ლოგონევროზი
თუ დიდხანს გაგრძელდა, კონსულტაციისთვის სპეციალისტს უნდა მივმართოთ. გვესაუბრება ნევროპათოლოგი რუსუდან გაჩეჩილაძე.
- რა არის ენაბლუობა და რა იწვევს მას?
- ენაბლუობა ლოგონევროზია, რომლის დროსაც დარღვეულია მეტყველების სიმწყობრე და რიტმულობა. ზოგჯერ ეს ბგერების ან მარცვლების გამეორებით ვლინდება, ზოგჯერ კი უნებლიე შეწყვეტით.
პირველ შემთხვევაში ენაბლუობის მიზეზია სამეტყველო აპარატის კუნთების ხანმოკლე კლინიკური სპაზმი, მეორე შემთხვევაში კი ტონური ანუ ძლიერი და ხანგრძლივი შეკუმშვა. კლონური მოძრაობა შეიძლება ერთი წამი გაგრძელდეს, ტონური კი რამდენიმე წამი, მძიმე შემთხვევაში - წუთიც კი. კრუნჩხვები მეტყველების სისტემის სხვადასხვა ნაწილში - სასუნთქ ან სამეტყველო აპარატში - წარმოიშობა.
ენაბლუობა შეიძლება განვითარდეს ინფექციით ან რომელიმე სხვა სომატური დაავადებით გამოწვეული ინტოქსიკაციის, ორგანიზმის დასუსტების, ფსიქიკური პათოლოგიის, ტრავმის, მეტყველების დაგვიანებით დაწყების, სწრაფი მეტყველების, სამეტყველო აპარატის ასაკისთვის შეუფერებელი დატვირთვის, ნევროლოგიური თავისებურებების გამო.
განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას (რომელიმე მშობელი ან ახლო ნათესავი ენაბლუა), ორსულობისას ნაყოფზე ამა თუ იმ მავნე ფაქტორის ზემოქმედებას, ადრეულ ბავშვობაში - მეტყველების ინტენსიური განვითარების პერიოდში - გადატანილ სომატურ დაავადებებსა და ფსიქიკურ ტრავმებს.
- როგორ და როდის ვლინება პათოლოგია?
- თვალშისაცემია მეტყველების თავისებური მანერა, განსაკუთრებით - მღელვარების დროს, სუნთქვის რიტმის დარღვევის, გულისცემის გახშირების, კანის სიწითლის ან სიფითრის, მომატებული ოფლიანობის ფონზე. ზოგჯერ ეს თავად მეტყველების დეფექტის სიღრმის ბრალია, ზოგჯერ კი მეტყველების დროს პაციენტის ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება.
არსებობს ენაბლუობის ორი ტიპი - ევოლუციური და სიმპტომური ანუ მეორეული.
ევოლუციური ენაბლუობა
ევოლუციური ენაბლუობა 2-დან 5 წლამდე, მეტყველების ფორმირების პერიოდში ვითარდება. ის მწვავედაც შეიძლება დაიწყოს და თანდათანობითაც. არცთუ იშვიათად მეტყველებაში პირველი შეფერხება სიმპტომურ დაავადებებს და ზოგიერთ ნევროზულ დარღვევას (შიშებს, ძილის დარღვევას, ასთენიას) მოსდევს. ასეთ დროს საკმარისია გარემოს შეცვლა ან მკვეთრი სმენითი გამღიზიანებელი (ძლიერი ხმაური, ჭექა-ქუხილი), რომ მეტყველების დარღვევამ იჩინოს თავი, შიშის გამომწვევ უფრო ძლიერ ფაქტორს კი მუტიზმის (დუმილის) ჩამოყალიბებაც შეუძლია.
ენაბლუობა ასაკთან ერთად რთულდება სხვადასხვა ელემენტით - მეტყველებაში ზედმეტი სიტყვების ("ესე იგი", "ჰოდა") დამატებით, თანხმლები მოტორიკით და საუბრის შიშით.
სიმპტომური ანუ მეორეული ენაბლუობა
ენაბლუობა ზოგჯერ ორგანული პათოლოგიის გამოვლინებაა. ამის დასტურია ის, რომ ადამიანს ენა მარტო ყოფნის დროსაც კი ებმის. ასეთ დროს პირველ რიგში ნევროპათოლოგს უნდა მივმართოთ. თავდაპირველად მიზეზის დადგენაა აუცილებელი, მერე კი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.
მეორეული ენაბლუობა მეტყველების პათოლოგიებს (დისლალიას, აფაზიას) და ზოგიერთ დაავადებას: ქალა-ტვინის ტრავმას, ეპილეფსიას, ენცეფალიტს - სდევს თან.
თუ ენაბლუობა ლოგონევროზის შედეგია, ბავშვს ენა მხოლოდ ვინმესთან ურთიერთობის, საჯარო გამოსვლის (მაგალითად, გაკვეთილის მოყოლის), მღელვარების დროს ებმის, მარტო დარჩენილს კი გამართულადაც შეუძლია ლაპარაკი. ამ შემთხვევაში ლოგოპედთან ერთად აუცილებელია ფსიქოთერაპევტის კონსულტაციაც. ამგვარი ენაბლუობა უმეტესად კომუნიკაციური ფენომენი - გარშემო მყოფებთან ურთიერთობების დარღვევაა. ენაბლუობა უმეტესად ადრეულ ასაკში იჩენს თავს. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მისი პირველი ნიშნების შემჩნევასა და სათანადო ყურადღებას. ეს ნიშნებია:
- ბგერების გაგრძელება;
- ლაპარაკის დაწყების გაძნელება;
- ფრაზის დასაწყისში პირველი მარცვლის ან მთელი სიტყვის გამეორება;
- ფრაზის, სიტყვის იძულებითი გაწყვეტა;
- ხმის დაძაბვა, სახისა და კისრის კუნთების დაჭიმვა;
- ზოგიერთი სიტყვის წინ ზედმეტი ბგერების (ა-ს, ი-ს) გამოყენება;
- ლაპარაკის მოულოდნელი შეწყვეტა. დუმილი შეიძლება საათობით გაგრძელდეს. შემდეგ ბავშვი ისევ იწყებს ლაპარაკს, მაგრამ უკვე ხარვეზებით.
თუ სპეციალისტი ამ ეტაპზევე ჩაერია, ენაბლუობის თავიდან აცილება შესაძლებელია.
- რა ახდენს უარყოფით გავლენას ბავშვის ემოციურ სფეროზე?
- დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, ოჯახს. ზოგჯერ ენაბლუობა ხანგრძლივი ფსიქიკური ნევროტიზაციის - მუდმივი უსამართლო, უხეში მოპყრობის და შიშების - შედეგად აღმოცენდება. მგრძნობიარე ბავშვს ზოგჯერ ისეთი რამ აყენებს ტრავმას, რასაც უფროსები მნიშვნელობას არ ანიჭებენ.
არცთუ იშვიათად ბავშვს ენაბლუობა მეტყველების ადრეული დაწყებისას უვითარდება, როცა მშობლები გამუდმებით სთხოვენ ლექსების წაკითხვას, განსაკუთრებით - ხალხის წინაშე, ზოგჯერ კი პირიქით, მეტყველების გვიან (3 წლისთვის) დაწყებისას იჩენს თავს მეტყველების სწრაფ და მკვეთრ განვითარებასთან ერთად. ენაბლუობა შეიძლება განუვითარდეთ ბავშვებს, რომლებიც მოტორული სფეროს განვითარებით ჩამორჩებიან. ასეთი პატარები გამოირჩევიან მოუქნელობით, უჭირთ ასაკისთვის შესაფერისი უნარ-ჩვევების გამომუშავება, დუნედ ღეჭავენ საკვებს, ცუდად აქვთ განვითარებული ხელის წვრილი კუნთების მოტორიკა.
- როგორ დავეხმაროთ ასეთ ბავშვებს?
- მთავარი მიდგომა ბავშვისთვის უფრო მწყობრი და ნელი მეტყველების გამომუშავება (ეს ლოგოპედის საქმეა) და გარშემო მყოფებთან ურთიერთობის შიშის გადალახვაა (ამისთვის კი ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის დახმარებაა აუცილებელი). საკმაოდ ეფექტურია ე.წ. თამაშის თერაპია, როცა სპეციალისტი პატარას ამა თუ იმ პერსონაჟის (ძაღლის, დათვის, თაგვის, ვეფხვის) გახმოვანებას ასწავლის. მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კომპლექსურ მიდგომას ითვალისწინებს. სწორედ ასეთი მიდგომა განაპირობებს მკურნალობის ეფექტურ შედეგს. ეს მეთოდებია:
- კორექცია კომპიუტერული პროგრამების საშუალებით;
- სუნთქვითი ვარჯიშები;
- დიქციური ვარჯიშები- ფსიქოთერაპიული პროცედურები (ელექტროძილი, ელექტროფორეზი);
- მიმიკური, საღეჭი და საარტიფიკაციო კუნთების მასაჟი;
- ფსიქოთერაპია;
- რჩევები მშობლებს.
ნევროლოგიური დარღვევების არსებობისას სჭიროა მედიკამენტური თერაპია, რომელიც აუცილებლად ნევროლოგმა უნდა დანიშნოს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა პაციენტის მდგომარეობით, ინდივიდუალურად განისაზღვრება და საშუალოდ 2-3-დან 6-8 თვემდე გრძელდება.
- რას ურჩევთ მშობლებს, როგორ მოიქცნენ, რომ ბავშვს ენის გამართვაში დაეხმარონ?
- ოჯახს, გარემოს მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ენაბლუობის მკურნალობა პაციენტის შინაგანი აგრესიისგან გათავისუფლებას, გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გაჯანსაღებას უნდა ისახავდეს მიზნად. ასე რომ, მშობლების სწორი მიდგომა აქ აუცილებელია. უამისოდ ყოველგვარი ვარჯიში უშედეგო იქნება.
მშობლებს ვურჩევთ:
- ბავშვთან ურთიერთობისას ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, რას ამბობს ის და არა იმაზე, როგორ ამბობს. ლაპარაკის დროს სახეში ნუ მიაშტერდებით, მაგრამ ნურც ხაზგასმით გულგრილი იქნებით.
- ნუ გააწყვეტინებთ ბავშვს სიტყვას და არასოდეს დაასრულოთ ფრაზა მის ნაცვლად, თორემ მეორედ ის უფრო მეტად იჩქარებს სათქმელის დასრულებას, ეს კი საქმეს გაართულებს.
- არასოდეს მისცეთ ბავშვს შენიშვნა: "ნელა ილაპარაკე", "დაწყნარდი", "ამოისუნთქე" - ასეთი შენიშვნები, ძალზე თბილად და მშვიდად ნათქვამიც კი, პატარას მხოლოდ აკომპლექსებს.
- ბავშვს ნელა ესაუბრეთ, როცა ის ფრაზას დაამთავრებს, წამით შეყოვნდით და შემდეგ გაეცით პასუხი. მიეცით პატარას ამოსუნთქვის საშუალება, რათა თუ რამის დამატება მოუნდება, ეს აუჩქარებლად მოახერხოს.
- დაუსვით ნაკლები შეკითხვა და რაც შეიძლება ნაკლებად მომთხოვნი ტონით.
- შინ საუბრის ახალი წესები შემოიღეთ, ილაპარაკეთ რიგრიგობით, ნუ გააწყვეტინებთ საუბარს ნურც ბავშვს, ნურც ოჯახის სხვა წევრებს. ეს პატარას შინაგან დაძაბულობას მოუხსნის.
- ასწავლეთ პატარას სიტყვების სწორად წარმოთქმა, ნუ მოუჩლექთ ენას, გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, მზრუნველობა და სითბო, აგრძნობინეთ ბავშვს, რომ მუდამ მის გვერდით იქნებით და მოუსმენთ, როგორც არ უნდა ლაპარაკობდეს იგი.
მხოლოდ ფაქტები
- ენაბლუობა უფრო მეტად მამაკაცებში გვხვდება. მამაკაცებსა და ქალებს შორის თანაფარდობა დაახლოებით ასეთია - 3:1.
- ენაბრგვილთა რაოდენობა, სხვადასხვა შეფასებით, 0,5-დან 10%-მდეა, სულ კი ენაბლუობა დედამიწის დაახლოებით 50 მლნ მკვიდრს აწუხებს.
- ენაბლუობას არავითარი კავშირი არ აქვს ინტელექტთან.
- ენაბლუობა უბრალო მიმბაძველობის გამო არ ყალიბდება (თუმცა ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების, უფროსების სწორ მეტყველებას და მათთან ურთიერთობას, განსაკუთრებით - თუ პატარას პათოლოგიის მიმართ გენეტიკური განწყობა აღენიშნება).
- ენაბლუობის მკურნალობის იმდენივე მეთოდი არსებობს, რამდენი თეორიაც არის მისი განვითარების შესახებ. მკურნალობის მეთოდი პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული.
- ენაბლუობის წამალი არ არსებობს, შესაძლებელია სკოლამდელ და დაავადების მოსაზღვრე მდგომარეობაში მყოფ მოზარდებში მისი განვითარების თავიდან აცილება გარემოს შეცვლისა და მშობლების სწორად ინფორმირების გზით.
- ენაბლუობა უამრავ ცნობილ ადამიანს აწუხებდა და აწუხებს, მაგრამ ამას მათთვის წარმატებაში ხელი არ შეუშლია.
- დროთა განმავლობაში ბევრი თავადვე გამოიმუშავებს ენაბლუობის დაძლევის მარტივ ჩვევებსა და სტრატეგიას.