უხერხული პრობლემის დელიკატურად გადაჭრის გზები

ჩვენი ჟურნალის მკითხველთა თხოვნით ამ დაავადებაზე სასაუბროდ ვეწვიეთ თბილისის პირველი საავადმყოფოს ექიმს, პროქტოლოგს, მედიცინის დოქტორს, პროფესორ რომან პირტახიას.
- ბატონო რომან, რა არის ჰემოროი? - ზოგადად, "ჰემოროი" შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენას ნიშნავს, ვიწრო მნიშვნელობით კი ასე უწოდებენ ბუასილს - დაავადებას, როდესაც ვენების ვარიკოზული გაგანიერების შედეგად იზრდება სწორი ნაწლავის კავერნოზული სხეულების მოცულობა. ვენური უკუდენის დარღვევის გამო სისხლი ავსებს სწორი ნაწლავის მღვიმოვანი ქსოვილის ღრუს და იქ დედდება. წარმოიქმნება ჰემოროიდული კვანძები - სისხლით გადავსებული და გამკვრივებული ვენები, რომლებიც მოსვენებისას იჩუტება და პატარავდება, ხოლო გაჭინთვისას სივდება და იზრდება. განასხვავებენ ბუასილის ქრონიკულ და მწვავე ფორმებს. ქრონიკული ბუასილი ტალღისებურად, მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გაუარესების პერიოდული მონაცვლეობით მიმდინარეობს.
ნებაზე მიშვებული დაავადება პროგრესირებს და შესაძლოა, ერთბაშად გამწვავდეს, რადგან გამოვარდნილი კვანძები ადვილად ზიანდება, ხდება მათი თრომბოზი, მაცერაცია. მწვავე ბუასილი ვლინდება ძლიერი ტკივილით და უკანა ტანში უცხო სხეულის შეგრძნებით. ეს სიმპტომები ძლიერდება დეფეკაციის, სიარულისა და ჯდომის დროს. მწვავე ბუასილი შესაძლოა გართულდეს მასიური სისხლდენით, ჰემოროიდული კვანძის ქსოვილების ნეკროზით, ჩირქოვანი პარაპროქტიტით, სეფსისით.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- რამ შეიძლება გამოიწვიოს ბუასილის განვითარება?
- დაავადების საფუძველს წარმოადგენს სწორი ნაწლავის დისტალური ნაწილის სისხლძარღვთა თანდაყოლილი დისფუნქცია. ასეთი სისხლძარღვები არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებისას ადვილად ფართოვდება. ეს ფაქტორებია:
- ცხოვრების უმოძრაო წესი;
- მძიმე ფიზიკური შრომა;
- ყაბზობა;
- ჭარბი ალკოჰოლისა და ცხარე საკვების მიღება;
- ანთებითი ან სიმსივნური პროცესები მცირე მენჯის მიდამოში;
- ორსულობა.
ხანგრძლივი გადავსება იწვევს კვანძის კედლის გაფართოებასა და გამოფიტვას, რის შედეგადაც ლორწოვანზე წარმოიქმნება წვრილი ეროზიები და ნახეთქები. ამის გამო დეფეკაციის აქტს თან სდევს სისხლდენა. გარდა ამისა, გადიდებული ჰემოროიდული კვანძი ადვილად გადაადგილდება უკანა ტანისკენ და გარეთ ვარდება.
- როგორია ბუასილის კლინიკური ნიშნები?
- ბუასილისთვის დამახასიათებელია ორი ძირითადი სიმპტომი: ანალური არხიდან სისხლის გამოყოფა და კვანძების გამოვარდნა. ხშირად პირველი ნიშანი, რომელსაც ავადმყოფი ამჩნევს, არის სისხლის ლაქები თეთრეულზე ან ტუალეტის ქაღალდზე. ზოგჯერ სისხლი ნაკადად მოედინება დეფეკაციის შემდეგ. საზოგადოდ, ბუასილის დროს სისხლდენის თავისებურება ის არის, რომ მხოლოდ დეფეკაციის წინ, უშუალოდ დეფეკაციის დროს ან მისი დასრულებისთანავე ვითარდება. ჰემოროიდული სისხლდენა ზოგჯერ საკმაოდ ინტენსიურია და რკინადეფიციტურ ანემიას იწვევს.
მინდა, აქვე გავამახვილო ყურადღება იმაზეც, რომ მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენა მსხვილი ნაწლავის სიმსივნესაც ახასიათებს, ამიტომ გირჩევთ, ამ სიმპტომის შემჩნევისას რაც შეიძლება მალე მიმართოთ პროქტოლოგს. ჰემოროიდული კვანძის გამოვარდნას ხელს უწყობს დეფეკაციისას ხანგრძლივი ჭინთვა, საპირფარეშოში მოწევისა და კითხვის ჩვევაც კი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბუასილისთვის დამახასიათებელია უკანა ტანში უცხო სხეულის შეგრძნება. გარდა ამისა, სიარულის დროს საზარდულის არეში სიმძიმე შეიგრძნობა. ეს სიმპტომები სისხლით გადავსებული ჰემოროიდული კვანძების გაჯირჯვებით აიხსნება.
ქავილი ჰემოროიდული კვანძის კედლის ეროზიის გამოვლინებაა. გარდა ამისა, სისხლის უმნიშვნელო გამოყოფა ანუსის კანსა და ლორწოვან გარსს აღიზიანებს. ტკივილი დეფეკაციის, სიარულისა და ჯდომის დროს მწვავე ბუასილის შეტევის საწყისი სიმპტომებია. ვინაიდან ანალური ხვრელის ირგვლივ უხვად არის განლაგებული რეცეპტორები, ტკივილის შეგრძნება შესაძლოა ძალიან ძლიერი იყოს. ზოგჯერ ავადმყოფს გამჭოლი, ძლიერი ტკივილის გამო არც სიარული და არც ჯდომა არ შეუძლია.
ჰემოროიდული კვანძები შეხებისას მტკივნეულია.
- როგორია ბუასილის კლინიკური მიმდინარეობა?
- ყველაზე გავრცელებული კლინიკური ვარიანტია ქრონიკული, მორეციდივე ბუასილი. დაავადება იწყება უკანა ტანის არეში უსიამოვნო შეგრძნებით, დისკომფორტით, სუსტი ქავილით, მცირე გამონადენით. შემდეგ იწყება რექტალური სისხლდენა. ეს პერიოდი შესაძლოა რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გაგრძელდეს. დაავადებისთვის დამახასიათებელია რემისიის ხანგრძლივი ფაზები, როდესაც ადამიანი პრაქტიკულად არაფერს უჩივის. ამის გამო ქრონიკული ბუასილის საწყის სტადიაში ექიმს იშვიათად მიმართავენ. დაავადება თანდათან პროგრესირებს. დეფეკაციის დროს უკანა ტანის არეში თავს იჩენს ტკივილი, რომელიც ძლიერდება კვების რეჟიმის დარღვევის დროს. უკანა ტანიდან სისხლდენა ყოველ დეფეკაციას ახლავს თან და ზოგჯერ იმდენად ინტენსიურია, რომ საქმე ანემიამდეც კი მიდის. კვანძების მუდმივი გადიდება უკანა ტანიდან მათ გამოვარდნას იწვევს.
განასხვავებენ ქრონიკული ბუასილის 4 სტადიას.
I სტადიისთვის დამახასიათებელია სისხლის გამოყოფა ანალური ხვრელიდან კვანძების გამოვარდნის გარეშე.
II სტადიაში ჰემოროიდული კვანძები მხოლოდ დეფეკაციისას ვარდება და მისი დასრულებისთანავე თავისთავად ბრუნდება არხში.
III სტადიაში დეფეკაციის დროს გამოვარდნილი კვანძის ჩაბრუნება შესაძლებელია ხელით.
IV სტადიაში ჰემოროიდული კვანძები ცემინების, ხველების, მცირე ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი ვარდება. ანალურ არხში მათი შებრუნება ვერ ხერხდება.
მწვავე ბუასილი, როგორც წესი, ქრონიკულის გამწვავებაა და ვლინდება უკანა ტანისა და შორისის არეში ტკივილით, კვანძების გამკვრივებით, უცხო სხეულის შეგრძნებით, სხეულის ტემპერატურის მომატებით.
ბუასილი ექიმის აქტიურ ჩარევას საჭიროებს. შორს წასული, არანამკურნალევი ფორმის დროს შესაძლოა განვითარდეს მასიური სისხლდენა, ანალური ხვრელის შეშუპება, ჩირქოვანი პარაპროქტიტი, ჰემოროი-დული კვანძის ქსოვილის ნეკროზი. უკანასკნელ შემთხვევაში განსაკუთრებით საშიშია კვანძის თვითნე-ბური ჩასწორება - ამან შესაძლოა სისხლის ინფიცირება გამოიწვიოს. მკვდარი ქსოვილების მოცილება სტაციონარულ პირობებში უნდა მოხდეს.