შეიძლება თუ არა ორსულობის დროს სქესობრივი ცხოვრება
ჯანმრთელობა, არამედ ორივე მეუღლის ბედნიერებაც. ამ საკითხებზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ სოფიო გელაშვილს ვეწვიეთ.
- ქალები ხშირად გვეკითხებიან, შეიძლება თუ არა სქესობრივი კონტაქტი ორსულობისას.
- ზოგიერთი სექსოლოგი მშობიარობას მეუღლეთა სქესობრივი ცხოვრების ლოგიკურ გაგრძელებას უწოდებს. ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ ორსულს, რომელიც მიზეზთა გამო იძულებული გამხდარა, თავი შეეკავებინა სქესობრივი ურთიერთობისგან. ამას ემატება ისიც, რომ მეუღლე ხშირად ვერ უგებს ორსულს. ამის გამო ურთიერთობა იძაბება. მეუღლეებმა უნდა გაითავისონ, რომ ურთიერთგაგება ნებისმიერი ოჯახის კეთილდღეობის საფუძველია.
- როგორ მოვიქცეთ, თუ ორსულობის დასაწყისში სქესობრივი ცხოვრება აღარ გვსიამოვნებს ან შიში გაგვიჩნდა?
- პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ ამის მიზეზი. მეორე - უნდა გადავწყვიტოთ ის პრობლემები, რომლებმაც გამოიწვია ეს მიზეზები.
- მაინც, რა მიზეზები იწვევს სქესობრივი ურთიერთობების დარღვევას მეუღლეებს შორის ორსულობის დროს?
- პირველ რიგში განვიხილოთ ის ფიზიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც მიმდინარეობს ორსული ქალის ორგანიზმში და სქესობრივ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.
-
ჰორმონული აფეთქება
ქალური ჰორმონების გაძლიერებული გამომუშავება ორსულის ორგანიზმში სერიოზულ გარდაქმნებს იწვევს. ამის ბრალია გაღიზიანებადობა, ტირილისკენ მიდრეკილება, უმართავი ემოციები. ორსულებს მკვეთრად ეცვლებათ გუნება-განწყობა, რაც გუშინ მოსწონდათ, დღეს აღიზიანებთ. მხოლოდ ძალიან მგრძნობიარე ქმარი თუ გაიგებს ამას. გაუგებრობას კი შესაძლოა უსიამოვნება მოჰყვეს და სულ მთლად დაარღვიოს ურთიერთობის ჰარმონია.
ქალის გუნება-განწყობის მერყეობა, რასაკვირველია, აისახება მის სქესობრივ ცხოვრებაზეც. ორსულობის დროს სქესობრივი ლტოლვა ყოველ ქალს სხვადასხვანაირად უვლინდება. უმეტესად იგი პირველ ტრიმესტრში მცირდება. ჯერ ერთი, ქალი იძულებულია, გაუმკლავდეს უჩვეულო მდგომარეობით გამოწვეულ ემოციებსა და შიშს. მას ხშირად ეუფლება უგუნებობა, არცთუ იშვიათია დაღლილობა, გულისრევა და ემოციური არამდგრადობა, რაც ჰორმონულ გარდაქმნებთან არის დაკავშირებული.
როდესაც თავს ცუდად გრძნობთ, სქესობრივი ურთიერთობის სურვილი არ გაქვთ - ეს მართალია, მაგრამ ყველაზე მძიმე ტოქსიკოზის დროსაც კი არსებობს ნათელი ინტერვალები, რომელთა გამოყენება თამამად შეიძლება. ჯანსაღ სქესობრივ ურთიერთობას მოაქვს დადებითი ემოცია, რომელიც ასუსტებს ტოქსიკოზის მოქმედებას. ძვირფასო მამაკაცებო! ნუ ელით ორსული მეუღლისგან ძველებურ ვნებას.
ნუ გამოიჩენთ მოუთმენლობას. მეტი დრო დაუთმეთ პლატონურ ურთიერთობას. მეუღლესთან ერთად ათვალიერეთ ფოტოალბომები, ვიდეოჩანაწერები, უსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, დაუზილეთ ცოლს მხრები და კისერი - შესაძლოა, ხასიათზე მოვიდეს. პირველ ტრიმესტრში არსებული ჩივილები მალე გაივლის და იწყება მგრძნობელობის ახალი აღმასვლა. სქესობრივი ლტოლვა აღდგება, ურთიერთობა უწინდელ კალაპოტს უბრუნდება.
ქალების უმეტესობას მეორე ტრიმესტრში უძლიერდება კიდეც ლიბიდო. ეს დაკავშირებულია ტოქსიკოზის შესუსტებასთან, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ორგანიზმში მიმდინარე ზოგიერთ ცვლილებასთან. კერძოდ, სისხლის მოცულობა იმატებს, ვულვისა და საშოს სისხლმომარაგება ძლიერდება, სასქესო ორგანოების დატენიანება უმჯობესდება. ბევრი ქალი სწორედ ამ დროს განიცდის პირველად ორგაზმს. თუ მუცლის მოშლის საფრთხე ან პლაცენტის წინამდებარეობა აღინიშნება, ექიმმა შესაძლოა სქესობრივი კონტაქტი აგიკრძალოთ. მეორე ტრიმესტრის ბოლოს ნაყოფი აქტიურად გაგრძნობინებთ თავის არსებობას. ამ დროს ბევრს უჩნდება შემდეგი კითხვები:
- ხომ არ გრძნობს ბავშვი, რას აკეთებენ მისი მშობლები?
- ხომ არ არსებობს ნაყოფის დაზიანების ან ინფიცირების საფრთხე?
ზოგიერთი ქალი უფრთხის სქესობრივ კონტაქტს, რადგან ჰგონია, ეს არაესთეტიკურია ბავშვთან მიმართებით, რომელიც უკვე მოძრაობს. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი მხოლოდ ერთი შეხედვით გვეჩვენება სასაცილო; სინამდვილეში ის მარტო ცოლზე კი არა, ქმარზეც ძლიერ გავლენას ახდენს. ბევრი მამაკაცი ორსულ ცოლს ქალად ვერც კი აღიქვამს, მასში პირველ რიგში თავისი შვილის დედას ხედავს.
ქალსაც უჭირს თავი დააღწიოს იმაზე ფიქრს, რომ ბავშვი "ყველაფერს ხედავს". რასაკვირველია, პაწიას არ ესმის, რა ხდება ცოლ-ქმარს შორის, მაგრამ ნამდვილად გრძნობს დედის განწყობას, ამიტომ როცა დედა კმაყოფილია, შვილიც კარგად გრძნობს თავს. ნორმალურად მიმდინარე ორსულობისას ნაყოფი საიმედოდ არის დაცული თავისი გარსებით, ამიტომ სექსი მას ვერაფერს დაუშავებს.
-
სხეულის ფორმების ცვალებადობა
ორსულის სხეული არაჩვეულებრივად მიმზიდველია და მოსიყვარულე მეუღლეს ნაზ გრძნობებს აღუძრავს, მაგრამ თავად ქალს არცთუ იშვიათად ერცხვინება თავისი გარეგნობის, გაუხეშებული ძუძუსთავების, რომლებიც მტკივნეული და მგრძნობიარეა და აღგზნების დროს შესაძლოა ხსენის გამოყოფაც დაიწყოს. ეს ქალს აიძულებს, თავი აარიდოს ქმრის ალერსს. ამასთან, სიტყვებს, რომ ახლა იგი ადრინდელზე ლამაზია, ქალი დაცინვად იღებს.
შეიყვარეთ საკუთარი სხეული - აი საუკეთესო გამოსავალი. ხსენმა რომ არ შეგაწუხოთ, ჩაიცვით ლამაზი ბიუსტჰალტერი - ეს თქვენს სქესობრივ ურთიერთობას განუმეორებელ ელფერს შესძენს. მესამე ტრიმესტრში ქალს კვლავ უცხრება სქესობრივი ურთიერთობის სურვილი. ამაში ბრალი მიუძღვის არა მარტო წამოზრდილ მუცელს, არამედ დაღლილობას, გვიანდელ ტოქსიკოზს, მღელვარებას მომავალი მშობიარობის გამო. თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, ნერვებს ნუ აჰყვებით, შეინარჩუნეთ ოჯახური ჰარმონია, ნუ მოაკლებთ მზრუნველობას ნურც მეუღლეს, ნურც საკუთარ თავს.
-
პლუსები და მინუსები
- ორსულობის დროს სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავების სასარგებლოდ შემდეგი არგუმენტები მეტყველებს:
- კოიტუსმა (შეუღლებამ, სქესობრივმა აქტმა) შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს ტონუსის მომატება; იმის მიხედვით, რომელ თვეს მოხდება სქესობრივი კონტაქტი, იგი შესაძლოა თვითნებური აბორტის ან ნაადრევი მშობიარობის მიზეზად იქცეს. თუ სქესობრივმა აქტმა მშობიარობა უმნიშვნელოდ დააჩქარა, ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ საკმაოდ ხშირია სანაყოფე ბუშტის ნაადრევი გასკდომა, რაც მშობიარობის გახანგრძლივებას გამოიწვევს, ამას კი შესაძლოა მოჰყვეს სერიოზული გართულებები როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვისაც.
- მამაკაცის სასქესო ორგანო პათოლოგიური ინფექციების მატარებელია, რომლებიც შეუღლების დროს საშოს ღრმა შრეებში ლაგდება. მშობიარობის შემდგომ პერიოდში იქმნება შესანიშნავი გარემო მათი ზრდისა და განვითარებისთვის, ამიტომ არსებობს მშობიარობის შემდგომი ინფექციების განვითარების საფრთხე.
- ორსულობის დროს სასქესო გზები სუსტდება, რბილდება და იჯირჯვება და მეტად მგრძნობიარე ხდება ნებისმიერი გამღიზიანებლის მიმართ. ამიტომ შესაძლოა, სქესობრივი აქტის დროს წარმოიშვას ჩახევები, რომლებიც ორსულობისას გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში - დიდია როგორც სისხლდენის, ისე ინფიცირების ალბათობა. ვინაიდან ორსული საშვილოსნო გაძლიერებულად მარაგდება სისხლით, ძლიერმა ჩახევამ შესაძლოა საბედისწერო სისხლდენაც კი გამოიწვიოს.
როგორც აღვნიშნეთ, ბევრი სქესობრივ ცხოვრებას დიდი მუცლის გამო არიდებს თავს. მართალია, ორსულის მუცელზე ნებისმიერი სახის ზეწოლა სარისკოა, მაგრამ ამის თავიდან აცილებას შევძლებთ, თუ ცოლ-ქმარი სქესობრივი კონტაქტისთვის დამზოგველ პოზას აირჩევს.
უცნობია, მავნეა თუ არა სპერმა ორსულისათვის, მაგრამ ვიცით, რომ ორულობის დროს საშოს კედლების შემწოვი უნარი მკვეთრად არის მომატებული. სავარაუდოდ, ამ დროს ორგანიზმი გამოყოფს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც საშოში შეჭრილ უცხო ცილებს (ამ შემთხვევაში - სპერმას) ანეიტრალებს.
ამრიგად, ყურადღებას მოითხოვს მხოლოდ ორი საკითხი:
1. არსებობს თუ არა საფრთხე, სქესობრივმა აქტმა გამოიწვიოს აბორტი, ნაადრევი ან დაჩქარებული მშობიარობა?
კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარეობს, რომ აბორტის, ნაადრევი და დაჩქარებული მშობიარობის ალბათობა განსაკუთრებით დიდია ორსულობის პირველი სამი და ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უფრო მეტად - იმ ქალებში, რომლებსაც აბორტებისა და ნაადრევი მშობიარობისადმი მიდრეკილება ახასიათებთ. ორსულობის მიწურულს სქესობრივმა აქტმა შესაძლოა სამშობიარო ტკივილებიც კი გამოიწვიოს.
ამრიგად, სქესობრივი აქტი არ არის საშიში თუ:
- ქალი ჯანმრთელია;
- წინა ორსულობის დროს არ ჰქონია თვითნებური აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა;
- სქესობრივი აქტი მიმდინარეობს ფრთხილად;
- პარტნიორები გაურბიან ქალის სასქესო ორგანოების ზედმეტ გაღიზიანებას;
- იცავენ ჰიგიენის ელემენტარულ წესებს;
- და სქესობრივი კონტაქტი არ ხორციელდება ორსულობის ბოლო ოთხ კვირას;
ჯანმრთელი ორსულისთვის საფრთხე უმნიშვნელოა. ორსულობის დროს სქესობრივი ურთიერთობის სასარგებლო არგუმენტები ძირითადად ფსიქოლოგიური ხასიათისაა.
2. იცვლება თუ არა ორსულობისას ქალის სქესობრივი სურვილები?
საერთო აზრი ამის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს. სპეციალისტების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ორსულობის დროს სურვილი მკვეთრად ქვეითდება. მეორენი, რომლებიც უმცირესობაში არიან, მიიჩნევენ, რომ ორსულს სქესობრივი სურვილი უძლიერდება სასქესო ქსოვილების მეტად აღგზნებულ მდგომარეობაში ყოფნის გამო. გინეკოლოგები ამტკიცებენ, რომ სქესობრივი სურვილი იმატებს ორსულობის დასაწყისში.
მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ მაინც ქალის ტემპერამენტზე, ორსულობის ვადასა და ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. თანამედროვე ფსიქოლოგია ორსულობის დროს სქესობრივ ცხოვრებას ნორმალურად აღიქვამს. უფრო მეტიც - გამოკვლევები ადასტურებს, რომ ორსულობის დროს სქესობრივი ურთიერთობის შენარჩუნება არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიც კია.
-
- როდის შეიძლება აღდგეს სქესობრივი ცხოვრება მშობიარობის შემდეგ?
- ექიმები გვირჩევენ, მშობიარობიდან თვე-ნახევრის განმავლობაში მაინც სქესობრივი ურთიერთობისგან თავი შევიკავოთ. მეან-გინეკოლოგების დაკვირვებით, ამ ხნის განმავლობაში საშვილოსნო იბრუნებს პირვანდელ ზომებს და მისი ლორწოვანი გარსი მთლიანად აღდგება.
ცხადია, ყველა ქალი ერთნაირი არ არის; ხშირად სქესობრივი ურთიერთობის აღდგენას ხელს უშლის ბავშვზე ზრუნვა, უძილო ღამეები და მშობიარობის შემდგომი დეპრესია, მაგრამ არიან ქალები, რომლებიც უფრო ადრეც გადაეშვებიან ხოლმე სიყვარულის მორევში. ბევრ ქალს ისე ღლის მშობიარობა და მასთან დაკავშირებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური სტრესი, რომ დიდხანს არ შეუძლია სექსზე ფიქრი.
ბევრი სექსს თავს იმის შიშით არიდებს, საშოში ნაკერები არ გაეხსნას. მშობიარობის შემდეგ საშოში სიმშრალის შეგრძნების თავიდან ასაცილებლად არსებობს სპეციალური კრემები, თუმცა ნორმალური სქესობრივი ურთიერთობის აღსადგენად გაცილებით მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ დადებითი ემოციები სჭირდება ორივე მეუღლეს: არა მარტო ქმარს, რომელსაც სწყინს, რომ ცოლი მთლიანად ბავშვზე გადაერთო, არამედ თავად ქალსაც. გაიხსენეთ, რამდენი ბედნიერი წუთი გაგიტარებიათ ერთად; ბავშვი ცოტა ხნით ბებიას გადააბარეთ, თქვენ კი რომანტიკული საღამო მოიწყვეთ;
თუ ორივე მოინდომებთ, აუცილებლად იპოვით ერთმანეთთან მისასვლელ გზას და დაიწყება ახალი, სრულფასოვანი ოჯახური ცხოვრება, სადაც ყველაფრისთვის მოიძებნება ადგილი - შვილისთვისაც და მეუღლის სიყვარულისთვისაც.