თირკმლების პოლიცისტური დაავადება

ტერმინი "პოლი" მრავალს ნიშნავს, ესე იგი, პოლიცისტური მრავალცისტიანია. თირკმლების პოლიცისტური დაავადება არის პათოლოგია, რომლის დროსაც თირკმლებში მრავალი ცისტა ჩნდება. ეს ცისტები კეთილთვისებიანი ბუნებისაა და თირკმლის მილაკებისგან ვითარდება. გასათვალისწინებელია, რომ ჯანმრთელ ადამიანებს, განსაკუთრებით - ასაკოვნებს, ზოგჯერ თირკმელში ერთი, ორი ან რამდენიმე ცისტა აქვთ.
წესისამებრ, ასეთი ცისტები ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქადის და პოლიცისტური დაავადების გამოვლინებას არ წარმოადგენს. თირკმლების პოლიცისტური დაავადება გენეტიკური ბუნებისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმში ერთი ან რამდენიმე გენი შეცვლილია, რაც თირკმელში მრავალი ცისტის ფორმირებას განაპირობებს. განასხვავებენ თირკმლების პოლიცისტური დაავადების რამდენიმე ტიპს:
- აუტოსომურ-დომინანტურს. ეს ტიპი ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ის თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომლის მიზეზიც არის ერთ-ერთი მშობლისგან მიღებული გენი. დაავადების სიმპტომები და პათოლოგიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები უმეტესად მოწიფულ ასაკში იჩენს თავს.
- აუტოსომურ-რეცესიულს. ეს იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც 20 000-დან 1 ადამიანს აღენიშნება. პრობლემები, წესისამებრ, დაბადებიდან მცირე ხნის შემდეგ იჩენს თავს. თირკმლების პოლიცისტოზის ეს ტიპი მაშინ ვითარდება, როდესაც ადამიანი პათოლოგიურ გენს ორივე მშობლისგან იძენს. ამ შემთხვევაში მშობლები ჯანმრთელები არიან, მაგრამ პათოლოგიურ გენს ატარებენ.
- არამემკვიდრეობითი. ათიდან დაახლოებით ერთ პაციენტში დეფექტური გენის არსებობა მუტაციის შედეგია. ამ შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრები ჯანმრთელები არიან.
თირკმლების აუტოსომურ-დომინანტური პოლიცისტური დაავადება
თირკმლების აუტოსომურ-დომინანტური პოლიცისტური დაავადების დროს დეფექტური გენი არღვევს სხეულის განსაზღვრული ნაწილების, განსაკუთრებით კი თირკმლის განსაზღვრულ უჯრედთა მემბრანების აგებულებას, რაც ცისტების ფორმირებას იწვევს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
იდენტიფიცირებულია ამ სახის პოლიცისტოზის გამომწვევი 2 გენი, რის გათვალისწინებითაც დაავადება 2 სუბტიპად იყოფა. პირველის სიხშირე 20-დან 17-ია, მეორისა - 20-იდან სამი. მიუხედავად გენეტიკური განსხვავებისა, მათი კლინიკური გამოვლინება მსგავსია, თუმცა I ტიპი უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე მეორე. შესაძლოა მესამე დეფექტური გენის არსებობაც, მაგრამ ეს საკითხი ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. დაავადების ეს ფორმა, წესისამებრ, ძალიან ნელა პროგრესირებს და სიმპტომებიც მოწიფულ ასაკამდე არ იჩენს თავს.
წლების განმავლობაში ცისტების რაოდენობა იზრდება და ასს აჭარბებს. ზომა უმეტესად ქინძისთავისოდენადან 2 სანტიმეტრამდე მერყეობს, თუმცა ცნობილია უფრო დიდი ზომის ცისტების არსებობის შემთხვევებიც. ცისტები აწვება თირკმლის ჯანსაღ უბნებს და თანდათან იკავებს თირკმლის ქსოვილის უდიდეს ნაწილს. დროთა განმავლობაში ეს აზიანებს თირკმლის ფუნქციას, რადგან დარჩენილ ჯანსაღ ქსოვილს აღარ შესწევს სისხლის გაფილტვრის უნარი. სწორედ ამიტომ არის, რომ თირკმლების პოლიცისტური დაავადების უმრავლეს შემთხვევაში ორგანოს ფუნქცია ისე მკვეთრად უარესდება, რომ ვითარდება თირკმლების ქრონიკული უკმარისობის ბოლო სტადია.
პოლიცისტოზურად დაზიანებული თირკმელი დიდია. ზოგჯერ მისი ზომა ნორმალური თირკმლისას 3-4-ჯერ აღემატება. ამას ექიმი პაციენტის მუცლის ხელით გასინჯვისას აღმოაჩენს. უნდა ითქვას, რომ ცისტების ფორმირების სისწრაფე სხვადასხვაა. სამიდან ერთი ავადმყოფი ისე აღწევს 70 წელს, რომ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა არ უვითარდება.
დაავადების კლინიკური სურათი
დაავადების ამ ფორმის მქონე პაციენტი საკმაოდ ხშირად თავს ჯანმრთელად გრძნობს და არასოდეს არაფერს უჩივის, უმეტესად კი დაავადება 30-დან 50 წლამდე იჩენს თავს. პირველ სიმპტომთაგან აღსანიშნავია:
- შარდში სისხლის არსებობა, რომელიც შესაძლოა პერიოდულად ვლინდებოდეს. ამ ჩივილის მიზეზია ერთი ან რამდენიმე ცისტიდან პერიოდული სისხლდენა;
- შარდში ცილის არსებობა;
- ტკივილი თირკმლების საპროექციო არეში, რაც თირკმლის გადიდების ბრალია;
- თირკმლის კენჭების არსებობა, რაც 5 დაავადებულიდან ერთს აღენიშნება. კენჭი ასიმპტომურიც შეიძლება იყოს და თირკმლის უძლიერესი ტკივილითაც გამოვლინდეს;
- მუცლის ტკივილი ან მუცლის ზრდა;
- მაღალი არტერიული წნევა;
- თირკმლის განმეორებითი ინფექცია.
აღნიშნული სიმპტომები ექიმს თირკმლების გამოკვლევის დაგეგმვის საფუძველს აძლევს. არის შემთხვევები, როცა დაავადების დიაგნოსტიკა თირკმლების ქრონიკული უკმარისობის ჩამოყალიბების შემდეგ ხდება.
დიაგნოსტიკა
როდესაც ექიმი თირკმლების აუტოსომურ-დიმინანტურ პოლიცისტურ დაავადებას ვარაუდობს, იგეგმება სათანადო გამოკვლევა:
- თირკმლების ექოსკოპია - არაინვაზიური, უსაფრთხო და უმტკივნეულო კვლევა, რომელიც თირკმლების ვიზუალიზაციის საშუალებას გვაძლევს;
- უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა;
- შარდის საერთო ანალიზი;
- სისხლში კრეატინინის შემცველობის განსაზღვრა, რის მეშვეობითაც ვიღებთ ინფორმაციას თირკმლის ფუნქციობის შესახებ.
ხშირად დაავადების დიაგნოსტიკა შემთხვევით, სხვა მიზეზით ჩატარებული ექოსკოპიისას ხდება.
გართულებები
თირკმლების ქრონიკული უკმარისობა არის მდგომარეობა, როდესაც თირკმლის ფუნქცია მკვეთრად არის გაუარესებული, ორგანო შეუქცევადად არის დაზიანებული. ასეთ დროს თირკმელი კარგავს უნარს, შეინარჩუნოს წონასწორობა მიღებულ და გამოყოფილ სითხესა და ქიმიურ ნივთიერებებს შორის, გამოყოს ორგანიზმში დაგროვილი აზოტოვანი ცვლის საბოლოო პროდუქტები.
თირკმლების ქრონიკული უკმარისობის გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი სწორედ თირკმლების პოლიცისტური დაავადებაა. განსაზღვრულ სტადიამდე თირკმლების ქრონიკული უკმარისობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შემდეგ თავს იჩენს სისუსტე, უმადობა, წონის კლება, კანის ქავილი, კუნთების მტკივნეული შეკუმშვა, ქვედა კიდურების შეშუპება, შეშუპება ზედა ქუთუთოების არეში, სიფითრე, რომელიც ანემიით არის განპირობებული.
უკანასკნელ სტადიაზე თირკმლების ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ ტარდება დიალიზი და პაციენტი თირკმლების ტრანსპლანტაციისთვის მზადდება.
ცნობილია, რომ თირკმლების აუტოსომურ-დიმინანტური პოლიცისტური დაავადების მქონეთა დაახლოებით ნახევარს თირკმლის უკმარისობის უკანასკნელი, ტერმინალური სტადია 60 წლისთვის უვითარდება, ხოლო ათიდან ექვსს - 70 წლისთვის.