ფსიქოლოგიური დახმარება

თამარი, 27 წლის
დიდი ხანია, ბავშვი აღარ ვარ, მაგრამ დედა სხვაგვარად ფიქრობს. ის მთელი არსებით ცდილობს დამიცვას არასასურველი თაყვანისმცემლებისგან. საკმარისია, რომელიმე მათგანი სტუმრად მოვიწვიო, რომ მაშინვე დაკითხვას უწყობს: სად მუშაობს, ვისთან ერთად ცხოვრობს, ვინ არიან მისი მშობლები... ასეთი შეტევის შემდეგ თაყვანისმცემლები უკანმოუხედავად გარბიან. მესმის მათი - ვის მოუნდება ასეთი სიდედრის ყოლა... მერე მე მომდგება ხოლმე და ცდილობს, "თვალი ამიხილოს". როგორ დავაწყნარო დედა?
ის, რომ დედა ცდილობს, ყველაფრის კურსში იყოს, ნორმალურია. მას ამას ვერ გადავაჩვევთ, რადგან ადამიანთა ურთიერთობაში ყველაზე ძვირფასი მზრუნველობაა. სწორედ ეს ამოძრავებს დედათქვენს. თქვენი ბედი ბევრს შეშურდება - გყავთ მოსიყვარულე და მზრუნველი დედა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამის გამო საკუთარი ცხოვრება თქვენ აღარ გეკუთვნით. რა მოვუხერხოთ დედას?
სცადეთ, თქვენი ცხოვრებიდან თანდათან საკუთარზე "გადართოთ". თუ თქვენი მშობლები ერთად ცხოვრობენ, კარგი იქნება, თუ მათ რომანტიკულ საღამოს მოუწყობთ, აჩუქებთ თეატრის ბილეთებს, დაუკვეთთ ვახშამს კარგ რესტორანში. თუ დედა მარტოხელაა, სცადეთ, ვინმე გააცნოთ. თუ ამ იდეამ მასში გამოძახილი ვერ პოვა, უპოვეთ ჰობი. უკეთესია, თუ ამ გატაცებას თქვენც გაიზიარებთ. შეგიძლიათ, ერთად იაროთ ლანდშაფტის დიზაინის კურსებზე, დაიწყოთ ვარჯიში ან ყვავილების გახარება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
თუ დედას კლასიკური მუსიკა უყვარს, მასთან ერთად იარეთ ოპერაში, კონსერვატორიაში, თუ მხატვრობის მოყვარულია - გამოფენებზე. რაც მთავარია, შთააგონეთ, რომ თქვენ ბევრი საერთო გაქვთ და ერთმანეთს არასოდეს დაშორდებით.
თუ დედა არ მუშაობს, შეიძლება, უპოვოთ სამუშაო, თუნდაც მარტივი, დაბალი ანაზღაურებით. მთავარია, დედამ იგრძნოს, რომ ჯერ კიდევ საჭიროა, ჯერ კიდევ მხნე და ახალგაზრდაა. გარდა ამისა, სამუშაო დროს მოითხოვს, ისე რომ, დედას თქვენი დევნისთვის აღარ ეცლება.
ნურაფერს გააკეთებთ დედის ჯიბრზე. ასე, უწინარეს ყოვლისა, საკუთარ თავს ავნებთ. ნუ მოუწყობთ საინფორმაციო ბლოკადას. თუ ყველაფერს დაუმალავთ, მაშინ დედა თქვენზე კონტროლს გააორმაგებს.
თუ გადაწყვეტთ, ბედი ისეთ მამაკაცს დაუკავშიროთ, რომელიც დედათქვენს არ მოსწონს, დაქორწინებას ნუ იჩქარებთ - ასეთი დარტყმის გადატანა, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად, ძნელია. ცნობილია, რომ ვაჟის ან ქალიშვილის ოჯახიდან წასვლა მშობლებს ძლიერ სტრესს აყენებს.
თუ დედას დაეხმარებით, კვლავ იპოვოს საკუთარი თავი და დაიბრუნოს ცხოვრების ინტერესი, მას გაუნელდება თქვენი დაკარგვის შიში და საშუალება მოგეცემათ, მოიწყოთ ცხოვრება ისე, როგორც თავად გსურთ.
მარიამი, 35 წლის
უკვე ორი წელია, ვხვდები მამაკაცს. მე ჩემს გოგონასთან ერთად ვცხოვრობ, ის კი ჩვენთან სტუმრად მოდის. მან გაცნობისთანავე მითხრა, რომ ცოლიანი იყო. არასოდეს მითხოვია მისთვის ოჯახიდან წამოსვლა, უიღბლო ქორწინების შემდეგ გათხოვებას თავადაც არ ვჩქარობ. მაგრამ ახლახან შევიტყვე, რომ ჩემი საყვარელი მამაკაცი უკვე ერთი წელია დაქვრივდა. მე კი არაფერი შემიმჩნევია - ძველებურად იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, გარდაცვლილ ცოლზეც აწმყო დროში ლაპარაკობს... ვერაფერი გამიგია. როგორ მოვიქცე?
იქნებ შიშობს, რომ როცა მისი დაქვრივების ამბავს შეიტყობთ, მაშინვე აქტიურად მოსთხოვთ თქვენზე დაქორიწინებას? თუმცა შესაძლოა, მიზეზი სულ სხვა რამ იყოს. მაგალითად, ის, რომ ვერ ურიგდება მეუღლის დაკარგვას და ტკივილის შესამსუბუქებლად თავი ისე უჭირავს, თითქოს ცოლი ისევ ცოცხალი ჰყავდეს. როგორ მოიქცეთ, იმაზეა დამოკიდებული, რის მიღწევა გსურთ. თუ გსურთ გაიგოთ, რატომ მალავს მეუღლის გარდაცვალებას, პირდაპირ ჰკითხეთ, მაგრამ თუ თქვენი ურთიერთობა გაკმაყოფილებთ და არაფრის შეცვლას არ აპირებთ, მაშინ უმჯობესია ყველაფერი ისე დატოვოთ, როგორც არის და ამ თემას აღარ შეეხოთ.