რა აგროვებს ნაწლავებში აირებს და როგორი დიეტა დავიცავთ ამ დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა აგროვებს ნაწლავებში აირებს და როგორი დიეტა დავიცავთ ამ დროს

მეტეორიზმი ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა. ამ დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირები გროვდება. ასეთი რამ შეიძლება დაემართოს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანსაც საკვების ჭარბი მიღების შემდეგ, ასევე - ისეთი საკვების მიღების შემდეგაც, რომლის გადამუშავებაც აირთა ჭარბ წარმოქმნას იწვევს. ნაწლავებში აირთა წარმოქმნის, მათი შეწოვისა და გამოყოფის თანაფარდობის დარღვევის დროს იქმნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვების პირობები.

არსებობს ნაწლავებში აირების მოხვედრის სამი წყარო: ჩაყლაპული ჰაერი, ბრმა ნაწლავის სანათურში წარმოქმნილი გაზები და სისხლიდან გადმოსული აირები. ნორმაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საშუალოდ 200 მლ-მდე აირია. ჯანმრთელი ადამიანი ყოველდღიურად სწორი ნაწლავიდან გამოყოფს საშუალოდ 600 მლ გაზს (ინდივიდუალური განსხვავება 200-დან 2600 მლ-მდეა). ნაწლავიდან გამოყოფილ აირს უსიამოვნო სუნს აძლევს არომატული ნაერთები - ინდოლი, სკატოლი, გოგირდწყალბადი, რომლებიც მსხვილ ნაწლავში წარმოიქმნება წვრილ ნაწლავში მოუნელებელ ორგანულ ნარჩენებთან მიკროფლორის ურთიერთქმედებით.

რა აჩენს

მეტეორიზმს სხვადასხვა მიზეზი აქვს.

  • პირველია ფერმენტული სისტემის არასრულყოფილება ან მისი ფუნქციის დარღვევა.

ფერმენტების უკმარისობისას ირღვევა საკვების ძირითადი ინგრედიენტების მონელების პროცესი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა განყოფილებაში დიდი რაოდენობით ხვდება მოუნელებელი ნარჩენები და იწყება ლპობა და დუღილი, რასაც თან ახლავს აირების გამოყოფა.

ფერმენტული სისტემის დარღვევა მოსალოდნელია დაუბალანსებელი კვების, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილის დაავადებების (გასტრიტი, დუოდენიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი) დროს.

  • ნაწლავში აირთა ჭარბი წარმოქმნის მეორე მიზეზია მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსი.

ნორმალურ პირობებში აირთა დიდ ნაწილს ნაწლავში არსებული ბაქტერიები შთანთქავენ. გაზწარმომქნელ და გაზშემწოვ მიკროორგანიზმებს შორის ბალანსის დარღვევისას ვითარდება მეტეორიზმი.

  • ამ პრობლემის წარმოშობის კიდევ ერთი მექანიზმია ნაწლავის მოტორული აქტივობის დარღვევა, რაც შესაძლოა მუცლის ღრუზე ჩატარებულ ოპერაციას მოჰყვეს.

ნაწლავის მოტორიკის დარღვევის გამო ნელდება საკვები მასების პასაჟი, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს დუღილისა და ლპობის პროცესებს და აირთა წარმოქმნას. ნაკლებად მოძრავი ნაწლავის სანათურში დაგროვილი აირები შეტევისმაგვარ ტკივილებს იწვევს.

ნაწლავებში აირების ჭარბ წარმოქმნას იწვევს საკვებიც. გარდა პარკოსნებისა და უხეში უჯრედისის შემცველი პროდუქტებისა, ასეთია გაზიანი სასმელები და ის სურსათი, რომელშიც თავისთავად მიმდინარეობს ფერმენტაციისა და დუღილის რეაქციები (მაგალითად, ცხვრის ხორცი). ნერვულმა მოშლილობამ, ემოციურმა გადაღლამ შესაძლოა გამოიწვიოს მეტეორიზმი ნაწლავის გლუვი მუსკულატურის სპაზმისა და პერისტალტიკის შენელების გამო.

გამოყოფენ მეტეორიზმის შემდეგ მიზეზებს:

  • ცელულოზით მდიდარი საკვებისა და პარკოსნების ხშირი გამოყენება დიეტის დროს;
  • საჭმლის მონელების დარღვევები: გასტრიტი, პანკრეატიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
  • წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლება და მსხვილ ნაწლავში ბიოზის დარღვევა;
  • ნაწლავის ევაკუატორული ფუნქციის მექანიკური დარღვევა - სიმსივნე, შეხორცებები;
  • ნაწლავის მოტორული ფუნქციის დარღვევა - მწვავე ინფექციები, ინტოქსიკაციები;
  • სისხლის მიმოქცევის ზოგადი და ადგილობრივი მოშლა;
  • ფსიქოემოციური გადაძაბვა და ნერვულ-ფსიქიკური მოშლილობა;
  • სიმაღლეზე ასვლა - ამ დროს აირები ფართოვდება და ნაწლავში წნევა იმატებს.

როგორ ვლინდება

მეტეორიზმი ვლინდება მუცლის შებერილობით ან შეტევითი ტკივილით, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს ღებინება, ბოყინი, მადის დაქვეითება, ყაბზობა ან ფაღარათი.

შეიძლება გამოვყოთ მეტეორიზმის გამოვლენის ორი ვარიანტი. ცალკეულ შემთხვევებში ძირითადი სიმპტომია მუცლის ზრდა ნაწლავების შებერვის ხარჯზე. ამასთან, მსხვილი ნაწლავის სპაზმის გამო აირთა გამოყოფა ვერ ხერხდება. ასეთ დროს იგრძნობა დისკომფორტი, სერვის შეგრძნება მუცელში, ტკივილი.

მეორე ვარიანტს ახასიათებს აირთა ჭარბი გამოყოფა, რაც საგრძნობლად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს და იწვევს უხერხულობას. ამ დროს ტკივილის სინდრომი ნაკლებად არის გამოხატული. ჭარბობს მუცლის ყურყური. გამორიცხული არ არის ნაწლავგარე, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა მხრივი სიმპტომები - წვის შეგრძნება გულის არეში, გულის რიტმის დარღვევა, გუნება-განწყობილების დაქვეითება, ძილის დარღვევა, ზოგადი სისუსტე.


როგორ მკურნალობენ

მეტეორიზმის მკურნალობა ეფუძნება მომატებული გაზწარმოქმნის მიზეზების აღმოფხვრას. იგი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დიეტის კორექციას;
  • მეტეორიზმის უშუალო მიზეზის მკურნალობას;
  • მოტორიკის აღდგენას (პროკინეტიკების დანიშვნით);
  • ნაწლავის ბიოცენოზის დარღვევის მკურნალობას (ბიოპრეპარატები);
  • დაგროვილი აირების მოშორებას ნაწლავის სანათურიდან.

ამისთვის იყენებენ აირთა მშთანთქავ საშუალებებს: გააქტიურებულ ნახშირს (ეფექტურია მხოლოდ დიდი დოზებით), თეთრ თიხას, სიმეტიკონს, პოლისორბს. მეტეორიზმის დროს ეფექტიანია ზოგიერთი მცენარეული საშუალებაც. მათ შორის - კვლიავის, კამის, ფენხელის, გვირილის, პიტნის ნაყენი.

საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სეკრეციის შედარებითი ან აბსოლუტური უკმარისობისას ჩანაცვლებითი თერაპიისთვის გამოიყენება პეპსინი, პანკრეატინი, ნატურალური კუჭის წვენი, აგრეთვე ზოგიერთი კომბინირებული პრეპარატი.

როგორ ვიკვებოთ

უწინარესად, საჭიროა რაციონიდან იმ პროდუქტების გამორიცხვა, რომლებიც შეიცავს უხეშ უჯრედისს (კომბოსტო, მჟაუნა, ყურძენი, ხურტკმელი), პარკოსან კულტურებს, იწვევს დუღილის რეაქციებს (ბურახი, ლუდი, გაზიანი წყალი).

რეკომენდებულია რძემჟავა პროდუქტები, წიწიბურა, მოხარშული ხილი და ბოსტნეული (სტაფილო, ჭარხალი), მოხარშული ხორცი.

არ არის რეკომენდებული ეგზოტიკური კერძები და სანელებლებით უხვად შეკაზმული კერძები. საკვები სასურველია მოამზადოთ ორთქლზე, მოხარშოთ ან ჩაშუშოთ. მეტისმეტად ცხელმა ან ცივმა კერძმა, ასევე - ჭარბმა ნაყროვანებამ შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს მეტეორიზმს, ამიტომ საკვები მიირთვით თბილი, მცირე ულუფებად, დღეში 4-6-ჯერ.

მეტეორიზმს ყველაზე მეტად იწვევს:

  • ყურძენი;
  • ქიშმიში;
  • ბანანი;
  • პარკოსნები (ლობიო, ბარდა და სხვა);
  • კომბოსტო;
  • ბოლოკი;
  • მსხალი;
  • ნიგოზი;
  • გაზიანი სასმელები;
  • ცხიმიანი თევზი;
  • დამარილებული თევზი;
  • ცხიმიანი ხორცი;
  • მოხარშული კვერცხი;
  • მოუხდელი რძე;
  • ნაღები;
  • ნაყინი;
  • შემწვარი ხორცი, ბოსტნეული;
  • შებოლილი ხორცი, თევზი;
  • შაქრის შემცვლელები (ასპარტამი, სორბიტოლი).

მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია, ეს პროდუქტები რაციონიდან ამოვიღოთ. თითოეული ადამიანსთვის ეს სია ინდივიდუალურია და შეიძლება გაფართოვდეს ან შემცირდეს საკუთარი გამოცდილებისა და მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

ეცადეთ, სვათ დღეში 1,5-2 ლ სითხე (მაგრამ არა გაზიანი წყალი. ჩვეულებრივ სასმელ წყალს შეიძლება ჩავამატოთ ცოტაოდენი ლიმონის, ფორთოხლის, ვაშლის წვენი.

მეტეორიზმის დროს ეფექტიანია კამის წყალი: 1 სუფრის კოვზ კამის თესლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 30-40 წუთის შემდეგ გადაწურეთ, მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი ჭამის წინ.

დიეტაში უნდა ჩართოთ:

  • სტაფილო;
  • მჭლე ხორცი (ქათმის, ინდაურის, საქონლის, ხბოს, კურდღლის);
  • მჭლე თევზი;
  • ომლეტი;
  • სუპი;
  • ყავა;
  • ჩაი;
  • კაკაო;
  • ჭარხალი;
  • გოგრა;
  • რძემჟავა პროდუქტები (თუ კარგად იტანთ);
  • მწვანილი;
  • გარგარი;
  • შავი ქლიავი;
  • ბროწეული.