დიასახლისის სამფლობელო
მაგრამ ის, რაც მოხერხებულია ერთი ოჯახისთვის, მეორისთვის შესაძლოა სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდეს – ყველა ოჯახს, ყველა დიასახლისს ხომ ცხოვრების საკუთარი რიტმი, სტილი, საყვარელი საქმიანობა და ჩვევები აქვს, რაც ბინის შესაბამისად მოწყობას მოითხოვს. ინტერიერში ოჯახის ყოველი წევრის მოთხოვნილება უნდა იყოს გათვალისწინებული. ბინას თვითმყოფადობას ანიჭებს ოჯახის წევრების ფანტაზია და გატაცებებიც. სამზარეულო ოჯახის თავშეყრის ადგილი, სახლის ყველაზე მყუდრო კუთხეა. სამზარეულოში ფუსფუსი ბევრს უყვარს, მათ შორის – მამაკაცებსაც. გემრიელი კერძების მომზადება ხომ ნამდვილი ხელოვნებაა. მას სჭირდება ნიჭი, ტექნიკა და სწორად ორგანიზებული სამუშაო სივრცე.
სამზარეულო რამდენიმე ტიპისაა
„ამერიკული“ – მრავალსექციიანი, დაკიდებული კარადებით, ჩაშენებული ნიჟარით, გაზქურითა და ტექნიკით;
„იტალიური“ – ღუმელი, ბუხარი, ნიჟარა და დიდი მაგიდა მარმარილოს თავით; ყველაფერი – პროდუქტით დაწყებული, ჭურჭლით დამთავრებული, სპეციალურ კარადა-საკუჭნაოში ინახება;
„გაერთიანებული სივრცე“ – სტუდიოს ტიპის სამზარეულო+სასადილო+სასტუმრო ოთახი ან ყველაფერი ერთად, სადაც დილაობით ოჯახთან ერთად საუზმობთ, საღამოობით კი, სტუმრებს მასპინძლობთ.
სტილი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს; მთავარი რაციონალური მოწყობის პრინციპია.
დადგენილია, რომ არაპრაქტიკულად ორგანიზებულ სამზარეულოში დიასახლისს ორჯერ მეტი ენერგია და მესამედით მეტი დრო ეხარჯება.
გაზქურასა თუ ნიჟარასთან ფუსფუსმა სიამოვნება რომ მოგანიჭოთ, რამდენიმე წესის დაცვაა საჭირო.
იტალიელმა მოდის კანონმდებლებმა სამზარეულოს ექსპლუატაციის ვადად 5 წელი დაადგინეს. მაშინაც კი, როცა ავეჯი შესანიშნავ მდგომარეობაშია, კედლებიც მშვენივრად გამოიყურება და ჭერიც ქათქათებს, 5-6 წლის შემდეგ ჩნდება ჩვეული ანტურაჟით ფსიქოლოგიური გადაღლის განცდა, ამიტომ სტილი ხშირად უნდა ცვალოთ. ეს სულაც არ მოითხოვს დიდ ფინანსურ დანახარჯს; საკმარისია რამდენიმე დეტალის განახლება.
სამზარეულოს ერგონომიკის ძირითადი პრინციპია სამუშაო სამეულის – გაზქურა-ნიჟარა-მაცივრის – სწორი განაწილება. ამ სამეულის იდეალური პერიმეტრი 4-დან 7 მეტრამდეა (სიმჭიდროვისა და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად).
სამზარეულოს დიზაინი აქსესუარების, ფურნიტურისა და ავეჯის ელემენტების განლაგებით იქმნება.
არსებობს დაგეგმვის 6 ძირითადი და ყველაზე მოხერხებული პრინციპი:
- ერთ ხაზად – ერთი კედლის გასწვრივ თანმიმდევრობით თავსდება მაცივარი, ნიჟარა, მაგიდა პროდუქტების დასამუშავებლად, გაზქურა, მაგიდა მზა კერძების სერვირებისთვის;
- ორ ხაზად – მას მაშინ იყენებენ, როდესაც ორი კედლის გასწვრივ განლაგებულ ავეჯსა და ტექნიკას შორის მანძილი 1,5მ-ზე მეტია, ამასთან, ერთ მხარესაა ნიჟარა და გაზქურა, საპირისპირო მხარეს – მაცივარი;
- კუთხოვანი – ასეთი განლაგება ყველაზე პრაქტიკულია: თავისუფალ კუთხეში სასადილო მაგიდაა; დიასახლისის განკარგულებაშია მოზრდილი სამუშაო მაგიდა და ორი კედლის გასწვრივ განაწილებული სამეული;
- რუსული П-ს ფორმის – ავეჯი და ტექნიკა განლაგებულია სამი კედლის გასწვრივ, ინტერიერი მაქსიმალურად კომპაქტური და ტევადია, თუმცა, ამ შემთხვევაში სასადილოს ვერ მოაწყობთ. სამეული სხვადასხვა კედელზეა. სამზარეულოს დიდი ფართობი ნუ გაგათამამებთ – გაითვალისწინეთ ზღვრული პერიმეტრი (7 მეტრი).
- „კუნძულის“ ტიპისა – განკუთვნილია დიდი სივრცისთვის. სამეულის თანმიმდევრობა „კუნძულით“ არ უნდა დაირღვეს – ყველაზე ხშირად „კუნძული“ გაზქურის გარშემო იქმნება, თუმცა შეიძლება ნიჟარის გარშემო მისი მოწყობაც (ამ შემთხვევაში წყალგაყვანილობა იატაკქვეშ უნდა გაკეთდეს);
- „ნახევარკუნძულის“ ტიპისა – მოითხოვს ძალიან დიდ ფართობს, სადაც „ნახევარკუნძული“ კედლის ნაწილს უკავშირდება. ჩვეულებრივ, ნახევარკუნძული სამუშაო მაგიდის გაგრძელებაა (ეს შეიძლება იყოს გაზქურა ან ნიჟარა), სადაც მუშაობა რამდენიმე ადამიანისთვისაა მოხერხებული.
დაზოგეთ სივრცე
სამზარეულოში არსებული ყველა ნივთი მცირე ადგილს უნდა იკავებდეს.
- კარგი განწყობისა და კულინარიული გაქანებისთვის გააფართოეთ სამუშაო ადგილი.
- გადაინახეთ ზედმეტი ჭურჭელი, ქვაბების სათადარიგო კომპლექტი და ტექნიკა, რომელსაც არ იყენებთ.
- თუ სამზარეულო და სასადილო გაერთიანებულია, ცენტრში მოათავსეთ ტუმბა. ის არა მარტო სივრცის ზონებად გასაყოფად, აქსესუარების შესანახადაც გამოდგება.
იმავე ამოცანას წარმატებით გადაჭრის ბარის სადგომი. ის არა მარტო ცენტრალურ დეტალად იქცევა, არამედ უცხო თვალისთვის შეუმჩნეველს გახდის ნიჟარას, გაზქურას, კარადებს. ბარის სადგამი ადვილი შესაქმნელია, თუ, მაგალითად, სამზარეულოსა და ოთახის გამყოფ კედელს იატაკიდან 90 მმ სიმაღლეზე ამოვჭრით და ნებისმიერი მასალით მოვაპირკეთებთ.
მცირე გაბარიტის სამზარეულოებისთვის საუკეთესო არჩევანია ფანჯრის რაფასთან მაგიდის გაერთიანება. ტელევიზორი შეიძლება კრონშტეინზე დაკიდოთ.
დაზოგეთ ენერგია
ყველაფერი, რასაც იყენებთ, ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
როცა კარადების დაკიდებაზე მიდგება ჯერი, უპირველესად, სამუშაო სიბრტყის ზემოთ დატოვეთ 45 სმ სიმაღლის ზონა ტექნიკისთვის. ამის შემდეგ საკუთარ თავსა და თქვენს ფიზიკურ მონაცემებზე იფიქრეთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, კარადიდან სასურველი ნივთის ჩამოსაღებად სტეპ-აერობიკის ან სიმაღლეზე ხტომის კლასი აჩვენოთ, მაგრამ ამგვარი ფიზიკური წვრთნისთვის უკეთესი ადგილის პოვნაც შეიძლება.
განსაკუთრებით კომფორტულია მჯდომარე მუშაობა, ამიტომ წინდახედული დიასახლისისთვის მაღალი სკამი საუკეთესო არჩევანი იქნება.
სწორად შეარჩიეთ ფერი
სამზარეულოს ფერთა გამა უნდა ამშვიდებდეს ან, პირიქით, სტიმულს მატებდეს. მზიან მხარეს მდებარე სამზარეულოს ცივი (ცისფერი, რუხი, მწვანე) ფერები უხდება, ჩრდილის მხარეს მდებარეს – პასტელისა (ლიმონისფერი, გარგარისფერი, ატმისფერი, ვარდისფერი).
ერიდეთ მსუყე ტონებს, კონტრასტულ ფერებს, გადატვირთულ ნახატებს, რთულ კომპოზიციებს.
დაბოლოს, მთავარი: ყველაზე კარგად გათვლილი სამზარეულოც კი უსიცოცხლოა დიასახლისის გარეშე. ყველაფერს ქალმა უნდა შთაბეროს სული, მათ შორის – სახლის გულს, სამზარეულოსაც, რომელიც გულუხვი, გულკეთილი, ერთგული დიასახლისის სავიზიტო ბარათია.