მამაჩემის მეორე ცოლი
რა შეიძლება მოჰყვეს მის გადაწყვეტილებას, რა სირთულეებს უნდა ველოდოთ?
მამობრივი გრძნობა, ისევე როგორც უცხო ჯიშის ყვავილი, არახელსაყრელ პირობებში იოლად ჭკნება. განქორწინების შემდეგ მამების მხოლოდ მცირე ნაწილი თუ იღებს აქტიურ მონაწილეობას შვილის აღზრდაში. სამაგიეროდ, შვილები უკვე მოზრდილ ასაკში თვითონ დგამენ ნაბიჯებს მამასთან ურთიერთობის აღსადგენად.
განქორწინებული მშობლების თითოეული შვილის სულში რჩება მუდმივი სევდა არასრულყოფილი ოჯახის გამო. ბავშვები გრძნობენ, რომ მამის გარეშე მათი ბედნიერება სრულფასოვანი არ არის.
-
საჭიროა ინიციატივა
როგორ მოიქცევა მამის მეორე ცოლი, თუ მისი ქმრის მოზრდილმა ქალიშვილმა ჩემოდნით ხელში მოულოდნელად მათი სახლის ზღურბლს გადმოაბიჯა? შესაძლოა, ის მეორე ქალაქიდან ჩამოვიდა სწავლის გასაგრძელებლად და სხვაგან წასასვლელი არსად აქვს, ან არ აეწყო ურთიერთობა მამინაცვალთან და გადაწყვიტა, ბედნიერება მამის ოჯახში ეპოვა.
დედინაცვლის პირველი რეაქციის წარმოდგენა ძნელი არ არის: “მას ფული სჭირდება!” გოგონა აღიქმება როგორც თავდამსხმელი, რომელმაც თავისი ნაზი თათი ოჯახის ბიუჯეტს უნდა შეახოს. მაგრამ თუ სიტუაციას მეორე მხრიდან შევხედავთ, შეიძლება დავინახოთ ბავშვი, რომელიც ბოლოს და ბოლოს ეღირსა საოცნებო მამის ყურადღებასა და საჩუქრებს. მაშინაც კი, თუ მის მოქმედებაში ანგარება გამოსჭვივის, დედინაცვალი უნდა ეცადოს, წინასწარ გათვალოს მოვლენების შემდგომი განვითარება. თავის მხრივ, გამოხატოს სიხარული ოჯახის ხელახლა შეერთების გამო - ასე უფრო მოახერხებს ოჯახის ბიუჯეტის გადარჩენას უფრო დიდი ხარჯისგან. ერთია მამისგან ფულის ქაჩვა, რათა მისი საძაგელი ცოლი გააღიზიანო და სულ სხვა, თუ გათვალისწინებული იქნება მამის მომხიბვლელი მეუღლის ინტერესები.
ამ შემთხვევაში არც ქმარს გაუჩნდება სურვილი, ბოროტად ისარგებლოს ცოლის სულგრძელობით. როგორც კი ქალიშვილი “მამიკოს გოგოს” როლის თამაშს დაასრულებს, თანხების ხარჯვაც ეპიზოდური გახდება.
-
მოვალეობების განაწილება
დედინაცვალმა არ უნდა მიანიჭოს გერს სტუმრის სტატუსი. უმჯობესია, თუ ის მაშინვე ოჯახის წევრად იგრძნობს თავს, ამასთან მკვეთრად უნდა განისაზღვროს მისი მოვალეობები ოჯახში. თუ მამას მეორე ცოლთან საერთო შვილი ჰყავს, შეიძლება, მას ბავშვის ბაღიდან ან სკოლიდან გამოყვანა დაევალოს, ასევე შეიძლება მის მოვალეობებში შევიდეს სადილის მომზადება, დალაგება, მაღაზიაში წასვლა. ამ შემთხვევაში დედინაცვალი უფრო ოპტიმისტურად შეხედავს მათი ერთობლივი ცხოვრების პერსპექტივებს.
დედინაცვალმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გადაჭარბება საჭირო არ არის, რათა ქმარს არ გაუჩნდეს საბაბი “კონკიას” დასაცავად, აგრეთვე აგრძნობინოს და შეახსენოს ქმარს, რომ ის ვალდებულია არა მარტო არჩინოს ოჯახი, არამედ აღზარდოს ბავშვები, მიაჩვიოს ისინი დამოუკიდებლობას.
დედინაცვალს თამაში “დედინაცვალი და გერი” ნამდვილად არ გამოადგება. რა სირთულეებიც უნდა ახლდეს თან ოჯახში გერის გამოჩენას, ისინი არ გახდება გადაულახავი, თუ დედინაცვალი გერს მტრად არ აღიქვამს.
რა თქმა უნდა, ახალი ურთიერთობის დამყარება მარტივი არ არის. ამას ქალის მხრივ დიდი მოთმინება, ნებისყოფის დაძაბვა სჭირდება. აქ ურთიერთობის აწყობა, დალაგება და მათი შენარჩუნება რამდენიმე მიმართულებით უნდა მოხდეს: ეს არის ცოლ-ქმრის ურთიერობა, მამა-შვილის ურთიერთობა, გერისა და დედინაცვლის და თვით შვილებს შორის ურთიერთობა. დიდი დაკვირვება და ტაქტია საჭირო როგორც მამის, ისე დედინაცვლის მხრივაც. საჭიროა ისეთი დამოკიდებულების დამყარება, რომ მამასთან დაბრუნებულმა შვილმა ზედმეტად არ იგრძნოს თავი.
მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ შვილების დაახლოებას, მათ შორის სიყვარულის, მეგობრობის ჩამოყალიბებას. ეს თანდათანობით უნდა მოხდეს. ამით დაინტერესებული უნდა იყოს ოჯახის თითოეული წევრი, სხვაგვარად არაფერი გამოვა.
მტრობა, ქიშპი, ეჭვიანობა დაანგრევს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ურთიერთობას. ამიტომ საჭიროა დიდი სიფრთხილე, ტაქტი, ურთიერთგაგება.
-
საჭროა უბრალოდ მეგობრობა
დედინაცვლისა და გერის ურთიერთობა მარტივი არასოდეს ყოფილა. ისინი უნდა შეეცადონ, ერთმანეთისთვის მტრებად არ იქცნენ.
განქორწინებული მშობლების შვილის ფსიქიკა ყოველთვის ტრავმირებულია, შესაბამისად, მას ხასიათიც თავისებური, ზოგჯერ ძალიან რთული აქვს, ამიტომ ურთიერთობის დმაყარებაც მასთან არც ისე მარტივია. თუმცა ნორმალური მოპყრობისას სავსებით შესაძლებელია გერი დედინაცვლისთვის კიდევ ერთ ნამდვილად ახლობელ ადამიანად იქცეს. დროთა განმავლობაში ჩვენი მეგობრების წრე თანდათან ვიწროვდება, ხანდაზმული ნათესავები უკეთეს სამყაროში გადაინაცვლებენ. ალბათ ძალზე არაგონივრული იქნება, დედინაცვალს გერი თავიდანვე თავის წინააღმდეგ განეწყო. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედისგან მამასთან წამოსვლა საკმაოდ ძნელად გადასადგმელი ნაბიჯია. დედისა და შვილის ურთიერთობა ალბათ იდეალურისაგან შორსაა. იქნებ გოგონა დედინაცვალში უფროს მეგობარს ეძებდეს, რომელთანაც გაუადვილდება იმ პრობლემებზე საუბარი, ასე ხშირად რომ აწუხებთ თინეიჯერებს. თუმცა დედინაცვალმა გარკვეული დისტანცია მაინც უნდა დაიკავოს, რათა გერი მეტისმეტად არ გაუთამამდეს. გარდა ამისა, მისი შვილისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და მოთმინება ქმრისადმი გრძნობების თავისებური დასტური იქნება. ქმარსაც გაუათკეცდება ცოლის პატივისცემა და სიყვარული. მადლიერების ნიშნად ქალი ქმრისგან მხოლოდ დადებით ურთიერთობას მიიღებს.
ქალის უპირველესი ამოცანა ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნებაა, ხოლო ურთირთობის მთავარი კრიტერიუმი სიყვარული უნდა იყოს.