სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.

  • გულსა და ნერვებს კუნელი მოგიწესრიგებთ

რაც საქართველომ ამ ზაფხულს გადაიტანა, ენა ვერ იტყვის. იმ დღეებში სოფელში ვიყავი. სამხედრო ვერტმფრენები პირდაპირ ჩვენს თავზე დაფრინავდნენ, თანაც ისე ახლოს, რომ მფრინავის სახესაც გაარჩევდით... ეს დაძაბულობა ჩემს ჯანმრთელობაზეც აისახა: დამეწყო გულის ფრიალი, ჰაერის უკმარისობა, ამიჩქარდა გულისცემა. მივმართე ექიმს. სერიოზული დარღვევები ვერ აღმომიჩინეს, გულის ნევროზიაო, დაასკვნეს და წამლები დამინიშნეს.

კუნელი რომ გულს ძალიან უხდება, გაგონილი მქონდა, მაგრამ პირადად მე არასოდეს დამჭირვებია, ახლა კი მეგობრის დედამ მომიმზადა წამალი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ კუნელია. გთავაზობთ ამ წამლის რეცეპტს:

  • ვიღებთ 1 ჩაის კოვზ შვიტას, 1,5 ჩაის კოვზ მატიტელას, 2,5 ჩაის კოვზ კუნელის ყვავილს. ამ ნარევს ვასხამთ 2,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და ნახევარი საათით ვაყენებთ. ვიღებთ დაახლოებით 50 გრამს ყლუპობით, დღეში 4-ჯერ.

ნ.ა. ზესტაფონი

  • მცენარეებზე უარს ნურც ათეროსკლეროზის დროს იტყვით

ალბათ არ არსებობს ადამიანი, სიტყვა ”ათეროსკლეროზისთვის” ყური რომ არ მოეკრას, მე კი ერთ-ერთი იმათგანი გახლავართ, ვისაც არათუ გაუგონია ამ დაავადების სახელი, არამედ თვითონვე ქცეულა მის მსხვერპლად...

დამისვეს დიაგნოზი, გამომიწერეს ათასი წამალი და დამინიშნეს კვების რეჟიმი. გამოგიტყდებით, ქიმიურ წამლებზე მეტად ბუნებრივ საშუალებებს ვენდობი, ამიტომ გადავწყვიტე, დიეტასთან ერთად შინაური წამლებით მემკურნალა. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით ყველას მივაწვდინო ნახარშის რეცეპტი, რომელიც ძალიან კარგია ათეროსკლეროზის დროს.

  • აიღეთ ნივრის რამდენიმე კბილი, გაფცქვენით, დანაყეთ ან წვრილად დაკეპეთ, 2 ჩაის კოვზს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ფითრის წვრილად დაკეპილი ფოთოლი და ამდენივე კუნელის ყვავილი. ამ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დილამდე დააყენეთ. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.

ნ. ქ. საჩხერე

  • კუჭის შეკრულობის დროს

ჩემი ცხოვრების მთავარი პრობლემა კუჭ-ნაწლავის მოუწესრიგებლობაა. რაც თავი მახსოვს, სულ ყაბზობით ვიტანჯები, მებერება მუცელი, ზოგადად, ცუდად ვგრძნობ თავს და ვამჩნევ, რომ განწყობაც მეცვლება ხოლმე.

ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს ჩემი გასაჭირი მეგობარს შევჩივლე, რომელმაც ასეთი წამალი მასწავლა:

  • ვიღებთ 1 სუფრის კოვზ დიდგულას ყვავილს და ამდენივე ხეშავას ნაყოფს. ვასხამთ 2 ჩაის ჭიქა წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვადუღებთ 15-20 წუთის განმავლობაში. გაცივებულ, გადაწურულ ნახარშს ვყოფთ ორ ულუფად და ვიღებთ დილა-საღამოს.

დ.მ. ქუთაისი

  • მცენარეული შარდმდენი საშუალება

რამდენიმე ხნის წინ ავად გავხდი. ერთ ავადმყოფობას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე... მოკლედ, თუკი რამ ფარული სნეულება მჭირდა, ყველაფერმა ერთად წამოყო თავი. ექიმებმა იმდენი წამალი გამომიწერეს, 2 თაბახი არ ეყო... მათ შორის იყო შარდმდენი საშუალებებიც. მეგობარმა მირჩია, მცენარეული შარდმდენი მიმეღო. დავუჯერე და არც მინანია. მინდა, თქვენც გასწავლოთ მისი მომზადება:

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი გრძელწვერა ღვიის ნაყოფი, 1 სუფრის კოვზი ცერეცოს თესლი და 1 სუფრის კოვზი ძირტკბილა. დაასხით 4 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და 5 საათით დააყენეთ, შემდეგ შედგით ნელ ცეცხლზე და 15 წუთი ხარშეთ. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.

გაითვალისწინეთ: ამ ნაყენის მიღება არ შეიძლება ორსულობის, თირკმელებისა და საშარდე გზების მწვავე ანთებითი პროცესის დროს.

ნ.ფ. სიღნაღი

  • ნაღვლის ბუშტის ანთების დროს

ჩვენში, ცხარე და ნოყიერი სამზარეულოს წყალობით, ბევრს აწუხებს ნაღვლის ბუშტი. არც მე ვარ გამონაკლისი და ამ პრობლემას მცენარეული საშუალებით ვებრძვი.

  • ვიღებ 1 ჩაის კოვზ ასისთავას, ამდენივე კოთხოჯის ფესურას და ნეგოს ყვავილს. ნარევს საღამოს ვასხამ 3 ჩაის ჭიქა ცივ წყალს, დილით 5-7 წუთის განმავლობაში ვადუღებ ნელ ცეცხლზე, ვაცივებ, ვწურავ და ვიღებ უზმოზე 1 ჩაის ჭიქას, დანარჩენს კი ვყოფ ოთხ თანაბარ ულუფად და ვსვამ ჭამიდან თითო საათის შემდეგ.

მ,კ. თბილისი

  • როგორ ვუწამლოთ მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტს

რამდენიმე წელია, მაწუხებს კუჭი. დამისვეს მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დიაგნოზი და მკურნალობაც დამინიშნეს. პერიოდულად დიეტის დაცვასაც ვცდილობდი, მაგრამ ცხოვრების წესად ვერ ვაქციე - ისეთი სამსახური მაქვს, ნაირ-ნაირ კერძებს ვინ ჩივის, თავის დროზე ჭამასაც ვერ ვახერხებ. რამდენჯერ ფეხზე წამიხემსებია...

დიდი ხანია, მაინტერესებს ტრადიციული მედიცინა და რეცეპტებსაც ვაგროვებ. ერთგან ამ რეცეპტს მივაგენი და მოვსინჯე. ძალიან მომიხდა, ამიტომ მინდა, თქვენც გაგაცნოთ.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ქრისტესისხლა, 2-2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი, გვირილის ყვავილი და კრაზანა. ამ ნარევს დაასხით 7 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ. გააგრილეთ, გადაწურეთ და მიიღეთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

ნ.მ. ბათუმი

  • გაციების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება

როდესაც ჩვენს ოჯახში ვინმე ცივდებოდა, ჩემი ტკბილი ჭაღარა ბებო მაშინვე რაღაც ნარევს მოამზადებდა და ორ დღეში ფეხზე წამოაყენებდა ხოლმე. ამ წამალს დღესაც ვსვამთ სურდოს, ხველისა და გაციების დროს. მისი მომზადება ძალიან ადვილია. მინდა, თქვენც გასწავლოთ:

  • აიღეთ ნებისმიერი წარმოშობის (ბატის, ღორის, მაჩვის) 100 გ ცხიმი, 100 გ ნაღების კარაქი, 100 გ ცაცხვის თაფლი და 2 სუფრის კოვზი ალოეს წვენი (მცენარე 3 წლის მაინც უნდა იყოს), კარგად აურიეთ ერთმანეთში და გააჩერეთ წყლის აბაზანაში 1,5-2 საათს, თან განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ გააცივეთ, აიღეთ ერთი სუფრის კოვზი და გახსენით ცხელ რძეში. მიიღეთ ჭამამდე.

ვისაც კი ეს რეცეპტი ვასწავლე, ყველა კმაყოფილია. სცადეთ, იქნებ თქვენც გიშველოთ.

ნ.ქ. გორი

  • ხველის საწინააღმდეგო წამალი

მინდა შემოგთავაზოთ ერთი რეცეპტი, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებ.

რამდენიმე ათეული წლის წინ დამისვეს მწვავე ბრონქიტის დიაგნოზი. ვიმკურნალე და ჩივილებმაც მიკლო, მაგრამ წამოხველების ჩვევა კარგა ხანს დამრჩა. ამის გამო ისევ მივმართე ექიმს, რომელმაც ისეთი რეცეპტი მასწავლა, რომ მას შემდეგ ხველება რა არის, აღარც კი მახსოვს. აი, ეს რეცეპტი:

  • აიღეთ დაახლოებით 1 კგ კაკლის უღელი, დაასხით ნახევარი ლიტრი კონიაკი და მჭიდროდ დაცული მინის ჭურჭლით ერთი კვირით დააყენეთ გრილ და ბნელ ადგილას. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე.

ამ ნაყენმა ქრონიკული მშრალი ხველა ძალიან მალე მომირჩინა. ახლა ვეღარც წვიმიანი შემოდგომა მაშინებს და ვეღარც სუსხიანი ზამთარი. ნაყენი, ასევე, უხდება სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ.

თუ საერთო სისუსტეს უჩივით, ცოტაოდენი ნაყენი ჩაამატეთ ცხელ ჩაიში ან ყავაში და დალიეთ.

გ.ვ. რუსთავი

  • როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი შტოშით

თუ შტოში მოვიძიე, აუცილებლად ვიტარებ ღვიძლის გასაწმენდ კურსს. მიმაჩნია, რომ შტოშის პროცედურები უფრო ნაკლებსახიფათოა ორგანიზმისთვის, ვიდრე ზეთისა და ლიმონის წვენისა. ამასთანავე, ეს კენკრა ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების მდიდარი საბადოა.

  • ახლა - როგორ მოვამზადოთ წამალი: ხორცსაკეპ მანქანაში ვატარებთ ნახევარ კილოგრამ შტოშს, 300 გრამ ნიორს, 2 ვაშლს ან ლიმონს ქერქიანად, ვამატებთ 400 გრამ თაფლს, კარგად ვურევთ და წამალიც მზად არის. ვასხამთ ქილაში და ვიღებთ ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში, თითო ჩაის კოვზს დილა-საღამოს.

ამ რეცეპტის გამოყენება თამამად შეუძლიათ როგორც ავადმყოფებს, ისე ჯანმრთელებსაც საპროფილაქტიკოდ.

ო.ნ. თბილისი

  • წითელი ძახველი

ძახველში იმდენი ვიტამინია, ვერც კი ჩამოთვლით, არტერიულ წნევასაც ძალიან შველის, მაგრამ მინდა, ამჯერად მის სხვა თვისებებზე გესაუბროთ.

უამრავი სასარგებლო თვისება აქვს ძახველის არა მარტო ნაყოფს, არამედ ქერქსაც. შესაძლოა, ქალბატონებმა იცოდეთ კიდეც, რომ ძახველის ქერქის ნახარში საშვილოსნოდან სისხლდენას აჩერებს. მე კი მისი მეშვეობით ბუასილს ვმკურნალობდი.

  • აიღეთ სამი ჩაის კოვზი ხეჭრელი, 2 ჩაის კოვზი ძახველი და ერთი ჩაის კოვზი ფარსმანდუკი. ორ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 2 საათით დააყენეთ თერმოსში. დალიეთ მეოთხედ-მეოთხედი ჭიქა სადილის წინ და ღამით ბუასილის კვანძებიდან სისხლდენის შემთხვევაში.

თუ მკურნალობას გულისყურით მოეკიდებით და ორი-სამი კვირა მაინც გააგრძელებთ, მდგომარეობა საკმაოდ შეგიმსუბუქდებათ, ხოლო თუ დამატებით სხვა საშუალებებს, მაგალითად, სანთლებსაც გამოიყენებთ, სავსებით შესაძლებელია, დაავადებამ სამუდამოდ დაგანებოთ თავი. ყოველ შემთხვევაში, მე, რაც ამ ნაყენის სმა დავიწყე, ბუასილს აღარ შევუწუხებივარ.

ნ.ჩ. ლანჩხუთი

  • მოიმარაგეთ ღვია

თუ მიდრეკილება გაქვთ სახსრებისა და რევმატული დაავადებებისკენ, აუცილებლად უნდა მოიმარაგოთ ღვიის ნაყოფი. მოკრიფეთ რაც შეიძლება მეტი, რომ აბაზანებისთვის გეყოთ. არ მეგონა, თუ ასე მომიხდებოდა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ როდესაც მიზანმიმართულად მკურნალობ, დაავადება აუცილებლად დაიხევს უკან.

  • აბაზანის მოსამზადებლად აიღეთ 100-200 გ მშრალი ღვია, წამოადუღეთ ერთ ლიტრ წყალში და ჩაასხით აბაზანაში. წყალი სასიამოვნოდ თბილი უნდა იყოს. პროცედურის ხანგრძლივობაა 20 წუთი. კურსი 10-12 აბაზანას მოიცავს.

ღვიის აბაზანები შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას პოლიართრიტისა და პოდაგრის დროსაც. სამკურნალო თვისებები აქვს ასევე ღვიის ზეთს, რომელიც შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ.

კ.რ.გარდაბანი

  • მიშველა ლაშქარამ

ამ რამდენიმე წლის წინ ერთი სენი შემომეჩვია - ზამთრობით ფეხებსა და თეძოებზე ძირმაგარები მიჩნდებოდა. პირველად რომ დამემართა ეს უბედურება, რასაკვირველია, მივმართე ექიმს. დამისვეს ფურუნკულოზის დიაგნოზი, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვიმკურნალე, სატკივარმა კი თავი არ დამანება. ბოლოს ჩემმა ექიმმა ლაშქარას გამოყენება მირჩია. გაგიკვირდებათ და მიშველა. იმედი მაქვს, თქვენც მოგიხდებათ.

  • 4 სუფრის კოვზ კარგად დაქუცმაცებულ ლაშქარას ფესვს დაასხით ერთი ლიტრი რძე. ეს ნარევი შედგით კარგად გახურებულ ღუმელში და 6-7 საათს დატოვეთ, მერე კი ადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ.

ნაყენი გამოიყენება როგორც შინაგანად (2 სუფრის კოვზი ჭამამდე დღეში სამჯერ), ისე საფენებისთვის.

ძირმაგარები მალე მომირჩა. მომდევნო წელს ყველაფერი წინასწარ მოვამზადე, მაგრამ აღარ დამჭირდა. ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი რეცეპტი სხვასაც გამოადგება.

ნ. გ. რუსთავი

  • ნივრის ზეთის საიდუმლოებანი

ცნობილ გამოთქმას: ”ყველა დაავადება ნერვებიდან მოდის" - ერთ სიტყვას დავამატებდი: `სისხლძარღვებიდანაც”. სისხლძარღვების მდგომარეობაზეა დამოკიდებული არტერიული წნევა, გულის მუშაობა და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა. ამიტომაც, როგორც კი პენსიაზე გავედი, გადავწყვიტე, ამიერიდან საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად მეფიქრა - ხომ გაგიგონიათ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. მეუღლე დამცინოდა, შენს ასაკში კაცი ავადმყოფობის პროფილაქტიკაზე კი არა, იმ ქვეყნად წასვლაზე უნდა ფიქრობდესო, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ცდებოდა და თვითონაც მომბაძა.

  • აი, რაში მდგომარეობს ჩემი საიდუმლო: ყოველ შემოდგომაზე ვიტარებ ნივრის ზეთით მკურნალობის კურსს. ვიღებ ერთ თავ საშუალო ზომის ნიორს, ვფცქვნი, ვჭყლეტ და ვასხამ ერთ ჭიქა არარაფინირებულ მზესუმზირას ზეთს. ვდგამ მაცივრის ქვედა თაროზე, ერთ კვირას ვტოვებ და ვიწყებ მკურნალობას. მიღების წესი ასეთია: ნივრის ზეთი უნდა გააზავოთ ერთ ჩაის კოვზ ლიმონის წვენში, რომელიც უშუალოდ მიღების წინ უნდა გამოიწუროს, და დალიოთ. ნარევი მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი გრძელდება ერთიდან სამ თვემდე.

ეს სისხლძარღვების გამაფართოებელი არაჩვეულებრივი საშუალებაა, ხსნის თავის ტვინისა და გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმს, უხდება ქოშინს და ძალიან ეფექტურია სკლეროზის დროს. მის მოქმედებას მკურნალობის დაწყებისთანავე იგრძნობთ.

რასაკვირველია, ჯანმრთელობაზე მუდამ უნდა იზრუნოთ, მაგრამ სისხლძარღვებს ყველაზე მეტი ყურადღება შემოდგომასა და გაზაფხულზე, ატმოსფერული წნევის ცვალებადობისას სჭირდება.

კ.ე. სამტრედია