თერაპიაც. მანუალურ თერაპიას პირადად მე მასაჟთან სისტემურად ვატარებ, როგორც წესი, კუნთების გახურების, რელაქსაციის შემდეგ, იშვიათად კი - როგორც მანიპულაციას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მოიხსნას ხერხემლის, მხრის, იდაყვის, მუხლის და სხვა სახსრების ბლოკირება. სახსრების ბლოკირების დროს ხომ არცთუ იშვიათია კუნთების სპასტიკური დაჭიმულობა, ნევრიტები და ნევრალგიები.

რაც შეეხება მექანიზმს, როგორც უკვე გითხარით, პირველ რიგში აუცილებელია რბილ ქსოვილებში ლიმფო- და მიკროცირკულაციის გაუმჯობესება. ლიმფა იმუნური სისტემის ნაწილია და მისი ცირკულაციის გაუმჯობესება ამ სისტემის გააქტიურებას იწვევს. მიკროცირკულაციისა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების, გააქტიურებისა და გაძლიერებისას დაზიანებულ ნერვულ უჯრედებსა თუ სხვა ქსოვილებში უმჯობესდება კვება, მათ უფრო ადვილად მიეწოდებათ საკვები ნივთიერებები, მეტი ჟანგბადი და, შესაბამისად, რეაბილიტაციაც ჩქარდება. სისხლს თან მიაქვს ისეთი ნივთიერებებიც, რომლებიც ტკივილის შეცირებას უწყობს ხელს.

მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ: როდესაც საქმე გვაქვს პერიფერიული ნერვული ქსოვილების დაზიანებასთან, აქ დიაგნოზი ზედმიწევნით უნდა იყოს გარკვეული, დიფერენციალური დიაგნოზი - გატარებული, ანთების ან ტკივილის მიზეზი - დაზუსტებული, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს, ვთქვათ, მალათაშუა დისკოზის, ხერხემლის თიაქრის გამო ნერვის მიჭყლეტას და ტკივილი სულ სხვა ადგილას, გაცილებით შორს იყოს ლოკალიზებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ნევროლოგებთან ერთად ვმუშაობთ, რადგან ხშირად ასეთი პრობლემები მედიკამენტურ მკურნალობას მოითხოვს, ასეთ მკურნალობას კი ნევროპათოლოგი ნიშნავს.

მწვავე პროცესის დროს, წესისამებრ, თავს ვიკავებთ ყოველგვარი მანიპულაციისგან - მასაჟმა ტკივილი შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს. მანიპულაცია ქვემწვავე პერიოდიდან უნდა დაიწყოს, ანუ ჯერ მწვავე ანთება უნდა ჩაცხრეს მედიკამენტური მკურნალობით, მოიხსნას ტკივილი და მერეღა ჩაერთოს საქმეში მასაჟი.

აქვე ისმის კითხვა: თუ ტკივილი მოიხსნა, პაციენტი ჩვენს სინამდვილეში მაინც მივა ექიმთან? (იღიმება) დიახ, მივა, რადგან ხშირად ტკივილი მწვავე პერიოდში მედიკამენტური მკურნალობითაც კი ბოლომდე არ იხსნება. უფრო მეტიც - როცა ტკივილი თითქმის კუპირებულია, ჩვენ მაინც ვაფრთხილებთ პაციენტს, რომ ის შეიძლება ისევ გაძლიერდეს. ეს ძირითადად პირველი პროცედურების დროს ხდება, მერე კი ტკივილი იკლებს და საბოლოოდ ქრება. პარალელურად სამკურნალო პრეპარატებიც მოქმედებს.

    • კედრის კასრი

ახლა კედრის კასრზეც მოგახსენებთ ორიოდე სიტყვას. ეს კასრი მთლიანად კედრისგან არის დამზადებული, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს. კედრის კასრით მკურნალობა სპა პროცედურებს მიეკუთვნება. ეს ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი მინისაუნაა. ის მართლაც წააგავს მინისაუნას, მაგრამ, ნამდვილი ფინური საუნისგან განსხვავებით, მასში ტემპერატურა შედარებით ნაკლებია და ამის გამო პაციენტი შიგნით შეიძლება უფრო მეტხანს დაყოვნდეს. ფინურ საუნაში ტემპერატურა 80-დან 120 გრადუს ცელსიუსამდეა. აქ, კასრში, კი მაქსიმალური ტემპერატურა შეიძლება 60 გრადუს ცელსიუსამდე მივიყვანოთ და მასში ადამიანი 15-დან 45 წუთამდე გავაჩეროთ. ამ "საუნის" ამოცანაც რბილი ქსოვილების გახურება და მიკროცირკულაციის გაძლიერებაა სისხლძარღვთა სითბოთი გაფართოების ხარჯზე, და კიდევ, მისი ამოცანა ქსოვილებიდან და კანქვეშა უჯრედისიდან სითხის მაქსიმალურად გამოყოფა, ანუ ოფლდენის გაძლიერებაა.

უკუჩვენებები მასაც აქვს. ესენი გახლავთ ონკოლოგიური დაავადებები, გინეკოლოგიური და უროლოგიური პრობლემების მწვავე ანთებითი პერიოდი, ნევროლოგიური დაავადებების მწვავე ანთებითი პერიოდი, ფოლიკულიტის სხვადასხვა ხარისხი, კანის დაავადებები, მასტოპათია ქალებში, გულ-სისხლძარღვთა მწვავე დაავადებები, ჰიპო- და ჰიპერტონია, თრომბოზი, ვარიკოზი და სხვა.

რაც შეეხება ჩვენი საუბრის თემას, სიმართლე გითხრათ, ქვემწვავე პერიოდში სითბოს გამოყენებამ შეიძლება მოხსნას ტკივილის სინდრომი, გარდა ამისა, უმჯობესდება ორგანიზმის მიკროცირკულაცია და, შესაბამისად, ქსოვილების კვებაც, რაც ტკივილისა და ანთებითი პროცესის ჩაცხრობას უწყობს ხელს. ძველი მეთოდი, შალის შემოხვევა მტკივან ადგილზე, ასევე სითბოთი აქრობს ტკივილს. ეს მინისაუნაც იმავე პრინციპითაც შეიძლება ვამუშაოთ. რბილი ქსოვილების დარბილება, დაზიანებული ადგილის გათბობა, შეშუპების წინააღმდეგ ბრძოლა სითხის გამოყოფის გაძლიერებით - ეს ყველაფერი ერთად, მართალია ირიბად, მაგრამ მაინც დადებითად მოქმედებს ადამიანის პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე.

კედრის კასრის შემდეგ გახურებულ სხეულს მასაჟი უტარდება. კედრის კასრი შეიძლება სახსრებზე მკურნალობისთვისაც გამოვიყენოთ. ამ დროს ტარდება ტალახით, პარაფინით თუ სხვადასხვა ნარევით მკურნალობა, ამ ნარევებით ვახვევთ ამა თუ იმ სახსარს, მერე კი პაციენტი გახურებულ კედრის კასრში ჯდება. ეფექტი შესანიშნავია.

სხვათა შორის, ტალახითა და პარაფინით მკურნალობა, რადიაციული თუ გოგირდწყალბადოვანი აბაზანები ეფექტიანია პერიფერიული ნერვული სისტემის ზოგიერთი პრობლემის დროსაც, თუმცა ეს სულ სხვა საუბრის თემაა. სიმართლე გითხრათ, როცა ადამიანს ტკივილი აწუხებს, მისთვის სულ არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით მოიხსნება ტკივილი, მთავარი მისთვის ის არის, რომ სპეციალისტმა ამ ტკივილის მოხსნა შეძლოს.