ბინდბუნდში დანახული სამყარო

ორმოც წელს გადაცილებულებში უფრო და უფრო გახშირდა ამ პათოლოგიის შემთხვევები. რა დაავადებაა კატარაქტა, რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ მკურნალობენ, ამაზე სასაუბროდ სრულიად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამკურნალო ცენტრის ოფთალმოლოგს სოფია იმედაშვილს მივმართეთ.
ქალბატონო სოფია, ჩვენი მკითხველი ხშირად გვეკითხება, რა დაავადებაა კატარაქტა და რამდენად არის დღეს ის გავრცელებული.
- სტატისტიკური მონაცემებით, კატარაქტა თვალის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. მას მსოფლიოს ორმოც წელს გადაცილებული მოსახლეობის მესამედი უჩივის.
სიტყვა “კატარაქტა” ბერძნულად ჩანჩქერს ნიშნავს, თუმცა დაავადებას ბუნების ამ მოვლენასთან საერთო არაფერი აქვს. ძველ ბერძნებს მიაჩნდათ, რომ კატარაქტის დროს მხედველობის დაქვეითების მიზეზი იყო ბროლსა და თვალის ფერად გარსს შორის შემღვრეული სითხის არსებობა. სინამდვილეში კატარაქტა ბროლის ნივთიერების ან კაფსულის სრული ან ნაწილობრივი შემღვრევაა, მისი გამჭვირვალობის დაკარგვა, რასაც თან სდევს მხედველობის ამა თუ იმ ხარისხის დაქვეითება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ჯანმრთელი ადამიანის ბროლი გამჭვირვალეა, კატარაქტის დროს კი ის მონაცრისფრო, მონაცრისფრო-მოთეთრო ან რძისფერი ხდება.
მცირე ანატომიური ექსკურსი
ადამიანის თვალი თავისი თვისებებით განუმეორებელი ორგანოა. თვალის ოპტიკური სისტემა წარმოდგენილია რქოვანა გარსის, ბროლისა და მინისებრი სხეულისგან. მისი გარდატეხის ძალა შეადგენს დაახლოებით 60,0 დიოპტრიას, საიდანაც მოსვენებისას ბროლზე მოდის დაახლოებით 20,0 დიოპტრია.
რქოვანა გარსი თვალის კაკლის წინა, გამჭვირვალე ნაწილია. სინათლის სხივი გაივლის რქოვანა გარსს და ხვდება ბროლში, მერე კი ბადურა გარსზე ფოკუსირდება.
ბროლი თვალის ერთ-ერთი უნიკალური წარმონაქმნია. ეს არის ცვლადი სიმრუდის მქონე ორმხრივამოზნექილი გამჭვირვალე სხეული, რომელიც ფერადი გარსის უკან მდებარეობს. იგი ბიოლოგიური ლინზის როლს ასრულებს და ბადურაზე გამოსახულების ფოკუსირებას ახდენს. ბროლი არ შეიცავს ნერვებსა და სისხლძარღვებს. იგი შემოსაზღვრულია კაფსულით, რომელიც შერჩევით უშვებს ბროლში საჭირო საკვებ ნივთიერებებს და შეუძლია ფორმის შეცვლა.
ბროლი ძირითადად წყლისა და პროტეინებისგან შედგება. პროტეინების დაშლა იწვევს ბროლის შემღვრევას, რაც ამცირებს ბადურასკენ მიმავალი სინათლის სხივების ნაკადს და, შესაბამისად, იწვევს მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას.
რქოვანა გარსის უკან და ბროლის წინ მდებარეობს ფერადი გარსი. იგი შეიცავს წრიულად და რადიალურად განლაგებულ გლუვკუნთოვან ბოჭკოებს (სფინქტერს და დილატატორს), რომელთა შეკუმშვა ცვლის გუგის დიამეტრს (გუგა ფერად გარსში არსებული ხვრელია), რის საშუალებითაც ხდება თვალში შესული სინათლის ნაკადის რეგულირება.
მინისებრი სხეული გამჭვირვალე ჟელესმაგვარი მასაა, რომელიც ავსებს თვალის კაკლის ღრუს ბროლის უკან. იგი უზრუნველყოფს სინათლის სხივების თავისუფალ სვლას ბადურამდე.
ბადურა თვალის კაკლის შიგნითა გარსია, რომელიც შეიცავს ფოტოსენსორულ უჯრედებს: კოლბებს და ჩხირებს. კოლბების საშუალებით ხდება ფერების აღქმა, ხოლო ჩხირები ღამის მხედველობის რეცეპტორებია.
ყვითელი ხალი (ანუ მაკულა) ბადურას ყველაზე მგრძნობიარე უბანია. იგი გამოირჩევა მხედველობის მაღალი სიმახვილით.
მხედველობის ნერვის დვრილი ლოკალიზებულია თვალის ფსკერზე. ის მხედველობის ნერვის დასაწყისია. მისი საშუალებით ხდება კოლბებით და ჩხირებით მიღებული ინფორმაციის გადაცემა თავის ტვინში. მხედველობის ნერვის დვრილი ცნობილია აგრეთვე "ბრმა ხალის” სახელწოდებით.
რა იწვევს ბროლის შემღვრევას და დაავადების რა ფორმები არსებობს?
- კატარაქტის მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის. უცნობია ისიც, რატომ ზიანდება ერთი თვალი მეორეზე მეტად. კატარაქტის მიზეზად ბევრი რამ შეიძლება ჩაითვალოს. კერძოდ, იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს ამა თუ იმ დაავადებასთან. არსებობს კატარაქტის თანდაყოლილი და შეძენილი, პროგრესირებადი და არაპროგრესირებადი ფორმები.
თანდაყოლილი კატარაქტა, ჩვეულებრივ, არ პროგრესირებს. კატარაქტის თანდაყოლილი ფორმა 10 000-დან ერთ ახალშობილთან გვხვდება. მას დაავადება შეიძლება მემკვიდრეობით ერგოს ან განუვითარდეს ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური თუ ანთებითი დაავადებების გამო, ასევე მაშინაც, თუ დედა ორსულობისას მოიხმარდა სტეროიდულ ჰორმონებს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.
რაც შეეხება შეძენილ კატარაქტას, მიზეზთა მიხედვით შეიძლება გამოიყოს მისი შემდეგი ფორმები:
- ასაკობრივი (მოხუცებულთა);
- ტრავმული - გამოწვეული როგორც კონტუზიით, ისე თვალის კაკლის პირდაპირი დაზიანებით;
- გართულებული - განვითარებული თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთების, გლაუკომის, ბადურას პიგმენტური გადაგვარებისა და თვალის ზოგიერთი დაავადების შედეგად;
- სხივური - სხივური ენერგიით (ინფრაწითელი, რენტგენისა და რადიაციული გამოსხივებით) ბროლის დაზიანების შედეგი (ეს, ძირითადად, პროფესიული დაავადებაა);
- ტოქსიკური - ამ ჯგუფს მიეკუთვნება წამლისმიერი კატარაქტა, რომელიც შესაძლოა ჩამოყალიბდეს კორტიკოსტეროიდების, ანტიმალარიული პრეპარატების ან სხვა მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების შემდეგ;
- ორგანიზმის ზოგადი დაავადებებით გამოწვეული - ვითარდება შაქრიანი დიაბეტის, ჰიპოთირეოზის, თირკმლის დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი სახის დარღვევის ფონზე.
კატარაქტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობაც. კატარაქტის რისკფაქტორებია: მდედრობითი სქესი, თვალის მუქი ფერი, სიმსუქნე, შავი კანი, ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება.
მაინც რა ხდება ამ დროს?
- ბროლის ბიოქიმიური შემადგენლობის ცვლილების გამო ირღვევა მისი სისხლით მომარაგება - კვება, ის ხდება მკვრივი და გაუმჭვირვალე. სინათლის სხივი ძლივს ახერხებს შემღვრეული ლინზის გავლას, ამიტომ ადამიანი გარე სამყაროს თითქოს დაორთქლილი მინიდან ხედავს. თანდათანობით კატარაქტა ძლიერდება და მხედველობის სიმახვილე კიდევ უფრო იკლებს. ე.წ. “მწიფე” კატარაქტის დროს ადამიანი ვეღარ არჩევს საგნების საზღვრებს, მხოლოდ ფერად ლაქებს ამჩნევს.