ალკოჰოლიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალკოჰოლიზმი

მხოლოდ მძიმე სოციალური ფონია მისი მიზეზი, მაგრამ ფაქტია: თუ სახელმწიფო ნარკომანიის მიმართ მცირეოდენ ყურადღებას მაინც იჩენს, - ანტინარკოტიკული ღონისძიებების ჩატარებით, ბუკლეტების დამზადება-დარიგებით თუ სხვა, - ალკოჰოლიზმის პრობლემა მივიწყებულია, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თუ საქმეს სასწრაფოდ არ მივხედეთ, ქვეყანა შესაძლოა კატასტროფის წინაშე დადგეს.

ამჯერად ჩვენ სწორედ ალკოჰოლიზმის შესახებ ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი, ნარკოლოგი მარინა მურდალაშვილი.

  • ქალბატონო მარინა, რას გულისხმობს ალკოჰოლიზმის ცნება?

- "ალკოჰოლიზმი" მოძველებული ტერმინია და ყოფით მდგომარეობას უფრო ასახავს, ვიდრე დაავადებას. ამჟამად "ალკოჰოლზე დამოკიდებულებას", "ალკოჰოლზე დამოკიდებულების სინდრომს" ვხმარობთ. ალკოჰოლზე დამოკიდებულება დაავადებაა, რომელსაც მედიცინა ბიო-ფსიქო-სოციალურ ჭრილში გაიაზრებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მის განვითარებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ალკოჰოლიზმს ახასიათებს ქრონიკული და, თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, ძალზე ავთვისებიანი მიმდინარეობა. მკურნალობასთან ერთად კი აუცილებელია სათანადო პრევენციული ღონისძიებების გატარებაც.

  • თქვენ ბრძანეთ, რომ დაავადების ჩამოყალიბებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. იქნებ ძირითადი ფაქტორები ჩამოგვითვალოთ...

- ალკოჰოლზე დამოკიდებულებას უამრავი მიზეზი აქვს. რომელიმე მათგანის გამოყოფა ძნელია. არსებობს გენეტიკური და სოციალური ფაქტორები, არსებობს სხვადასხვა დაავადებით, მაგალითად, გადატანილი ქალა-ტვინის ტრავმით, გამოწვეული ფაქტორები... ალკოჰოლზე დამოკიდებულება ასევე შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა, ცხოვრებისეულმა პრობლემებმა და სხვა. ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს სოციალური მდგომარეობა, უმუშევრობა და, აქედან გამომდინარე, ინტერესთა სფეროს შეზღუდვა, რაც განაპირობებს დაავადების ასე ფართოდ გავრცელებას.

  • გაქვთ თუ არა სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, როგორ პროგრესირებს საქართველოში ეს პრობლემა?

- სტატისტიკური მონაცემები, სამწუხაროდ, არა მარტო ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის, არამედ სხვა დაავადებების შესახებაც არ არსებობს საქართველოში. გვაქვს მხოლოდ საკუთარი მონაცემები, საკუთარი დაკვირვებები იმის თაობაზე, რა ხდება ქვეყანაში ამ კუთხით. მინდა გითხრათ, რომ დაავადება გაახალგაზრდავდა, იმდენად, რომ ეს ხშირად ჩვენც კი გვიკვირს. გაახალგაზრდავდა არა მარტო ალკოჰოლზე დამოკიდებულების მდგომარეობა, არამედ ის ფსიქიკური და ფიზიკური გართულებებიც, რომლებიც თან ახლავს მას. თუ ალკოჰოლური დელირიუმი დაახლოებით ათი წლის წინ 50-60 წლის ასაკში უფრო ხშირად გვხვდებოდა, ახლა ის 20-22 წლის ასაკშიც შეიძლება შეგვხვდეს.

  • და ესეც სოციალურმა ფონმა გამოიწვია?

- სოციალური ფონი ამ კუთხით ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია. გარდა ამისა, აჩქარდა ცხოვრების ტემპი. სხვათა შორის, სხვა ქვეყნების ნევროზების, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების სტატისტიკური მონაცემებიც იმაზე მიუთითებს, რომ ცხოვრების ტემპის აჩქარება ამ პრობლემების ერთ-ერთ რისკფაქტორს წარმოადგენს.

  • ღვიძლის გარდა, რომლის შესახებაც თითქმის ყველამ იცის, რომელ ორგანოზე მოქმედებს ალკოჰოლი დამღუპველად? რა პათოლოგიები ვითარდება ალკოჰოლიზმით დაავადებულის ორგანიზმში?

- ეს დაავადებებია ალკოჰოლური პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება), ალკოჰოლური კარდიომიოპათია, ენდოკრინული დარღვევები, ალკოჰოლური გასტრიტი, ალკოჰოლური ენცეფალოპათია, რომელსაც შემდგომ ალკოჰოლური დეგრადაცია მოჰყვება. ამ დროს ადამიანი საზოგადოებისთვის დაკარგულია. ალკოჰოლი იწვევს ორგანიზმში ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტს, ხოლო ხანგრძლივი ალკოჰოლიზაცია - ორგანიზმის გამოფიტვას.

ალკოჰოლი არღვევს შვილოსნობის ფუნქციას, მთლიანად შლის ქალის ენდოკრინულ სისტემას, ქალებში აძლიერებს მამაკაცური ჰორმონების გამომუშავებას, ხოლო მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს. ორსულობის დროს ალკოჰოლური სასმლის მიღება საერთოდ არ შეიძლება, განსაკუთრებით - პირველ ტრიმესტრში, რადგან მაღალია ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის განვითარების რისკი. ყველა დაავადების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ალკოჰოლი ყველა ორგანოზე დამღუპველად მოქმედებს და საბოლოოდ პიროვნების დეგრადაციას და მის დაღუპვას იწვევს.

  • როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა თავი ნაბახუსევის სინდრომს?

- (იღიმება) ეს მართლაც აქტუალური კითხვაა. ნაბახუსევზე არ გაიღვიძებთ, თუ ალკოჰოლს ჭარბად არ მიიღებთ. ყველაფერს აქვს თავისი ნორმა და მოხმარების წესი. დავიწყოთ იმით, როგორ უნდა გაშიფროს ნაბახუსევის სინდრომი ექიმმა. უნდა გაირკვეს, ერთჯერადი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ფონზე განვითარდა ეს მდგომარეობა თუ ქრონიკული მოხმარების ფონზე და რჩევებიც ამის მიხედვით უნდა გაიცეს. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, კლასიკურ, საყოფაცხოვრებო ნაბახუსევის სინდრომს, ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა რიგითმა მოქალაქეებმა შეიძლება ჩემზე უკეთ იცოდნენ. ცდებითა და დაკვირვებით ირკვევა, რა ჯობს, რა იძლევა უკეთეს შედეგს.

ერთ-ერთი მეთოდია სითხის უხვად მიღება. თუ თავი გტკივათ, ტკივილგამაყუჩებელი უნდა მიიღოთ, თუ მაღალი წნევა გაქვთ - წნევის დამწევი. მაგრამ მაინც, ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია, ექიმს მიმართოთ. თუ ნაბახუსევის სინდრომი ალკოჰოლის ქრონიკული მიღებით არის გამოწვეული, ამას მედიცინაში აღკვეთის მდგომარეობა ეწოდება და ექიმის ჩარევა აუცილებელია.

  • მედიცინის ენაზე - აღკვეთის მდგომარეობა, ხოლო ხალხში...

- ხალხში ამას "ზაპოის" ან "ზაპოის" მდგომარეობიდან გამოსვლას ეძახიან.

  • შეიძლება თუ არა, ალკოჰოლიზმი ლუდის რეგულარული სმის შედეგად განვითარდეს?

- რასაკვირველია, ალკოჰოლზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის სასმლის სახეობას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, დროის საკითხია, ანუ რამდენ ხანში შეიძლება ჩამოყალიბდეს ალკოჰოლზე დამოკიდებულება და, სასმლის სახეობიდან გამომდინარე, რომელი გართულება განვითარდება უფრო სწრაფად. რატომღაც მიაჩნიათ, რომ ლუდი უსაფრთხო სასმელია და დამოკიდებულებას არ იწვევს, არადა ადრე ლუდის ალკოჰოლიზმი ცალკე იყო გამოყოფილი. ამ დროსაც საკმაოდ მძიმდება მდგომარეობა და ვითარდება სხვადასხვა გართულება. გარდა ამისა ლუდის წარმოებისას გამოიყენება ნივთიერებები, რომლებიც გარკვეულ ორგანულ დაზიანებებს იწვევს. ლუდზე დამოკიდებულ ადამიანებში საკმაოდ ხშირია ჰორმონული დარღვევები...

  • არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა მშობლები ბავშვებს აძლევენ ცოტაოდენ ღვინოს და ამას იმით ამართლებენ, რომ სუფთა ღვინო სასარგებლოა. მართლა ასეა?

- ბავშვს ალკოჰოლური სასმელი არ უნდა მივცეთ. საზოგადოდ, ეს ისეთი კითხვაა, რომელიც შედარებით ვრცელ პასუხს მოითხოვს. რაც შეეხება წითელ ღვინოს, მის სამედიცინო, თერაპიულ დანიშნულებას, საფრანგეთში ხანგრძლივი გამოკვლევებით დადგინდა, - და შემდეგ სხვა ქვეყნებმაც ჩაატარეს მსგავსი კვლევები, - რომ ალკოჰოლის ზომიერი მიღება აქვეითებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. მაგრამ ალკოჰოლის დოზა ამ დროს მკაცრად არის განსაზღვრული. ანტიათეროსკლეროზული ეფექტი ნიშნავს იმას, რომ ინფარქტის, ინსულტის განვითარების რისკი იკლებს, თუმცა იქვე დასძენენ, რომ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ამ დაავადებათა განვითარების რისკი არათუ არ იკლებს, იმატებს კიდეც.

რაც შეეხება ბავშვებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მათთვის ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია. ხშირია შემთხვევა, როდესაც მამები, ქართული ტრადიციიდან გამომდინარე, სასმელს სუფრასთან ასინჯებენ ბავშვებს. ბევრი შემხვედრია ასეთი ბავშვი, რომელსაც შემდგომ ალკოჰოლზე დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა.

  • პრინციპულად რა ასაკამდე არ შეიძლება მივცეთ ალკოჰოლი?

- 17-18 წლამდე ალკოჰოლის მიღება საერთოდ არ შეიძლება. ამ ასაკის შემდეგ კი, თუ ახალგაზრდა თავს კონტროლს უწევს, შეუძლია ზომიერად სვას. თუმცა ისიც მართალია, რომ ახალგაზრდებს უჭირთ თავის მოთოკვა.

  • რა სიმპტომების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ალკოჰოლზეა დამოკიდებული?

- პირველი და მნიშვნელოვანი ნიშანია გაღრევებული ანუ გაბმული სმის პერიოდი. ამ დროს რამდენიმე დღე ან უფრო ხშირად რამდენიმე კვირა გადაბმულად სვამენ... ზემოთ აღკვეთის მდგომარეობა ვახსენე. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი ნაბახუსევიდან ვერ გამოდის სასმლის გარეშე, არის ძალიან ცუდად. აღკვეთის მდგომარეობა მთელ რიგ ნევროლოგიულ, ფსიქოპათოლოგიურ და სომატურ სიმპტომატიკას მოიცავს. საყურადღებოა შემდეგი ნიშნები: ადამიანი ძალიან ცუდადაა, თავი სტკივა, ხელები უკანკალებს, აქვს გულისრევის შეგრძნება ან აღებინებს, აქვს მაღალი წნევა, გულის ფრიალი და ოფლიანობა და კარგად იცის, რომ ერთი ჭიქა სასმელი, არაყი იქნება ეს თუ ღვინო, - თუმცა, წესისამებრ, ამ დროს უფრო მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს ეტანებიან, - მდგომარეობიდან გამოიყვანს. როდესაც ამას შეამჩნევს ადამიანი, უნდა მიხვდეს, რომ პრობლემები აქვს და აუცილებლად მიმართოს ექიმს. თუმცა ისიც მართალია, რომ ასეთი ადამიანები მოქეიფეებს უფრო უწოდებენ თავს და არ სურთ იმის აღიარება, რომ უკვე ალკოჰოლის ტყვეობაში მოექცნენ.

  • ნარკომანიისგან განსხვავებით, სახელმწიფო ანტიალკოჰოლურ პროპაგანდას ნაკლებ ყურადღებას უთმობს და შესაძლოა, ეს მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას უწყობდეს ხელს...

- მართალს ბრძანებთ, სახელმწიფოს ყურადღება ნარკომანიაზე აქვს გადატანილი და ეს გასაკვირი არც არის, იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ნარკოტიკებმა წალეკა. თუმცა უკვე დადგა დრო, სახელმწიფომ ალკოჰოლიზმის მიმართაც მეტი ყურადღება გამოიჩინოს. ეს მეტად სერიოზული პრობლემაა. ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანებიც ხომ ხშირად ნარკოტიკს ალკოჰოლით ანაცვლებენ...

  • სხვათა შორის, ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ ბოლო დროს ხშირად მიმართავენ ეგრეთ წოდებულ გადასხმებს. რამდენად ეფექტურია, რამდენად გამართლებულია ეს, როდესაც ალკოჰოლიზმი უკვე ჩამოყალიბებულია?

- ბევრს შეცდომით ჰგონია, მხოლოდ ეს გამოიყვანს მდგომარეობიდან. ტრანსფუზიური თერაპია, ინტრავენური გადასხმა ჩვენც რომ გავიკეთოთ, ეს ხელს არაფერს შეუშლის. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თუ ეს ერთჯერადი ალკოჰოლური მოწამვლაა, ადამიანმა ცუდი სასმელი, სუროგატი მიიღო, ან ბევრი მოუვიდა, რა თქმა უნდა, "გადასხმა" დაეხმარება, მაგრამ თუ მძიმე მდგომარეობა სასმლის ქრონიკული მოხმარებით არის გამოწვეული, ერთჯერადმა ტრანსფუზიურმა თერაპიამ, სატრანსფუზიო ხსნარებით ინტრავენურმა გადასხმამ შესაძლოა მდგომარეობა დაამძიმოს კიდეც. ასეთ დროს ჯობს ყურად არ იღონ ნაცნობ-მეგობრების ან "გამოცდილი" ადამიანების რჩევები და ექიმ სპეციალისტს მიმართონ.


  • ქალები უფრო ადვილად ავადდებიან ალკოჰოლიზმით თუ მამაკაცები, და რატომ?

- თუ ქალმა ალკოჰოლის სისტემატური მიღება დაიწყო, მისი ორგანიზმის ჰორმონული თავისებურებებიდან გამომდინარე, უფრო სწრაფად ჩამოუყალიბდება ალკოჰოლური დამოკიდებულების სინდრომი, რომელიც უფრო რთულად და მძიმედ მიმდინარეობს და მაღალი პროგრედიენტულობა, ანუ ავთვისებიანობა ახასიათებს. ალკოჰოლიზმი მთელი თავისი ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკით, სომატური თუ ნევროლოგიური დარღვევებით ქალებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე მამაკაცებში.

  • ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ღვიძლის გადიდებასაც იწვევს, რომელიც შემდეგ ციროზით მთავრდება. იქნებ ამის შესახებაც გვესაუბროთ.

- დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ღვიძლის ალკოჰოლური პათოლოგიები ცალკე ნოზოლოგიებად არის გამოყოფილი. არსებობს ღვიძლის ცხიმოვანი ალკოჰოლური დისტროფია, ალკოჰოლური ჰეპატიტი, ალკოჰოლური ციროზი, და საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ღვიძლის ციროზების 50-75% ალკოჰოლური წარმოშობისაა.

  • ასაკს თუ აქვს მნიშვნელობა?

- რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ორგანიზმი უფრო მეტს უძლებს, მაგრამ იცით, რაშია საქმე? არსებობს მრავალი ფაქტორი... დიდი მნიშვნელობა აქვს სასმლის სახეობას, მიღების ფორმას, რემისიების, ანუ თავშეკავების პერიოდებს. თუ თავშეკავების პერიოდი ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებში ხანგრძლივია, ალკოჰოლური ციროზი უფრო გვიან განვითარდება. იმას არ ვამბობ, რომ პაციენტს აუცილებლად ალკოჰოლური ციროზი უნდა დაემართოს, მაგრამ მუდმივი მოხმარების ფონზე შეუძლებელია ის არ განვითარდეს.

  • რა არის პათოლოგიური სიმთვრალე?

- პათოლოგიური სიმთვრალე - ეს გახლავთ ფსიქოზური აშლილობა, ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ცნობიერების ბინდვისმაგვარი შეცვლით მიმდინარეობს. ეს ფსიქოზური მდგომარეობაა და ალკოჰოლით მწვავე ინტოქსიკაციის ფონზე ვითარდება. როგორც წესი, ხანმოკლეა და მოსდევს ხანგრძლივი ძილი, გადატანილი მოვლენების სრული დავიწყება.

  • რა შემთხვევაში ვითარდება ალკოჰოლური ფსიქოზი?

- ალკოჰოლური ფსიქოზი - ეს არის მწვავე მდგომარეობა, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. ვითარდება ალკოჰოლზე დამოკიდებულების შემთხვევაში, როდესაც ალკოჰოლზე დამოკიდებულება უკვე ხანგრძლივია. ვითარდება ხანგრძლივი - ერთი, ორი ან სამი თვის განმავლობაში - გადაბმით სმის შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ალკოჰოლური ფსიქოზები ძალიან გაახალგაზრდავდა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ორკვირიანი გაღრევების ფონზე მოგვმართავენ ალკოჰოლური დელირიუმით, - ეს ალკოჰოლური ფსიქოზების ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

  • რა არის თეთრი ცხელება და რა შემთხვევაში ვითარდება ის?

- ეს გახლავთ ალკოჰოლური ფსიქოზების ერთ-ერთი ფორმა, ალკოჰოლური დელირიუმი. ვითარდება ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში ალკოჰოლის გახანგრძლივებული მოხმარებისას, უფრო ხშირად - ალკოჰოლის შეწყვეტის ან ალკოჰოლის რაოდენობის შემცირების ფონზე. ასეთ შემთხვევაში ალკოჰოლური დელირიუმი დაახლოებით 24-72 საათში შეიძლება განვითარდეს. ეს უმძიმესი მდგომარეობაა, რომელიც ფსიქიკის მნიშვნელოვანი შეცვლით მიმდინარეობს.

  • თუ ადამიანს ალკოჰოლური ფსიქოზი დაემართა, ალკოჰოლიზმისგან განკურნების შემთხვევაში ფსიქოზიც უკუგანვითარდება თუ პრობლემები მაინც დარჩება?

- ალკოჰოლური ფსიქოზი მწვავე მდგომარეობაა, რომელიც გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს. ჩარევის შედეგად ადამიანი მდგომარეობიდან გამოდის, უბრუნდება ნათელი ცნობიერება, ხდება ადეკვატური და უმეტეს შემთხვევებში გადატანილის მიმართ კრიტიკის გრძნობა უჩნდება. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანს გადატანილი ფსიქოზი არ ახსოვს. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ალკოჰოლური ფსიქოზების დროს მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. შეიძლება განვითარდეს მწვავე ალკოჰოლური ენცეფალოპათია, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, რაც საკმაოდ მძიმე ფორმის დარღვევებია. თავად ფსიქოზი იმაზე მიუთითებს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულება უკვე ძალიან დამძიმებულია. "დამძიმებული" კი იმას ნიშნავს, რომ ეს უკვე ორგანული პათოლოგიაა.

  • რა მდგომარეობაშია პაციენტი, რომელსაც აქვს ალკოჰოლური ფსიქოზი?

- სრულიად დეზორიენტირებულია, ვერ გაურკვევია, სად არის, რა დროა. აგრესიულია, აქვს მოჩვენებები, სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები, უფრო მეტად - ეს უკანასკნელი...

  • არსებობს თუ არა რაიმე პროგრამა, რომელიც ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგოდ არის მიმართული?

- ჩვენთან მწვავე მდგომარეობის კუპირების თვალსაზრისით მოქმედებს მცირე სახელმწიფო პროგრამა თანადაფინანსების პირობებში.

  • ქალბატონო მარინა, როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახის წევრები, თუ ადამიანს თრობის სახეცვლილი ფორმა აქვს?

- ეს პრობლემაც საკმაოდ მძიმეა. ამ დროს ადამიანს ჯერ კიდევ არ დაუწყია გადაბმით სმა. ამ შემთხვევაში ერთჯერადი დალევის დროს ალკოჰოლური თრობის სურათი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. ასეთი ადამიანები უმეტესად აგრესიულები არიან, ვერ აკონტროლებენ საკუთარ ქცევას, სათანადოდ ვერ აფასებენ მდგომარეობას, იქცევიან არაადეკვატურად, მაგალითად, მართავენ მანქანას და სხვა. პირველი, რაც უნდა ვურჩიოთ ამ ადამიანებს, ის არის, რომ საერთოდ არ მიიღონ ალკოჰოლური სასმელი.

  • და თუ მაინც სვამენ? დაუმორჩილებელი ადამიანი ხომ არც ისე ცოტაა...

- უნდა დავარწმუნოთ თავად ისინიც და მისი ოჯახის წევრებიც, რომ აუცილებლად მიმართონ ექიმს. უნდა გაეწიოთ ფსიქოლოგიური დახმარება. ექიმმა უნდა განუმარტოს, რატომ აქვთ თრობის სახეცვლილი ფორმა. შეიძლება ჩატარდეს გამოკვლევებიც, მაგალითად, ელექტროენცეფალოგრამა, რის საფუძველზეც ავუხსნით ადამიანს, რომ მის თავის ტვინში არსებული დარღვევების გამო ტვინი ცუდად რეაგირებს ალკოჰოლზე და სასმლის მიღება არ შეიძლება. მაგალითად გამოგვადგება შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანი, რომელიც ტკბილს არ იღებს, რადგან მისთვის ეს პრინციპულად უკუნაჩვენებია. არის მდგომარეობები, რომელთა დროსაც ასევე უკუნაჩვენებია ალკოჰოლური სასმელი და ეს ადამიანმა უნდა გააცნობიეროს.

  • იქნებ ეგრეთ წოდებულ "ამპულაზეც" გვითხრათ ორიოდე სიტყვა. და კიდევ - თუ ასეთმა პაციენტმა მაინც მიიღო ალკოჰოლი, რა შეიძლება დაემართოს?

- ანტიალკოჰოლური ღონისძიებები მეტად სერიოზული ღონისძიებებია და გადაწყვეტილებას ერთდროულად, მდგომარეობისა და მოტივაციის გათვალისწინებით იღებენ ექიმი, პაციენტი და მისი ოჯახის წევრები. ალკოჰოლიზმის მკურნალობისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი ხანგრძლივი რემისიის შენარჩუნებაა, ამისთვის კი ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასთან ერთად უამრავი ღონისძიება თუ საშუალება არსებობს. "ამპულის ჩადგმა" - უმართებულო ტერმინია, მაგრამ რაკი ასეა გავრცელებული ხალხში, ჩვენც ის ვიხმაროთ. თუ პაციენტმა "ამპულის ჩადგმის" შემდეგ მაინც მიიღო ალკოჰოლი, შეიძლება საკმაოდ მძიმე რეაქცია განუვითარდეს. ძნელი სათქმელია, რა შემთხვევაში რა რეაქცია განვითარდება - ეს შეიძლება იყოს ღებინება, წნევის ვარდნა, სუნთქვის უკმარისობა, ბრონქოსპაზმი... მოკლედ, დიდი სიფრთხილეა საჭირო.

  • სადღეისოდ ალკოჰოლიზმის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს? როგორია მკურნალობის შედეგები? რატომ არის, რომ ზოგჯერ მკურნალობა შედეგს გამოიღებს, პაციენტები აღარ იღებენ ალკოჰოლს, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ისევ უბრუნდებიან სმას?

- ალკოჰოლიზმის მკურნალობა სადღეისოდ ძალზე ეფექტურია, მეტადრე - თუ დროულად მიმართავ ექიმს. პირველ რიგში, ხდება დეტოქსიკაცია, მწვავე მდგომარეობიდან გამოყვანა, მდგომარეობის მიხედვით წყდება, მკურნალობა სტაციონარულად ჩატარდეს თუ ამბულატორიულად. მსუბუქ შემთხვევებში მკურნალობა ამბულატორიულად ტარდება. ალკოჰოლური ფსიქოზების ამბულატორიული მკურნალობა კი დაუშვებელია, სტაციონარული მკურნალობაა საჭირო. მკურნალობის ძირითადი მიზანი რემისიის გახანგრძლივებაა. ამისთვის პაციენტს სათანადო რჩევები ეძლევა, ფსიქოლოგიური დახმარება უტარდება, ბინაზე შემანარჩუნებელი თერაპია ენიშნება და სხვა.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ალკოჰოლიზმი - ეს არის ქრონიკული, პროგრესირებადი და რეციდივებით მიმდინარე დაავადება. სწორედ ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა თავად პაციენტის მოტივაციას. მნიშვნელობა აქვს იმასაც, ადამიანი რომელ სტადიაში მოვიდა სამკურნალოდ. მკურნალობის კომპლექსიც ზუსტად უნდა განისაზღვროს, ზუსტად უნდა დაიგეგმოს, თუმცა ისიც მართალია, რომ ხშირ შემთხვევაში კარგად დაგეგმილი მკურნალობაც წარუმატებლად მთავრდება.

  • დაბოლოს, რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?

- როდესაც შეატყობენ, რომ სასმელთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები, თუნდაც ქცევის ცვლილება, აღკვეთის მდგომარეობა, ხელის კანკალი და სხვა, დროულად მიმართონ ექიმს, სათანადო რჩევები ექიმისგან მიიღონ და არა "გამოცდილი" ადამიანებისგან.