ნახველი და მისი გამოკვლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნახველი და მისი გამოკვლევა

მის საფუძვლიან ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის სწორი ტაქტიკისა და ანტიბიოტიკოთერაპიის რაციონალური კურსის შერჩევისთვის. სამწუხაროდ, ისევე როგორც სხვა გამოკვლევებს, მასაც ხშირად უგულებელყოფენ (უმთავრესად - ფინანსური პრობლემების გამო), არადა ნახველის გამოკვლევის გარეშე ანტიბიოტიკების დანიშვნა ძნელია (და უმართებულოც). მით უფრო დაუშვებელია ამა თუ იმ მედიკამენტით თვითმკურნალობა. ასე ორგანიზმი არამცთუ ვერ მოერევა დაავადებას, არამედ უფრო მეტად დასუსტდება, დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე კი გამარჯვებულ ბაქტერიებთან ერთად სხვა მიკროორგანიზმები და სოკოებიც წამოყოფენ თავს.

  • რას წარმოადგენს ნახველი

ნახველი ფილტვების, ბრონქებისა და ზედა სასუნთქი გზების პათოლოგიური გამონაყოფია. პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებს, რომელთაც სასუნთქი სისტემა არ აწუხებთ, ის არ გამოეყოფათ. გამოყოფისას ნახველს ფილტვებიდან და ზედა სასუნთქი სისტემიდან ცხვირ-ხახისა და პირის ღრუს სეკრეტი ემატება.

სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადების დროს ნახველს განსხვავებული კონსისტენცია, ფერი, სუნი, ხასიათი, შედგენილობა და სხვა თვისებები აქვს. განსხვავებულია ნახველის დღეღამური ოდენობაც - ის რამდენიმე მილილიტრიდან 1-2 ლიტრამდე (ზოგჯერ უფრო მეტსაც) აღწევს. ნახველის ოდენობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის ხასიათსა და მიმდინარეობაზე, აგრეთვე იმაზე, რამდენად იოლად ამოაქვს ის ავადმყოფს (დიდი ოდენობით ნახველის არსებობა ბრონქოექტაზიის, აბსცესის ან კავერნის არსებობაზე მიუთითებს).

კონსისტენცია

ნახველი ზოგჯერ წებოვანია (ლორწოს სიჭარბის გამო), ზოგჯერ კი - მკვრივი, გადმოფურთხებისას მძიმედ ეცემა და ბრტყელდება (თუ ჰაერის ფენებს არ შეიცავს, მაგალითად, ტუბერკულოზური კავერნის, ფილტვის აბსცესის დროს). ნახველი განსაკუთრებით წებოვანია კრუპოზული პნევმონიის დროს (ფიბრინის სიჭარბის გამო).

ფერი

ნახველი შეიძლება იყოს მომწვანო (ჩირქოვანი), ჟანგისფერი (პნევმონიის დროს), შავი (ფილტვის ანთრაკოზის, სიდეროზის დროს), ჟოლოსფერი (ფილტვის კიბოს დროს), წითელი (ბაციდან მუქ წითლამდე) და სხვა. ხასიათის მიხედვით ნახველი შეიძლება იყოს სეროზული, ლორწოვანი, სისხლიანი, ლორწოვან-ჩირქოვანი და ჩირქოვანი.

სეროზული ნახველი შედარებით თხელი, ქაფიანი და უმეტესად ვარდისფერია (ფილტვების შეშუპებისა და შეგუბების დროს). ლორწოვანი ნახველი მორუხო-მოთეთროა, მეტ-ნაკლებად გამჭვირვალე და წებოვანი (ბრონქიტის, ბრონქული ასთმის დროს).

სისხლიანი ნახველი შეიცავს სუფთა ან შეცვლილ სისხლს, ანდა მის ნაწილაკებს. სისხლიანი ნახველი ფილტვის ქსოვილის დაშლაზე, სისხლძარღვის გასკდომაზე, მცირე სისხლის დენაზე ან ძლიერი ჰიპერემიის (სისხლსავსეობის) გამო კაპილარებიდან ერითროციტების გამოსვლაზე (ერითროდი-აპედეზზე) მიუთითებს. გვხვდება ფილტვის სიმსივნის, ტუბერკულოზის, ბრონქოექტაზიების, ტრავმების, ჰემორაგიული დიათეზის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სნეულებათა დროს. დაშლილი სისხლის შემცველი ლორწოვანი ნახველი ჟანგისფერია (ჰემოგლობინი გადასულია ჰემატოიდინსა და ბილირუბინში), ახასიათებს კრუპოზულ პნევმონიას და ფილტვის განგრენას.

ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველი მოყვითალო ფერისაა, ლორწოს უფრო მეტს შეიცავს, ვიდრე ჩირქს, სეროზულ-ჩირქოვანი კი სიდამპლის სუნით გამოირჩევა. ის ჭურჭელში სამ: ზედა – ლორწოვან, შუა - სეროზულ და ქვედა - ჩირქოვან შრედ იყოფა.

ჩირქოვან ნახველს მომწვანო-მოყვითალო ფერი აქვს. სისხლი მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაოდენობით ერევა. ფილტვის კიბოს დროს ნახველი ფერითა და კონსისტენციით ჟოლოს ჟელეს წააგავს.

ნახველის ფერი დამოკიდებულია სხვა მინარევებზეც, მაგალითად, პიგმენტებზე, ბილირუბინზე, ნახშირზე, ჰემოსიდერინზე, ჰემატოიდინზე, კვამლსა და მტვერზე, რომლებიც მეტ-ნაკლებად ყოველთვის ერევა ნახველს. დაავადების თავისებურებებისა და მიმდინარეობის შესაბამისად, ნახველიც სხვადასხვაგვარია. მართალია, დაავადების სტადიის განსაზღვრა ნახველის ვერც მაკროსკოპიული და ვერც მიკროსკოპიული გამოკვლევით ვერ ხერხდება, მაგრამ დადგენილია, რომ დაავადების მიმდინარეობის კვალდაკვალ მისი შედგენილობა და გამოყოფის ინტენსივობა იცვლება. მაგალითად, ადრეულ სტადიებზე ნახველი უფრო ლორწოვანია, მოგვიანებით - უფრო ჩირქოვანი. ეს არის ჭუჭყიანი რუხი ფერის გამონაყოფი, რომელსაც ზოგჯერ უსიამოვნო სუნი აქვს.

  • რომელი წესების დაცვაა აუცილებელი ნახველის გამოკვლევისას

მასალის აღების წინ ავადმყოფმა უნდა გაიხეხოს კბილები, საკვების ნარჩენების, პირის ღრუს მიკროფლორისა და ჩამოფცქვნილი ეპითელიუმის მოსაცილებლად პირში რამდენჯერმე უნდა გამოივლოს ანადუღარი თბილი წყალი. სასურველია, მასალა დილით, უზმოზე ჩაბარდეს.

ნახველის საერთო ანალიზი, ნახველის საერთო ანალიზისთვის ხდება ნატიური პრეპარატის მომზადება (მას გამონაყოფის ლორწოვანი, ჩირქოვანი და სისხლიანი უბნებისგან ამზადებენ). მასალას სასაგნე მინაზე ათავსებენ, ისე აფარებენ საფარ მინას, რომ მინის გარეთ არ გამოვიდეს და შემდეგ მიკროსკოპით იკვლევენ. თავდაპირველად - მიკროსკოპის მცირე გადიდებაზე, შემდეგ კი დიდ გადიდებაზე აკვირდებიან. ასე ხდება ნახველის დეტალური შესწავლა-ანალიზი.

  • რა ჩანს ნახველის ნატიურ პრეპარატში

  • ფიბრინი - რამდენიმე სანტიმეტრი სიგრძის ძაფები;
  • ერითროციტები, რომელთა ერთეულები ნახველში ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს, დიდი რაოდენობით კი ფილტვის ინფარქტის, ტუბერკულოზური პათოლოგიის, ფილტვის სიმსივნის, ფილტვებიდან სისხლდენისა და სხვა დაავადებათა შემთხვევაში გვხვდება;
  • ლეიკოციტები, რომლებიც მცირე რაოდენობით ყოველთვის არის ნახველში (თუმცა მათი განსაზღვრა უკვე შეღებილ პრეპარატში ხდება);
  • ბრტყელი ეპითელიუმის უჯრედები (რომელთაც განსაკუთრებული სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა არ აქვთ) და ხორხის, ტრაქეისა და ბრონქების ლორწოვანი გარსის ამომფენი ცილინდრული მოციმციმე ეპითელიუმის უჯრედები;
  • ალვეოლური მაკროფაგები - დიდი ზომის უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმაში სხვადასხვა ჩანართია (ბრონქიტის, პნევმონიის, ფილტვის პროფესიული დაავადების დროს). ალვეოლურ მაკროფაგებს, რომლებიც ჰემოსიდერინს შეიცავენ, სიდეროფაგებს უწოდებენ. ისინი გვხვდება ფილტვის შეგუბებითი პროცესების, ინფარქტისა და სისხლჩაქცევის დროს;
  • კურშმანის სპირალები - თითზე დახვეული და შემდეგ გაშლილი თმის მსგავსი, სპირალისებრი ლორწოვანი წარმონაქმნები, რომლებიც ბრონქული ასთმის, ფიბროზული ბრონქიტისა და ფილტვის კრუპოზული ანთების დროს ვლინდება;
  • შარკო-ლეიდინის კრისტალები - წაგრძელებული რომბის ფორმის ბრჭყვიალა კრისტალები, რომლებიც ეოზინოფილების დაშლის პროდუქტია (აღინიშნება ბრონქული ასთმის დროს);
  • დიტრიხის მიკოზური საცობები, რომლებიც ცხიმის მჟავებისა და ცხიმის ბურთულებისგან, დაშლილი ერითროციტებისა და დიდი რაოდენობით ამორფული პულპისგან შედგება;
  • აქტინომიკოზური დრუზდები (მარცვლები) - გვხვდება ფილტვის აქტინომიკოზის დროს;
  • ატიპური უჯრედები - გვხვდება სიმსივნური პათოლოგიის დროს;

დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნახველში სხვადასხვა თანაფარდობით არის წარმოდგენილი ნეიტროფილური ლეიკოციტები, ლიმფოციტები, ჰისტოციტები და სხვა. მაგალითად, ბრონქული ასთმის დროს დიდი პროცენტი მოდის ეოზინოფილებზე. ხშირად გვხვდება პლაზმური უჯრედებიც. იშვიათად ნახველი ქოლესტერინის, ლეიცინისა და თიროზინის კრისტალებს შეიცავს.

  • რას წარმოადგენს ნახველის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა

ნახველის მიკრობიოლოგიური გამოკვლევისთვის მასალის აღება ანტიბაქტერიული მკურნალობის დაწყებამდე ან სამკურნალო პრეპარატის შეყვანიდან 12-24 სათის შემდეგ უნდა მოხდეს. ეს დრო აუცილებელია პრეპარატის ორგანიზმიდან გამოსაყოფად. მასალას ზოგჯერ ბრონქოსკოპიული ჩარევის შედეგად მოიპოვებენ. ნახველი აუცილებლად დილით, ჭამამდე, სტერილურ ქილაში უნდა შეგროვდეს. გამოსაკვლევი მასალიდან ლაბორატორიაში ჩირქოვან ნაწილებს არჩევენ, სტერილურ ფიზიოლოგიურ ხსნარში რეცხავენ და შემდეგ შპადელით თესავენ. მასალის დასათესად სხვადასხვა ნიადაგი გამოიყენება. ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა 18-24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ მიზნით ზოგჯერ მიკროორგანიზმების თითოეული ჯგუფისთვის საიდენტიფიკაციო და საორიენტაციო ტესტებსაც ატარებენ.

  • როგორ ხდება ნახველში ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიის აღმოჩენა

ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიის გამოსაკვლევად პრეპარატს ნახველის ჩირქოვანი ნაწილისაგან ამზადებენ. 4-6 სხვადასხვა ადგილიდან იღებენ და აღებულ მასალას ორ სასაგნე მინას შორის მანამდე სრესენ, სანამ ჰომოგენური (ერთგვაროვანი) მასა არ წარმოიქმნება. აშრობენ ჰაერზე, აფიქსირებენ სპირტქურის ალზე და შემდეგ ცილ-ნილსენის მეთოდით ღებავენ.

ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერიები წითლად იღებება, ხოლო ყველა დანარჩენი ელემენტი - ლურჯად. მიკობაქტერიებს აქვს წვრილი, ოდნავ მოხრილი ჩხირის ფორმა. ისინი სხვადასხვა სიგრძისაა, ოდნავ შემსხვილებული ბოლოები შუაში გროვებად ან ერთეულებად არის განლაგებული. ცნობილია აგრეთვე ნახველის გამოკვლევა ფლოტაციის (გამდიდრების) და ლუმინესცენციის მეთოდით. ამ დროს მიკობაქტერიები აურინით იღებება და ულტაიისფერი სხივებით იძებნება. სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, პნევმოკოკებისა და სხვა ბაქტერიების აღმოჩენა მხოლოდ დათესვით არის შესაძლებელი. ბაქტერიოსკოპია ამ დროს საორიენტაციოდ გამოიყენება. პრეპარატები იღებება გრამის მეთოდით. გრამდადებითი ბაქტერიები ვარდისფერ ფონზე ლილისფერია.