რა საფრთხეს გვიქადის მავნე ჩვევები
ხოლო ერთ-ერთი ნომერი მთლიანად ნარკოტიკებს მიეძღვნა, ამიტომ ამჯერად თქვენს ყურადღებას სხვა, არანაკლებ გავრცელებულ მავნე ჩვევებს მივაპყრობთ.
რომელიმე წევრის, განსაკუთრებით კი მოზარდის გატაცება ამა თუ იმ მავნე ჩვევით, თამბაქოს წევა იქნება ეს, სმა თუ ნარკოტიკების მოხმარება, სადარდელად ექცევა მთელ ოჯახს. ეს ჩვევები იწვევს პიროვნების დეგრადაციას, მძიმე დაავადებებს, არასრულფასოვან შთამომავლობას და სხვა.
ათასობით გამოკვლევის შედეგი მოწმობს, რომ თამბაქოს მავნე ზემოქმედებას განიცდის მწვეველის პრაქტიკულად ყველა ორგანო. მწეველს უმთავრესად ემუქრება კიბო, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, ტუბერკულოზი. ის არგუმენტი, რომ მავანი მთელი ცხოვრება ეწეოდა, მაგრამ დიდხანს იცოცხლა, ან კიდევ ის, რომ მავანი, თუმცაღა დიდი ხნის მწეველია, შესანიშნავად გამოიყურება და არაფერი აწუხებს - არ გამოგადგებათ. ნუ გეგონებათ, რომ თამბაქო თქვენს ორგანიზმს უმნიშვნელო ზიანს აყენებს, ანდა ესა თუ ის დაავადება საერთოდ არ გემუქრებათ. გახსოვდეთ, მოწევა ნაადრევად აბერებს და კლავს ადამიანს! დააკვირდით, მაგალითად, მწეველ ქალბატონს, მისი სახის ფერს, კანს, თითებს, ყურადღება მიაქციეთ მის ფრჩხილებსა და კბილებს, დაუკვირდით მის ხმას! ეს ყოველივე თამბაქოთი ინტოქსიკაციის გარეგნული ნიშნებია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მწეველ ქალებს ორჯერ უფრო ხშირად უჩნდებათ მცირეწონიანი ბავშვები. ძლიერი ტოქსიკოზი ორსულობისას, ნაადრევი და გართულებული მშობიარობა, აბორტები, მკვდრადშობადობა - ეს ყოველივეც მწეველ ქალებს არამწეველებზე გაცილებით მეტად ემუქრებათ.
ალკოჰოლის მავნე ზემოქმედება
სპირტიანი სასმელები ვნებს გულს, სისხლძარღვებს, აზიანებს ფილტვის ქსოვილს, ღვიძლისა და თირკმლის უჯრედებს. ჩამოთვლილი ორგანოები სათანადოდ ვეღარ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს, რითაც საფრთხეს უქმნიან სხვა ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების მუშაობას. ყოველივე ეს დასაბამს აძლევს სხვადასხვა დაავადებას. განსაკუთრებით ვნებს ალკოჰოლი ნერვულ სისტემას, კერძოდ, თავის ტვინის უჯრედებს. მისი ზემოქმედების შედეგად ითრგუნება ფსიქიკური და ფიზიკური აქტიურობა, ქვეითდება მეხსიერება და ყურადღება. მსოფლიოს მეცნიერთა დაკვირვებით, გონებრივად ჩამორჩენილი 100 ბავშვიდან 80-85 მთვრალი მშობლების მიერ არის ჩასახული.
განსაკუთრებით სახიფათოა ალკოჰოლი ბავშვებისა და მოზარდებისათვის. ბავშვის ორგანიზმი მოზრდილი ადამიანისაზე 4-6-ჯერ უფრო მგრძნობიარეა. თუ გსურთ, ჯანმრთელი შთამომავლობა გყავდეთ, გული შეგტკივათ შვილებზე, გინდათ, რომ ისინი ჭკვიანები, ჯანსაღები, ენერგიულები და ძლიერები გაიზარდონ, უარი თქვით ალკოჰოლზე, მომავალ თაობას კი მავნე ჩვევებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გაუღვივეთ.
სხვა მავნე ჩვევები
- ონიქოფაგიას ანუ ფრჩხილების კვნეტას, წესისამებრ, მავნე ჩვევად მიიჩნევენ. სინამდვილეში ის ფუნქციური ნევროზის სიმპტომია. ონიქოფაგია ნერვული და ნერვულ-ფსიქოპათიური ტიპის ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებს ახასიათებთ. ფრჩხილების კვნეტის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ზრდასრული ადამიანებიც კი ვერ იკავებენ თავს და ნერვული დაძაბულობის წუთებში, შინაურებისა თუ გარეშეთა გარემოცვაში გამალებით იკვნეტენ ფრჩხილების თავისუფალ კიდეებს. უფრო მეტიც - ზოგიერთი მათგანი თავისდა უნებურად ყლაპავს კიდეც მოკვნეტილ ფრჩხილს.
კვნეტის პროცესში, გარდა იმისა, რომ ფრჩხილები დეფორმირდება, ზიანდება, დიდია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფიცირების საშიშროება; ღრმად მოკვნეტილი ფრჩხილის დისტალურ კიდეზე ანთება ვითარდება და ზოგჯერ სისხლიც დის. ნერწყვით მუდმივი მაცერაციის გამო ფრჩხილბუდის მოსაზღვრე კანი რბილდება, სკდება და სხვადასხვა ინფექციის კარიბჭედ იქცევა. დაზიანებული ფრჩხილების ფირფიტები დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის, გადაყლაპული მასა კი სხვადასხვა ინფექციური დაავადების წყაროა!
- ჭამის დროს კითხვა ან ტელევიზორის ყურება არღვევს საჭმლის მონელების პროცესს. ეს უკანასკნელი ნორმალურად რომ წარიმართოს, საკვების მიღების უწყვეტი მექანიზმი გარეგან ფაქტორთა ზემოქმედებით არ უნდა დაირღვეს. როგორც კი გაშლილ სუფრას დავინახავთ, საყვარელი კერძის სურნელს შევიგრძნობთ ან გემოს გავუსინჯავთ საჭმელს, ეს მექანიზმი რეფლექსურად ირთვება, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ნერწყვის, ნაღვლის, საჭმლის მომნელებელი ფერემენტების გამოყოფას, საკვებისგან კუჭის დროულად დაცლას, ნაწლავებში მონელების პროცესის სათანადოდ წარმართვას.
კითხვისა თუ ტელევიზორის ყურების დროს ადამიანი საჭმელს გაუცნობიერებლად ყლაპავს, ისე, რომ ვერ გრძნობს ვერც სუნს, ვერც გემოს. საჭმლის მონელება, ფაქტობრივად, რეფლექტორული ფაზის გარეშე ხდება. მისი გამოთიშვის გამო კი მონელების პროცესი ირღვევა, არ გამოიყოფა აუცილებელი ფერმენტები და წვენები, საკვები ნორმაზე მეტხანს (3-5 საათს) ყოვნდება კუჭში.
- საათობით კევის ღეჭვა ფიტავს სანერწყვე ჯირკვლებს, ვნებს საღეჭ კუნთებსა და ზედა და ქვედა ყბის დამაკავშირებელ სახსრებს. თუ კევს ჭამის შემდეგ დაღეჭავთ, კუჭის წვენი და საჭმლის მომნელებელი ფერმენტები უფრო ინტენსიურად გამოიყოფა, რაც მონელებას გააადვილებს, მაგრამ მშიერ კუჭზე (მით უფრო - თუ გასტრიტი ან წყლულოვანი პათოლოგია გაქვთ) კევი ნამდვილი "ტყვიამფრქვევია" - რეფლექსურად აძლიერებს შიმშილის გრძნობას და ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას, რომლებიც, როცა კუჭში საკვები არ დახვდებათ, ლორწოვანი გარსის მონელებას იწყებენ.
არ შეიძლება უკვე დაღეჭილი კევის შენახვა და ხელმეორედ დაღეჭვა - ნარჩენებითა და ბაქტერიებით გაჯერებული მასა ინფექციის წყაროა!