კაკალი, თხილი და ნუში
კაკალი თითქმის იმდენსავე ვიტამინს, მიკროელემენტსა და ამინმჟავას შეიცავს, რამდენსაც ხილი. ამასთანავე, ნაჭუჭი, მისი ბუნებრივი გარსი, დიდხანს ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.
კაკალი შეიცავს A, B1, B2, E, PP, C ვიტამინებს, კობალტს, რკინას, თუთიას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, იოდს... მოკლედ, ჩათვალეთ, რომ შინ მთელი აფთიაქი გაქვთ და მთელი ეს სიმდიდრე წარმოდგენილია აქტიური და ადვილად ასათვისებელი ფორმით.
კაკალი რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ, ნაჩვენებია ნერვული დარღვევებისა და უძილობის დროს. C ვიტამინი, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, კაკალში უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარში.
- სხვადასხვა პრობლემასთან ბრძოლაში თაფლიანი ნიგოზი დაგეხმარებათ: აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის გახეხილი ნიგოზი, თაფლი და დაჭრილი ლეღვი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში. ეს არის პოლივიტამინური საშუალება, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
- ანემიის დროს ძალიან სასარგებლოა ნიგოზი, თაფლი, გარგარის ჩირი, ქიშმიში, ლიმონი, გატარებული თანაბარი რაოდენობით. ეს ნარევი მაღლა სწევს სისხლში ჰემოგლობინის დონეს, ავსებს ორგანიზმს ენერგიითა და სასიცოცხლო ძალით.
კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარშს ხალხური მედიცინა კუჭისა და გინეკოლოგიური დაავადებების, თირკმელებისა და საშარდე ბუშტის, სტომატიტისა და ანგინის, ლიმფური ჯირკვლების ანთების, ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ, ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, გასტროენტერიტის, კუჭის აშლილობის დროს, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, ავიტამინოზის დროს ორგანიზმის მოსამარაგებლად, მადის მოსაგვრელად, თეთრად შლის, არარეგულარული მენსტრუაციისა და პარაზიტების საწინააღდეგოდ იყენებს.
- ერთ სუფრის კოვზ გამხმარ, დაკუწულ კაკლის ფოთოლს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს (სადღეღამისო ულუფა), წყალში აზავებენ და ისე სვამენ.
- გარეგანი დანიშნულებით კი ნახარშს იყენებენ: 3-5 სუფრის კოვზ ფოთოლს 0,5ლ წყალს ასხამენ და 15 წუთის განმავლობაში ხარშავენ.
- კაკლის უღლის ნახარში ამცირებს ფეხების ოფლიანობას, უხდება ხველას. 2 სუფრის კოვზს დაასხით 0,5ლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 30 წუთი. გაიკეთეთ აბაზანა ფეხებზე კვირაში 2-ჯერ.
კაკალი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, საკონდიტრო საქმიანობაში. მისგან მზადდება უგემრიელესი კერძები და ტკბილეული. ამ მხრივ გამორჩეულია ქართული სამზარეულო. მინერალებისა და ვიტამინების შემცველობით კაკალს ტოლს არ უდებს თხილი, არაქისი, ნუში.
თხილში ყველაზე ფასეული E ვიტამინისა და მაღალი ღირებულების ცილის ურთიერთშერწყმაა, რაც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სიმტკიცეს და ანელებს დაბერების პროცესს. ასეთივე თვისებები აქვს ნუშს. გარდა ამისა, იგი შეიცავს კალციუმს, რომელიც აუცილებელია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.
ნუშის რძეში არ არის ლაქტოზა და ქოლესტეროლი, ამიტომ იგი წარმატებით ცვლის ძროხის რძეს.
- 110 გრამი ნუში დააქუცმაცეთ, ნელ-ნელა დაასხით 200მლ ადუღებული წყალი, გადაწურეთ და ლოსიონის ნაცვლად სახის გასაწმენდად გამოიყენეთ.
A, D, C, E, K, B1, B2, PP ვიტამინებით მდიდარი არაქისი ჩვენი რაციონის შეუცვლელი კომპონენტია. მისი რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს ნერვული ქსოვილების ფუნქციობას, განამტკიცებს მეხსიერებას. არაქისი არ გაგასუქებთ, რადგან მისი უჯრედისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას ასტიმულირებს.
არაქისი ფოლიუმის მჟავას ბუნებრივი წყაროა. თუ მას თქვენს ყოველდღიურ მენიუში ჩართავთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს საგრძნობლად შეამცირებთ. სამწუხაროდ, არაქისი ხშირად იწვევს ალერგიას, ამიტომ მის ჭარბ გამოყენებას უნდა ერიდოთ.
დიეტოლოგები გვირჩევენ, თხილსა და კაკალს მეტისმეტად არ მივეძალოთ, რადგან მათ შემადგენლობაში არსებული უჯრედისი ძნელი ასათვისებელია. დღეში 50 გრამი თხილი ან კაკალი საკმარისია.
ამასთანავე, ისინი კარგად უნდა დავღეჭოთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და ისე დავუმატოთ სალათებს, მხალეულს, დესერტს, მოვამზადოთ საწებელი. ეს კერძების კვებით ღირებულებას საგრძნობლად გაზრდის.
მიირთვით კაკალი, თხილი, არაქისი, ნუში, დაიცავით ზომიერება და თქვენი ორგანიზმი დიდხანს შეინარჩუნებს მხნეობასა და ჯანმრთელობას.