ზამთრის ტრავმები და პირველადი დახმარება - პრაქტიკული რჩევები
რაც ამძიმებს ტრავმას და ართულებს შემდგომ მკურნალობას. პირველი დახმარების მეთოდი ტრავმის სახეობაზეა დამოკიდებული. დაჟეჟილობა ყველაზე გავრცელებული ტრავმაა. ის მაგარ, ბლაგვ საგანზე დაცემისას წარმოიშობა. ტკივილი, ჩვეულებრივ, არც ისე ძლიერია, აღმოცენდება უშუალოდ დარტყმისას ან ტრავმიდან ცოტა ხნის შემდეგ. შეშუპება შედარებით სწრაფად ვითარდება, ხოლო სისხლჩაქცევა - რამდენიმე საათის შემდეგ.
ღრმა ქსოვილების ტრავმისას შესაძლოა 2-3 დღის შემდეგაც კი იჩინოს თავი. დაჟეჟილი კიდურის ფუნქცია უმნიშვნელოდ ირღვევა. დაჟეჟილობის დროს პირველი დახმარება მიზნად ისახავს სისხლჩაქცევის შემცირებას და ტკივილის მოხსნას. დაჟეჟილ უბანს აგრილებენ (ყინულის ბუშტით, ცივი კომპრესით, სველი ხელსახოცით, ცივი ლითონის საგნით) და ასვენებენ: ხელს კისერზე ჩამოკიდებენ, სახსარს რვიანისმაგვარი ნახვევით ან არტაშნით აფიქსირებენ. სილურჯის გაწოვის დასაჩქარებლად უსვამენ ჰეპარინის ან ტროქსევაზინის მალამოს - ის შედედების საშუალებას არ აძლევს ჩაქცეულ სისხლს და ეს უკანასკნელიც სწრაფად, ტკივილისა და შეშუპების გარეშე გაიწოვება. კარგია კანზე იოდის ბადის წასმაც. თავის, გულმკერდის და მუცლის დაჟეჟილობას შესაძლოა თან ახლდეს ფარული დაზიანებები, ამიტომ ექიმის კონსულტაცია აუცილებელია. დააკვირდით დაჟეჟილ ადგილას წარმოქმნილ სილურჯეს. თუ ის ფერს იცვლის და ბაცდება, ესე იგი ყველაფერი რიგზეა. თუ წითლდება და, ამასთან, შეშუპება და ტკივილიც იმატებს, შესაძლოა დაჩირქება იწყებოდეს. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ამოვარდნილობა (ნებისმიერი სახსრის შემადგენლობაში შემავალი ძვლების ბოლოების შეცილება) მოსალოდნელია დაცემის, დარტყმის, უხერხული მოძრაობის დროს. ტრავმის მომენტში გრძნობთ მკვეთრ და ინტენსიურ ტკივილს. სახსარში ჩვეულებრივი მოძრაობა შეუძლებელი ხდება. სახსარი დეფორმირდება, ფორმასა და კონფიგურაციას იცვლის. პირველი დახმარება ტკივილის შესამცირებლად და შეშუპების შესაჩერებლად უნდა იყოს გამიზნული. ამისთვის სახსარზე ცივს ადებენ, ხოლო კიდურს აფიქსირებენ. აუცილებელია დაშავებულის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა. არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ ამოვარდნილობის ჩასწორებას, თუ საამისო ცოდნა არ გაგაჩნიათ. მოტეხილობა შეიძლება იყოს დახურულიც (როცა კანის საფარი დაურღვეველია) და ღიაც (როცა კანი გაგლეჯილია). მოტეხილობაზე მიუთითებს დაშავებული კიდურის მწვავე ტკივილი, რომელიც მცირედი მოძრაობის დროსაც კი ძლიერდება. ეს მოძრაობას შეუძლებელს ხდის. კიდურს აქვს არაბუნებრივი ფორმა, რადგან მისი ღერძი იცვლება, ხოლო კუნთები იკუმშება.
ღია მოტეხილობის დროს ჭრილობაში ზოგჯერ ჩანს მოტეხილი ძვლის ბოლო. პირველი დახმარება გულისხმობს მოტეხილი კიდურის ფიქსაციასა და მოსვენებას. არტაშნად გამოიყენეთ ნებისმიერი რამ, რაც ხელში მოგხვდებათ - ჯოხი, დაფა, მსხვილი ტოტები. შარფით ან ქამრით ისე დაამაგრეთ მასზე კიდური, რომ ორი მეზობელი სახსარი დააფიქსიროთ. მაგალითად, წვივის ძვლების მოტეხილობისას არტაშანი აუცილებლად უნდა ეხებოდეს მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრებს. ასე მოტეხილი ადგილი უძრავი დარჩება და ძვლის ნამტვრევები ერთმანეთს აღარ მოსცილდება, რითაც თავიდან ავიცილებთ ირგვლივ არსებული ქსოვილების ტრავმასა და ტკივილს. თუ შესაფერისი ვერაფერი იპოვეთ, ტრავმირებული ფეხი მიაბით ჯანსაღს, ხოლო ხელი - ტანს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეთ დაშავებული საავადმყოფოში. გახსოვდეთ, ყურადღება და სიფრთხილე ტრავმების პროფილაქტიკის საუკეთესო გზაა.