ფსიქოლოგიური დახმარება

დედაჩემს მიაჩნია, რომ უგემოვნოდ ვიცვამ. მისმა მუდმივმა კრიტიკამ დამღალა. როგორ ავუხსნა, რომ სტილი ადამიანის პირადი საქმეა? ანა, 21 წლის
ნუ მოახდენთ ზედმეტად ემოციურ რეაგირებას მის შენიშვნებზე. მშვიდად უპასუხეთ: "შენ გგონია, რომ ეს ტანსაცმელი არ მიხდება, მაგრამ მე ის ძალიან მომწონს!" დედას პატივისცემით მოეპყარით: მას თქვენთვის მხოლოდ კარგი სურს. უბრალოდ, მისი გემოვნება და წარმოდგენები თქვენსას არ ემთხვევა.
მალე მეორე შვილი მეყოლება. დედამთილი მთავაზობს, უფროს ბიჭუნას რამდენიმე თვით ჩემთან წავიყვან, რომ პატარასთვის მეტი დრო დაგრჩესო. ცუდი ის არის, რომ დედამთილი სხვა ქალაქში ცხოვრობს და თუ გავატანე, ბავშვს დიდხანს ვერ ვნახავ. როგორ მოვიქცე? ირინა, 28 წლის
რამდენიმე თვით უცხო გარემოში გადასახლება ბავშვისთვის დიდი სტრესია. ნუ დაამთხვევთ ამას მისი დის ან ძმის დაბადებას. ის ფაქტი, რომ ერთადერთი შვილი აღარ არის, ბავშვისთვის ისედაც ძნელი ასატანია. ნუ მისცემთ ბავშვს საბაბს იფიქროს, რომ ის თქვენ აღარ გჭირდებათ და ამიტომ გზავნით ბებიასთან. სთხოვეთ დედამთილს, თუ შეუძლია, თქვენთან გადმოვიდეს და ისე მოგეხმაროთ.
რამდენიმე წელი ბავშვის გამო შინ ჯდომა მომიხდა. ახლა პატარა საბავშვო ბაღში მივიყვანეთ და ქმარი მოითხოვს, სამსახურში დავბრუნდე, მე კი ეს არ მინდა, დიასახლისობა ძალიან მომწონს. როგორ მოვიქცე? ნინო, 26 წლის
ხანგრძლივი შვებულების შემდეგ სამუშაოზე დაბრუნების შიში ბევრს უჩნდება. თუ თქვენთვის ძველ სამსახურში დაბრუნებაზე ფიქრიც კი აუტანელია, დაიწყეთ ახლის ძებნა, სადაც თქვენთვის შესაფერისი პირობები და გრაფიკი იქნება. როგორც კი საქმეში ჩაერთვებით, ენთუზიაზმიც მაშინვე გაჩნდება.
ჩემი მოზარდი ქალიშვილი სკოლაში ძალიან იღლება. შინ არაქათგამოლეული ბრუნდება, სულ ეძინება და ძალა არ ჰყოფნის გაკვეთილების მოსამზადებლად. როგორ დავეხმარო? ნატო, 32 წლის
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მოზარდებს ხშირად აქვთ მომეტებული გადაღლილობის პერიოდები. ეს ორგანიზმის განვითარების თავისებურებებთან არის დაკავშირებული. ახლა თქვენი გოგონასათვის აუცილებელია სრულფასოვანი კვება. მიეცით დასვენების საშუალება, არიდეთ ზედმეტ დატვირთვას. მასთან ერთად გადახედეთ მის დღის განრიგს, გამონახეთ დამატებითი დრო ძილისთვის. გარდა ამისა, ურიგო არ იქნება, მიმართოთ თერაპევტს, გაუკეთოთ ბავშვს ანალიზები, რათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამორიცხოთ.
ჩემს შეყვარებულს არ უყვარს ჩემი სახელის წარმოთქმა. ერთმანეთს უკვე ნახევარი წელია ვხვდებით და არ მახსოვს, ამ ხნის განმავლობაში სახელით მოემართოს, მომმართავს ასე: "ბაჭია", "ძვირფასო", "საყვარელო", "სიცოცხლე"... ვერ გამიგია, რატომ. იქნებ ჩვენს ურთიერთობას არასერიოზულად უყურებს? ხათუნა, 22 წლის
რატომ იქცევა თქვენი შეყვარებული ასე, თავად მას უნდა ჰკითხოთ. იქნებ არ მოსწონს თქვენი სახელი, იქნებ ის რაიმე უსიამოვნო ამბავს ახსენებს, ან იქნებ ამგვარად სინაზეს გამოხატავს? რაც შეეხება თქვენი ურთიერთობისადმი მის არასერიოზულ დამოკიდებულებას, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ არა მხოლოდ ცალკეულ გამოვლინებებს, არამედ იმას, საზოგადოდ როგორ უჭირავს თავი თქვენთან - პატივს გცემთ თუ არა, ზრუნავს თუ არა თქვენზე, ანგარიშს უწევს თუ არა თქვენს აზრს. თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, სახელის გამო ნუ ინერვიულებთ.