როდის და რატომ ტარდება ცისტოსკოპია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის და რატომ ტარდება ცისტოსკოპია

სადღეისოდ ფართოდ გავრცელებული მეთოდია. მეტიც, სადიაგნოსტიკო მნიშვნელობის გარდა, მას სამკურნალო დატვირთვაც აქვს, რადგან ხშირად გამოიყენება სამკურნალო-თერაპიული მანიპულაციის სახით, მაგალითად, პოლიპებისა თუ სიმსივნეების მოსაკვეთად, დაზიანებული ზედაპირის კოაგულაციისთვის, შარდის ბუშტში სამკურნალო სითხეების შესაყვანად და სხვა. ცისტოსკოპიის მნიშვნელობასა და ჩვენებებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკო-უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი - ლევან მოთიაშვილი:

- ბატონო ლევან, როდის და რომელი პათოლოგიების დროს ინიშნება ცისტოსკოპია?

- ცისტოსკოპია შარდის ბუშტის ენდოსკოპიური კვლევაა, რომლის დროსაც შარდსადენი მილის გავლით სპეციალური ხელსაწყოს, ცისტოსკოპის დახმარებით ვიზუალურად თვალიერდება შარდის ბუშტის შიგნითა ზედაპირი.

ცისტოსკოპია უროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ გამოკვლევად ითვლება და შარდსადენი მილის, შარდის ბუშტისა და თირკმლის ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება, მაგალითად: ქრონიკული და ინტერსტიციული ცისტიტის, შარდის ბუშტის სიმსივნეების, კენჭების, პროსტატიტის, პროსტატის ადენომისა და კიბოს, შარდ-სასქესო სისტემის განვითარების ზოგიერთი ანომალიის სადიაგნოსტიკოდ. ცისტოსკოპია ტარდება აგრეთვე შარდის ბუშტის ტრანსურეთრული რეზექციის შემდეგ, მკურნალობის ეფექტის შესაფასებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ცისტოსკოპია სადიაგნოსტიკო საშუალებაა, მისი დახმარებით შესაძლებელია მთელი რიგი სამკურნალო მანიპულაციების ჩატარება: უცხო სხეულების, მცირე ზომის კონკრემენტების და სიმსივნეების მოცილება, ეროზიებისა და წყლულების კოაგულაცია, შარდსაწვეთის სტენტის ჩადგმა და სხვა.

- რა მნიშვნელობა და უპირატესობა აქვს ამ ენდოსკოპიურ მეთოდს?

- შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება კვლევის სხვა მეთოდებიც: ულტრასონოგრაფიული, რენტგენოლოგიური კვლევები, ასევე კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, მაგრამ მხოლოდ ცისტოსკოპია იძლევა იმის საშუალებას, რომ დეტალურად დათვალიერდეს და შეფასდეს შარდსადენი მილის და შარდის ბუშტის შიგნითა ზედაპირი, აუცილებლობის შემთხვევაში გაკეთდეს ბიოფსია ანთებითი თუ სიმსივნური კერიდან შემდგომი ჰისტო-მორფოლოგიური შესწავლის მიზნით.

- რა სირთულეები ახლავს მანიპულაციას, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას?

- ანატომიური თავისებურების გამო მამაკაცებთან ცისტოსკოპია შედარებით რთული ჩასატარებელია (მამაკაცის შარდსადენი მილი დაახლოებით 6-ჯერ აღემატება სიგრძეში ქალის შარდსადენ მილს), ამიტომ მამაკაცებთან ცისტოსკოპია რეკომენდებულია ნარკოზით (ზოგადი ან სპინალური).

ადეკვატური სტერილობისა და ქირურგიული ტექნიკის დაცვის შემთხვევაში გართულებები პრაქტიკულად არ ვითარდება, თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია შარდსადენი მილის დაზიანება ან ინფექციური გართულებები.

- საჭიროებს თუ არა ცისტოსკოპია პაციენტის წინასწარ მომზადებას? რამდენ ხანს ყოვნდებიან პაციენტები კლინიკაში მანიპულაციის შემდეგ?

- ეს დამოკიდებულია ანესთეზიის სახეობაზე. როგორც უკვე მოგახსენეთ, მამაკაცებთან, ასევე ადვილად აღგზნებად და ფსიქიკურად გაუწონასწორებელ პაციენტებთან რეკომენდებულია ცისტოსკოპიის ჩატარება ნარკოზით.

ადგილობრივი ანესთეზიის (ადგილობრივი გაუტკივარების) დროს პაციენტი მანიპულაციამდე დაახლოებით 3-4 საათით ადრე წყვეტს საკვების მიღებას. პროცედურის ჩატარების შემდეგ კლინიკაში ყოვნდება დაახლოებით 1 საათს.

ზოგადი ანესთეზიის შემთხვევაში პაციენტი საკვების მიღებას წყვეტს 10-12 საათით ადრე, სითხის მიღებას 3-4 საათით ადრე მანიპულაციამდე, კლინიკაში კი რამდენიმე საათს ყოვნდება.

- რა არის ცისტოსკოპიის უკუჩვენება?

- შარდ-სასქესო სისტემის მწვავე ანთებითი დაავადებები, ორგანიზმის ინფექციური პროცესები, თანდართული ცხელებით და ინტოქსიკაციით, შარდსადენისა და შარდის ბუშტის ტრავმული დაზიანებები, ორსულობა, ჰემოსტაზის (სისხლის შედედების) დარღვევა.

- რა სიხშირით შეიძლება ცისტოსკოპიის ჩატარება?

- ცისტოსკოპია შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი ასაკის პაციენტს ჩაუტარდეს. რაიმე შეზღუდვა მანიპულაციის ჩატარების სიხშირის მხრივ არ არსებობს.