წელკავი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წელკავი

შაჰის ფავორიტი ქალბატონი სტუმრად მყოფ მეტად პატივსაცემ დიპლომატებს ლანგრით ხილს სთავაზობდა, როცა ერთ-ერთი მათგანის წინ მოწიწებით ქედი მოიხარა და წელში ვეღარ გასწორდა. მისმა სასოწარკვეთილმა კივილმა წვეულება ჩაშალა.

სწორედ ნუჰე-სამანის კარზე მომხდარი ამ კურიოზული შემთხვევის შემდეგ გახდა ცნობილი დაავადება, რომელიც სხეულის უხერხული მოძრაობისას იჩენდა თავს და საკმაოდ ძლიერ ტკივილს იწვევდა.

ლუმბაგო,  გავა-წელის მწვავე რადიკულიტი - ასეთია იმ დაავადების სამეცნიერო სახელწოდება რომელსაც სამედიცინო პრაქტიკაში დღესაც არანაკლებ ხშირად ვეჯახებით. რა იწვევს ლუმბაგოს, როგორია მისგან განკურნების გზები? ამ საკითხებზე  ს. ხეჩინაშვილის სახელობის

საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგი მარიამ ქაფიანიძე გვესაუბრება.

- ქალბატონო მარიამ, რას წარმოადგენს ლუმბაგო, რომელსაც ხალხში წელკავს უწოდებენ? რა ნიშნები ახასიათებს ამ დაავადებას?

- ლუმბაგო წელის არეში გაჩენილი უეცარი, მკვეთრი ლოკალური ტკივილის შეტევაა, რომელსაც წელის კუნთების დაჭიმვა ერთვის.

ტერმინი `წელკავი~ ყველაზე უკეთ ასახავს წელის არეში უეცრად აღმოცენებული ტკივილის ხასიათს: ადამიანს თითქოს კავი გამოსდესო, რის შემდეგაც მას ელექტროდენის გავლის მსგავსი, გამჭოლი ტკივილი იპყრობს,  რომელიც,  ჩვეულებრივ, ქვედა კიდურებზე არ ვრცელდება.

წელკავის დროს მტკივნეული შეგრძნებები ლოკალიზდება ძვლებში, იოგებსა და კუნთებში.

წელკავი უმეტესად მაშინ იჩენს თავს, როდესაც ერთდროულად წინ ვიხრებით და გვერდზე ვტრიალდებით. მოხრილი ზურგის გამართვა და იმავდროულად კორპუსის მიბრუნება ხერხემლის ქვედა სეგმენტისთვის ძალიან დიდი დატვირთვაა, ამიტომ წელკავის გამომწვევი კლასიკური სიტუაციაა თოვლის წმენდა.

ლუმბაგო გვხვდება როგორც ახალგაზრდებს, ისე საშუალო ასაკისა და ხანდაზმულ ადამიანებს შორის. ყველაზე ხშირად იგი მაინც მამაკაცებს ემართებათ, რომლებიც, ჩვეულებრივ, ინტენსიური ფიზიკური შრომის შემდეგ წელში ვეღარ იშლებიან.

წელკავს ხშირად აპროვოცირებს სხეულის გადახურება, ტანის გაოფლიანება და შემდეგ მისი სწრაფი გაციება.

შეტევის დროს ადამიანი უსასოო მდგომარეობაში ვარდება, გაშეშებული რჩება იძულებით პოზაში, რადგან განძრევის უმნიშვნელო მცდელობაც კი, დახველება, დაცემინება წელის კუნთების სპაზმსა და ტკივილს კიდევ უფრო აძლიერებს.

წელკავის შეტევისას მწვავე ტკივილი რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება, ნაკლებინტენსიური ტკივილები კი ძირითადად მოძრაობას უკავშირდება და საშუალოდ 1-2 კვირას გასტანს.

ხდება ისეც, რომ შეტევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ტკივილი თავისთავად გაივლის, ისევე სწრაფად, როგორც აღმოცენდა. ამ დროს შეგრძნება ისეთია, თითქოს წელში რაღაც თავის ადგილას ჩადგაო.

- წელკავის, წელის გაშეშების გამომწვევ მიზეზებზე რას გვეტყვით?

- იგი ვითარდება ფიზიკური გადატვირთვის, სხეულის უხერხული მოძრაობის, სიმძიმის აწევის, გადაციების, არაფიზიოლოგიურ პოზიციაში დიდხანს ყოფნის შემთხვევაში.

წელკავის შესაძლო მიზეზები ხერხემალში, კერძოდ, მალათაშუა დისკებში, სახსრებში, მყესებში, კუნთებსა თუ ნერვულ ბოჭკოებში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებებში უნდა ვეძებოთ.

ხერხემალს ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე უდიდესი დატვირთვის ატანა უწევს. თუ მის საკმაოდ რთულ ანატომიურ აგებულებასაც გავიხსენებთ, მასში რაღაც-რაღაცები პათოლოგიურად რომ იცვლება, ალბათ გასაკვირი არც უნდა იყოს. ყოველივე ამის დასახასიათებლად საკმაოდ გავრცელებულ ტერმინს - ოსტეოქონდროზს მოვიშველიებთ ხოლმე.

წელკავს იწვევს:

  • ძლიერი ფიზიკური დატვირთვითა და წელის არის გადაცივებით გამოწვეული კუნთების სპაზმი ანუ ტონური შეკუმშვები, რომლებიც ადამიანს იძულებით პოზაში აშეშებს;
  • მალათაშუა სახსრის ცდომა, მყესების გაგლეჯა ხერხემლის ტრავმის გამო;
  • წელის მალებში მიმდინარე დეგენერაციული პროცესები, როდესაც მალათაშუა დისკსა და მის ფიბროზულ რგოლში განვითარებული ცვლილებების გამო ღიზიანდება მგრძნობიარე რეცეპტორების დაბოლოებანი და იწვევს ტკივილს (ხერხემლის მალათა ფიბროზული რგოლის ნაპრალი, წელის არეში მალათაშუა დისკის გამოვარდნა და მისი ზეწოლა ნერვულ დაბოლოებებზე);
  • შედარებით იშვიათად წელკავი უკავშირდება ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაავადებას, რევმატულ პათოლოგიას, ინფექციას, სიმსივნეს.

ზოგადად, ლუმბაგოსთვის ესოდენ დამახასიათებელი წელის კუნთების ტონური შეკუმშვა და ძლიერი ტკივილი საპასუხო რეაქციაა დაზიანებული ფიბროზული დისკის ან მის ახლოს მდებარე იოგებისა და მყესების რეცეპტორთა გაღიზიანებაზე, შედეგად მიღებული პოზა კი ტკივილისგან თავის დაღწევას ისახავს მიზნად.

ათიდან თითქმის სამ შემთხვევაში წელკავის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

- როგორია წელკავის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?

- თუ ტკივილი ფიზიკური გადაღლით გამოწვეული კუნთების სპაზმით არის განპირობებული, მკურნალობა გაცილებით მარტივია - საკმარისია კუნთების სპაზმის მოხსნა და ტკივილი ქრება.

ამ შემთხვევაში პაციენტს ვასწავლით სწორ მოძრაობებს წელკავის განმეორებითი შეტევის თავიდან ასაცილებლად.

თუ ლუმბაგო ხერხემლის სვეტში განვითარებულ ავადმყოფურ ცვლილებებს უკავშირდება, მაშინ პაციენტებს უტარდებათ კომპლექსური მკურნალობა, რომელიც რამდენიმე ამოცანის გადაჭრას ისახავს მიზნად. კერძოდ, საჭიროა:


 

  • ტკივილის კუპირება;
  • სწორი მოძრაობის სტერეოტიპების შესწავლა, რომლებიც ხელს შეუწყობს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ოპტიმალურ დატვირთვას და ხერხემლის ჯანმრთელობის შენარჩუნებას მრავალი წლის განმავლობაში;
  • ხერხემლის სვეტზე წონისა და წნევის შემცირება, მის სეგმენტებზე დატვირთვის სწორი გადანაწილება;
  • ხერხემლის იმ კუნთოვანი კარკასის გამაგრება, რომელიც გარს ეკვრის მის პრობლემურ ზონებს;
  • ხერხემლის სახსროვანი აპარატის სიმტკიცის შემანარჩუნებლები (ქონდროპროტექტორები).

წელკავი კარგად ემორჩილება მკურნალობას და ისევე ადვილად ქრება, როგორც აღმოცენდება.

 - როგორ მოვიქცეთ, თუ უეცრად წელკავი დაგვემართა? რას ითვალისწინებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება?

- მთავარი წამალი სიმშვიდე და წოლითი რეჟიმია. ნუ ეცდებით ტკივილის მოთმენას და თვითნებურად წელში გასწორებას. აუცილებელია რამდენიმე დღის განმავლობაში წოლა.

მოძებნეთ პოზა, რომელშიც ტკივილი გიკლებთ და ზურგის მუსკულატურაც მოგიდუნდებათ. მიზანშეწონილია, იწვეთ ზურგზე, ოდნავ აწეული და მოღუნული ფეხებით, ამისთვის მუხლქვეშ ბალიში უნდა ამოიდოთ. ასეთი პოზა ხერხემალს მსხვილი კუნთების მოდუნების საშუალებას აძლევს.

თუ პაციენტისთვის მუცელზე წოლა უფრო მეტად კომფორტულია, შეუძლია, ასეც დაწვეს. ზოგჯერ მოხერხებულია გვერდზე წოლა.

პაციენტი უნდა იწვეს მაგარ და მყარ საწოლზე, ფართო ხის ნაჭერზე ან იატაკზე და წელი თბილად ჰქონდეს შეხვეული. ამ პერიოდში ყველაზე ჩვეულებრივი ლეიბიც კი ორთოპედიულად იქცევა, თუ მას მაგარ, ბრტყელ ფიცარზე გავფენთ.

რეკომენდებულია მტკივან ადგილზე ყინულის დადებაც, ოღონდ მხოლოდ შეტევის პირველ წუთებში.

მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტი), თუმცა ურიგო არ იქნება, თუ გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად კონსულტაციისთვის ექიმს მიმართავთ.

თვითნებურად ნუ დაიზელთ მტკივან ადგილს მალამოთი, განსაკუთრებით - ისეთით, რომელიც კანს წვავს. შესაძლოა, ამან ტკივილი კიდევ უფრო გააძლიეროს.

დასაშვებია მტკივანი ადგილის არყით ან სპირტით დაზელა, იოდის ბადის გაკეთება.

ხშირად შინ აღმოჩენილი პირველი დახმარების შემდეგ, როცა ანალგეტიკების ზემოქმედებით ტკივილი ქრება, პაციენტები კლინიკაში მისვლას ან არ ჩქარობენ, ან საერთოდ აღარ აპირებენ, რის გამოც პროცესი რთულდება და მკურნალობაც ხანგრძლივდება.

ბევრი, წელში გაიშლება თუ არა და ტკივილიც გაუვლის, ფიქრობს, რომ უკვე განიკურნა. ეს შეცდომაა. ყველაფერი წელკავის პირველი შეტევის შემდეგ იწყება - ხერხემალი განსაკუთრებულ მოვლას ითხოვს, ამისთვის კი დამატებითი პროცედურების ჩატარებაა საჭირო. აუცილებელია ნევროლოგის ან ნეიროქირურგის კონსულტაცია სამედიცინო დაწესებულებაში, რათა პაციენტს აღმოუჩინონ კვალიფიციური დახმარება და რაც მთავარია, ჩაუტარონ შესაბამისი გამოკვლევები წელკავის მიზეზის გამოსარკვევად.

- როგორ ვიცხოვროთ, რომ წელკავმა არასდროს შეგვაწუხო

- შინ და სამსახურში კომპიუტერთან მუშაობისას ეცადეთ, დასხდეთ სპეციალურ საოფისე სკამზე, რომელიც ხერხემალს მეტ-ნაკლებად აძლევს განტვირთვის საშუალებას.

ტელევიზორის ყურებისას სჯობს უპირატესობა ნახევრად მწოლიარე ტიპის სავარძელს მიანიჭოთ.

მნიშვნელოვანია ავტომობილში მძღოლის სავარძლის სწორად შერჩევაც, რადგან საჭესთან მოუხერხებლად ჯდომა ოსტეოქონდროზის გართულების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.

ხანგრძლივი ჯდომითი სამუშაოს შესრულებისას პერიოდულად შეისვენეთ და გაიარ-გამოიარეთ.

ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ქალებს ვურჩევ, იშვიათად ჩაიცვან ქუსლიანი ფეხსაცმელები.

ნებისმიერი ტვირთი უნდა ასწიოთ ნელა, თანდათან. ტვირთის აწევისას ჯერ მუხლებში უნდა მოიხაროთ და შემდეგ ნელა გასწორდეთ.

ნუ დატვირთავთ ხერხემალს ჭარბი წონით.

ხერხემლის მთავარი მტერი უმოძრაობაა, ამიტომ წელკავის პროფილაქტიკის საუკეთესო გზა ფიზკულტურაა. სასურველია მეტი მოძრაობა, ცურვა.

სირბილის დროს ხშირია ხერხემლის დისკების მიკროტრავმატიზაცია, ამიტომ სირბილისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.