დისკომფორტი მუცელში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დისკომფორტი მუცელში

არიან ისეთებიც, რომლებიც ჭამას წიგნის კითხვას, ჟურნალ-გაზეთების თვალიერებას უთავსებენ. ეს და სხვა მავნე ჩვევები ხელს უწყობს საკვების გაუცნობიერებლად, მექანიკურად ყლაპვას, რასაც გადაძღომამდე მივყავართ. გარდა ამისა, ისინი არღვევენ საჭმლის მონელების პროცესს, მის ცალკეულ რგოლებს, ნერწყვის გამოყოფა იქნება ეს თუ საჭმლის მომნელებელი წვენებისა, რადგან კითხვისა თუ ტელევიზორის ყურებისას ადამიანი ვერ ახერხებს ჭამის პროცესზე კონცენტრირებას, საკვების გემოსა და სურნელის შეგრძნებას, მათზე ყურადღების გამახვილებას, რასაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მონელებისთვის. კვებას თავისი კულტურა აქვს და მისი დარღვევის შემთხვევაში საჭმლის მომნელებელ სისტემას დიდი დატვირთვა ადგება. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მავნე ჩვევა საბოლოო ჯამში მუცელში დისკომფორტს, სიმძიმის შეგრძნებას, გულისრევასა და სხვა ჩივილებს განაპირობებს. მავნე ჩვევაა ჩიპსებით, არომატული ორცხობილებითა და სხვა სასუსნავით დანაყრებაც. ისინი გაჯერებულია მავნე ნივთიერებით - არომატიზატორებით, სტაბილიზატორებით, საღებავებითა და სხვა დანამატებით, რომლებიც ასევე აჩენს მუცელში უსიამოვნო შეგრძნებას. გირჩევთ, ამ მავნე პროდუქტების ნაცვლად ორგანიზმისთვის სასარგებლო ხილი, ხაჭო, წვენი მიირთვათ. მუცელში აღმოცენებული დისკომფორტის მიზეზი შეიძლება იყოს უჯრედისით მდიდარი პროდუქტების ჭარბი მიღებაც. უჯრედისით მდიდარი საკვები, ჩვეულებრივ, აირების წარმოქმნას უწყობს ხელს. მიაქციეთ ყურადღება საკვებ რაციონს - ბევრ კომბოსტოს,  ბარდასა და ლობიოს ხომ არ მიირთმევთ. მუცელში დისკომფორტს გაზიანი სასმელებისა და ზომაზე მეტი შავი პურის მიღებაც იწვევს. ერთ-ერთი მიზეზია ცხიმიანი საკვების უხვი მიღებაც, განსაკუთრებით - საღამოობით. ეს მხოლოდ დისკომფორტს კი არა, სერიოზულ დაავადებებსაც უდებს სათავეს.

მეტეორიზმი

რატომ ვითარდება მეტეორიზმი? როგორ ავიცილოთ თავიდან აირების წარმოქმნა? როგორ ვებრძოლოთ მუცლის შებერილობას? მეტეორიზმი აირების დაგროვების გამო მუცლის შებერვაა. მას ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვება იწვევს. თვით აირების ჭარბი წარმოქმნის მიზეზი კი შეიძლება იყოს:

  • ფერმენტების ნაკლებობა - ასეთ დროს ნაწლავებში არასრულფასოვნად მონელებული საკვები ხვდება და დუღილსა და ლპობას იწყებს;
  • დისბალანსი ნაწლავებში მობინადრე მიკროორგანიზმებს შორის, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების მიერ აირთა შთანთქმის შეფერხებას;
  • საკვები, რომელიც აირთა ჭარბ წარმოქმნას იწვევს: პარკოსნები, უჯრედისით მდიდარი პროდუქტები, გაზიანი სასმელები, შავი პური, ბურახი, კომბოსტო, ყურძენი და სხვა;
  • ნაწლავთა მოტორიკის (შეკუმშვითი მოძრაობების) დარღვევა;
  • სტრესები და ნერვული დარღვევები, რომლებიც ნაწლავთა სპაზმს განაპირობებს;
  • საკვების სწრაფი მიღება, ჭამის დროს ლაპარაკი, მოწევა, საღეჭი რეზინის დიდხანს ღეჭვა და სხვა მავნე ჩვევები, რომლებიც ჰაერის ყლაპვას იწვევს.

როგორ ავიცილოთ თავიდან აირების წარმოქმნა

აირების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია:

  • ჭამის შემდეგ სუფთა ჰაერზე გასეირნება;
  • მასტიმულირებელ და მატონიზებელ საშუალებებზე  (ჩაი, ყავა, შოკოლადი, ცხიმი) უარის თქმა, მათი ჩანაცვლება მცენარეული ნაყენებით;
  • ცილოვან საკვებზე მეტად კარტოფილისა და ბრინჯის გამოყენება;
  • უარის თქმა საღეჭ რეზინსა და გაზიან სასმელებზე, აგრეთვე - მეტისმეტად ცივ ან ცხელ საკვებსა და სასმელზე;
  • საკვების კარგად დაღეჭვა. ეცადეთ, სწრაფად, ფაციფუცით არ ჭამოთ, ჭამის დროს არ ისაუბროთ;
  • ორგანიზმის საფუძვლიანად გამოკვლევა, თუ პროფილაქტიკური ღონისძიებები ან მეტეორიზმის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები უეფექტო აღმოჩნდა.

როგორ აღმოვფხვრათ მუცლის შებერილობა

ხალხური მედიცინის საუნჯიდან

კამის ნაყენი: აიღეთ ორი სადილის კოვზი კამის თესლი, დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 8-10 საათი, მიირთვით ორი სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ანისულის თესლის ნახარში: აიღეთ ორი ჩაის კოვზი ანისულის თესლი, დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 10-15 წუთი გააჩერეთ წყლის აბაზანაზე. შემდეგ გადმოდგით და 20 წუთი კიდევ გააჩერეთ. მიირთვით მეოთხედი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

გვირილის ნახარში: აიღეთ ერთი სადილის კოვზი გვირილის ყვავილი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. გადმოდგით და გააჩერეთ 4 საათი. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

უმი კარტოფილის წვენი: უნდა მიიღოთ უზმოზე, 200 მლ, და ნახევარი საათით წამოწვეთ. საუზმე რეკომენდებულია წვენის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი 10 დღეს მოიცავს. შემდეგ 10-14 დღე შეისვენეთ და გაიმეორეთ.

კვლიავის თესლის ნაყენი: აიღეთ ერთი სადილის კოვზი თესლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30 წუთი და გადაწურეთ. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.


მცენარეთა ნაკრების ნაყენი

პირველი ვარიანტი: აიღეთ ოც-ოცი გრამი კრაზანა, ფარსმანდუკი და ბერულა. აურიეთ ერთმანეთში და სამ სადილის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ორი საათი, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

მეორე ვარიანტი: აიღეთ ცირცელის ნაყოფი - 4 წილი, პიტნის ფოთოლი - 3 წილი, კამის თესლი - 3 წილი და კატაბალახას ფესვი - 2 წილი. აურიეთ ერთმანეთში. ერთ სადილის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

დისპეფსია

დისპეფსია საჭმლის მონელების დარღვევაა. ის სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება, მათ შორის - კუჭის არეში თავჩენილი დისკომფორტითაც. ეს უკანასკნელი შეიძლება აღმოცენდეს როგორც ორგანული, ასევე ფუნქციური დარღვევების ფონზე. ორგანულ დაზიანებათა შორის აღსანიშნავია ქრონიკული პანკრეატიტი (კუჭუკანა ჯირკვლის - პანკრეასის - ანთება), ნაღველკენჭოვანი დაავადება, კუჭის წყლულოვანი პათოლოგია და სხვა. ფუნქციურ დარღვევათაგან დისპეფსიასა და, შესაბამისად, მუცელში დისკომფორტს იწვევს კვების დარღვევა (ალიმენტური ტიპის დარღვევები), სტრესები, ზოგიერთი მედიკამენტი, მარილმჟავას დიდი რაოდენობით გამოყოფა და სხვა. ფუნქციური, კერძოდ, ალიმენტური დისპეფსია, საკვების დარღვევის ტიპიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ცხიმოვანი, ლპობითი და დუღილისა. ცხიმოვან დისპეფსიას ცხიმების ჭარბი მოხმარება იწვევს, ლპობითი დისპეფსია ცილების ჭარბ მიღებას უკავშირდება, ხოლო დუღილის ტიპის დისპეფსია ნახშირწყლების ხშირი და ხანგრძლივი მიღების შედეგია. გარდა კუჭის არეში აღმოცენებული დისკომფორტისა, დისპეფსიას სხვა სიპტომებიც ახასიათებს. პაციენტები ხშირად უჩივიან სიმძიმის შეგრძნებას კუჭის არეში, ჭამისთანავე გულისრევას და ისეთ შეგრძნებას, თითქოს საკვები კუჭში გაუჩერდათ. შესაძლოა, ეპიგასტრიუმის არეში თავი იჩინოს შებერილობამ, რომელიც მუცლის შებერილობისგან განსხვავდება. დისპეფსიის მსგავსად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომიც კონკრეტული ორგანული პათოლოგიით ყოველთვის არ არის განპირობებული. ეს სინდრომი და, შესაბამისად, გამოხატული დისკომფორტი ნაწლავებში შეიძლება გამოიწვიოს:

  • ვეგეტოსიხლძარღვოვანმა დისტონიამ;
  • ფსიქოსომატურმა დარღვევებმა, ნევროზებმა;
  • სტრესებმა, ქრონიკულად ფსიქომატრავმირებელმა სიტუაციებმა.

შედარებით იშვიათად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მოწამვლისა და ნაწლავური ინფექციის ფონზე ვითარდება, თუმცა იმისთვის, რომ ამ ფაქტორებმა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის პროვოცირება მოახდინოს, უნდა არსებობდეს ფსიქოლოგიური პრობლემების ფონი. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, რადგან საჭიროა ანალოგიური სიმპტომოკომპლექსით მიმდინარე უამრავი დაავადების გამორიცხვა.

დისბაქტერიოზი

მუცელში გამოხატული დისკომფორტის ერთ-ერთი მიზეზი დისბაქტერიოზია. ნაწლავთა დისბაქტერიოზზე საუბრისას ნაწლავებში არსებული მიკროფლორის დარღვევას, მის სხვადასხვაგვარ დისბალანსს მოვიაზრებთ. Aროგორც ცნობილია, ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ასობით სხვადასხვა სახის ბაქტერია ბინადრობს. ეს ბაქტერიები - ბიფიდობაქტერიები, ბაქტეროიდები, ლაქტობაქტერიები, ანაერობები და სხვები - თავიანთი ცხოველმყოფელობით აქტიურად არიან ჩართულნი ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებში. ისინი, გარდა იმისა, რომ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლა-მონელებაში მონაწილე ფერმენტებს გამოიმუშავებენ, ვიტამინებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებათა შეწოვასაც უწყობენ ხელს, ნაწლავებს ძირითადი ფუნქციის განხორციელებაში ეხმარებიან, განამტკიცებენ იმუნიტეტს და ავლენენ ალერგიის საწინააღმდეგო ეფექტს. მიკროფლორის ყოველგვარი დარღვევა კუჭსა და ნაწლავებში მკვეთრ დისკომფორტს იწვევს, რომელიც შესაძლოა შებერილობით, ყაბზობით, სიმძიმის შეგრძნებითა და ტკივილითაც კი გამოიხატოს.