ქრონიკული პნევმონია
შემთხვევაში ამბობენ, რომ პნევმონია პირველადია, მეორე შემთხვევაში - მეორეული.
მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ პნევმონიას. გამომწვევი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივეა - სხვადასხვა ტიპის ბაქტერია (პნევმოკოკი, სტერეპტოკოკი, სტაფილოკოკი) და ვირუსი. პნევმონია ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება.
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს არახელსაყრელი პირობები:
- ძლიერი გადაცივება;
- მნიშვნელოვანი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური გადატვირთვა;
- ორგანიზმის იმუნოლოგიური მდგრადობის დაქვეითება, რაც, თავის მხრივ, ზედა სასუნთქ გზებში არსებული პათოგენური (ავადმყოფობის გამომწევი) მიკროფლორის გააქტიურებას განაპირობებს;
- გარემოს დაბინძურება.
რაც შეეხება ქრონიკულ პნევმონიას, ის შეიძლება იყოს მწვავე პნევმონიის უეფექტო მკურნალობის ან ერთსა და იმავე ფილტვში განმეორებითი პნევმონიის შედეგი, ქრონიკული ბრონქიტის, ჰაიმორიტის გართულება. მაპროვოცირებელი ფაქტორებია ალკოჰოლიზმი, თამბაქოს წევა, გადაღლა, ავიტამინოზი, აუტოიმუნური პროცესები. მნიშვნელობა აქვს ალერგიულ მდგომარეობასაც.
-
დიაგნოსტიკური ნიშნები
ქრონიკული პნევმონიის დროს ფილტვებში ხშირად ვხვდებით ბრონქოექტაზებს - ბრონქების გაფართოებას, დეფორმაციას. ქრონიკული ანთებითი პროცესის გამო ბრონქის კედლის კუნთოვანი ქსოვილი შემაერთებელი ქსოვილით იცვლება, რაც მისი ელასტიკურობის დაქვეითებას იწვევს. ბრონქის კედელი იჭიმება, განსაზღვრულ ადგილებზე ჩნდება ცილინდრის ფორმის გაფართოება, სადაც გროვდება ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი. ამ ცვლილებებიდან გამომდინარეობს ის ჩივილები, რომლებზეც ავადმყოფები მიუთითებენ.
დაავადებას ახასიათებს ტალღისებური მიმდინარეობა: დაავადება პერიოდულად მწვავდება, ხოლო სათანადო ღონისძიებების შემდეგ ცხრება.
ქრონიკული პნევმონიისას ჩივილები ისეთივეა, როგორიც მწვავე პნევმონიის დროს: ხველა ნახველით, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, ტემპერატურის მომატება. მაგრამ, მწვავე პნევმონიისგან განსხვავებით, ეს სიმპტომები ნელა სუსტდება და სრული გამოჯანმრთელება არ მიიღწევა. გამწვავებათა სიხშირე დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებაზე, გარემო პირობებზე.
გახანგრძლივებული და ხშირი გამწვავება იწვევს ფილტვის ქსოვილის სკლეროზს (პნევმოსკლეროზს) და ბრონქების გაფართოებას (ბრონქოექტაზებს). სწორედ ეს გართულებებია, დაავადების მიმდინარეობას რომ ამძიმებს. ირღვევა ფილტვების ვენტილაცია, აირთა ცვლა, ვითარდება ფილტვის უკმარისობა, რაც შემდეგში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ცვლილებებსაც განაპირობებს. ავადმყოფი უჩივის მტანჯველ ხველას, ზოგჯერ - დიდი რაოდენობის (500 მლ) მომწვანო, უსიამოვნო სუნიანი ნახველით. ხშირია სისხლიანი ხველა, ფილტვიდან სისხლდენაც კი 200-300 მლ სისხლის დაკარგვით. აღინიშნება ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა. ტემპერატურის მომატება პროცესის გამწვავებასა და ფილტვებში ნახველის შეგუბებასთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება ავადმყოფის გარეგნულ მდგომარეობას, თვალში საცემია სიგამხდრე, მოგვიანებით ვითარდება კანის სიმშრალე, ჰიპოვიტამინოზის ნიშნები, დოლის ჯოხისებრი თითები, საათის მინისებრი ფრჩხილები. ფილტვების მოსმენისას ექიმს ესმის სველი ხიხინი, ბრონქული სუნთქვა. ბრონქოგრაფიით მიღებული სურათი ჰგავს ფოთლოვან ხეს. სისხლში აღინიშნება ლეიკოციტების, ედრ-ის მომატება.
-
მკურნალობა
პნევმონიის დროს მკურნალობა უნდა წარიმართოს ექიმის მეთვალყურეობით, რადგან მწვავე პნევმონიის გახანგრძლივება და მისი ქრონიკულ ფორმაში გადასვლა არცთუ იშვიათად სწორედ თვითმკურნალობით არის განპირობებული. ანტიბიოტიკების, სიცხის დამწევების უმართებულო მოხმარება იწვევს სიცხის ფორმალურ დაწევას, ხოლო ანთებითი პროცესის ჭეშმარიტ მიმდინარეობაზე არ აისახება. გარდა ამისა, ანტიბიოტიკების არასწორი და არასათანადო დოზით მიღება ართულებს შემდგომ მკურნალობას, ვინაიდან ყალიბდება რეზისტენტული მიკროფლორა - ბაქტერიები წამლების მიმართ შეუვალნი ხდებიან.
დაავადების სრულ ლიკვიდაციას, დაზიანებული ფილტვის ნორმალური სტრუქტურის აღდგენას უზრუნველყოფს სხვადასხვა პროცედურა, რომლებიც ანტიბაქტერიულ მკურნალობასთან ერთად უნდა გამოვიყენოთ: კოტოშები, მდოგვის საფენები, ფიზიოთერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები. გამოჯანმრთელებას ხელს უწყობს ორგანიზმის დამცავი ძალების გააქტიურება, რაციონალური ჰიგიენური ღონისძიებები და სრულყოფილი კვება.
-
რეჟიმი
აუცილებელია, რაც შეიძლება კარგად განიავდეს ადგილი, სადაც ავადმყოფი იმყოფება. ხშირად უნდა გამოიცვალოს როგორც საწოლის, ისე ავადმყოფის თეთრეული, განსაკუთრებით - ძლიერი ოფლიანობისას. საჭიროა კანის მოვლა (გაწმენდა სველი პირსახოცით). ქოშინის დროს ავადმყოფს სხეულის ზედა ნაწილი წამოწეული უნდა ჰქონდეს. ქრონიკული პნევმონიის დროს, რომელსაც ბრონქოექტაზები ახლავს თან, ავადმყოფის საკვები უნდა იყოს ცილებით მდიდარი (100-120 მგ ცილა დღე-ღამეში), რადგან ავადმყოფი ნახველთან ერთად ბევრ ცილას კარგავს (დღე-ღამის განმავლობაში ზოგჯერ 1 ლიტრ ნახველსაც გამოყოფს). რაციონი უნდა შეივსოს B დa C ჯგუფის ვიტამინებით.
მედიკამენტური მკურნალობის ძირითადი კომპონენტია ანტიბიოტიკები. მათი დანიშვნა ხდება ნახველის მიკროფლორის გამოკვლევისა და ანტიბიოტიკებისადმი მისი მგრძნობელობის დადგენის შემდეგ. მდგომარეობიდან გამომდინარე, ანტიბიოტიკები შეიძლება შეყვანილ იქნეს კუნთში, ვენაში, პერორალურად (დალევით) და ინჰალაციის სახით. ანტიბიოტიკებთან ერთად ინიშნება სულფანილამიდური პრეპარატები.
ფართო გავრცელება პოვა მკურნალობის ეტაპურმა სისტემამ: სტაციონარი - სპეციალიზებული სანატორიუმი - პოლიკლინიკა. გამწვავების პერიოდში მკურნალობა მიმდინარეობს სტაციონარში, ინდივიდუალურად შერჩეული ანტიბიოტიკებით დაახლოებით 10-14 დღის მანძილზე. ერთდროულად ინიშნება ნისტატინი, ანტიჰისტამინური პრეპარატები და ვიტამინები. ბრონქების გამავლობის გასაუმჯობესებლად მიმართავენ ინჰალაციას ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარით, ფერმენტების (ტრიფსინის, ქიმოფსინის) დამატებით, იყენებენ აცეტილცისტეინს, რომელიც ათხელებს ნახველს. ინიშნება ამოსახველებელი საშუალებები. სამკურნალო ბრონქოსკოპიით შეიძლება ანტიბიოტიკების, ანტისეპტიკური საშუალებების უშუალოდ ბრონქებში შეყვანა. ფილტვ-გულის უკმარისობის დროს ინიშნება სტროფანტინი, კორგლიკონი, სველი ჟანგბადი, ჩვენების მიხედვით - გამა-გლობულინი. აუცილებელია ფიზიოთერაპია, მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველით მოქმედება (მიკროტალღოვანი თერაპია), ელექტროფორეზი სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერებით (2-5%-იანი კალციუმის ქლორიდით, 5%-იანი სპილენძის სულფატით და სხვა). აუცილებელია ინფექციის მეორეული კერების (მაგალითად, სინუსების) გამორეცხვა.
მკურნალობის ბოლომდე მისაყვანად სტაციონარში ყოფნის შემდეგ სასურველია სპეციალიზებულ სანატორიუმში მკურნალობის გაგრძელება, პოლიკლინიკაში კი ტარდება გამწვავების საპროფილაქტიკო თერაპია, რომლის გაგრძელებაა ასევე სანატორიული მკურნალობა.
პროცესის ჩაცხრობის შემდეგ სასურველია და აუცილებელიც რაციონალური რეჟიმის დაწესება, რაც გულისხმობს პარკში, ტყეში და, საერთოდ, სუფთა ჰაერზე ყოფნას თბილჰავიან და წიწვოვანტყიან ადგილებში, სამკურნალო ფიზკულტურას. უნდა შეირჩეს ვარჯიში, რომელიც მიმართულია სრულყოფილი სუნთქვის შესასწავლად - გახანგრძლივებული ამოსუნთქვა, დიაფრაგმული სუნთქვის განვითარება, გულმკერდისა და ხერხემლის მოძრაობის გაზრდა.
თუ ამ ღონისძიებებმა სასურველი ეფექტი არ მოგვცა, საჭიროა ქირურგ-პულმონოლოგთან კონსულტაცია ქირურგიული მკურნალობის შესახებ. შედარებით უკეთესი შედეგი მიიღება შემოსაზღვრული ფორმის ქრონიკული პნევმონიის დროს.
-
პროგნოზი
პროგნოზი დამოკიდებულია მკურნალობის მიმართულებასა და არსებულ გართულებებზე. შემოფარგლული ფორმის დროს პროგნოზი საიმედოა, გავრცელებულის შემთხვევაში კი პათოლოგიური პროცესი ხშირად პროგრესირებს.
-
მცენარეული საშუალებები
რაც შეეხება მცენარეულ საშუალებებს, ქრონიკული ბრონქიტის მკურნალობისას მათზე დაყრდნობას არ გირჩევთ, თუმცა შეიძლება მათი გამოყენება დამხმარე საშუალებებად. ასეთი მცენარეებია:
ბეგქონდარა. იგი არის ამოსახველებელი და ხველის დამაწყნარებელი საშუალება, განსაკუთრებით - როცა ხველა სპაზმურია; აქვს აშკარა სადეზინფექციო თვისებები ჩირქოვანი ბრონქიტისა და ბრონქოექტაზიის დროს, როცა დიდი რაოდენობით ნახველი გამოიყოფა.
ვირისტერფა. მისი ფოთლები გამოიყენება როგორც ნახველის დამარბილებელი და ამოსახველებელი საშუალება. 15 გ ფოთოლს ასხამენ 200 გ მდუღარეს და იღებენ 50 გრამს დღეში 3-ჯერ.
თავშავა. მიიღება გაციებისა და ხველების დროს. აქვს ამოსახველებელი ეფექტი. 10-15 გ თავშავას ესხმება ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და მიიღება 1 სუფრის კოვზი დღეში 4-ჯერ.
ევკალიპტი. იგი გამოყოფს აქროლად ნივთიერებას, რომელიც ჰაერთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის წყალბადის ზეჟანგს და ქაფურის მჟავას - არაჩვეულებრივ სადეზინფექციო და ლპობის საწინააღმდეგო საშუალებებს, ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში ევკალიპტის ხსნარით ავადმყოფის პალატასაც კი რწყავენ ანდა ლარნაკით დგამენ მის ტოტებს. გამოიყენება როგორც ზეთი, ისე ნახარში.
დასასრულ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი რეკომენდაციები ზოგადია. გირჩევთ, ყოველ კერძო შემთხვევაში მიმართოთ სამკურნალო დაწესებულებას და კონსულტაცია სპეციალისტისგან მიიღოთ.