სკოლიოზი და მისი მკურნალობა
მილები ტოპოგრაფიული ნიშნით იყოფა განსხვავებული რაოდენობისა და მორფოლოგიური ნიშნების მქონე მალების 5 ჯგუფად. ესენია:კისრის მალები - 7 (C I-VII),გულმკერდის მალები - 12 (T I-XII),წელის მალები - 5 (L I-V),
გავის მალები - 5 (S I-V);
კუდუსუნის მალები - 2-3 (CG I-II).
მალის ცენტრალური და ყველაზე მასიური ნაწილია სხეული, რომლის უკანა გვერდითი კიდეებიდან ორივე მხარეს არის წარზიდული თანაბრად განვითარებული მალის რკალები. რკალების ურთიერთდაკავშირების ადგილი განსხვილებულია, უკან არის წარზიდული და ქმნის კენტ წვეტიან მორჩს. რკალებიდან ორივე მხარეს წარიზიდება კარგად შესამჩნევი წყვილი განივი მორჩი.
ხერხემლის სვეტის ყველა მალისთვის (ცალკეული მალების გარდა) დამახასიათებელი ჩამოთვლილი ელემენტების გარდა, გულმკერდის მალებს აქვს საკუთარი ნიშნებიც, რასაც მათთან ნეკნების შესახსრება განაპირობებს.
სკოლიოზი ხერხემლის ფრონტალური გამრუდებაა (ფრონტალურ სიბრტყეში განვითარებული გამრუდება, როდესაც ხერხემალი ლათინური S-ფორმას იძენს). სიტყვა "სკოლიოზი" ბერძნული წარმოშობისაა და მოღუნულს, გამრუდებულს ნიშნავს. მსუბუქი სკოლიოზი სერიოზულ გართულებებსა და ჩივილებს არ იწვევს, ხოლო ხერხემლის ძლიერი გამრუდების დროს, როდესაც სვეტი საგრძნობლად ბრუნდება საკუთარი ღერძის გარშემო, თავს იჩენს ტკივილები და, რაც მთავარია, იზღუდება ხერხემლის ფუნქციონირების შესაძლებლობა.
ხერხემლის გამრუდების დროს იცვლება გულმკერდის ფორმა. სკოლიოზის დროს აღინიშნება გულმკერდის ყაფაზის ასიმეტრია (ცალი მხარის ჩავარდნილობის გამო). მხრებსა და ბეჭის ძვლებს ამ დროს არათანაბარი და უსწორო პოზიცია აქვთ. მკერდის ძვალი ცალ მხარეზეა გადანაცვლებული. ამ დეფორმაციის შედეგად უმეტესად გულმკერდის ღრუში მოქცეულ ორგანოთა ფუნქციაც იცვლება.
ბიომექანიკის თვალსაზრისით სკოლიოზური დეფორმაციის ფორმირების პროცესი რამდენიმე ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგია. მათ შორის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი ფაქტორები.
რაც შეეხება მალათა სხეულებზე განვითარებულ ოსტეოფიტურ ხიდაკებს, ესენი გახლავთ პათოლოგიური ძვლოვანი წანაზარდები, რომლებიც მალათა სხეულებიდან ან მორჩებიდან ვითარდება. კუნთებსა და ნერვულ დაბოლოებებზე მათი ზეწოლის შედეგად აღმოცენდება ტკივილი, იზღუდება მოხრა-მოძრაობა, თუმცა უმეტესად - არც ისე ძლიერ. უსიამოვნო შეგრძნებისა და მჩხვლეტი ტკივილის გამო ადამიანი ერიდება ზოგიერთი პოზის მიღებასა და სათანადო მოძრაობათა შესრულებას.
მკურნალობა
სკოლიოზს მკურნალობენ მანუალური თერაპიის, სამკურნალო ვარჯიშების, ცურვის, კორსეტების გამოყენებით და სხვა.
მანუალური თერაპიის საშუალებით ნორმალიზდება კუნთოვანი ტონუსი, ფართოვდება სახსართა მოძრაობის დიაპაზონი, უმჯობესდება კუნთებში სისხლის მიმოქცევა, რაც ჯამში აუმჯობესებს ქსოვილთა კვებას და უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ინტენსიურ განვითარებას.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალო ფიზკულტურასაც. სპეციალურ ვარჯიშთა მეოხებით კუნთები იწრთობა, ძლიერდება და, რაც მთავარია, უზრუნველყოფს ხერხემლის ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვარჯიშთა სისტემატური შესრულების დროს ყალიბდება ერთგვარი კუნთოვანი კორსეტი.
უნდა ითქვას ისიც, რომ ვარჯიშთა ამა თუ იმ კომპლექსის თვითნებური გამოყენება დაუშვებელია. მაგალითად, არამც და არამც არ შეიძლება ხტომა, სიმძიმეების აწევა, გაწელვა და ზოგიერთი სხვა ვარჯიშის დამოუკიდებლად შესრულება. ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეგიძლიათ მხოლოდ ცურვაზე იაროთ.
ცურვა ერთმნიშვნელოვნად გამოირჩევა ციკლურ ვარჯიშთაგან. ამ დროს ყველა ჯგუფის კუნთები აქტიურდება, ხოლო სახსრები და ხერხემალი პრაქტიკულად არ იტვირთება. ცურვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სკოლიოზის, არამედ ხერხემლის სხვა პათოლოგიათა მკურნალობისთვისაც.