ბუასილის მკურნალობის მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბუასილის მკურნალობის მეთოდები

ეს მრავალი წლის წინ იყო - მაშინ, როდესაც ჩვენი რესპონდენტი მოსკოვში მუშაობდა და სისხლძარღვთა ქირურგი გახლდათ. ოცდახუთიოდე წლის წინ ბატონი დავითი საქართველოში დაბრუნდა და დიამეტრულად განსხვავებულ პროფესიაზე - პროქტოლოგიაზე გადაერთო, თუმცა ბუასილი, რომლის სიმპტომებზე, მკურნალობის მეთოდებსა და პროფილაქტიკაზე საუბარსაც ახლა ვაპირებთ, სწორედ სისხლძარღვოვანი დაავადებაა.

  • ბატონო დავით, რატომ ითვლება ბუასილი სისხლძარღვოვან დაავადებად?

- ბუასილი სწორი ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ამ პათოლოგიის მქონეთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, თანაც უმთავრესად შრომისუნარიანი მოსახლეობის ხარჯზე. დასაწყისშივე ვიტყვი, რომ როდესაც პაციენტი ექიმთან მიდის, ყოველთვის დაძაბულია. უმრავლესობას ის აზრი უტრიალებს თავში, სიმსივნე ხომ არ აქვს. ამას აქვს გამართლება, რადგან სწორი ნაწლავიდან სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი, გარდა ბუასილისა, სხვა, საკმაოდ სერიოზული დაავადების სიმპტომიც შეიძლება იყოს. ამიტომ სისხლის შემჩნევისთანავე ჯობს სასწრაფოდ მიაკითხოთ ექიმს, რადგან დასაწყის სტადიაში თვით ყველაზე მძიმე დაავადების - სიმსივნის მკურნალობაც კი - არაფერს ვამბობ სხვა დაავადებებზე - საუკეთესო შედეგებს იძლევა.

რაც შეეხება ბუასილს, ის სიმსივნედ არ გვარდება, რადგან სიმსივნური უჯრედის გაჩენა-განვითარებისთვის საჭირო ქსოვილები ირგვლივ არ არის. ეს გახლავთ წმინდა წყლის, თუ შეიძლება ასე ითქვას, სისხლძარღვოვანი დაავადება. მისი ლათინური სახელწოდებაც - varices hemoroidalis (ქართულად - ჰემოროიდული ვენების ვარიკოზი) - ამაზე მეტყველებს. დაზიანებული ვენა, წესისამებრ, ვერ უზრუნველყოფს არტერიით მოდინებული სისხლის ევაკუაციას; შესაბამისად, ბუასილის კვანძის შიგთავსი - ეს არის ჩაღვრილი, ორგანიზმის მიერ მოხმარებული ჭუჭყიანი ვენური სისხლი. სწორედ ამიტომ იყო, რომ უხსოვარი დროიდან ბუასილის კვანძებს წურბელებით მკურნალობდნენ. წურბელა წოვდა ამ სისხლს და პაციენტი თავს უკეთ გრძნობდა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბუასილი ძალიან გავრცელებული დაავადებაა. მის განვითარებაში დიდი როლი აკისრია მემკვიდრეობას. როგორც მოწმენდილ ცაზე არ მოდის წვიმა, ისე სუფთა, ჯანმრთელ ნაწლავზე არ ჩნდება ბუასილი. მისი განვითარების წინაპირობა დაავადებული, დაზიანებული ნაწლავია. თავიდათავი გახლავთ კოლიტი - მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის ანთება, დაზიანებული ნაწლავის მიდრეკილება შეკრულობისკენ ან ხშირი დეფეკაციისაკენ.

სხვათა შორის, კოლიტი ორი სახისაა: მშრალი და სველი, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ადამიანს ორივე ფორმა ერთდროულად ჰქონდეს: ერთი კვირა შეკრულობა აწუხებდეს, ერთი კვირა - აშლილობა. არსებობს სხვა, დამატებითი მიზეზებიც, რომლებიც აღრმავებენ და ართულებენ ამ დაავადებას. ესენია ცხოვრების წესი, კვება...

  • მოდი, თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე შევჩერდეთ.

- ჰემოროიდული დაავადების ისტორიის აღწერისას ყველა სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ ეს არის მაღალი წრის დაავადება. ის ადამიანები, რომლებიც უმეტესად სხედან, დაწყებული მონარქებიდან და მაღალი თანამდებობის პირებიდან, დამთავრებული პედაგოგებით, მძღოლებით, იურისტებით და სხვა, რისკჯგუფში შედიან, ანუ მათ რიცხვში, ვისაც შეიძლება ბუასილი გაუჩნდეს. ეს არის იმ ადამიანების დაავადება, რომლებსაც სანიაზო კერძები უყვართ. გლეხკაცს, მუშას, რომელთაც არ აქვთ საშუალება, ისეთი კერძები მიირთვან, ნაწლავს რომ აღიზიანებს, ბუასილი ძნელად თუ გაუჩნდება.

კოლიტიან ნაწლავს არ უყვარს ცივზე, ქვაზე ჯდომა. კოლიტის დროს ლორწოვანი გათხელებულია, სიფრიფანა ქაღალდივით არის, ამიტომ ადვილად ტრავმირდება. შეშუპებული, ანთებადი ნაწლავი აირების დაგროვებისკენ არის მიდრეკილი. აირები ანალური ნაწლავიდან უნდა გამოვიდეს გარეთ, დარტყმის ძალა კი ყველაზე მეტად სწორედ იმ სეგმენტში ლოკალიზდება, სადაც ბუასილის კვანძები ჩნდება.

  • ცხოვრების წესის გარდა, კვებაც ახსენეთ.

- კოლიტიანი პაციენტისთვის კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს საკვები, რომელიც ხელს უწყობს აირების დაგროვებას: ნიორი, კომბოსტო, ბოლოკი, ლობიო, ბადრიჯანი, ნიგოზი, ცხარე წიწაკა, აჯიკა, ცხვრის ხორცი და ყველი, ღორის ხორცი და სხვა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოლიტით ან ბუასილით დაავადებულმა არასდროს მიირთვას ჩამოთვლილი საკვები. უბრალოდ, ნაწლავს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ. თუ სათანადოდ მოუვლით, კვირაში ერთხელ გოჭის ხორცსაც აიტანს ნაწლავი, ლობიოსაც და სხვა საკვებსაც.

ჰემოროიდულ დაავადებას არ უყვარს წითელი ღვინო, არ უყვარს ლუდი, რადგან ეს უკანასკნელი აირების დაგროვებას უწყობს ხელს. საკმაოდ გამაღიზიანებელია ღომიც. ღომის მოყვარულებთან ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ის არ ანაყრებს, მხოლოდ აირებით ბერავს ნაწლავებს.

დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას, ტუალეტს. ადრე ქაღალდის ნაცვლად ბიდეს უფრო ეტანებოდა ხალხი. ჩაბანილ ადგილს რბილი პირსახოცით იშრობდნენ და ეს გაცილებით უკეთესი იყო. ამ დაავადებას არ უყვარს ზაფხულში ჩახურება, ოფლიანობა, არ უყვარს სინთეტიკური საცვალი. მართალია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ზაფხულობით მოდური სინთეტიკური საცვლების ჩაცმა მაინც არ არის მიზანშეწონილი.


  • რა კლინიკური გამოვლინებები ახასიათებს ბუასილს?

- როდესაც ადამიანს შეაწუხებს დისკომფორტი, აირების დაგროვება, მუცლის პერიოდული შებერვა, ნელ-ნელა ამას დაემატება პერიოდული ტკივილები დეფეკაციის შემდეგ, წვა ანალური არხის გამოსასვლელში, - ბუასილის არსებობა უნდა ვივარაუდოთ. ჩამოთვლილი სიმპტომები პირველი და მეორე ხარისხის ბუასილის დროს შეინიშნება.

მეორე ხარისხის ბუასილის დროს შესაძლოა ქაღალდზე სისხლიანი გამონადენიც შევნიშნოთ. როდესაც ყველა ეს სიმპტომი უკვე შეინიშნება, არ უნდა ველოდოთ პრობლემის უფრო მეტად გაღრმავებას, - დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. ექიმთან დროულად მისვლა მკურნალობას 50%-ით აადვილებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ექიმთან მისვლას დაავადების "უხერხული" ბუნების გამო აყოვნებს. განსაკუთრებით უჭირთ მანდილოსნებს. ქალებს საკმაოდ ხშირად უჩნდებათ ან უღიზიანდებათ ბუასილი ორსულობის, მშობიარობის დროს. ორსულობის შემდგომი ბუასილიც არსებობს. ბევრი, ოღონდ კი პროქტოლოგთან მისვლას აარიდოს თავი, მიდის თერაპევტთან, გასტროენტეროლოგთან...

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: როდესაც ბუასილის სიმპომები გაწუხებთ, უნდა მიბრძანდეთ პროქტოლოგთან. თუ მსხვილ და სწორ ნაწლავს მოუვლით, მთელ ცხოვრებას კომფორტულად გაატარებთ; თუ არ მოუვლით, ძალიან გაწვალდებით.

  • სიმპტომებზე ვსაუბრობდით... ტკივილი თუ ახასიათებს ბუასილს?

- ბუასილი ტკივილით არ იწყება, მაგრამ მომდევნო სტადიებზე ის მაინც იჩენს თავს. განასხვავებენ ბუასილის ოთხ ხარისხს: პირველს, მეორეს, მესამე "ა-სა" და "ბ-ს" და მეოთხეს.

  1. პირველი ხარისხის ბუასილი - ეს საწყისი ფაზაა, როდესაც თავს იჩენს სიმპტომები, რომელთა შესახებ ზემოთ მოგახსენეთ: აირების დაგროვება, მუცლის შებერვა, დისკომფორტი კუჭის მოქმედების დროს. ბუასილის კვანძები ამ დროს კლასიკურად არ არის ჩამოყალიბებული.
  2. მეორე ხარისხის დროს ამ სიმპტომების ინტენსივობა იმატებს, აღმოცენდება წვა ანალური არხის გამოსასვლელში, ტკივილი, იშვიათად ქაღალზე შეიძლება სისხლის კვალიც დარჩეს. ეს იმას ნიშნავს, რომ არტერიულ-ვენურ-კავერნოზული ქსოვილი დეფიციტურია. სისხლი არტერიით მიედინება, ვენა კი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მის გადინებას. ამ სტადიაში ფორმირდება და თვალითაც შესამჩნევი ხდება ბუასილის კვანძები. ბუასილს ერთი თავისებურება ახასიათებს: გარედან შესაძლოა არაფერი ჩანდეს, მაგრამ თითით გასინჯვისას ან რექტალური სარკის ჩადგმის შემდეგ აღმოვაჩენთ შიგნითა კვანძებს, რომლებიც შესაძლოა სისხლმდინარიც კი იყოს. ზოგიერთ პაციენტს უკვე გარეთა კვანძებიც ეტყობა, რომლებიც აუცილებლად გრძელდება შიგნით.
  3. როდესაც კვანძები გარეთ გამოდის და შესამჩნევია, მესამე ხარისხის ბუასილზე ლაპარაკობენ. მას ორი სტადია აქვს:
    1. ა სტადიაა, როცა შიგნითა კვანძი გარეთ გამოდის, მაგრამ თავისთავად ბრუნდება უკან, - ესე იგი, მას საკუთარი ელასტიკურობა ჯერ არ დაუკარგავს.
    2. ბ სტადიაში შიგნითა კვანძი გამოდის გარეთ, მაგრამ თავისით ვეღარ ბრუნდება უკან და პაციენტს მათი ხელით შებრუნება უწევს.
  4. მეოთხე სტადია - ეს უკვე შიგნითა და გარეთა კვანძების გამოხატული თრომბოზი და ფლებიტია. ამ დროს შიგნითა კვანძები გარეთ გამოდის და იჭედება. ამ სტადიაში უკვე ყველა მიდის ექიმთან.

  • როგორ მკურნალობენ ბუასილს?

- ბუასილის მკურნალობა შეიძლება როგორც კონსერვატიული მეთოდებით, ისე ოპერაციული გზით. მე, პირადად, მწვავე ბუასილის დროს ვცდილობ, ოპერაცია გადავდო, ვუნიშნავ კონსერვატიულ მკურნალობას. ეს იმიტომ, რომ როცა მდგომარეობა გამწვავებულია, დაზიანებულ და ჯანსაღ ქსოვილებს შორის ზღვარი იშლება. თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია. ასე მასწავლა ჩემმა მასწავლებელმა, ჩემმა ბიძამ, პროფესორმა რევაზ იაშვილმა, რომელიც თავად დიდი რიჟიხის მოსწავლე გახლდათ და რომელმაც დაუდო სათავე პროქტოლოგიას საქართველოში.

  • მას შემდეგ, რაც მწვავე პროცესი ჩაცხრება, რამდენი პაციენტი მოდის საოპერაციოდ?

- სამწუხაროდ, ქართული ხასიათი ასეთია - როცა ადამიანი უკეთ ხდება, ავიწყდება გადატანილი სიმწარე. არადა, არ უნდა დაავიწყდეს, რადგან კოლიტი და ბუასილი შენელებული მოქმედების ნაღმებია. ადრე თუ გვიან დაავადება მაინც თავს იჩენს.

მკურნალობაზე ვსაუბრობდით. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის მეთოდები უხსოვარი დროიდან მოდის, მოქმედების არეალის შეზღუდულობის გამო მკურნალობაც შეზღუდულია.

ბუასილის მკურნალობის კლასიკური მეთოდია ჰემოროიდექტომია, რაც იმას ნიშნავს, რომ იჭრება ის სისხლძარღვოვანი ფეხი, რომელიც კვებავს კვანძს, მთლიანად იკვეთება გარეთა და შიგნითა კვანძები და აღდგება ნაწლავის ლორწოვანი. ოპერაციის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათზე დაწვრილებით არ შევჩერდები, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მსგავსი ტიპის ოპერაციები - კლასიკური რადიკალური მეთოდია.

სადღეისოდ დანერგილია ბუასილის მკურნალობის რამდენიმე თანამედროვე მეთოდიც, მაგალითად, ლონგოს მეთოდი, ლატექსის რგოლებით ბუასილის შიგნითა კვანძების ლიგირება, დეარტერიალიზაცია.

ლატექსის რგოლებით ბუასილის შიგნითა კვანძების ლიგირება თბილისში რამდენიმე ადგილას ტარდება. ეს გახლავთ მცირეინვაზიური ოპერაცია, ბუასილის კვანძების უსისხლოდ, უოპერაციოდ უმტკივნეულოდ მოცილების მეთოდი. სიტყვა "უოპერაციო" იმას გულისხმობს, რომ პაციენტს კლინიკაში დაწოლა არ უწევს. ამ დროს ქირურგი ნაწლავში შედის, სპეციალური ხელსაწყოს - ლიგატორის საშუალებით იღებს ბუასილის კვანძს, გამოქაჩავს და ლიგატორით იმ ორ ლატექსის რგოლს გაისვრის, რომლებიც ბუასილის შიგნითა კვანძის მკვებავ სისხლძარღვოვან ფეხს უნდა დაედოს. ეს იწვევს სისხლის მიმოქცევის შეჩერებას. შესაბამისად, ბუასილის კვანძი განიცდის ნეკროზს, კვდომას, ხმება და ორი კვირის შემდეგ თავისით ძვრება ლატექსის რგოლებთან ერთად. ეს ჩარევა სრულდება პროქტოლოგიურ სავარძელში, პაციენტი დგება სავარძლიდან და მიდის სახლში.

ამ ჩარევას აქვს თავისი ჩვენება. იგი შეიძლება გაკეთდეს მეორე ხარისხის ბუასილის დროს, როდესაც თითქმის ჩამოყალიბებულია ბუასილის კვანძი, პაციენტი პირველად შეამჩნევს სისხლის კვალს და მაშინვე მივა ექიმთან. სხვა შემთხვევებში ასეთი ჩარევა არ ხდება.

ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთან დროულ ვიზიტს, თუ გნებათ, უსისხლოდ, უმტკივნეულოდ, უოპერაციოდ, შრომის უნარის დაკარგვის გარეშე დაამარცხოთ დაავადება. ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება. დაბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ როცა გვიჭირს, ჯობია დროულად მივმართოთ ექიმს, რადგან ჩვენს უკან დგას ჩვენი ოჯახი და ჩვენი ჯანმრთელობა მისი კეთილდღეობაცაა.