რა უნდა იცოდნენ ეგზოტიკურ კურორტზე დასვენების მსურველებმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა იცოდნენ ეგზოტიკურ კურორტზე დასვენების მსურველებმა

უამრავი გასართობი - ასეთ კურორტებზე ხომ დამსვენებლების გართობაზე განსაკუთრებით ზრუნავენ...თუმცა, ეგზოტიკურ კურორტზე დასვენება პრობლემებსაც წარმოშობს.

თუ თქვენ არ გიჭირთ სიცხისა და მაღალი ტენიანობის ატანა, თუ არ უჩივით იმუნიტეტის დაქვეითებას (ეგზოტიკურ კურორტებზე ხშირია ამა თუ იმ დაავადების აფეთქება) და, რაც მთავარია, თქვენს ორგანიზმს ადვილად აკლიმატიზაციის უნარი აქვს, შეგიძლიათ, თავს ასეთ ადგილას დასვენების უფლება მისცეთ.მით უმეტეს, თუ ამის საშუალებას გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მდგომარეობა გაძლევთ.

ნუ დაგავიწყდებათ, ეგზოტიკურ ქვეყანაში მოხვედრა საკმაოდ დიდი სტრესია ორგანიზმისათვის - საათობრივი და კლიმატური სარტყლის მკვეთრი ცვლილება, უჩვეულო ტემპერატურა და დღეღამური რიტმი, უჩვეულო საკვები... ყოველივე ამასთან შეგუება ბევრ ორგანიზმს უჭირს, ზოგიერთს კი საერთოდ არ შეუძლია. არ გვინდა, მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, თითქოს ეგზოტიკურ კურორტზე გამგზავრება დასვენების ნაცვლად უსიამოვნებებს უქადდეს ტურისტებს, თუმცა არც ის არის დასამალი, რომ ბევრს საოცნებო ნეტარება ტანჯვით ეცვლება. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, კურორტი ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით შეარჩიოთ, წინასწარ გაეცნოთ მის სპეციფიკას და იმ სირთულეებს, რომლებსაც შეიძლება იქ წააწყდეთ.

რა უნდა გაითვალისწინოს ეგზოტიკურ ქვეყანაში დასვენების მსურველმა, როგორ მოემზადოს, რა პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მიმართოს?

სამწუხაროდ, ამის თაობაზე ინფორმაციას ტურისტულ სააგენტოებში არავინ მოგაწვდით. იქ მხოლოდ კლიმატურ პირობებს, სასტუმროებში არსებულ კომფორტს, სანახაობრივ და გასართობ მხარეს აგიწერენ. ერთადერთი გამოსავალია, საჭირო ინფორმაცია თავად მოიძიოთ ან ექიმ სპეციალისტს გაესაუბროთ.

ტურისტულ სააგენტოში ვერ ნახავთ სპეციალისტს, რომელიც კურორტოლოგიის ან სამედიცინო კუთხით რაიმე რჩევა-დარიგებას, რეკომენდაციას მისცემს ამა თუ იმ კურორტზე დასვენების მსურველს, დააკვალიანებს, აუხსნის, წაადგება თუ არა მის ორგანიზმს იქ დასვენება, რა უნდა გაითვალისწინოს, რას უნდა ერიდოს... არადა პრობლემებთან შეჯახება ყველაზე მეტად სწორედ ეგზოტიკურ კურორტებზეა მოსალოდნელი. გვესაუბრება ტურისტული კომპანია "გუდ თრეველის" ტუროპერატორი ნათია ბაკურაძე.

- ეგზოტიკური კურორტებიდან რომელია დღეს საქართველოში ყველაზე პოპულარული? ყველაზე ხშირად სად მიემგზავრებიან ჩვენი თანამემამულენი დასასვენებლად?

- ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი ეგვიპტესა და თურქეთში მიდის. ეგვიპტის კურორტებიდან ზაფხულში ყველაზე დიდი მოთხოვნაა ჰურგადაზე, ზამთარში - კაიროზე, ალექსანდრიაზე, ტაბაზე.

ეგვიპტეში მშრალი და ცხელი კლიმატია. კაიროში ტემპერატურა ზაფხულში 35-სა და 40 გრადუსს შორის მერყეობს, ზამთარში კი 20-სა და 25 გრადუსს შორის. ქვეყნის სამხრეთით კლიმატი უფრო თბილია, ვიდრე ხმელთაშუაზღვისპირეთში. დღისა და ღამის ტემპერატურული სხვაობა, ჩვეულებრივ, ათ გრადუსს შეადგენს.

ეგვიპტის კურორტებიდან აღსანიშნავია ჰურგადა. ის ეგვიპტის ტურისტული ცენტრია, კაიროდან სამხრეთ-დასავლეთით, 500 კმ-ზე, წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ამ კურორტზე მთელი წლის განმავლობაში მზეა. სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს მაკადისა და სოამა ბეის ყურეები, რომელთა ქვიშიანი პლაჟი მრავალ კილომეტრზეა გადაჭიმული. აქვეა აბუ რამადის, აბუ ნუხასის, კერლესა და პეტრას ეგზოტიკური რიფები, რომლებიც ტურისტებს ძალიან მოსწონთ.

უნიკალური კლიმატური პირობები ჰურგადაში წელიწადის ნებისმიერ დროს კომფორტულად დასვენების საშუალებას იძლევა. ამ კურორტზე წყლის ტემპერატურა 20-22 გრადუსზე დაბლა თებერვალშიც კი არ ეშვება, ხოლო ჰაერისა 23-25 გრადუსი და მეტია. ზაფხულში წყლის ტემპერატურა 28 გრადუსამდე იმატებს, ხოლო ჰაერისა 35-ს აღწევს. ამიტომ ჰურგადაში, ისევე როგორც ეგვიპტის დანარჩენ კურორტებზე, წასვლის მსურველები მთელი წლის განმავლობაში მოგვმართავენ.

ეგვიპტის კლიმატი, როგორც მოგახსენეთ, მშრალია, ამიტომ წითელი ზღვის სანაპიროზე ზაფხულის სიცხე უფრო იოლი ასატანია. ჰურგადასთვის ტიპური ზღვის ნიავი პლაჟზე დასვენებას წელიწადის ყველაზე ცხელ დღეებშიც კი სასიამოვნოს ხდის.

სასტუმროების რაოდენობით ჰურგადას დედამიწაზე ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. სანაპირო ზოლის გასწვრივ, ათობით კილომეტრზე, გაშენებულია ორასზე მეტი თანამედროვე სასტუმრო. აქ წარმოდგენილია სასტუმროების თითქმის ყველა ცნობილი ქსელი: "ჰილტონი", "მარიოტი", "შერატონი", "ინტერკონტინენტალი" და სხვა. ჰურგადის სასტუმროებში სტუმრების კვება შვედური მაგიდის პრინციპს ეფუძნება.

- ეგვიპტის სხვა ეგზოტიკურ კურორტებზე რას გვეტყვით?

- ბევრი დამსვენებელი ჰყავს ალექსანდრიას და კაიროს. ალექსანდრია ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, კაიროდან 250 კმ-ზე მდებარეობს. სანაპიროსთან სიახლოვის გამო იქ კლიმატი საკმაოდ რბილია. ჰაერი უფრო მშრალია, ტემპერატურა კი უფრო დაბალი, ვიდრე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში.

ეგვიპტე ვრცელი ქვეყანაა - როდესაც ალექსანდრიაში სიგრილე და ნესტია, ავანში შესაძლოა უკვე ძალიან ცხელოდეს. ისეთ ღირსშესანიშნაობათა სანახავად, როგორებიც არის პირამიდები და მეფეთა დაბლობი, საუკეთესო დრო თებერვლიდან აპრილამდე და ოქტომბრიდან ნოემბრამდეა. ამ პერიოდში საკმაოდ ცხელა იმისათვის, რომ ადამიანმა გააცნობიეროს, რას ნიშნავს "მზის ქვეყანა", მაგრამ არა აუტანლად. იმავდროულად ცა და ზღვა გამაოგნებლად ლურჯია. მეორე მხრივ, ამინდი არ არის არაპროგნოზირებადი, ამიტომ ტურისტებისათვის ეს წელიწადის საუკეთესო დროა.


- ეგზოტიკურ კურორტზე დასვენებაზე ბევრი ოცნებობს, თუმცა ცხელ ჰავასთან შეგუება ყველას არ შეუძლია. მეტიც - ზოგიერთის ჯანმრთელობას სრულიად არ უხდება ასეთი ჰავა. თუ აფრთხილებთ ხოლმე ამის შესახებ ეგვიპტის კურორტებზე გამგზავრების მსურველებს?

- ერთადერთი, რის შესახებაც ვაფრთხილებთ, არის ის, რომ იქ ძალიან ცხელა, რომ აუტანელი სიცხის გამო ზაფხულის თვეებში უმჯობესია ეგვიპტეში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ და გამგზავრება წელიწადის სხვა პერიოდისთვის გადადონ. აგრეთვე არ ვურჩევთ ეგზოტიკურ კურორტზე პატარა ბავშვებისა და ხანში შესული ადამიანების წაყვანას, მით უფრო, რომ სადაზღვევო კომპანიები 64 წელს გადაცილებული ადამიანების ჯანმრთელობას არ აზღვევენ.

- კიდევ რა რჩევას ან გაფრთხილებას აძლევთ ეგვიპტეში მოგზაურობის მსურველებს? მაგალითად, თუ სთავაზობთ პროფილაქტიკური აცრების ჩატარებას? მოგეხსენებათ, ეგზოტიკური კურორტები რამდენადმე თავისებური კურორტებია. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, დამსვენებელი იქ სირთულეებს წააწყდეს ან უბრალოდ ისე გაუუარესდეს ჯანმრთელობა, რომ სამშობლოში დაბრუნება მოუხდეს.

- უნდა მოგახსენოთ, რომ ჯერ ასეთი ერთი შემთხვევაც არ გვქონია, ჩვენ მიერ გამგზავრებულ არც ერთ ტურისტს არ შეუწყვეტია მოგზაურობა და დროზე ადრე არ დაბრუნებულა უკან. პირიქით, ყველა დასვენებული და კმაყოფილი ბრუნდება შინ. შორეულ, მათ შორის - ეგზოტიკურ კურორტებზე ხომ ავადმყოფები არ მიემგზავრებიან. დღეს ყველამ იცის და ჩვენც, რა თქმა უნდა, ყველას ვაფრთხილებთ, რომ უცხო ქვეყანაში ონკანიდან წყლის დალევა არ შეიძლება, რომ დასალევად ბოთლებში ჩამოსხმული წყალი მაღაზიებში უნდა შეიძინონ. ამ პირობას ალბათ ყველა დამსვენებელი იცავს. ყოველ შემთხვევაში, მოწამლულთა ან სხვა მხრივ დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ამა თუ იმ კურორტიდან დაბრუნებულ დამსვენებლებს ყოველთვის ვეხმიანებით და უკმაყოფილო ჯერ არავინ გვინახავს.

როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ჩვენს ტურისტულ სააგენტოებში კურორტებზე გამგზავრების მსურველები ამომწურავ ინფორმაციას მხოლოდ სასტუმროში არსებული პირობებისა და სხვადასხვა სანახაობის შესახებ იღებენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენს ერთგულ მკითხველს სხვა საინტერესო ინფორმაციაც მივაწოდოთ და ამასთან ერთად რამდენიმე რჩევაც მივცეთ.

რეკომენდაციები ეგვიპტეში წამსვლელთათვის

  • ონკანიდან წყლის დალევა არ არის რეკომენდებული. კბილების გასახეხად და ხილის გასარეცხადაც კი გირჩევთ, ადუღებული ან ნაყიდი (ბოთლებში ჩამოსხმული) წყალი გამოიყენოთ.
  • ცურვისა თუ ბანაობის დროს ეცადეთ არაფერს შეეხოთ, რადგან თევზების უმეტესობა შხამიანია. თუ შემთხვევით რომელიმე თევზმა ზიანი მოგაყენათ ან ფეხი ზღვის ზღარბს დაადგით, დაუყოვნებლივ ამოდით წყლიდან და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ.
  • ღამით ბანაობისაგან, გირჩევთ, თავი შეიკავოთ. ცხელი და მშრალი ჰავის გამო სასურველია ატაროთ ბამბის ან სხვა ნატურალური ქსოვილის სამოსი და აუცილებლად - მსუბუქი თავსაბურავი. ნეილონს, კაპრონს და სხვა სინთეტიკას თავი არიდეთ - ასეთი ქსოვილები კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს და სხეულის გადახურებას იწვევს.
  • სამოგზაუროდ წასვლამდე აუცილებელია სამგზავრო აფთიაქის მოწესრიგება. მართალია, ეგვიპტეში, სხვა ქვეყნების მსგავსად, მრავლად არის სახელმწიფო თუ კერძო კლინიკები, მაგრამ პირველი დახმარებისთვის საჭირო ყველა მედიკამენტი თუ სხვა საშუალება უმჯობესია თან გქონდეთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ სხვა ქვეყნების აფთიაქებში მრავალ მედიკამენტს განსხვავებული სახელწოდება აქვს, შესაბამისად, ამა თუ იმ პრეპარატის დამოუკიდებლად შეძენისას შესაძლოა სირთულეს წააწყდეთ.

სამგზავრო აფთიაქში აუცილებლად უნდა იყოს:

  • ტკივილგამაყუჩებელი და საგულე საშუალებები;
  • სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
  • საფაღარათო და შემკვრელი საშუალებები;
  • მგზავრობის დროს თავბრუხვევისა და გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტები;
  • მწერებისგან დამცავი საშუალებები;
  • იოდი, ბამბა და დოლბანდი;
  • წყალგაუმტარი ლეიკოპლასტირი;
  • ბარიერული კონტრაცეპტივები;
  • თვალის წვეთები;
  • მზისაგან დამცავი კრემები და კანის მოვლის სხვა საშუალებები.

ეგზოტიკურ კურორტებზე ტურისტები ყველაზე ხშირად კუჭ-ნაწლავის პრობლემებს უჩივიან. აშლილობის მიზეზად შესაძლოა იქცეს ნაყინი, ცუდად გარეცხილი ან გაუთლელი ხილი და ბოსტნეული. ყველაზე ხშირად კი პრობლემას ქუჩაში ნაყიდი ყინულის ნატეხები იწვევს. მათ სასმელების გასაცივებლად თითქმის ყველა ტურისტი ყიდულობს. არადა ეს ყინული ხშირად ონკანიდან ჩამოსხმული, სასმელად უვარგისი წყლისგან არის დამზადებული. ამიტომაც, როგორც არ უნდა დაგცხეთ, არავითარ შემთხვევაში არ ჩაიყაროთ სასმელში ქუჩაში შეძენილი ყინული. მის სანდოობას რომ თავი დავანებოთ, გავარვარებული ყელისა და კუჭ-ნაწლავისათვის ცივი სასმელი სრულიადაც არ არის სასარგებლო.

ფაღარათის თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. უჩვეულო კლიმატურ პირობებთან ჯერ კიდევ შეუგუებელ ორგანიზმს უცხო კერძების მონელება გაუჭირდება. ეგვიპტის სასტუმროებში დამსვენებლებს უმთავრესად შვედურ სუფრას სთავაზობენ მრავალნაირი სალათით, რომლებიც იოგურტით, კიტრით, წვრილად დაჭრილი სოსისით ან თევზის ფარშით არის შეზავებული. რაც მთავარია, საკაზმად გამოყენებულია ადგილობრივი ბალახეული, რომელიც ევროპელის კუჭ-ნაწლავს ეუცხოება და ფაღარათიც არ აყოვნებს ხოლმე.

გახსოვდეთ:

  • ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის უცხოა ეგვიპტური სამზარეულოს მრავალი ინგრედიენტი, განსაკუთრებით კი პალმის ზეთი, რომლითაც ბევრ საუცხოო კერძს ამზადებენ, ამიტომ პირველი 3-4 დღის განმავლობაში ყველა კერძს ერთბაშად ნუ მიეძალებით, ახალი პროდუქტები საჭმლის მომნელებელ სისტემას ნელ-ნელა შეაპარეთ.
  • სადილის დასრულებისთანავე ჩაროზზე ნუ გადახვალთ, ის დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მიირთვით.
  • ნუ მიეკარებით გაუთლელ ხილსა და უმ ბოსტნეულს. ფაღარათი და, საზოგადოდ, საჭმლის მონელების დარღვევა არც თავად ეგვიპტელებისთვის არის უცხო. სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, რომლებიც კუჭ-ნაწლავის დეზინფექციას არყით იტარებენ, ეგვიპტელები ლიმონს ამჯობინებენ, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ წვნიანსა და ნაირ-ნაირ სალათებთან ერთად დაჭრილი ლიმონიც მოგართვეს.
  • სავალდებულო აცრების ნუსხა არ არსებობს, თუმცა პოლიომიელიტისა და ტეტანუსის (გაშეშების) საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია და ეგვიპტეში გამგზავრების მსურველი მრავალი ტურისტი იტარებს კიდეც, ხოლო თუ თქვენი მარშრუტი უდაბნოსა და ოაზისებზე გადის, სასურველია მალარიისა და ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრების ჩატარებაც.
  • იყავით ფრთხილად! ეგვიპტის მზე ჩრდილოეთის მზისგან განსხვავდება. წითელი ზღვის სანაპიროზე მნათობი განსაკუთრებით მცხუნვარე და მავნებელია დილის 11-დან 4 საათამდე. გარუჯვა ამ საათებში ძალზე სახიფათოა - მზისაგან დამცავი საცხიც კი ვერ გიშველით, დაიწვებით!


ზღვის ბინადარნი და მათთან შეჯახება

ზღვაში ბანაობისას მის ამა თუ იმ ბინადართან შეხვედრამ შესაძლოა ბევრი უსიამოვნება მოგაყენოთ. ზღვის ზღარბების ნაჩხვლეტებისგან ეგვიპტეში ათასობით დამსვენებელი იტანჯება. საქმე ის გახლავთ, რომ ადამიანი, ჩვეულებრივ, თავად ადგამს ფეხს ზღარბს ან შეხვედრისას ინსტინქტურად ხელით ცდილობს მის მოშორებას. ორივე შემთხვევაში შედეგი ძალზე მძიმეა - აუტანელი ტკივილი და კიდურის შეშუპება, რაც ბევრს მოგზაურობის შეწყვეტასაც კი აიძულებს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ - მარჯნებზე სეირნობა არცთუ უსაფრთხოა. არათუ რიფებზე სეირნობისას, წყალშიც კი სპეციალური სქელლანჩიანი ფეხსაცმელი გამოიყენეთ. თუმცა 100%-ით ასეთი აღჭურვილობაც კი ვერ დაგიცავთ - მარჯნის რიფები ხომ ნაპრალებითა და ხვრელებით არის მოფენილი, თანაც სრიალა ლორწოვანი მასითაა დაფარული, ასე რომ, დიდია ალბათობა, ფეხი დაგიცდეთ და წაიქცეთ ან ფეხი ნაპრალში ჩაგივარდეთ. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ ზღარბის წვეტიანი ნემსი ხშირად ფეხსაცმელშიც ატანს. ამიტომ ეცადეთ, საერთოდ არ შეეხოთ რიფებს. იცურავეთ, დატკბით წყალქვეშა სამყაროს სილამაზით, მაგრამ ხელს ნურაფერს შეახებთ.

თუ ზღვის ზღარბმა მაინც დაგჩხვლიტათ:

  • დაუყოვნებლივ გამოდით წყლიდან, ოღონდ ფრთხილად - ისე, რომ შერჭობილ ნემსებს ბოლოები არ მოამტვრიოთ;
  • მოთმენა გაგიჭირდებათ, მაგრამ მაინც - ჯერ კარგად გაშრით.
  • არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ ნემსების ამოღება კბილებით, ფრჩხილებით, პინცეტით. მოიძიეთ ქაღალდის ხელსაწმენდი, თუნდაც ტუალეტის ქაღალდი, და ფრთხილად, ისე, რომ ბოლოები არ მოგიტყდეთ, სათითაოდ ამოიღეთ ნემსები.
  • თუ ნემსი მაინც ჩაგიტყდათ და ხელმოსაჭიდი კიდე აღარ აქვს, პანიკას ნუ აჰყვებით - დაზიანებული არე სადეზინფექციო სპირტით დაიმუშავეთ. მეორე დღეს ტკივილი საგრძნობლად შეგიმსუბუქდებათ, მერე კი საერთოდ გაივლის. სხეულში ჩარჩენილი ნემსები თანდათანობით გაიწოვება, მათი ნარჩენები კი ორგანიზმიდან გამოიდევნება.

შხამიანი ღრუბლები და მარჯნებიც მწარედ სუსხავენ ადამიანს. სხეულის დაზიანებული უბნები წითელი ლაქებით ან ბუშტუკებით იფარება და დაუოკებელი ქავილის შეგრძნება ეუფლება.

ზღვის რწყილებთან შეჯახება ტურისტების იმ ნაწილს უხდება, ვისაც ზღვაში ღრმად შეცურვისა არ ეშინია. სავსებით სუფთა წყალში, სანაპიროდან დაახლოებით 40-50 მეტრზე, მოცურავე უცაბედად სხეულის მწველ ჩხვლეტას შეიგრძნობს, თითქოს ვიღაც წვრილ-წვრილი გავარვარებული ნემსებით ჩხვლეტდეს. თუ ასეთი რამ შეგემთხვევათ, პანიკას ნუ აჰყვებით და ნურც ხელებით დაიწყებთ მოგერიებას - თქვენ ზღვის რწყილების გარემოცვაში აღმოჩნდით. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, ის არის, რომ დაუყოვნებლივ გამოცუროთ ნაპირისკენ. რწყილების ნაკბენები, ჩვეულებრივ, თავისით გაივლის, თუმცა განსაკუთრებით ნაზი ან ალერგიული კანის პატრონებს შესაძლოა ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი განუვითარდეს.

- ქალბატონო ნათია, თურქეთის კურორტებზე და იქ დასვენების მსურველებზე რას გვეტყვით?

- თურქეთი, მოგეხსენებათ, სამი ზღვით არის გარშემორტყმული: შავი, ხმელთაშუა და ეგეოსის.

ხმელთაშუა ზღვის კურორტებიდან აღსანიშნავია ანტალია, ალანია, ბელეკი, ქემერი, სიდე. ამათგან ყველაზე მოთხოვნადია ქემერი და ალანია, ეგეოსის ზღვის კურორტებიდან - ბოდრუმი, მარმარისი და კუშადარი. ამათგან ყველაზე დიდია მოთხოვნა ბოდრუმზე. თურქეთში ძალზე მრავალფეროვანი კლიმატია. ცენტრალურ თურქეთში - კონტინენტალური, საკმაოდ ცივი და თოვლიანი ზამთრით, დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზე კი სუბტროპიკული - ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე თბილა.

ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვის სანაპიროებზე საბანაო სეზონი აპრილიდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.

რაც შეეხება სტამბულს, იქ კლიმატი საკმაოდ რბილია, ადრე გაზაფხულზე ამინდები უმეტესად თბილი და მზიანია, განსაკუთრებით - ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. აქ არის ყველაზე ხანგრძლივი საბანაო სეზონი მთელ ევროპაში, თბილი ზამთარი (15-160C) და საკმაოდ ცხელი ზაფხული (320C).

ანკარაში კონტინენტალური კლიმატია, სტამბულში კი ხმელთაშუა ზღვისა (50C იანვარში და 250C ივლისში).

თურქეთის კურორტებზე დასვენების მსურველთა რიცხვი ყოველთვის დიდია. გარდა საუკეთესო პირობებისა, ამას ქვეყნის სიახლოვე, მასთან უვიზო რეჟიმი და მისი კურორტების სიიაფეც განაპირობებს.