კარდიოსკლეროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარდიოსკლეროზი

- კარდიოსკლეროზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც გულის კუნთის, მიოკარდის, ქსოვილში ახალგაზრდა და ჯანმრთელ კუნთოვან ბოჭკოებს შემაერთებელი, ნაწიბუროვანი ქსოვილი ენაცვლება. ამ მდგომარეობას სხვანაირად მიოკარდიოსკლეროზს, მიოფიბროზს, გულის სკლეროზსაც უწოდებენ. შემაერთებელი ქსოვილით ჩანაცვლების პროცესი გულის კუნთში ჯანსაღი ბოჭკოების დაღუპვის შემდეგ ან მათი დაღუპვის პარალელურად მიმდინარეობს, რაც გულის ნორმალური მუშაობის პროცესის მოშლას და ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს - გულის კუნთი უცხო ქსოვილით მუშაობას "ეჩვევა" და დროთა განამავლობაში იზრდება, ფართოვდება მისი ღრუს მოცულობა და ქვეითდება კუმშვითი უნარი, შედეგად გული უკვე ვეღარ ახერხებს სისხლის ეფექტურ გადასროლას სისხლძარღვებში და ვითარდება გულის უკმარისობა. პროცესში უკეთ გასარკვევად წარმოიდგინეთ საჰაერო ბუშტი, რომელიც შეგვიძლია სურვილისამებრ, რამდენჯერაც გვინდა, გავბეროთ და დავჩუტოთ. ასევე მუშაობს გული, ოღონდ გაცილებით ხშირ და სწრაფ რეჟიმში. მისი კედლები ბურთის კედლებს ჰგავს. ვთქვათ, ბურთი გაიხა და დააწებეს. ამ შემთხვევაში დაწებებული ადგილი გულის ნაწიბუროვანი არეა, რომელშიც ძირითადი ქსოვილი შემაერთებელმა შეცვალა. ბურთის მომდევნო გაბერვისას დაწებებული ადგილი, რა თქმა უნდა, უწინდელივით ადვილად ვერც გაიბერება და ვერც დაიჩუტება. იგი შეიცვლის ფორმას, დაკარგავს კონტურებს, გარდა ამისა გართულდება მისი გაბერვაც, რადგან დაწებებული ადგილი მას გაწელვის საშუალებას აღარ მისცემს. სწორედ ამგვარი პროცესები მიმდინარეობს გულში კარდიოსკლეროზის დროს. ნაწიბუროვანი ქსოვილი აღარ აძლევს მას ეფექტიანად შეკუმშვის საშუალებას, ასეთ არანორმალურ მუშაობას ისიც ეჩვევა და, როგორც ბურთი, კარგავს ფორმას, რაც აუცილებლად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

- დაზიანების ხარისხის მიხედვით, კარდიოსკლეროზის რომელი ეტიოლოგიური ფორმებია ცნობილი?

- კარდიოსკლეროზის ეტიოლოგიურ ფორმებს დაზიანებული ადგილების ზომისა და გავრცელების მიხედვით განასხვავებენ. ამ ნიშნით ცნობილია დიფუზური და კეროვანი (ნაწიბუროვანი) ფორმები.  დიფუზურია კარდიოსკლეროზი, როდესაც გულის კუნთი თანაბარზომიერად არის დაზიანებული, ანუ შემაერთებელქსოვილოვანი ჩანაცვლება მთელ მის ზედაპირზე მიმდინარეობს. ეს ფორმა გულის იშემიური დაავადებისთვის არის დამახასიათებელი. რაც შეეხება კეროვანს, ამ დროს დაზიანებულია გულის კუნთის ინფარქტის შემდგომი ნაწიბურის არე, რაც ინფარქტის შემდგომ პერიოდსა და მიოკარდიტს - გულის კუნთის ანთებით დაზიანებას - ახასიათებს.

- კარდიოსკლეროზი უმეტესად მეორეული, გულის სხვა დაავადებათა თანმხლები პრობლემა ან მათი შედეგია. რომელ პათოლოგიებს სდევს იგი თან?

- კარდიოსკლეროზი წარმოადგენს ისეთ პათოლოგიურ მდგომარეობათა და დაავადებათა შედეგს, როგორებიცაა:

1. ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი. ამ შემთხვევაში იგი გულის გვირგვინოვანი არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანების შედეგია;

2. გულის იშემიური დაავადება;

3. მიოკარდიუმის ინფარქტი;

4. მიოკარდიტი;

5. მიოკარდიოდისტროფია. ამ დაავადების დროს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ფონზე იცვლება გულის კუნთის უჯრედული შემადგენლობა.

კარდიოსკლეროზი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, ბავშვებსა და მოზარდებში - ანთებითი დაავადებების დროს, ხოლო 50 წელს გადაცილებულ პირებში - გულის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების შემთხვევაში. გამომწვევი მიზეზის მიხედვით, განასხვავებენ კარდიოსკლეროზის სამ კლინიკურ ფორმას:

1. ათეროსკლეროზულ კარდიოსკლეროზს;

2. ინფარქტის შემდგომ კარდიოსკლეროზს;

3. მიოკარდიტულ კარდიოსკლეროზს.


- როგორ ვლინდება ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი?

- ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი წარმოადგენს ხანგრძლივად მიმდინარე გულის იშემიური დაავადების გამოვლინებას, რომელიც საკმაოდ ნელა ვითარდება. ამ დროს დაზიანება დიფუზური ხასიათისაა.  მიოკარდში ნეკროზული ცვლილებები ვითარდება ნელა მიმდინარე კვების მოშლის, ცალკეული ბოჭკოების განლევისა და სიკვდილის გამო. ამ დროს კუნთის რეცეპტორული უჯრედების კვდომა იწვევს მიოკარდის ჟანგბადის უკმარისობისადმი მგრძნობელობის შემცირებას, ჟანგბადოვანი შიმშილი კი ხელს უწყობს იშემიური დაავადების პროგრესირებას, ასე რომ, ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი გულის კუნთში იშემიური დაავადების გამო არსებული მუდმივი ჰიპოქსიისა და მიოკარდის ჟანგბადოვანი შიმშილის შედეგია. ამ დროს ადამიანს უსიამოვნო შეგრძნებები დიდხანს არ აწუხებს, დროთა განმავლობაში კი, როცა გულის კუნთში შემაერთებელი ქსოვილის ჩანაცვლების გამო საგრძნობლად ქვეითდება მისი შეკუმშვის ძალა, იგი იწყებს ზრდას, ვითარდება მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია და გულის უკმარისობა, რომელიც უკვე თვალშისაცემი სუნთქვის გაძნელებით, სულის შეხუთვით, გულის ფრიალით, ქოშინით, გულისცემის გაძლიერებით ვლინდება. მოვლენათა ლოგიკური შედეგია მუცლის ღრუსა და ფილტვებში სითხის დაგროვება და სხეულის შეშუპება. იმ შემთხვევაში, თუ შემაერთებელი ქსოვილი გულის საკუთარ ქსოვილს გამტარ სისტემაში ჩაენაცვლა, ვითარდება მოციმციმე არითმია, ექსტრასისტოლია და გულის ბლოკადა, გულის სინუსურ კვანძში მომხდარი სკლეროზული ცვლილებები კი ბრადიკარდიას იწვევს. თუ ნაწიბუროვანმა პროცესებმა სარქვლები, მყესოვანი და პაპილარული კუნთები მოიცვა, ვითარდება მიტრალური ან აორტული სტენოზი, სარქვლოვანი უკმარისობა. ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზის დროს არტერიული წნევა თითქმის ყოველთვის ნორმალურ მაჩვენებლებზე მეტია. სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა ადასტურებს ჰიპერქოლესტერინემიას,  ბეტა ლიპოპროტეიდების დონის მატებას.

- როგორი მიმდინარეობა ახასიათებს ინფარქტის შემდგომ კარდიოსკლეროზს?

- ინფარქტის შემდეგ შემაერთებელი ქსოვილით ჩანაცვლება ინფარქტის ადგილას ხდება და ყალიბდება როგორც წვრილკეროვანი, ისე მსხვილკეროვანი ნაწიბურები. განმეორებითი ინფარქტები გულის კუნთის თითქმის ყველა ნაწილში სხვადასხვა სიგრძის როგორც ცალკეული, ისე ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწიბურების წარმოქმნას განაპირობებს. სკლეროზული ცვლილებები ამ შემთხვევაშიც იწვევს მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქციის დაქვეითებას და გულის უკმარისობის განვითარებას. ინფარქტის შემდგომი კარდიოსკლეროზის დროს განსაკუთრებით იზრდება გულის ღრუს მოცულობა და ზიანდება მარცხენა პარკუჭი. ინფარქტის შემდგომი კარდიოსკლეროზი საშიშია იმითაც, რომ მიოკარდიუმში, მის კედელზე, სადაც ნაწიბურია, ძლიერი შეკუმშვების შედეგად შესაძლოა ჩამოყალიბდეს ანევრიზმა - ერთგვარი სისხლძარღვოვანი ტომარა, გამობურცულობა. როდესაც გულის კედლის ესა თუ ის უბანი სუსტია, მაღალი არტერიული წნევის მასზე მოქმედებისას ეს ადგილი ჯერ ფართოვდება, მერე კი გამოიბურცება და ანევრიზმად ყალიბდება, რომელიც შესაძლოა გასკდეს, რაც სავალალო შედეგით სრულდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება და განუხრელად დაცვა, რომელიც გულის კუნთის ნორმალური მუშაობის აღდგენას და არტერიული წნევის რეგულირებას ისახავს მიზნად.

- მიოკარდიტულ კარდიოსკლეროზზე რას გვეტყვით?

- ეს ფორმა ყალიბდება გულის კუნთის ანთებითი დაზიანების შემდგომ, ანთებით კერაში. მიოკარდიტი და რევმატიზმი, ქრონიკული ტონზილიტი, ჰაიმორიტი, ჩირქოვანი ანგინა მისი ხელშემწყობი ფაქტორებია. აღსანიშნავია, რომ ეს ფორმა უმეტესად ახალგაზრდებს ემართებათ. დაზიანების ბუნების მიხედვით, იგი უპირატესად დიფუზურია და უფრო მეტად მარჯვენა პარკუჭშია გამოხატული. მიოკარდიტული ტიპი ძირითადად არღვევს გულის გამტარობასა და რიტმს. გულის საზღვრები ზომიერად დიდდება, არტერიული წნევა ნორმის ფარგლებში რჩება ან ოდნავ ქვეითდება. ხშირად იგი იწვევს სისხლის მიმოქცევის მარჯვენაპარკუჭოვან ქრონიკულ უკმარისობას. ბიოქიმიური მაჩვენებლები, სხვა ტიპებისგან გასხვავებით, ჩვეულებრივ, არ იცვლება. ჩამოთვლილ ფორმათა გარდა, რომლებიც მეორეულ პათოლოგიებს წარმოადგენს, არსებობს პირველადი კარდიოსკლეროზიც, რომელიც ძალზე იშვიათია და კოლაგენოზების, თანდაყოლილი ფიბროელასტოზისა და სხვა სისტემური პათოლოგიების ფონზე ვითარდება.

- რა სიმპტომებით ვლინდება დაავადება?

- დაავადების პროგრესირებისას თავს იჩენს სიმპტომების რამდენიმე ჯგუფი:

1. სისხლის მიმოქცევის უკმარისობის სიმპტომები, თავდაპირველად - მწვავე (კარდიული ასთმის შეტევები, ფილტვების შეშუპებამდე მისული), შემდგომ კი ქრონიკული ან ტოტალური (შეშუპებითი სინდრომი, ღვიძლის გადიდება და სხვა) უკმარისობა;

2. გულის გამტარობისა და რიტმის სხვადასხვა ტიპის დარღვევები,  მათ შორის - ისეთი მძიმეც, როგორებიცაა პაროქსიზმული ტაქიკარდია, მოციმციმე არითმია, გულის ბლოკადა;

3. სტენოკარდია როგორც ათეროსკლეროზული დაზიანების ნიშანი.

კარდიოსკლეროზს ახასიათებს პერიოდული პროგრესირებისა და რემისიების მონაცვლეობა. სიმშვიდის ფაზა შესაძლოა რამდენიმე წელიც კი გაგრძელდეს. პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ძირითადი დაავადების (ათეროსკლეროზი, რევმატიზმი, ინფარქტი) ხარისხსა და ცხოვრების წესზე. კარდიოსკლეროზი კლინიკურად მორფოლოგიური დაზიანების გავრცელებისა და ხასიათის მიხედვით ვლინდება. კარდიტული ფორმით დაავადებულები, ჩვეულებრივ, ანამნეზში აღნიშნავენ გადატანილ ინფექციას,  რევმატიზმს. ამ ტიპის დროს გულის რიტმისა და გამტარობის დარღვევა უფრო ხშირია, ვიდრე გულის უკმარისობის სიმპტომები. კეროვანი და ზომიერად გამოხატული დიფუზური კარდიოსკლეროზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. იგი ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შემაერთებელი ქსოვილი აზიანებს გულის გამტარ სისტემას და შედეგად ამა თუ იმ ტიპის არითმია ვითარდება. უნდა ითქვას, რომ მისი გამოწვევა მიკროსკოპული ზომის კეროვან დაზიანებასაც კი შეუძლია, თუ ის გამტარი სისტემისა და სინუსური კვანძის ახლოს მდებარეობს. რაც შეეხება დიფუზურ კარდიოსკლეროზს, მასში წამყვანი გულის უკმარისობის სიმპტომები და მიოკარდის კუმშვითი ფუნქციის დარღვევაა. მიოკარდის რაც უფრო დიდ ფუნქციურ ფართობს ჩაენაცვლება შემაერთებელი ქსოვილი, მით უფრო მაღალია გულის უკმარისობის განვითარების, გულის რიტმისა და გამტარობის დარღვევის რისკი. ამ დროს პაციენტი უჩივის სუნთქვის გაძნელებას, პულსის აჩქარებას, ღამით ხველას, ფეხების შეშუპებას, ფიზიკური აქტივობის საგრძნობ დაქვეითებასა და ზოგად სისუსტეს.


- რით შეიძლება გართულდეს კარდიოსკლეროზი?

- გულის ქრონიკული უკმარისობით, რომელიც გულის როგორც ძირითადი ტუმბოს ფუნქციის დაქვეითების შედეგია; გულის ანევრიზმით - გულის კედლის გამობურცვით, რომელშიც გროვდება სისხლი. ანევრიზმის გასკდომა იწვევს გულის ტამპონადას და მყისიერ სიკვდილს; გულის მუშაობის რიტმის დარღვევით: მოციმციმე არითმიით, ექსტრასისტოლიით, გულის ბლოკადით, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს.

- როგორ ხდება კარდიოსკლეროზის დიაგნოსტიკა?

- ელექტროკარდიოგრამის მეშვეობით შესაძლებელია გულის რიტმის ცვლილებათა აღმოჩენა, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის, გულის ზომების მომატების დადგენა. ექოკარდიოგრაფიით შესაძლებელია გულის კუმშვითი უნარის შეფასება, ნაწიბურების აღმოჩენა, გულის ფორმისა და ზომების ცვლილებათა დადგენა. ზოგჯერ კარდიოსკლეროზის ფორმების დიფერენცირება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით - ათეროსკლეროზული და მიოკარდიტული ფორმებისა. ათეროსკლეროზული ფორმის დროს აღინიშნება გულის იშემიური დაავადება და ჰიპერტენზია,  ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე და დადებითი ველოერგომეტრული სინჯები. მიოკარდიტული ფორმა უფრო ხშირია ახალგაზრდა ასაკში, გადატანილი ინფექციურ-ანთებითი დაავადების ფონზე, და კარდიოგრამაზე არ ვლინდება მიოკარდის კეროვანი დაზიანება.

- როგორ ვუმკურნალოთ დაავადებას?

- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმ ძირითადი დაავადების მკურნალობა, რომლის შედეგიც არის კარდიოსკლეროზი: გულის იშემიური დაავადებისა, ათეროსკლეროზისა, ინფარქტისა, გულის რიტმის დარღვევისა და რევმატიზმისა. მნიშვნელოვანია გულის კუნთში მეტაბოლური პროცესების, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება. ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზის მკურნალობა წარმოუდგენელია სტენოკარდიისა და ქრონიკული კორონარული უკმარისობის თერაპიის გარეშე. მიოკარდიტული ფორმის დროს უნდა მოისპოს ორგანიზმში ინფექციური კერები და მოხდეს მათი საგულდაგულო სანაცია. არითმიების მკურნალობა ითვალისწინებს გულის ნორმალური რიტმის აღდგენას ანტიარითმიული საშუალებებით, შარდმდენი პრეპარატებით, პერიფერიული სისხლძარღვების გამაფართოებლებით, საჭიროებისას, განსაკუთრებით ანევრიზმების არსებობისას - ქირურგიულ ჩარევასაც კი. გამტარობის დარღვევის რთული ფორმების დროს ხდება ელექტროსტიმულატორის იმპლანტაცია. კარდიოსკლეროზის დროს აუცილებლად იზღუდება ფიზიკური დატვირთვა. საჭიროა გულის უკმარისობის გამოვლინებათა ლიკვიდაცია, დიეტის დაცვა და სამკურნალო კვება, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გულის დაავადების შესატყვისია.

- რა ტიპის პროგნოზის გაკეთება შეიძლება დაზიანებისას?

- პროგნოზს განსაზღვრავს დაზიანების გავრცელება, რიტმისა და გამტარობის დარღვევის სახე, სისხლის მიმოქცევის უკმარისობის ხასიათი და მიმდინარეობის სტადია. როცა დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და არ იწვევს გულის რიტმისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევას, პროგნოზი კეთილსაიმედოა; თუ დასტურდება გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია, პროგნოზი შედარებით მძიმეა. მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები. დიდ საშიშროებას წარმოადგენს გულის ანევრიზმა, პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიები და სრული წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა, ამიტომ ეს დაავადება დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს.

- რას ითვალისწინებს კარდიოსკლეროზის პროფილაქტიკა?

- საჭიროა გულის იშემიური დაავადების, ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, მიოკარდის ინფარქტისა და მიოკარდიტების დროული დიაგნოსტიკა და მათი აქტიური თერაპია, უარის თქმა ყველა იმ მავნე ჩვევაზე, რომელიც კი ეწინააღმდეგება ჯანსაღი ცხოვრების პრინციპებს და,  თავის მხრივ, შესანიშნავ ნიადაგს ქმნის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისთვის.