კუნთების ატროფია - მიზეზები, სახეები და მკურნალობა
ოთარ წიწილაშვილი:
- კუნთების ატროფიის მიზეზთა შორის ექიმები, უპირველეს ყოვლისა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და ორგანიზმის დაბერებას ასახელებენ. მათ მოსდევს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს აზიანებს, ამ უკანასკნელთა დაზიანება კი შემაერთებელ ქსოვილს, კუჭისა და ნაწლავების ფუნქციას ვნებს. კუნთების ატროფია შესაძლოა ინფექციურმა და პარაზიტულმა დაავადებებმაც გამოიწვიოს. ეს პრობლემა მაშინაც წარმოიშობა, როცა კუნთების ნერვული რეგულაცია ირღვევა. ეს დაკავშირებულია პოლინევრიტებთან, ამა თუ იმ ნივთიერებით მოწამვლასა და სხვა მიზეზებთან. კუნთების ატროფია ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ფერმენტების თანდაყოლილმა ან შეძენილმა უკმარისობამაც.
კუნთების ატროფიის ფორმები და სიმპტომები
სპეციალისტები დაავადების ორ ფორმას გამოყოფენ.
- პირველადს. იგი უშუალოდ კუნთების დაზიანებით გამოიხატება. დაკავშირებულია მემკვიდრეობასთან, ასევე - ამ თუ იმ გარეგან ზემოქმედებასთან, მაგალითად, ფიზიკურ გადატვირთვასთან, ტრავმასთან. ადამიანი, რომელსაც კუნთების ატროფია აქვს, სწრაფად იღლება. შეინიშნება კუნთების ტონუსის დაქვეითება, იშვიათად - კიდურების უნებლიე მოძრაობები, რაც ნეირონების დაზიანებაზე მიუთითებს.
- მეორეულს. კუნთების ატროფიის ეს ფორმა წარმოიშობა და აქტიურად ვითარდება გადატანილი ინფექციის ან ტრავმის გამო. პაციენტებს დაზიანებული აქვთ წინამხრის, მტევნის, ტერფის, წვივის მოძრავი ნაწილები. შედეგი მოძრაობის შეზღუდვა, ნაწილობრივი ან სრული დამბლაა. დაავადების ამ ფორმისთვის დამახასიათებელია ნელი მიმდინარეობა, თუმცა დროდადრო მწვავდება, რასაც თან სდევს ძლიერი, განუწყვეტელი ტკივილი.
კუნთთა მეორეული ატროფიის სახეები
- ნევრალური მიოტროფია. ამ დროს ატროფია ვრცელდება წვივსა და ტერფზე. ავადმყოფს ეცვლება სიარულის მანერა (სიარულისას მუხლებს მეტისმეტად მაღლა სწევს). განსაზღვრული ხნის შემდეგ ტერფების რეფლექსები სრულიად ქრება და დაავადება ზედა კიდურებზე გადადის.
- პროგრესირებადი ატროფია. მისი სიმპტომები ბავშვობაშივე იჩენს თავს. დაავადება მეტად მძიმედ მიმდინარეობს. შეინიშნება მკვეთრი ჰიპოტონია, მყესთა რეფლექსები ქრება, იწყება კიდურების უნებლიე (ბიძგისებრი) მოძრაობები.
- არან-დიუშენის ატროფია. პათოლოგიის ეს ტიპი უფრო ზედა კიდურებში შეინიშნება. ამ დროს ხდება ძვალთაშორისი კუნთებისა და თითების ატროფია. ხელი მაიმუნის მტევანს ემსგავსება, რაც მხოლოდ მტკივნეული კი არ არის, არამედ შესამჩნევი დეფექტის გამო სულიერ ტანჯვასაც იწვევს. კიდურების მგრძნობელობა არ იკარგება, მაგრამ მყესოვანი რეფლექსები გამქრალია. ატროფია პროგრესირებს და მალე კისრისა და ტანის კუნთებს აღწევს.
უკვე მოგახსენეთ, რომ ატროფიის მთავარი ნიშანი დაზიანებული კუნთის მოცულობის შემცირებაა. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია, როდესაც დაზიანებულ ნაწილს მის საპირისპირო ჯანმრთელ ნაწილს ვადარებთ. გარდა ამისა, კუნთების ატროფიას თან სდევს კუნთების ტონუსის დაქვეითება და ძლიერი ტკივილი.
ატროფიის მკურნალობა
მკურნალობის მეთოდიკა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, პაციენტის ასაკსა და პროცესის სიმძიმეზე. მედიკამენტური მკურნალობის დროს იყენებენ ბ1-ს, ბ12-ს, ე-ს, პროზერინს, ადენოზინტრიფორფორმჟავას (ატფ) და სხვა. დიდი მნიშვნელობა აქვს სათანადო კვებას, სამკურნალო ფიზკულტურას, ფიზიოთერაპიულ პროცედურებს, ფსიქოთერაპიას, ელექტრომკურნალობას. თერაპიული ღონისძიებების სრული სპექტრის დანიშვნა მხოლოდ ექიმს შეუძლია. ახლა კი ატროფიის მკურნალობის კიდევ ერთ გზას გაგაცნობთ. ისიც ადამიანის ორგანიზმში ატფ-ს შეყვანას ეფუძნება, მაგრამ კუნთების ატროფიის სამკურნალო ამ ძირითად საშუალებას ქიმიური ქარხანა კი არა, მცენარე გვაწვდის. ეს პროცესი მეტად საინტერესოა. კერძოდ, მედიცინაში უკვე დიდი ხანია დადასტურებულია, რომ მცენარის ღივს და მის შემადგენელ ნივთიერებებს უდიდესი ძალა აქვს. მცენარის ღივს მრავალი პრობლემის მოსაგვარებლად იყენებენ. ჩემთვის, ბიოქიმიკოსისთვის, ყოველთვის მეტად საინტერესო იყო მცენარის თესლი. ეს მეტად რთული ობიექტია, რადგან მან უნდა იარსებობს და მოგვცეს შთამომავლობა ანუ ზრდასრული მცენარე. არადა, თავდაპირველად მას ფოთოლიც კი არ გააჩნია იმისთვის, რომ მარტივი ნაერთებისგან, როგორებიცაა წყალი, ჟანგბადი და მზის სინათლე, რთული ნაერთები შექმნას. სამაგიეროდ, მასში ჩადებულია დიდი ქიმიური ძალა და შესაძლებლობა, რისი წყალობითაც ის უზარმაზარ მცენარეებს აღმოაცენებს. ფოთლის როლს თავად თესლი ასრულებს და სპეციფიკური ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში, მრავალი რთული გარდაქმნის შედეგად, დასაბამს აძლევს მცენარის ღივს. დამეთანხმებით, თესლსა და ღივს უზარმაზარი ენერგია სჭირდება საიმისოდ, რომ მათგან მცენარე აღმოცენდეს. ენერგიას კი ნუკლეინის მჟავები და ატფ აძლევს. მეცნიერებმა “ჩავიხედეთ” თესლში და დავინახეთ, რომ გაღივების შემდეგ მასში დიდი რაოდენობითაა ატფ. თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით: მცენარის თესლს ვათავსებთ სპეციალურ საკვებ ნიადაგზე, რომელშიც შედის ატფ, პანანგინი და კალიუმის უროტატი და ხელოვნურად ვუწყობთ ხელს გაღივების პროცესს - ვუქმნით ტენიანობისა და ტემპერატურის სპეციალურ რეჟიმს. ამ პრეპარატებს მცენარე, ასე ვთქვათ, თავის ჭკუაზე გარდაქმნის და იმარაგებს. როგორც კი მცენარე გაღივდება, გამწვანებამდე დაბალი ტემპერატურით (ყინულით) და მაღალკონცენტრირებული შაქრით ვამუშავებთ და მიღებულ ჰომოგენატს (დაქუცმაცებულ მასალას) ერთი ერთზე თანაფარდობით ვამატებთ თაფლს. “ატეფაზური აქტივობის ბიომასა” - ასე ვუწოდეთ ამ საშუალებას. ის ყოველგვარი დანამატის გარეშეა. თაფლიანი ჰომოგენატი პაციენტს დღეში სამჯერ ეძლევა ჩაის კოვზით. თითოეულ ჩაის კოვზზე სუფთა სახით 20 მილიგრამი ატფ მოდის. ეს მასა, რომელიც დიდხანს ინახება მაცივარში, პაციენტს ერთი თვის განმავლობაში უნდა მიეცეს. მომდევნო ერთი თვე ვასვენებთ, მერე კი ისევ ვიწყებთ ამ მასის მიცემას. კურსი წელიწადში ოთხჯერ უნდა განმეორდეს. შედეგად პაციენტებს ემატებათ ენერგია, აღარ უჩივიან სისუსტეს და, საერთოდ, თავს კარგად გრძნობენ. ისიც მართალია, რომ, დაავადებებთან ერთად, თანამედროვე ცხოვრებამაც მოიტანა ჰიპოდინამიით გამოწვეული კუნთების პრობლემები. მცენარის ღივისგან მიღებული ენერგეტიკული ბიომასა ამგვარ შემთხვევებშიც წარმატებით ეხმარება ადამიანს.