ზაფხული და ფსიქოლოგიური განტვირთვა
თუნდაც მცირე ხნით, და უზრუნველად გავატაროთ დრო. სიცოცხლის ხალისი და შრომის უნარი რომ შეინარჩუნოს და შექმნას რაიმე ღირებული, ადამიანს სჭირდება ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობა, საკვები, ბინა, ტანსაცმელი და კიდევ უამრავი რამ, თუნდაც გართობა, განტვირთვა, სრულფასოვანი დასვენება.
ადამიანი მთელი წლის განმავლობაში შრომობს: სწავლობს ან მუშაობს, - და, ბუნებრივია, ფიზიკურად თუ ემოციურად იღლება, ამიტომ ფიზიკური ძალების აღდგენა და ფსიქოლოგიური განტვირთვა მისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს.
სრულფასოვანი დასვენება ყველა ადამიანს თავისებურად ესმის, მაგრამ აუცილებელი რომ არის, ამაში ყველა დარწმუნებულია.
გადატვირთვა და გადაღლა - როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური - საფრთხეს უქმნის ორგანიზმს, ნერვულ სისტემასა და ფსიქიკას.
ყველა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, გემოვნებისა და შესაძლებლობის მიხედვით წყვეტს ამ პრობლემას. ზოგი ყველაზე უკეთესად შინ ისვენებს, ზოგი - მთაში, ზოგი - ბარში, ზოგს კი ზღვის სანაპიროს გარეშე ვერ წარმოუდგენია სიცოცხლე.
სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული განცდები უჩნდება: სიამოვნება, სიყვარული, სიძულვილი, ზიზღი, შიში, მრისხანება... ზოგი სულიერ სიმშვიდეს მაშინ პოვებს, როცა ზურგჩანთამოკიდებული მთის ბილიკებს მიუყვება, დაბრკოლებებს ლახავს, შლის კარავს და საძილე ტომარაში იძინებს, ზოგს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ანიჭებს სიხარულს, ზოგს ასეთივე სიამოვნებას ზღვაზე დასვენება ჰგვრის.
ზღვის საოცარი ფერი, ზვირთცემა, მარილით გაჯერებული ჰაერი, მცხუნვარე მზე, თბილი ტალღები, ჩამავალი მზის ულამაზესი სურათი - ყოველივე ეს გადაღლილი ფსიქიკის შესანიშნავი მკურნალია. თუ ამას ერთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაც, მაშინ დასვენება მართლაც დაუვიწყარი ხდება.
თანამოაზრეებთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობაც უზარმაზარი სიამოვნებაა. სირთულეების დაძლევისას ადამიანი უფრო თავდაჯერებული ხდება, უფრო მეტად რწმუნდება საკუთარ შესაძლებლობებში, რაც მას არნახულ კმაყოფილებას, სულიერ კომფორტს ჰგვრის.
ადამიანი მოთხოვნილებათა მატარებელი არსებაა, როცა მათ მაქსიმალურად იკმაყოფილებს, ის მშვიდი და ბედნიერია. ეს უწინარეს ყოვლისა, ეხება ვიტალურ ანუ სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, ადამიანს არ უნდა აწუხებდეს შიმშილი, წყურვილი და სექსუალური დაუკმაყოფილებლობა. სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, ესთეტიკური იქნება ეს თუ ინტელექტუალური, ფიზიკური აქტივობისა თუ მეგობრებთან ურთიერთობისა, მას სრულფასოვნების, პიროვნული ღირსების განცდას უჩენს.
მთისგან ან ზღვისგან მხოლოდ სიამოვნება რომ მივიღოთ, მათთან ურთიერთობისას ერთგვარი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. დიდი სიფრთხილეა საჭირო გარუჯვისას, როგორც ზღვაზე, ისე მთაში - ბოლო ხანს მზის აქტიურობამ საგრძნობლად მოიმატა, ხოლო ოზონის შრის გათხელების გამო გაიზარდა რადიაციული ფონიც. ამიტომ დღის 12 საათის შემდეგ მზის აბაზანების მიღება სახიფათოა. რომ არ დავიწვათ, მზის სხივებს კანი თანდათანობით უნდა შევაჩვიოთ.
გახსოვდეთ: დამწვრობას ათასგვარი გართულება შეიძლება მოჰყვეს. მზით დამწვრობა მხოლოდ კანისთვის როდია საზიანო - მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს მთელი ორგანიზმისთვის ძლიერი სტრესია, ამიტომ განტვირთვის ნაცვლად ფსიქიკას დარტყმას აყენებს.
სტრესს წარმატებით ებრძვის საყვარელ ადამიანთა სიახლოვე, რაც ტვინში სიამოვნების ჰორმონების - ენდორფინების გამომუშავებას ასტიმულირებს. ამიტომაც არის, რომ მზით დამწვარ დამსვენებლებს სქესობრივი ლტოლვა უძლიერდებათ, ულტრაიისფერი სხივები ააქტიურებს ზოგიერთი სასქესო ჰორმონის გამომუშავებას. სწორედ ამის წყალობით არის, ადამიანს მგრძნობელობა რომ უმძაფრდება. ამასთანავე, მზის სხივები სიხარულის ჰორმონის - სეროტონინის წარმოქმნასაც ააქტიურებს.
მთიდან თუ ზღვიდან ყოველთვის ჩინებული განწყობით ვბრუნდებით. ჩვენი უსიამოვნებები, ნეგატიური ემოციები თითქოს უკვალოდ ქრება. ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობთ და გვეჩვენება, რომ გავახალგაზრდავდით კიდეც. იქნებ არც გვეჩვენება - ზღვასა და მზეს, მთასა და ტყეს მართლაც უამრავი სასიკეთო ეფექტი აქვს. იმატებს სასიცოცხლო ენერგია, სულიერი სიმტკიცე, თავდაჯერება, გვიბრუნდება სიცოცხლის ხალისი. ამიტომ უნდა მოვახერხოთ, რამდენიმე კვირით ან დღით გავექცეთ ყოფით ერთფეროვნებას, ყოველდღიურ საზრუნავს და დავისვენოთ, განვიტვირთოთ, რათა დადებითი ემოციებით სავსე დავუბრუნდეთ პროფესიულ თუ საოჯახო საქმიანობას.
სხვადასხვა
რატომ გვიზიდავს ზღვა?
როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, ზღვის წყლის შემადგენლობა ძალიან ახლოსაა ადამიანის სისხლის პლაზმასთან. იქნებ ამიტომაც გვაქვს ზღვის წყლისადმი ამგვარა ლტოლვა. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე მკურნალობდა ზღვის წყლით ჭრილობებს, ნახეთქებს და დაჟეჟილობას. ზღვაში ბანაობას ურჩევდა ნერვული დაავადებებისა და სახსრების ტკივილის დროს, ხოლო ზღვის წყალს კუჭის საუკეთესო გამხსნელად მიიჩნევდა.
ყოველგვარი დაავადების წამალი
- ზღვის ტალღები მსუბუქი მასაჟის ეფექტს იძლევა;
- ამდიდრებს ორგანიზმს ჟანგბადით;
- აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას;
- მარილიანი წყალი არეგულირებს თერმორეგულაციას;
- ამაღლებს ტონუსს;
- აკაჟებს;
- აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას;
- ზრდის სისხლის წითელი სხეულების რაოდენობას;
- ნორმაში მოჰყავს გულის რიტმი.
- გარდა ამისა, ზღვისა და ოკეანეების წყალს აქვს ანტისტრესული ზემოქმედება - ის ანეიტრალებს ჭარბ მავნე დადებით იონებს, რომელთაც რკინა-ბეტონის ჯუნგლში ვაგროვებთ;
- ზღვა გვასაჩუქრებს უამრავი მინერალით, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. იოდი, რომლითაც მდიდარია ზღვის წყალი, ააქტიურებს ტვინისა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას;
- უხდება ტრავმისშემდგომ მდგომარეობას და რევმატულ დაავადებებს.