ბრონქოექტაზია
ანთების შედეგად ბრონქის კედლის დაზიანებისას ნორმალური ანატომიური დატოტიანება იკარგება, ბრონქის კედელი არარეგულარულ ფორმას იღებს. სეკრეტი, რომელიც ჯანმრთელი ბრონქებიდან გამოიყოფა, ფორმაშეცვლილ ბრონქებში, პირიქით, გროვდება, რაც შესაფერის გარემოს ქმნის ბაქტერიების გასამრავლებლად, ბაქტერიების გამრავლება კი, თავის მხრივ, შემდგომი გაღიზიანებისა და ანთების, სასუნთქი გზების პროგრესული დაზიანების, უფრო უხვი სეკრეციის მიზეზად იქცევა. ასე იკვრება მანკიერი წრე, ყოველივე ეს კი ქმნის პირობებს ფილტვის ქსოვილზე ინფექციის უშუალო გავრცელებისთვის - ვითარდება ფილტვების ანთება. ხშირად ბრონქოექტაზია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ფორმაა. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გარდა ბრონქოექტაზიისა, მოიცავს ემფიზემას და ქრონიკულ ბრონქიტს. ბრონქოექტაზი შეიძლება იზოლირებულადაც შეგვხვდეს, თუმცა უმეტესად ის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ერთ-ერთი კომპონენტია. აღწერილია თანდაყოლილი ბრონქოექტაზებიც, რომელთა მიზეზი გენეტიკური დეფექტია. ამის მაგალითია ბრონქოექტაზები მუკოვისციდოზის - ცისტური ფიბროზის დროს. გენეტიკური დაავადება ალფა 1 ანტიპროტეაზების (ანტიტრიფსინის) დეფიციტი, ჩვეულებრივ, ემფიზემას იწვევს, მაგრამ ამ მდგომარეობის დროს შესაძლოა შეგვხვდეს ბრონქოექტაზებიც. სასუნთქი გზების წამწამოვანი ეპითელიუმის ემბრიოლოგიური დეფექტი, ეგრეთ წოდებული უძრავი წამწამების სინდრომი, ბრონქოექტაზიის კიდევ ერთი მიზეზია. ხშირად მას თან ახლავს შინაგანი ორგანოების მდებარეობის ცვლილება, როცა გული მდებარეობს მარჯვნივ, ხოლო ღვიძლი - მარცხნივ. ამ შემთხვევაში კარტაგენერის სინდრომზე საუბრობენ. ადრეულ ბავშვობაში გადატანილი ფილტვის ინფექცია შესაძლოა ბრონქის კედლის რღვევისა და მოგვიანებით ბრონქოექტაზიის მიზეზად იქცეს. ამის გათვალისწინებით, პროფილაქტიკა მკურნალობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. სხვა ღონისძიებებთან ერთად ეს გულისხმობს სათანადო იმუნიზაციას, პასიური მწეველობისა და სხვა ტოქსინების ზემოქმედების თავიდან აცილებას. ბრონქოექტაზიას ახასიათებს ჭარბი ნახველის წარმოქმნა, განმეორებითი ინფექციები და ფილტვის ფუნქციის თანდათანობითი დაქვეითება, რაც ქოშინს იწვევს.
რა განაპირობებს ბრონქოექტაზიას
ბრონქოექტაზიის მიზეზია მსხვილი ბრონქების კედლის დაზიანება, რის შედეგადაც ბრონქის კუნთოვანი და ელასტიკური შრე ირღვევა და ბრონქის კედლის შეკუმშვის უნარი იკლებს. ეს ცვლილებები ამცირებს ფილტვების ექსკურსიის (სუნთქვისას მოძრაობის) და ნორმაში წარმოქმნილი სეკრეტისგან გაწმენდის უნარს. როგორც აღვნიშნეთ, ბრონქის სანათურში დაგროვილი სეკრეტი ქმნის ხელსაყრელ პირობებს ფილტვების ანთებისა და ბრონქიტის განვითარებისთვის, რაც დაზიანებას აღრმავებს. ანატომიური თავისებურებების მიხედვით განასხვავებენ ბრონქოექტაზების სამ ტიპს:
- ცილინდრულ ბრონქოექტაზებს - ეს არის ბრონქოექტაზის საშუალო სიმძიმის ფორმა, რომელიც ასახავს სასუნთქი გზების ნორმალური დატოტიანების კარგვას. სიმპტომები შესაძლოა საშუალო სიმძიმისა იყოს, მოგვაგონებდეს ქრონიკულ ხველას. ცვლილებებს, ჩვეულებრივ, აღმოაჩენენ ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფიით.
- პარკისებრ ბრონქოექტაზებს - ეს დაავადების უფრო მძიმე ფორმაა, ბრონქების კედლების შემდგომი დაზიანების შედეგია და უფრო მეტი ნახველის გამოყოფა ახასიათებს.
- ცისტურ ბრონქოექტაზებს - ეს არის ბრონქოექტაზების ყველაზე მძიმე ფორმა, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაზე იშვიათიც. ეს ფორმა ხშირად აღირიცხებოდა ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე, როცა დაავადება ბუნებრივი გზით ვითარდებოდა და გადარჩენილ პაციენტებს ფილტვის ქსოვილი უზიანდებოდათ. ასეთ პაციენტებს გადატანილი ფილტვის ინფექციის შემდეგ რჩებოდათ ქრონიკული ხველა ნახველით, რომელიც დილაობით სავსე პირით გამოიყოფოდა და ჭიქაზე მეტი იყო.
როგორც ითქვა, ბრონქოექტაზია შესაძლოა დაკავშირებული იყოს თანდაყოლილ დაავადებებთან. ესენია:
- ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);
- კარტაგენერის სინდრომი;
- იანგის სინდრომი - სინუსიტისა და უნაყოფობის სინდრომი;
- ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი.
ბრონქოექტაზიის შეძენილი მიზეზებია:
- სასუნთქი გზების განმეორებითი ინფექციები;
- უცხო სხეულების ასპირაცია;
- ამონიუმისა და სხვა ტოქსიკური აირების ჩასუნთქვა;
- ალკოჰოლი და ნარკოტიკები;
- ტუბერკულოზი;
- ნაწლავთა ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი).
ბრონქოექტაზის კლინიკური ნიშნები
ბრონქოექტაზები თანდათან ვითარდება. მათი ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია გახანგრძლივებული, განმეორებითი ხველა და ნახველის გამოყოფა. ნახველი, ჩვეულებრივ, არ შეიცავს სხვა კომპონენტებს, თუმცა გამორიცხული არ არის, ბრონქის კედლის დაზიანების შედეგად სისხლი შეერიოს ან ინფექციის თანდართვის გამო მიიღოს მომწვანო-მოყვითალო ფერი. ქოშინი და სისუსტე მოგვიანებით, ფილტვის ფუნქციის დაქვეითებისას ვითარდება. შესაძლოა ისმინებოდეს ხიხინი. დაავადების პროგრესირებისას ან მაშინ, თუ ის ცუდადაა კონტროლირებული სათანადო მკურნალობით, კუნთებს უფრო მეტი მუშაობა უხდება სუნთქვისას. შედეგად მოსალოდნელია წონის კლება და სიცოცხლის ხარისხის გაუარესება. როდესაც ბრონქოექტაზია სხვა დაავადების კლინიკური სურათის კომპონენტია, შესაძლოა ყურადღება მიიპყროს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელმა სიმპტომებმა. მაგალითად, ტუბერკულოზის გამო აღმოცენებული ბრონქოექტაზიის დროს მოსალოდნელია სისხლიანი ხველა, ცხელება, შემცივნება, ღამით ოფლიანობა. კრონის დაავადების დროს ყურადღებას იპყრობს მუცლის ტკივილი და ფაღარათი. თანდაყოლილი ბრონქოექტაზია აშკარა ხდება განმეორებითი ფილტვების ანთებისას.
როდის არის აუცილებელი ექიმის კონსულტაცია
ყველამ, ვისაც აქვს აუხსნელი მიზეზის ქოშინი ან ქრონიკული ხველა აწუხებს, უნდა მიმართოს ექიმს. ბრონქოექტაზები, ჩვეულებრივ, თანდათანობით ყალიბდება, პაციენტები ექიმს მიმართავენ ქრონიკული ხველის, ნახველის რაოდენობის თანდათანობითი მატების, ფიზიკური დატვირთვისა და შემდგომ - ქოშინის გამო, რომელიც მოსვენების დროსაც კი არ გაივლის. ექიმთან ვიზიტის კიდევ ერთი მიზეზია განმეორებითი ფილტვების ანთება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრონქოექტაზიას ზოგჯერ თან ახლავს სისხლიანი ხველა. ეს არასოდეს არ არის ნორმა და ნებისმიერ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტის ჩვენებაა. უნდა გვახსოვდეს, რომ აღწერილი სიმპტომების მიზეზი შეიძლება იყოს ფილტვების ანთება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ტუბერკულოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია ან ფილტვის სიმსივნე. ამ დაავადებათა დიაგნოსტიკა ექიმის პრეროგატივაა.
ბრონქოექტაზიის დიაგნოსტიკა
ბრონქოექტაზიის დიაგნოსტიკა პაციენტის დეტალური გამოკითხვითა და გულდასმით ჩატარებული გასინჯვით იწყება. პაციენტი შესაძლოა მიუთითებდეს, რომ აქვს ყოველდღიური ხველა და ნახველის გამოყოფა (ნახველი შესაძლოა იყოს როგორც ჩვეულებრივი, ისე სისხლნარევი ინფექციის გამო ბრონქული კედლის დაზიანების შედეგად). ხშირი გართულებებია ქოშინი, თავდაპირველად - დატვირთვისას, შემდგომში - მოსვენების დროსაც, ასევე - ხიხინი, სისუსტე, ტკივილი გულმკერდში. პაციენტის გასინჯვით მიღებული მონაცემები შესაძლოა ნორმალური იყოს, ანდა ხიხინი ისმინებოდეს. დაავადების სიმძიმისა და მიმდინარეობის ხანგრძლივობის კვალობაზე, შესაძლოა გამოვლინდეს წონის კლება, ციანოზი - კანისა და ლორწოვანების სილურჯე ჟანგბადის დეფიციტის გამო, გულის მარჯვენა ნაწილის უკმარისობა, რომელიც ვლინდება ქოშინით, ქვედა კიდურების შეშუპებით, ღვიძლის გადიდებით. პაციენტის ისტორიასა და მისი გასინჯვით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ექიმმა შესაძლოა ბრონქოექტაზია ივარაუდოს. ამ შემთხვევაში იგი დაგეგმავს კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რომელიც მის ვარაუდს დაადასტურებს. კომპიუტერული ტომოგრაფია გვეხმარება იმ დაავადების დადგენაშიც, რომელსაც შესაძლოა ბრონქოექტაზების აღმოცენება გამოეწვია. ფილტვების რენტგენოგრაფია შესაძლოა დაგვეხმაროს დიაგნოზის დადგენასა და დაავადების პროგრესირების კონტროლში, თუმცა კომპიუტერული ტომოგრაფიით მიღებული მონაცემები უფრო ზუსტია. როდესაც ბრონქოექტაზების არსებობა დასტურდება, მათი გამომწვევი მიზეზების ძიება გრძელდება. სათანადო ჩვენებით ტარდება სისხლისა და ნახველის გამოკვლევა. სუნთქვის ფუნქციის კვლევა, სპირომეტრია, ფილტვების დაზიანების ხარისხის დაზუსტებაში გვეხმარება. იგი საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების არსებობა, სასუნთქი გზების რეაქცია ბრონქების გამაფართოებელი საშუალებების ჩასუნთქვაზე. განმეორებითი კვლევებით მოწმდება მკურნალობის ეფექტურობა. უფრო იშვიათად შესაძლოა ჩატარდეს ბრონქოსკოპია ბრონქების ლორწოვანის დასათვალიერებლად. ის შესაძლოა დაიგეგმოს, როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფია სიმსივნეს ან უცხო სხეულს ავლენს. ბრონქოსკოპიით შესაძლებელია სამკურნალო ჩარევაც - დაგროვილი სქელი სეკრეტის მოცილება.
ბრონქოექტაზიის მკურნალობა
სამწუხაროდ, ბრონქოექტაზიის განკურნება შეუძლებელია. მკურნალობის მიზანია ბრონქების სეკრეტის წარმოქმნის შემცირება და ინფექციის პროფილაქტიკა. ზოგჯერ, როდესაც დაავადება შემოფარგლულია და ფილტვის ერთ არეს მოიცავს, შესაძლებელია დაზიანებული არის ქირურგიული ამოკვეთა. ყველა პაციენტისთვის აუცილებელია ფილტვების სათანადო მოვლა. ამისთვის საჭიროა:
- იმუნიზაცია ინფექციების თავიდან ასაცილებლად;
- საკმაო სითხის მიღება ნახველის გასათხიერებლად;
- თამბაქოს წევის შეწყვეტა და პასიური მწეველობის (სხვის მიერ მოწეული სიგარეტის კვამლის ჩასუნთქვა) თავიდან აცილება;
- სათანადო კვება ორგანიზმის კალორიებით უზრუნველსაყოფად.
ფიზიკური თერაპია
ბრონქოექტაზების მკურნალობის საფუძველია გულმკერდის ფიზიკური თერაპია, რაც ხელს უწყობს ამოხველებას და ანტიბიოტიკების დანიშვნა ინფექციის თავიდან ასაცილებლად. ვინაიდან დაავადებისას დაზიანებულია ბრონქების გლუვი კუნთები, იყენებენ ნახველისგან გაწმენდის მექანიკურ საშუალებებს ბრონქებში ჰაერის მოძრაობის გასაუმჯობესებლად და ინფექციის რისკის შესამცირებლად. გულმკერდის ფიზიკური თერაპიისას გამოიყენება გულმკერდზე ხელის დარტყმა და დაკვრა, რაც აფაშრებს სეკრეტს, მერე კი სხეულს აძლევენ ისეთ პოზიციას, რომელიც სიმძიმის ძალის ზემოქმედებით ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას. პროცედურა შეიძლება ჩაატაროს ფიზიოთერაპიის მეთოდისტმა, თუმცა პაციენტის ოჯახის წევრებმაც შეიძლება შეისწავლონ აღნიშნული მეთოდიკა. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მექანიკური მოწყობილებებიც. ინფექციის მკურნალობის, ზოგჯერ კი პროფილაქტიკის მიზნით ტარდება ანტიბიოტიკოთერაპია. ანტიბიოტიკის არჩევანი დამოკიდებულია კლინიკურ ვითარებაზე ან გამომწვევი ბაქტერიის შესახებ ნახველისა და სისხლის გამოკვლევით მიღებულ მონაცემებზე. მრავალი პაციენტი დროთა განმავლობაში იმეორებს განსაზღვრული ანტიბიოტიკების კურსს. ბოლო წლებში ტაბლეტირებულ ანტიბიოტიკებთან ერთად გამოიყენება საინჰალაციო (შესასუნთქი) ფორმებიც. უფრო მძიმე შემთხვევებში აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკის ინტრავენური ინექცია. ზემოხსენებულ წამლებთან ერთად შესაძლოა დაინიშნოს პრეპარატები სეკრეტის გასათხელებლად, ბრონქების გასაფართოებლად, ანთების შესამცირებლად და, შესაბამისად, ინფექციის რისკის დასაქვეითებლად. ჩასასუნთქი ჰორმონების გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს სეკრეტის წარმოქმნა, გააფართოოს ბრონქები, შეაფერხოს ბრონქოექტაზების პროგრესირება. ზოგჯერ ჩასასუნთქი ჰორმონების ანთების საწინააღმდეგო ეფექტი საკმარისი არ არის - საჭირო ხდება ამ მედიკამენტების ტაბლეტირებული ფორმა. ბრონქების გამაფართოებელი ჩასასუნთქი საშუალებები აფართოებს ბრონქებს, აადვილებს მათში ჰაერის მოძრაობას, სეკრეტის გამოყოფას. შესაძლოა დაინიშნოს ჰორმონისა და ბრონქების გამაფართოებელი საშუალების კომბინირებული ჩასასუნთქი პრეპარატი. ფილტვის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითებისას შესაძლოა საჭირო გახდეს ჟანგბადის ინჰალაცია. როგორც აღვნიშნეთ, ლოკალური ბრონქოექტაზების დროს შესაძლოა დაინიშნოს ქირურგიული მკურნალობა. ის საჭიროა მაშინაც, როცა ვერ ხერხდება ინფექციის კონტროლი ან ვითარდება სისხლდენა.
ბრონქოექტაზიის გართულებები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრონქოექტაზიის დროს ირღვევა ბრონქებში არსებული სეკრეტის გამოყოფა. ეს იწვევს განმეორებით ინფექციას, ზრდის ნახველის პროდუქციას, ართულებს სუნთქვას. ფილტვებისთვის ჰაერის მიწოდების შემცირება აქვეითებს სისხლში ჟანგბადის შემცველობას, იწვევს ქოშინს ჯერ დატვირთვის, მერე კი მოსვენების დროსაც. სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება ფილტვის არტერიების სპაზმს განაპირობებს. შედეგად იმატებს წნევა ფილტვის არტერიაში - ვითარდება პულმონური (ფილტვის) ჰიპერტენზია. ფილტვის არტერიაში მომატებული წნევა ართულებს გულის მარჯვენა პარკუჭის მუშაობას, იწვევს მისი კუნთის ჰიპერტროფიას, საბოლოოდ ყალიბდება ფილტვისმიერი გული. გულის მარჯვენა პარკუჭი, რომელიც გადაისვრის სისხლს ფილტვის არტერიაში, სუსტდება, ვითარდება მისი უკამრისობა, რაც კლინიკურად ვლინდება ქვედა კიდურების შეშუპებითა და მუცლის ღრუში სითხის დაგროვებით. როგორც აღვნიშნეთ, ზოგჯერ ბრონქოექტაზია სისხლიან ხველასაც იწვევს. ფილტვების ანთების, ხველისას მნიშვნელოვანი რაოდენობის სისხლის ამოხველების, სუნთქვის უკმარისობის, გულის უკმარისობის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის გადაყვანა სტაციონარში. ბრონქოექტაზიის დროს გარდაცვალების მიზეზი უმეტესად სუნთქვითი ან გულის უკმარისობაა. ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია. ამ დროს აუცილებელია სპეციალური ანტიბიოტიკების ინტრავენური გადასხმა, რაც სტაციონარში უნდა ჩატარდეს.
როგორია პროგნოზი
დაავადების ადრეული გამოვლენა და სათანადო მკურნალობა სიმპტომების კონტროლსა და მათ შემცირებაში გვეხმარება. პაციენტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მკურნალობა და კონტროლი მთელი სიცოცხლის განმავლობაში საშუალებას გვაძლევს, მინიმუმამდე შევამციროთ გართულებები და მაქსიმალურად გავზარდოთ სიცოცხლის ხანგრძლივობა.