ფსიქოლოგიური დახმარება
კარგი გარეგნობა მაქვს და გამუდმებით ვგრძნობ მამაკაცების ყურადღებას, განსაკუთრებით - ზღვაზე. ისინი გასაქანს არ მაძლევენ, მე კი მათი გადაჭარბებული ინტერესი მაღიზიანებს! ცოტა ხნის წინ დიდი იმედგაცრუება განვიცადე, ამიტომ საკურორტო რომანებისა აღარ მჯერა. ზღვაზე იმისთვის მივდივარ, რომ დავისვენო, მაგრამ ადგილობრივი თუ ჩამოსული მამაკაცები ჩემს გაცნობას ცდილობენ. როგორ მივახვედრო, რომ მათთან ურთიერთობა არ მსურს? ანა, 31 წლის
როდესაც გაცნობას შემოგთავაზებენ, უპასუხეთ: "უკაცრავად, მე დაკავებული ვარ!" ასეთი განცხადება ორგვარად შეიძლება იქნეს გაგებული: თქვენ ან არ გცალიათ, ან უკვე გყავთ პარტნიორი. ეს სიტყვები დამაჯერებლად წარმოთქვით, ნუ გაიღიმებთ და ნუ მისცემთ აბეზარ თაყვანისმცემელს დაეჭვების საბაბს, ნუ აფიქრებინებთ, რომ კეკლუცობთ. მოდურ ტანსაცმელს, გამომწვევ მაკიაჟს და სიარულის აუჩქარებელ მანერას მამაკაცები ყურადღების მიპყრობის საშუალებებად აღიქვამენ, ასე რომ, თუ სადად ჩაიცვამთ და თავდაჭერილად მოიქცევით, ნაკლებ ყურადღებას მიიპყრობთ.
როგორ უნდა მოიქცე, როცა მანქანის პარკირების ადგილზე ჩაგკეტავენ? ჩვენი ოფისის წინ მანქანის გაჩერება რთულია. ხშირად მანქანებს ისე აყენებენ, რომ ერთმანეთს გზას უღობავენ. მოკლედ, "დაპატიმრებული" რჩები. ზოგი ტელეფონის ნომერსაც ტოვებს, ზოგიერთი კი ამით თავს არ იწუხებს. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე - მანქანას ხელები ვურტყა, რომ სიგნალიზაცია ჩაირთოს თუ ვირბინო მთელ ოფისში და მანქანის პატრონი ვეძებო.... სოფო, 28 წლის
ისე უნდა მოიქცეთ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ასე იქცევიან, თავი უხერხულად იგრძნონ. მაგალითად, შეგიძლიათ, მანქანას ფოტოსურათი გადაუღოთ და თქვენს ოფისში გამოსაჩენ ადგილას დაკიდოთ ან ინტერნეტში განათავსოთ. შეიძლება, მანქანის მინაზე ტუჩის საცხით მინაწერი დატოვოთ. ეს აუცილებლად დააფიქრებს დაუდევარ ავტომფლობელებს.
ჩემს გოგონას სურს, თანატოლებთან ერთად საზაფხულო ბანაკში წავიდეს, მე კი მისი გაშვება არ მინდა - ის ჯერ მხოლოდ 10 წლისაა. როგორ დავარწმუნო, რომ გაისამდე მოითმინოს? ან იქნებ გავუშვა - ამ ასაკში ხომ ბავშვები ასე თუ ისე მაინც დამოუკიდებლები არიან. ელენე, 34 წლის
რამხელაც არ უნდა იყოს თქვენი შვილი, მის გამო მაინც ინერვიულებთ. სცადეთ, გაარკვიოთ, რისა გეშინიათ ყველაზე მეტად, რათა თავი დაიზღვიოთ. მაგალითად, თუ გეშინიათ, გოგონა არ გაცივდეს, მოუმზადეთ ჩანაწერი, სადაც დაწვრილებით აუხსნით, როგორ ამინდში როგორ უნდა ჩაიცვას. თუ ის გაღელვებთ, ვისთან ექნება ურთიერთობა ბანაკში, წინასწარ გააფრთხილეთ და დაარიგეთ მოსალოდნელი კონფლიქტებისა და მათი შესაძლო მიზეზების შესახებ, აუხსენით წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვას, როცა ერთ ოთახში რამდენიმე ბავშვთან ერთად მოუწევს ცხოვრება. გარდა ამისა, დაარწმუნეთ, რომ არავითარი მიზეზით, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოს ბანაკის ტერიტორია, არ შეცუროს წყალში მეთვალყურის გარეშე. ასეთი საუბრის მეოხებით გოგონა იგრძნობს, რომ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა აკისრია, წარმოდგენა შეექმნება ბანაკში ცხოვრების სირთულეებზე და ფსიქოლოგიურად მოემზადება გამგზავრებისთვის.
მყავს შეყვარებული. კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ერთი რამ ძალიან მწყინს: ის გამუდმებით დასცინის ჩემს დაქალებს. მისგან მხოლოდ ეს მესმის: ერთი ნამდვილი სულელია, მეორე - დაბდურა, მესამე - მათხოჯი. მათთან ურთიერთობას არ მიშლის, მაგრამ საკმარისია, საღამო ერთად გავატაროთ, რომ ჩემი შეყვარებული მათი მისამართით დამცინავ სიტყვებს არ იშურებს. გოგონებს, რა თქმა უნდა, ეს არ სიამოვნებთ. როგორ გავაგებინო, რომ თავი უნდა შეიკავოს და ასე აშკარად არ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ჩემი დაქალების მიმართ? მარიკა, 22 წლის
სცადეთ აუხსნათ თქვენს შეყვარებულს, რომ როცა შეურაცხყოფას აყენებს თქვენს მეგობრებს, ამით ეჭვქვეშ აყენებს ადამიანის ცნობის თქვენეულ უნარს და მიგანიშნებთ, რომ ცუდ მეგობრებს ირჩევთ. ამიტომ, თუ არ სურს, გული გატკინოთ, მეტი თავშეკავება მოუწევს. სიტყვა გადაუკარით, რომ არც თქვენ მოგწონთ ზოგიერთი მისი მეგობარი, მაგრამ მათ ურთიერთობაში არ ერევით და არავის აკრიტიკებთ. გარკვევით მოსთხოვეთ, რომ თუ საერთო საუბარში ზრდილობიანად ჩართვა არ შეუძლია, აჯობებს, მეგობრებს მის გარეშე შეხვდეთ. პატარა ეშმაკობაც გამოიყენეთ: უთხარით, რომ გოგონები მასზე ძალიან კარგი აზრისანი არიან, ყოველთვის აქებენ, საინტერესო მოსაუბრედ მიაჩნიათ. შესაძლოა, ახალგაზრდა კაცი ამან დააფიქროს და უფრო მეტად დაუკვირდეს თავის სიტყვებს.
მე და დედა მარტო ვცხოვრობდით და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ მის ცხოვრებაში მამაკაცი გაჩნდა და დედამ გათხოვება გადაწყვიტა. მისმა გადაწყვეტილებამ შოკი მომგვარა. არ ვიცი, ამას როგორ შევეგუები. ჩვენი გაწონასწორებული და მშვიდი ცხოვრება დამთავრდა! ქეთი, 20 წლის
თქვენს ცხოვრებაში "მესამის" გაჩენა თქვენს გეგმებში არ შედიოდა. დედის ბედნიერება უნდა გახარებდეთ, მაგრამ, ნაცვლად ამისა, ადგილს ვერ პოულობთ. მოდი, გავარკვიოთ, რა გაშფოთებთ ასე. თქვენ მიჩვეული იყავით, რომ დედა მხოლოდ თქვენი პრობლემებით ცხოვრობდა, ბოლო დროს კი მხოლოდ თავის ქორწინებაზე საუბრობს. ერთმანეთთან ურთიერთობას უფრო და უფრო იშვიათად ახერხებთ, რადგან დედა მთელ თავისუფალ დროს თავის რჩეულთან ატარებს. ისეთი განცდა გაქვთ, რომ მოწინააღმდეგე გაგიჩნდათ... ერთი სიტყვით, ეჭვიანობთ. ყველაფერს სხვა თვალით შეხედეთ: მამაკაცის სიყვარული და შვილის სიყვარული ორი სხვადასხვა გრძნობაა. დედის გულში თქვენს ადგილს ამქვეყნად ვერავინ დაიკავებს. ცოტა ხნის შემდეგ, როცა პარტნიორთან მისი ურთიერთობა უფრო სტაბილური გახდება, ამაში თავადაც დარწმუნდებით.
წინათ, ალბათ, არაერთხელ გაუღიზიანებიხართ იმას, რომ დედა აქტიურად ერეოდა თქვენს პირად ცხოვრებაში. ახლა კი მოგეცათ საშუალება, ზედმეტი ყურადღებისგან დაისვენოთ. დედა შეყვარებულია და თავისი რჩეულის ნაკლოვანებებს ვერ ამჩნევს, თქვენ კი მიგაჩნიათ, რომ ის დედათქვენისთვის სრულიად შეუფერებელია. ან მეტისმეტად ახალგაზრდაა, ან მეტისმეტად ხნიერი, ან მეტისმეტად მაღალი, ან მეტისმეტად დაბალი, ზედმეტად ენაწყლიანი ან სიტყვაძვირი, მდიდარი ან ღარიბი... შეხედეთ სხვა თვალით: ახლა თქვენ იმავეს განიცდით, რასაც განიცდიდა დედათქვენი, როცა თქვენ ხვდებოდით ვინმეს და მას მიაჩნდა, რომ თქვენი რჩეული თქვენი შესაფერისი არ იყო. გაიხსენეთ, რა რეაქცია გქონდათ მაშინ დედის სიტყვებზე და დაფიქრდით, აქვს კი აზრი, გამოთქვათ თქვენი ეჭვი მისი გადაწყვეტილების სისწორეზე? თუ დედათქვენს ეს ადამიანი მოსწონს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მასში ღირსებებს ხედავს და შესაძლოა, მალე თქვენც დაინახოთ. ასეც რომ არ იყოს, დედათქვენი მოწიფული ადამიანია და შეცდომის უფლება აქვს.
თუ დედათქვენი მეუღლესთან გადავა საცხოვრებლად და თქვენ მის ქმარს მხოლოდ დედასთან სტუმრობისას შეხვდებით, სხვაა და თუ ერთ ჭერქვეშ მოგიწევთ ცხოვრება - სრულიად სხვა.
ალბათ, ბევრს არ აღაფრთოვანებდა უცნობ ადამიანთან ერთად ცხოვრების პერსპექტივა: ამიერიდან ვეღარ გაივლით შილიფად ჩაცმული სააბაზანოდან საძინებლისაკენ... სცადეთ, ამ ყველაფერს სხვა თვალით შეხედოთ: ოჯახის წევრის შემომატებას აუცილებლად ექნება რამე დადებითი. იქნებ დედათქვენის ქმარი კარგი მზარეულია, კარგად ერკვევა კომპიუტერში, იცის სანტექნიკის შეკეთება, ყოველთვის მზად არის, გამოვიდეს თქვენს შესახვედრად, თუ სახლში მოსვლა დაგაგვიანდათ...
დედათქვენი ბედნიერია? ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს! თქვენც გაიზიარეთ მისი სიხარული. მას ახლა თქვენი თანადგომა სჭირდება - მანაც ხომ ახალი ცხოვრება დაიწყო, ისიც ეჩვევა ახალ მდგომარეობას. ახლა თქვენი ჯერია, თქვენ უნდა ამოუდგეთ მას მხარში. მთავარი ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა და სიყვარულია.