საჭმლის მონელება
სასარგებლო ნივთიერებები შეიწოვება, უვარგისი და მოუნელებელი ნარჩენები კი ორგანიზმიდან გამოიდევნება. საკვების ფიზიკური დამუშავება მისი დანაწევრება-დაქუცმაცებაა, ხოლო ქიმიური - საკვები ნივთიერებებიდან რთული სტრუქტურისა და ორგანიზმისთვის უცხო ნაერთების მარტივ კომპონენტებად დაშლა. ეს პროცესები მიმდინარეობს განსაზღვრული თანამიმდევრობით, იწყება პირის ღრუში, გრძელდება საყლაპავ მილში, კუჭში, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მონაწილეობით და მთავრდება სწორი ნაწლავიდან განავლოვანი მასების გარემოში გამოყოფით.
ფერმენტები და მათი მოქმედება
საჭმლის მონელება სამი ტიპის ფერმენტთა მიერ ხორციელდება:
I ტიპი - საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტები;
II ტიპი - აუტოლიზის ფერმენტები;
III ტიპი - ბაქტერიული ფლორის მიერ გამომუშავებული ფერმენტები.
აღნიშნული ფერმენტები ხელს უწყობენ საკვების დასველება-დატენიანებას, გაჯირჯვებას, ქმნიან ოპტიმალურ გარემოს მისი ქიმიური დაშლისთვის, შეიცავენ წყალსა და ლორწოს, ზოგიერთ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, მინერალურ მარილებს და საკვების სრულფასოვანი მონელებისთვის აუცილებელ სხვა ნივთიერებებს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტები
საჭმლის მომნელებელი სისტემის ყოველი ფერმენტი ანუ, როგორც მათ უწოდებენ, ენზიმი გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კონკრეტულ ნაწილში და მუშაობს მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: მჟავა, ტუტე ან ნეიტრალურ გარემოში. ყოველი ფერმენტი მოქმედებს მხოლოდ კონკრეტულ ნივთიერებაზე, რომელსაც ისე ერგება, როგორც გასაღები საკეტს. არსებობს საჭმლის მომნელებელ ფერმენტთა 4 ძირითადი ჯგუფი.
I ჯგუფი, ამილაზები (ამილოლიზური ფერმენტები), მოქმედებს ნახშირწყლებზე, შლის მათ გლუკოზად და სხვა სახის მონოსაქარიდებად, რის შემდეგაც მარტივ შემადგენლებად დაშლილი ნახშირწყლები პირდაპირ სისხლში ხვდებიან.
II ჯგუფი, პროტეაზები (პროტეოლიზური ფერმენტები), მოქმედებს ცილებზე, შლის მათ ოლიგოპეპტიდებად და ამინომჟავებად, რის შემდეგაც მარტივ კომპონენტებად დაშლილი ცილები პირდაპირ სისხლში ხვდებიან.
III ჯგუფი, ლიპაზები (ლიპოზური ფერმენტები), მოქმედებს ცხიმებზე, შლის მათ გლიცერინად და ცხიმოვან მჟავებად, რის შემდეგაც მარტივ კომპონენტებად დაშლილი ცხიმები პირდაპირ ხვდებიან ლიმფაში.
IV ჯგუფი, ნუკლეაზები (ნუკლეოლიზური ფერმენტები), ნუკლეინის მჟავებზე მოქმედებს და მათ ნუკლეოტიდებად შლის, რის შემდეგაც მარტივ კომპონენტებად დაშლილი ნუკლეინის მჟავები პირდაპირ სისხლში ხვდებიან.
აუტოლიზის ფერმენტები
აუტოლიზის ფერმენტები საჭმლის მომნელებელი ის ნივთიერებებია, რომლებსაც თავადვე შეიცავს თერმულად დაუმუშავებელი საკვები. საჭმლის მომნელებელი ფერმენტები უხვად არის როგორც ცხოველურ, ისე მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში.
ბაქტერიული ფლორის მიერ გამომუშავებული ფერმენტები
ადამიანის ნაწლავური ფლორა საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანია. სასარგებლო ბაქტერიებს შორის ჭარბობენ ბიფიდობაქტერიები, რომლებიც მონაწილეობენ საჭმლის მონელებაში, კერძოდ, ცილებისა და ცხიმების წარმოქმნაში. ისინი ასევე ასინთეზებენ K და B ჯგუფის ვიტამინებს, წარმოქმნიან ნივთიერებებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ ორგანიზმის ზოგადი იმუნორეაქტიულობის ჩამოყალიბებაში. გახსოვდეთ: საკვების მონელება ყველაზე ოპტიმალურად მაშინ მიმდინარეობს, როდესაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილებში მისი გადამუშავება ხდება, უპირატესად, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და აუტოლიზის ფერმენტთა მეშვეობით, შუა ნაწილში ერთდროულად მუშაობენ ყველა ტიპის ფერმენტები, ქვედა ნაწილში კი მიკროფლორის მიერ გამომუშავებულ ფერმენტთა როლი ჭარბობს.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული ფუნქცია
მოტორიკა ანუ მოძრაობა საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, რომელიც მთელი პროცესის განმავლობაში ხორციელდება ნებითი, უნებლიე, მაკრო და მიკრომოტორული მოვლენების სახით: საკვების მიღება, მისი მექანიკური დამუშავება ღეჭვის დროს, ყლაპვა, შეყოვნება კუჭში, შემდგომი ევაკუაცია ნაწლავებში, ნაღვლის ბუშტის შეკუმშვა და მოდუნება, ნაწლავის შიგთავსის (ქიმუსის) ერთმანეთში არევა და გადაადგილება, წვრილი ნაწლავების სხვადასხვა განყოფილებაში წნევის გადანაწილება, წვრილი ნაწლავებიდან ქიმუსის მსხვილ ნაწლავში გადასვლა, შემდგომ სფინქტერების შეკუმშვა და მოდუნება, მოძრაობა მსხვილ ნაწლავში - ეს ყოველივე აუცილებელია განავლოვანი მასების ჩამოყალიბებისა და დეფეკაციისთვის. მოძრაობის ეს საკმაოდ რთული ფორმები ხორციელდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთოვანი აპარატის და ტრაქტის მთელ სიგრძეზე არსებული დაახლოებით 35 სფინქტერის (მომჭერი რგოლის) მეშვეობით.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუსკულატურას ქმნის სპეციფიკური ფიზიოლოგიური თვისებების მქონე გლუვი (კუჭ-ნაწლავი) და განივზოლიანი (პირის ღრუ, ხახა, საყლაპავი მილის დასაწყისი) კუნთოვანი უჯრედები (მიოციტები), რომლებიც შემაერთებელი ხარიხების მეშვეობით კონებად არის შეკრული და მთლიანობაში საკმაოდ ძლიერ კუნთს ქმნის. კონებად და ფენებად შეკრული კუნთოვანი უჯრედები სხვადასხვანაირად არის განლაგებული: ნაწილი - ირგვლივად, წრიულად, ნაწილი - რგოლისებურად, ნაწილი - გასწვრივად, ნაწილი - სპირალისებურად, ნაწილი კი კუნთოვან ხარიხებს ქმნის. საკვების მონელებას ორი ძირითადი სახის - ქანქარისებრი და პერისტალტიკური - მოძრაობა განსაზღვრავს. საქანელასებრი მოძრაობა ხორციელდება ნაწლავის გასწვრივი და რგოლისებური კუნთების თანმიმდევრული შეკუმშვით, რის შედეგადაც ნაწლავის მონაკვეთი ხან მოკლდება და ფართოვდება, ხან გრძელდება და ვიწროვდება.
ეს კი იწვევს ქიმუსის ხან ერთ, ხან მეორე მხარეს გადანაცვლებას, რაც ძლიერ წააგავს ქანქარის მოძრაობას. სწორედ ამ მოძრაობით ერევა ქიმუსი საკვების მომნელებელ წვენებს და ფერმენტებს. პერისტალტიკური, ტალღისებრი მოძრაობა ხორციელდება სპირალურად და წრიულად განლაგებული, ირგვლივი შრის ცალკეული რგოლების შეთანხმებული შეკუმშვით, რის შედეგადაც კუნთების შეკუმშვისა და მოდუნების მონაცვლეობით წარმოქმნილი ტალღა გრძელდება საჭმლის მომნელებელი არხის მთელ სიგრძეზე და იწვევს მის პერისტალტიკურ შეკუმშვებს, რაც ქიმუსს ნაწლავის ზედა ნაწილიდან ქვედასკენ გადააადგილებს. კუნთების შეკუმშვებით ხორციელდება სფინქტერთა ფუნქციებიც. მომჭერი რგოლი უპირატესად ცირკულარულად, სპირალურად და განივად განლაგებული კუნთოვანი კონებისგან შედგება. ცირკულარულად განლაგებული კუნთოვანი კონების შეკუმშვა უზრუნველყოფს სფინქტერის შევიწროებას, მისი სანათურის შემცირებას, სპირალურად და განივად განლაგებული კუნთოვანი კონების შეკუმშვა კი ზრდის სფინქტერის სანათურს. მომჭერი რგოლები ერთგვარი სარქვლებია, რომლებიც უზრუნველყოფენ ქიმუსის და საჭმლის მომნელებელი სეკრეტების საჭირო მიმართულებით გადაადგილებას. სხვადასხვა კუნთოვანი კონის შეთანხმებული შეკუმშვა პერიფერიული ნერვული სისტემის მეშვეობით ხორციელდება.
საჭმლის მონელების რეგულაცია
საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება: მოტორიკა, სეკრეცია და შეწოვა - ამ პროცესის მარეგულირებელი საკმაოდ რთული სამი მექანიზმით ხორციელდება. ცენტრალურ-რეფლექტორული რეგულაცია ცენტრალური ნერვული სისტემის მიერ განხორციელებული კონტროლია, რომელიც მოგრძო ტვინში მდებარე საჭმლის მომნელებელი ცენტრისა და უამრავი ნერვული უჯრედის წყალობით ხორციელდება. ჰუმორული რეგულაცია: საჭმლის მონელების პროცესში სისხლში პერიოდულად გადადის კუჭის ლორწოვანი გარსის, თორმეტგოჯა ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის ლორწოვანი გარსის ენდოკრინული უჯრედების მიერ გამომუშავებული ჰორმონები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებანი, რომლებიც საკვების მონელებისა და ათვისების პროცესს საჭირო მიმართულებით წარმართავენ. ადგილობრივი ანუ ლოკალური რეგულაცია - ნაწლავებში გადასული საკვები უშუალოდ მოქმედებს თავის ადგილსამყოფელზე, ააქტიურებს ნაწლავის სეკრეციასა და მოტორიკას, რითაც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. ამ სამი მექანიზმის როლი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა განყოფილებაში სხვადასხვანაირია. ცენტრალურ-რეფლექტორული გავლენა განსაკუთრებით გამოხატულია ზედა ნაწილში, პირის ღრუდან საკვები გუნდის გადაყლაპვის შემდეგ იგი სუსტდება, სამაგიეროდ ძლიერდება ჰუმორული მექანიზმი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერად კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობასა და ნაღვლის გამოყოფაზე მოქმედებს.
წვრილ და მსხვილ ნაწლავებში ძლიერდება ადგილობრივი - მექანიკური და ქიმიური გაღიზიანების შედეგად წარმოქმნილი ლოკალურ-რეგულაციური მექანიზმი.
ქიმუსის აიროვანი ნაწილი
ადამიანის ქიმუსი მკვრივ და თხიერ ნაწილთან ერთად საკმარისად შეიცავს აიროვან კომპონენტსაც. ნაწლავის აირები ქიმუსის მკვრივ მასებშია გადანაწილებული და ლორწოვანი გარსის მქონე სხვადასხვა ზომის ბუშტებს წარმოადგენს. ნაწლავებში აირების ნაწილი ჩაყლაპულ ჰაერთან ერთად ხვდება, ნაწილი საკუთრივ ნაწლავებში წარმოიქმნება, ნაწილი კი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლიდან დიფუზირდება. ნაწლავებში დაგროვილი აირები ნაწილობრივ შეიწოვება მსხვილ ნაწლავში, ნაწილობრივ კი ევაკუირდება საყლაპავიდან, სწორი ნაწლავიდან და გარემოში ასე გამოიყოფა. ნორმაში ადამიანი ყოველდღიურად გამოყოფს 0,5-1,5 ლ აირს. ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავში ყოველთვის არის 200 მლ აირი, რომელიც წარმოქმნის ლორწოვან ქაფს. სწორედ ქაფი ფარავს თხელ ფენად ნაწლავის ლორწოვან გარსს და ართულებს მონელებას, აქვეითებს ფერმენტების აქტივობას, შეწოვის პროცესებს. როდესაც ნაწლავებში დიდი ოდენობის აირია დაგროვილი, იგი ვეღარ ახერხებს ბუნებრივ დრენირებას და ორგანოს კედლები იბერება. ამაზე მწვავედ რეაგირებს ადგილობრივი ნერვული დაბოლოებანი, რაც ძლიერ ტკივილს იწვევს. ყოველივე ეს ადამიანს ძლიერ დისკომფორტს უქმნის. ამ მოვლენას მედიცინაში მეტეორიზმს უწოდებენ.