პაწაწინა სისხლისმწოველთა ღრმა ნაკვალევი
დაავადების წინამორბედად იქცეს.
რას ვგულისხმობთ? დაწვრილებით ამის შესახებ ინფექციონისტი ივეტა მურუსიძე გვესაუბრება.
-
რატომ არის საშიში მოსკიტის ნაკბენი?
- მოსკიტი, უმთავრესად - მდედრი, საშიში დაავადების, ლეიშმანიოზის, გამომწვევი პარაზიტის გადამტანია. ლეიშმანიოზი მიეკუთვნება ადამიანისა და ცხოველების პროტოზოულ ტრანსმისიულ (სისხლში მოცირკულირე ცოცხალი პარაზიტებით გამოწვეულ) დაავადებათა ჯგუფს.
ახასიათებს:
- შინაგანი ორგანოების დაზიანება,
- ცხელება,
- ღვიძლისა და ელენთის გადიდება,
- ანემია,
- ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია),
- კანისა და ლორწოვანი გარსების შემოფარგლული დაზიანება, მათი დაწყლულება და ნაწიბურების წარმოშობა (კანის ლეიშმანიოზი, კან-ლორწოვანი ლეიშმანიოზი).
არსებობს დაავადების ორი ძირითადი ფორმა - ვისცერული (შინაგანი ორგანოების დაზიანებით მიმდინარე) და კანისა.
ვისცერული ლეიშმანიოზი გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. მისი ყველაზე აქტიური კერებია ჩინეთში, ინდოეთში, ბანგლადეშში, ირანში, თურქეთში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში და მათთან ერთად საქართველოშიც. ვისცერული ლეიშმანიოზის წყაროსა და რეზერვუარს წარმოადგენენ მაწანწალა ძაღლები, გარეული ცხოველები (ტურა, მელა) და დაავადებული ადამიანები.
კანის ქალაქის ტიპის ლეიშმანიოზის წყაროს წარმოადგენენ - დაავადებული ადამიანები და ძაღლები, სოფლის ტიპისას კი მღრღნელები. პარაზიტები მრავლდებიან საცხოვრებელი სახლის სარდაფებში, გამოქვაბულებში, ფრინველთა ბუდეებში, კლდის ნაპრალებში. მათი გადამტანი, მდედრი მოსკიტი, თვითონ დაავადებული ადამიანის ან ცხოველის სისხლის წოვის დროს ინფიცირდება, ხოლო ჯანმრთელ ადამიანს კბენისას აინფიცირებს. ტროპიკულ ქვეყნებში მოსკიტები მთელი წლის განმავლობაში აქტიურნი არიან. ლეიშმანიოზით ავადობის სეზონურობა მოსკიტის ბიოლოგიურ თვისებებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან ენდემურ კერებში ჩასული ადამიანები, ამიტომ ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობის მოყვარულებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.
-
როგორ კვალს ტოვებს მოსკიტის ნაკბენი კანზე?
- მოსკიტის ნაკბენზე რამდენიმე დღის ან რანდენიმე კვირის შემდეგ წარმოიქმნება პირველადი აფექტი - უმნიშვნელო პაპულა ან მქავანა წყლული, რომელიც ზოგჯერ ფუფხით იფარება. აქვე დავაზუსტებ - პირველადი აფექტი დამახასიათებელია კანის ლეიშმანიოზისთვის, ისიც უპირატესად წლის-წლინახევრის ბავშვებს უვითარდებათ, მოზრდილებს - იშვიათად. ვისცერული ფორმის დროს ადგილობრივი კერა სუსტად არის გამოხატული ან სრულიად არ აღინიშნება, ამიტომ დაავადებულს უჭირს გახსენება, როდის უკბინა მოსკიტმა. პირველად აფექტს ექიმთან პირველი მიმართვისას იშვიათად ნახულობენ. დაწვრილებითი გამოკითხვისას მშობლები იხსენებენ, რომ ზოგადი მდგომარეობის გაუარესებამდე დიდი ხნით ადრე კანზე, ძირითადად - გაშიშვლებულ ადგილზე, გაჩნდა უმნიშვნელო პაპულური გამონაყარი, რომელიც შემდეგ გაქრა ან ამჟამადაც შეინიშნება მისი სუსტი კვალი.
-
როდის და როგორ ვლინდება დაავადება?
- ვისცერული ლეიშმანიოზის საინკუბაციო პერიოდი ანუ დრო კბენიდან დაავადების გამოვლენამდე ზოგჯერ 20 დღეს გასტანს, ზოგჯერ - წლამდე და მეტხანს, უმეტესად - 3-6 თვეს. ამ პერიოდში ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია და არაფერს უჩივის.
დაავადების მიმდინარეობაში გამოყოფენ სამ პერიოდს - საწყისს, კლინიკის სრული გაშლისას და კახექსიურს.
ზრდასრულ პაციენტებში დაავადება თანდათანობით იწყება, მცირე ასაკის ბავშვებში კი მწვავედ. დაავადების თანდათანობითი დაწყებისას შეინიშნება ზოგადი სისუსტე, უმადობა, სუბფებრილური ტემპერატურა. სიმპტომები თანდათან პროგრესირებს, ტემპერატურა იმატებს და ტალღისებური ხდება.
მეორე პერიოდში ანუ კლინიკური გამოვლინების სრული გაშლის დროს ტემპერატურა მაღალია, ხანგრძლივი, დღე-ღამეში შესაძლოა აღირიცხოს 2-3 პიკი (39-40 გრადუსი) 2-3-საათიანი შუალედით. ამ პიკებს თან სდევს ძლიერი შემცივნება და ოფლიანობა. ცხელების პერიოდი 2 კვირიდან 1-2 თვემდე გრძელდება. მას ენაცვლება სხვადასხვა ხანგრძლივობის უსიცხო პერიოდები. შემდეგ ტემპერატურა შესაძლოა ნორმას დაუბრუნდეს, მაგრამ საერთო სისუსტე იმატებს, თავს იჩენს ელენთის გადიდების ნიშნები - დისკომფორტი მუცელში, სწრაფად დანაყრების შეგრძნება, მუცლის ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) შეიგრძნობა გადიდებული ღვიძლი და ელენთა. ეს უკანასკნელი აღწევს მცირე მენჯს და მუცლის ღრუს დიდ ნაწილს იკავებს. გადიდებული ღვიძლი და ელენთა მკვრივია, გლუვზედაპირიანი, პერიფერიული ლიმფური კვანძები (კისრისა, იღლიისა, საზარდულისა) ოდნავ დიდდება, თმა თანდათან თხელდება და მყიფდება, ვითარდება ანემია.
თუ ლეიშმანიოზის მეორე პერიოდში სპეციფიკური მკურნალობა არ ჩატარდა, დაავადება პროგრესირებას განაგრძობს. ავადმყოფს მადა ეკარგება და დაავადება გადადის კახექსიურ სტადიაში, რომლის დამახასიათებელ ნიშნებად მიიჩნევა მკეთრი გახდომა და შეშუპება. შესაძლოა ჩამოყალიბდეს ღვიძლის ციროზი, ასციტი, მოსალოდნელია სისხლჩაქცევები კანში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ცვლილებები შეინიშნება სხვა ორგანოებსა და სისტემებშიც.
-
საკმარისია თუ არა დიაგნოზის დასასმელად დამახასიათებელი ნიშნების არსებობა?
- ტემპერატურა და სხვა სიმპტომები უტყუარ სადიაგნოზო ნიშნებად არ მიიჩნევა. მოზრდილებში გვხვდება დაავადების წაშლილი ფორმები, რომლებიც უსიცხოდ მიმდინარეობს, ღვიძლი და ელენთა უმნიშვნელოდაა გადიდებული, სისხლში არსებითი ცვლილებები არ შეინიშნება. იშვიათია გართულება - ელენთის გახეთქვა.
-
რომელი დაავადებებისგან დიფერენცირებას მოითხოვს ვისცერული ლეიშმანიოზი?
- საჭიროა ვისცერული ლეიშმანიოზის დიფერენცირება ისეთი დაავადებებისგან, როგორებიცაა სეფსისი, ლეიკოზი, ინფექციური მონონუკლეოზი, მალარია, ბრუცელოზი... გასათვალისწინებელია, რომ ასეთი მკვეთრი ჰეპატოსპლენომეგალია და მის ფონზე მიმდინარე პროგრესირებადი ანემია და კახექსია ცხელების პერიოდებით არც ერთი ზემოხსენებული ინფექციისთვის არ არის დამახასიათებელი. დიაგნოსტიკის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიული კვლევის მონაცემებს, რომლებიც მიიღება ძვლის ტვინის პუნქციით და მიღებული პუნქტატის სპეციალურ ნიადაგზე დათესვით. დამხმარე მეთოდია სეროლოგიური რეაქცია.
-
რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა და როგორ სრულდება?
- მკურნალობის გარეშე პროგნოზი მძიმეა, ლეტალური დასასრულიც კია მოსალოდნელი, დროულად ჩატარებული სპეციფიკური მკურნალობის შემთხვევაში კი დაავადება სავსებით იკურნება. სპეციფიკური საშუალებებიდან იყენებენ ხუთვალენტიანი სურმის პრეპარატებს. მკურნალობა, სულ ცოტა, 15-20 დღე გრძელდება. 2-3 თვის შემდეგ საჭიროა გამოკვლევა შესაძლო რეციდივის გამოსავლენად.
-
რას გვეტყვით ვისცერული ლეიშმანიოზის პროფილაქტიკაზე?
- დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ავადმყოფთა დროული გამოვლენა და მკურნალობა, დაავადებული ძაღლების კონტროლი, მოსკიტებთან ბრძოლა - საწოლის სპეციალური ხსნარით დამუშავება, მოსკიტის საწინააღმდეგო ბადის ხმარება. პროფილაქტიკურ აცრებს ფართოდ ჯერჯერობით არ იყენებენ.
-
კიდევ ერთი გავრცელებული პროტოზოული დაავადებაა მალარია. როგორია მისი გავრცელება საქართველოში?
- მალარიის პირველადი წყაროა მდედრი კოღო ანოფელესი, თუმცა მხოლოდ ჰაერის განსაზღვრულ ტემპერატურაზე, 16-დან 30 გრადუსამდე. ამიტომ არის, რომ ტროპიკულ ქვეყნებში კოღო ადამიანს პარაზიტით მთელი წლის განმავლობაში ასნებოვნებს, ზომიერი კლიმატის რეგიონებში კი ინფიცირებას სეზონური ხასიათი აქვს - გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხშირდება. ბოლო ხანს აღირიცხა მალარიის რამდენიმე შემთხვევა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. არსებობს მისი საქართველოში შემოტანის საფრთხეც.
-
როგორია ამ დაავადების კლინიკური გამოხატულება?
- მალარია მიმდინარეობს შეტევითი ციებ-ცხელებით, პროგრესირებადი ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, რეციდივებით. ინფექციის წყაროა პარაზიტმატარებელი - ადამიანი, რომლის სისხლშიც ბინადრობს მალარიის გამომწვევი პლაზმოდიუმი. ასეთი ადამიანის სისხლთან ერთად პარაზიტი კოღოს კუჭში ხვდება და ნაყოფიერდება. ამით იწყება მისი სქესობრივი ციკლი. ციკლის უკანასკნელ ფაზაში მომწიფებული პლაზმოდიუმები კოღოს სანერწყვე ჯირკვლებამდე აღწევს. ამ წუთიდან კოღო ადამიანისთვის ინფექციის წყაროდ იქცევა. ორსულის დასნებოვნებისას ინფექცია შესაძლოა პლაცენტის გავლით ნაყოფსაც გადაეცეს.
იშვიათად დაავადება გადაედება ინფიცირებული სისხლის, შპრიცისა და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების საშუალებით. მალარიისადმი მიმღებლობა ყველა ასაკში ერთნაირია, მაგრამ ენდემურ კერებში უპირატესად ბავშვები ავადდებიან, ზრდასრულ მოსახლეობას ამა თუ იმ რეგიონში რეგისტრირებული შტამების მიმართ იმუნიტეტი აქვს. თუ დედა მალარიით ავად არ ყოფილა, ინფექციისადმი ახალშობილის მიმღებლობა მაღალია, პასიური იმუნიტეტის ხანგრძლივობა კი 5-8 თვეს არ აღემატება, რის შემდეგაც ბავშვი ამ ინფექციისადმი მგრძნობიარე ხდება. მალარია ციკლური პროცესია, რომელსაც მიდრეკილება აქვს მორეციდივე მიმდინარეობისკენ. არსებობს 3-დღიანი, 4-დღიანი და ტროპიკული მალარია, რომლებიც ერთმანეთისგან საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობითა და შეტევებს შორის არსებული ინტერვალით განსხვავდება.
მალარიის შეტევა სამი ფაზისგან შედგება. ესენია:
- შემცივნება, რომელიც 1-2 საათს გრძელდება;
- ტემპერატურული რეაქცია - გასტანს 6-8 საათს;
- ოფლიანობა (უხვი ოფლდენა, რომლის დროსაც ადამიანი ერთიანად სველდება).
შეტევა 1-2-დან 12-14 საათამდე გრძელდება. დაავადების პიკზე ავადმყოფს სახე წამოწითლებული აქვს, სკლერები - ინიცირებული, არტერიული წნევა - დაქვეითებული, ენა - მშრალი, სქელნადებიანი. დაავადების პირველი კვირის მიწურულს და მეორის დამდეგს ღვიძლი და ელენთა გადიდებულია, თითქმის ყველა ავადმყოფს აღენიშნება მუცლის ზომიერი შებერილობა, დეფეკაციის გახშირება, თხელი განავალი. ტუჩებსა და ნესტოებზე ხშირია ჰერპესული გამონაყარი. შეტევების გახშირებას თან სდევს კანისა და სკლერების სიყვითლე. თუ პირველი შეტევის შემდეგ საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, შეტევათა გახშირების შემდეგ ავადმყოფს ეწყება თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, სახე ხშირად მიწისფერი უხდება, სიყვითლე ძლიერდება, ძლიერი ოფლიანობის გამო ავადმყოფი იფიტება, კარგავს მასას.
-
რა კრიტერიუმებია გადამწყვეტი დიაგნოზის დასმისას?
- გარდა შეტევათა შორის დამახასიათებელი ინტერვალისა (3-4 დღე), დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ-ეპიდემიოლოგიურ და ლაბორატორიულ მონაცემებს. საბოლოო სიტყვას ამბობს სისხლის სქელი წვეთის გამოკვლევა: მიკროსკოპით მასში დიდი რაოდენობით მალარიის პლაზმოდიუმს აღმოაჩენენ. დიაგნოზის დასმის შემდეგ საჭიროა, დროულად დაიწყოს სპეციფიკური მკურნალობა სტაციონარულ პირობებში. დროულად ჩატარებული მკურნალობისას მალარია უმეტესად სრული გამოჯანმრთელებით ხასიათდება.
-
რა პროფილაქტიკური ღონისძიებები შეიძლება გატარდეს დაავადებისგან თავდასაცავად?
- პროფილაქტიკა ითვალისწინებს მალარიით დაავადებულებისა და პარაზიტის მატარებლების დროულ გამოვლენასა და მკურნალობას, ანოფელესის გვარის კოღოების მოსპობას, მოსახლეობის მალარიისადმი მიმღებლობის დაქვეითებას. ამ მიზნით ენდემურ კერაში გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე და კერიდან გამოსვლის შემდეგ რვა კვირის განმავლობაში ტარდება მალარიის ქიმიოპროფილაქტიკა (ქლორგუანიდინი, ქლოროქსანი). გაიხსენეთ, რა მწარედ იკბინებიან პაწაწინა მწერები! ალბათ იმიტომ, რომ გახანგრძლივებული ტემპერატურის დროს გაიხსენეთ ეს სიმწარე და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდეთ ექიმს, რათა დროულად დაგისვან სწორი დიაგნოზი და სათანადოდ გიმკურნალონ.