დავეხმაროთ ერთმანეთს
თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.
-
თირკმლის ანთებას ფარსმანდუკის ნაყენი ჩაგიცხრობთ
ბავშვობაში გრიპი ცისტიტით და პიელონეფრიტით გამირთულდა. მეზობელმა დედას ფარსმანდუკის ნაყენი შემოუტანა - ასვიო. მართლაც, მალე მოვმჯობინდი. მოგვიანებით დავინტერესდი, რატომ მომიხდა ასე ამ მცენარის ნაყენი. აღმოჩნდა, რომ ფარსმანდუკს შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო და სისხლის აღმდგენი მოქმედება ახასიათებს. გთავაზობთ მისი სასწაულმოქმედი ნაყენის რეცეპტს:
- აიღეთ 2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ფარსმანდუკი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ დღის განმავლობაში რამდენიმე ჯერზე.
-
არითმიის დროს კუნელი გიშველით
ორი წელია, დამეწყო კლიმაქსი, რომელსაც უამრავი დისკომფორტი მოაქვს. განსაკუთრებით შემაწუხებელია არითმია - მგონია, სადაცაა გული გამიჩერდება. მივმართე ექიმს, რომელმაც წამლებთან ერთად კუნელის ნაყენის მიღებაც მირჩია.
- აიღეთ 5 გრამი კუნელის გამხმარი, დაქუცმაცებული ნაყოფი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და 15 წუთი ადუღეთ. გადმოდგით, გადაწურეთ და ანადუღარი წყლით შეავსეთ თავდაპირველ ოდენობამდე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ.
-
კონიუნქტივიტს მოცვის ჩაიც კურნავს
ოდითგანვე ცნობილია, რომ მოცვი ძალიან უხდება მხედველობას, მაგრამ კონიუნქტივიტსაც თუ მოარჩენდა, რას ვიფიქრებდი... არც დავიჯერებდი, საკუთარ თავზე რომ არ გამომეცადა.
- აიღეთ მოცვის გამხმარი ნაყოფი და დაასხით მდუღარე წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. ჩაი მზად არის. შეგიძლიათ, დაატკბოთ 1 ჩაის კოვზი თაფლით.
ამ ნაყენით ამოიბანეთ მტკივანი თვალი. ძილის წინ თვალებზე დაიდეთ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები.
-
მაღალ წნევას ასეც შეიძლება მოვერიოთ...
ერთი წლის წინ კეფის არეში ტკივილები დამეწყო. ერთხანს ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ ძალიან რომ შემაწუხა, გადავწყვიტე, წნევა მაინც გამეზომა. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში წნევა მქონდა მომატებული. კოლეგამ მირჩია, ძლიერმოქმედი ქიმიური საშუალებების მიღებას ყოველთვის მოასწრებ, მოდი, ჯერ მცენარეული საშუალებები სინჯეო. მისი რეცეპტი ძალიან მომიხდა და სიამოვნებით გასწავლით:
- აიღეთ 1 ჩაის ჭიქა მაისის თაფლი და ამდენივე თეთრი ხახვის წვენი, აურიეთ ერთმანეთში და დაამატეთ 50 გრამი ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ლიმონის ქერქი. მოათავსეთ ჭურჭელში, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და დადგით სიგრილეში. მიიღეთ ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ ან ჭამამდე 1 საათით ადრე ორი თვის განმავლობაში.
-
შინაური "ნოვოპასიტი"
დაავადებების უმეტესობა რომ ნერვებიდან იღებს სათავეს, ყველას მოეხსენება, მაგრამ როგორ დავიწყნაროთ ნერვები, ბევრმა არ იცის. სულაც არ არის საჭირო მზა წამლებში უზარმაზარი თანხის გადახდა, როცა სავსებით შესაძლებელია, სამკურნალო საშუალება თავად მოამზადოთ შინ. ამ წამლით ჩემს მეუღლეს მოვურჩინე ისტერიკის შეტევები, რომელიც ასაკთან ერთად უფრო და უფრო უხშირდებოდა. ასეთი წუთებსი გამუდმებით მეშინოდა, წნევას არ დაერტყა... არავითარი დამშვიდება და დაყვავება არ ჭრიდა. გადავწყვიტე, მისთვის შავბალახას გამონაწური მომემზადებინა.
ეს მცენარე ყველგან ხარობს, ხმელიც შეიძლება გამოიყენო და ნედლიც. მე ქორფას ვკრეფდი და უმალვე ვწურავდი. ახალგამოწურული წვენი ძალიან კარგად მოქმედებს მამაკაცის ორგანიზმზე, ხსნის ნერვულ დაძაბულობას, აძლიერებს გულს და აღადგენს ძალებს.
- მცენარე ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, გამოწურეთ და დალიეთ 30-40 წვეთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დღეში 2-3 ჯერ. თუ მარაგად გნებავთ, ახალგამოწურულ წვენს დაამატეთ სამედიცინო სპირტი თანაფარდობით 2:3 და მაცივარში შეინახეთ. მიიღეთ 40-50 წვეთი, გახსნილი ცოტაოდენ წყალში.
ასეთ კურსს ყოველ ზაფხულს ვუტარებ ჩემს ქმარს და თავადაც ვიტარებ. ნერვები ორივეს რკინისა გაგვიხდა. გირჩევთ, სცადოთ.
-
ნაღვლის ბუშტის ანთებას ჭარხლის სიროფი აცხრობს
სამოცს გადაცილებული ქალი ვარ. ათი წელია, მაწუხებს ნაღვლის ბუშტი. ექიმმა ნაღვლის ბუშტის ანთება დამიდგინა. წამლებთან ერთად დამინიშნეს დიეტა, რომელსაც, შეძლებისდაგვარად, ვიცავ, მაგრამ რაკი გემრიელი ჭამა-სმა მიყვარს, ხშირად ვარღვევ, შემწვარსაც გეახლებით და ცხიმიანსაც. ასეთ დროს ნაღვლის ბუშტს შინაურ წამლებს ვაშველებ, რომ ხელახლა არ გაღიზიანდეს. ერთ მათგანს თქვენც გასწავლით:
- აიღეთ 2 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი, გათალეთ, ჩაყარეთ დიდ ქვაბში და დაასხით 3 ლიტრი წყალი. შემოდგით ქურაზე, მიიყვანეთ დუღილამდე და 5-6 საათი ნელ ცეცხლზე შუშეთ. შემდეგ ნახარში სხვა ჭურჭელში გადაასხით, ხოლო ჭარხალი გახეხეთ და გაწურეთ. გამონაწურს შეურიეთ სიროფი. მიიღეთ თბილ-თბილი, 1/3 ჩაის ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.
-
ეფექტურად გამოვიყენოთ საზამთრო
ზაფხული ხილ-ბოსტნეულის სიუხვით გვანებივრებს. მათ შორის გემოთი და სასარგებლო თვისებებით საზამთრო გამოირჩევა. მე მას ძალზე ეფექტურად ვიყენებ ნიღბებისთვის. ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ კანის ტიპიც, რადგან სხვადასხვა ტიპის კანს სხვადასხვანირი მოვლა სჭირდება.
- დამანოტივებელი ნიღაბი: ამოჭერით საზამთროს რბილობი და დააბლენდერეთ. მსუბუქი მასაჟის მსგავსი მოძრაობით წაისვით ეს ფაფა სახეზე და 10-15 წუთი გაიჩერეთ. ეს ნიღაბი კრავს ფორებს, წყლის მაღალი შემცველობის წყალობით ასუფთავებს კანს, ატენიანებს მას და ამკვრივებს.
- ნიღაბი მშრალი კანისთვის: საზამთროს რბილობი გათქვიფეთ ბლენდერში და იმავე მოცულობის ბანანი დაამატეთ. ფორების შემკვრელი თვისების წყალობით ბანანი აძლიერებს საზამთროს ეფექტს.
- ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: ამ ტიპის კანისთვის შესანიშნავია უცხიმო იოგურტი და საზამთრო. ასეთი ნარევი პილინგივით მოქმედებს და გამწმენდ ეფექტს ახდენს. იოგურტი შეიცავს რძის მჟავას, რომელიც საოცრად უხდება ცხიმიან კანს.
-
შაქრიანი დიაბეტი ცხოვრების წესია
შაქრიანი დიაბეტი ცხოვრების წესია, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას უკავია. გასწავლით, როგორ მოიწესრიგოთ შაქრის დონე ქიმიური პრეპარატების გარეშე.
- გაზაფხულის ბოლოს ფესვიანად მოთხარეთ ქრისტესისხლას ბუჩქები, ასე, 18-20 ცალი, მოაცილეთ ყვითელი, ხმელი ფოთლები, ფესვებს ააფხიკეთ ყველაფერი ზედმეტი და კარგად გარეცხეთ. შემდეგ გასაშრობად ჩრდილში გაშალეთ. რომ გაშრება, დაჭერით 2 სმ სიგრძის ნაჭრებად, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. გამონაწური ჩაასხით ქილაში და დადგით სიბნელეში 4-5 დღით. ამის შემდეგ გადაასხით სუფთა ქილაში (ნალექი არ გადაგიყვეთ), დაამატეთ სპირტი - 100 გრამი 2 ჩაის ჭიქაზე - და წამალიც მზადაა.
მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ. დაიწყეთ 5 წვეთით და ყოველდღე თითო წვეთი მიუმატეთ, სანამ 15-მდე არ ახვალთ. თუ ორგანიზმი კარგად აიტანს წამალს, შეგიძლიათ, დოზა 25 წვეთამდე გაზარდოთ. მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ, მერე კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, მერე ისევ შეისვენეთ და ისევ იმკურნალეთ. ამ ხნის განმავლობაში შაქრის დონე დასტაბილურდება და სამი თვე მკურნალობა აღარ დაგჭირდებათ, 3 თვის შემდეგ კი ანალიზების პასუხის მიხედვით გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას.
- შაქრის დონის მოწესრიგება ასეც შეიძლება: აიღეთ 500 გრამი სიმინდის მარცვალი, კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ჭურჭელში და ხარშეთ ნელ ცეცხლზე. როცა მოიხარშება, გაყავით 4 ტოლ ნაწილად და მიიღეთ დღეში 4-ჯერ.
- აიღეთ 10 თავი ხახვი, გაფქცვენით, გარეცხეთ, დამდუღრეთ, დააქუცმაცეთ, დაამატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, გაყავით ორად და მიიღეთ დღის განმავლობაში ძირითად კერძთან ერთად.
-
ორგანიზმის გასაწმენდად და იმუნიტეტის ასამაღლებლად
ჩემს მეგობარს მძიმე დაავადების გამო ქიმიო- და სხივური თერაპია დასჭირდა. ამ კურსის შემდეგ მისი საერთო მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ერთხელ, კლინიკაში, მორიგი პროცედურისთვის რიგში დგომისას, ერთმა ქალბატონმა ასწავლა ორგანიზმის გასაწმენდი და იმუნიტეტის ასამაღლებელი ხალხური რეცეპტი, რომელმაც ძალიან არგო. ღმერთმა ყველას გვაშოროს ასეთი რამ, მაგრამ ვინიცობაა დაგჭირდეთ, სინჯეთ - უთუოდ მოგიხდებათ.
- აიღეთ 5 სუფრის კოვზი ნაძვის ახალგაზრდა წიწვი, 3 სუფრის კოვზი ასკილის დანაყილი ნაყოფი, 2 სუფრის კოვზი ხახვის ფურცელი. ამ ნარევს დაასხით 700 მლ მდუღარე წყალი, ჩადგით ორთქლის აბაზანაში და ადუღეთ 3-4 საათი ან გააჩერეთ თერმოსში მთელი ღამით. გადაწურეთ და მთელი დღე წყლის მაგივრად სვით. დღიური ულუფა 1,5 ლიტრია. სვით 4 თვის განმავლობაში. პერიოდულად აკონტროლეთ სისხლის მაჩვენებლები: ჰემოგლობინი, ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები, ქოლესტერინი, რკინა და ა.შ.
-
ტერფის სოკო ზაფხულში აქტიურდება
ყველამ იცის, რომ ტერფის სოკო განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდება - პლაჟზე ან აუზზე ფეხშიშველი სიარულისას ის ადვილად გადაედება ერთი ადამიანისგან მეორეს. გასწავლით, როგორ დაიცვათ მისგან თავი.
- წვრილად დაჭერით 1-2 თავი ნიორი, მოათავსეთ დიდ ჭურჭელში, ნელ-ნელა დაამატეთ 3/4 ჩაის ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი და დადგით მზისგულზე 10 დღის განმავლობაში. მოურიეთ დღეში 2-3-ჯერ. მეთერთმეტე დღეს გაფილტრეთ, დაამატეთ 2-3 წვეთი ევკალიპტის ზეთი ან გლიცერინი, გადაასხით მინის მუქ ბოთლში, კარგად დაახურეთ და მაცივარში შედგით. ერთი თვის შემდეგ წამალი მზად არის და უკვე შეგიძლიათ, სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე წაისვათ.
თუ წამლის მომზადება ვერ მოასწარით, ინფექცია კი შეგეყარათ, შეგიძლიათ, დაზიანებულ ადგილებზე ლიმონის წვენი ისვათ ან გახეხოთ ნიორი, შეურიოთ ნაღების კარაქს თანაფარდობით 1:1 და ეს ნაზავი გამოიყენოთ.