მოციმციმე არიტმია

გვესაუბრება ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი, ამერიკის ექოკარდიოსკოპთა საზოგადოების წევრი, კარდიოლოგი დავით მაისურაძე.
- რა არის მოციმციმე არიტმია?
- მოციმციმე არიტმია არის გულის რიტმის დარღვევა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ხანში შესულ ადამიანებს შორის. მოციმციმე არიტმიის დროს წინაგულები ქაოსურად და არარეგულარულად იკუმშება, მათი შეკუმშვა არ არის კოორდინირებული გულის პარკუჭების შეკუმშვასთან, რის შედეგადაც გულისცემა არარეგულარული, არიტმული გამოდის. ხშირად გულის შეკუმშვათა სიხშირეც მომატებულია. ყოველივე ამის გამო ორგანიზმისთვის სისხლის მიწოდება უარესდება და პაციენტი გულის ფრიალს, ქოშინს ან სისუსტეს უჩივის.
- რამდენად საშიშია სიცოცხლისთვის მოციმციმე არიტმია?
- მოციმციმე არიტმია შესაძლოა ინსულტის ან გულის უკმარისობის მიზეზად იქცეს. წინაგულების ქაოსურმა, არარეგულარულმა შეკუმშვამ შესაძლოა წინაგულში თრომბის ფორმირება გამოიწვიოს, თრომბი მოწყდეს და სისხლის ნაკადთან ერთად თავის ტვინის, ფილტვის ან ქვემო კიდურების არტერიათა სისტემაში მოხვდეს. თუ თრომბის ნაწილაკმა თავის ტვინის არტერია დაახშო, ინსულტი განვითარდება, ფილტვის არტერიის დახშობა კი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას იწვევს.
მოციმციმე არიტმიის დროს ინსულტის განვითარების ალბათობა უფრო დიდი აქვთ ასაკოვან, არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ადამიანებს, ასევე მათ, ვინც გადაიტანა გულის უკმარისობა ან ინსულტი ან ახლაა ავად გულის უკმარისობით. საზოგადოდ, ინსულტის განვითარების რისკი მოციმციმე არიტმიის დროს საგრძნობლად იზრდება. მოციმციმე არიტმია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი არ მკურნალობს, უარყოფითად მოქმედებს გულის ფუნქციაზე და საბოლოოდ იწვევს გულის უკმარისობას - მდგომარეობას, რომლის დროსაც გულს აღარ შესწევს უნარი, ორგანიზმს საკმარისი ოდენობის სისხლი მიაწოდოს.
- რა იწვევს მოციმციმე არიტმიას და რა ცვლილებები მიმდინარეობს გულში ამ დროს?
- ყველაზე ხშირად მოციმციმე არიტმიის მიზეზი გულში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებია, თვით ეს ცვლილებები კი შეიძლება გამოიწვიოს გულის სარქვლების დაზიანებამ, გულის შეძენილმა ან თანდაყოლილმა მანკმა, მაღალმა არტერიულმა წნევამ, რომელიც წლობით გრძელდება. მოციმციმე არიტმიის მიზეზად ასევე შესაძლოა იქცეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი გამომუშავება, ალკოჰოლის ზემოქმედება, ვირუსული ინფექცია და სხვა.
ჯანმრთელ გულში, ჩვეულებრივ, მარჯვენა წინაგულში, რეგულარულად წარმოიქმნება ელექტრული იმპულსები, რის შედეგადაც წინაგულები იკუმშება და სისხლს პარკუჭებში გადაისვრის, პარკუჭების შეკუმშვის შედეგად კი სისხლი მთელ ორგანიზმს მიეწოდება. მოციმციმე არიტმიის დროს წინაგულებზე მოქმედებს არა რეგულარული, არამედ ქაოსური ელექტრული იმპულსები და წინაგულებიც თითქოს ციმციმებენ - მათი ცალკეული ბოჭკოები არაკოორდინირებულად იკუმშება, წინაგულებისა და პარკუჭების შეკუმშვათა სიხშირე განსხვავებულია - პარკუჭები უფრო ნაკლები სიხშირით იკუმშება, ვიდრე წინაგულები, თუმცა მაინც საკმაოდ ხშირად. ზემოთ ჩვენ მოციმციმე არიტმიის მიზეზების შესახებ ვისაუბრეთ. უნდა ითქვას, რომ მოციმციმე არიტმია მაშინაც შეიძლება აღმოცენდეს, როდესაც გულის სტრუქტურული დაზიანება არ აღინიშნება. ამ შემთხვევაში არიტმიის მიზეზი უცნობია. სამაგიეროდ, მძიმე გათულებებიც იშვიათია.
- რისი ბრალია, რომ მოციმციმე არიტმია განსაკუთრებით ხშირად ემართებათ ხანში შესულებს?
- ასაკის მატებასთან ერთად იცვლება წინაგულის ელექტრული და სტრუქტურული თავისებურებები, რაც წინაგულების ნორმალური რიტმის დარღვევას იწვევს.
- რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ მოციმციმე არიტმია და რომელ კვლევებს ატარებს ექიმი დიაგნოზის დასადგენად?
- მოციმციმე არიტმია ადამიანმა შესაძლოა შეიგრძნოს გულის ფრიალით, გულის არეში დისკომფორტით. ზოგჯერ თავს იჩენს ქოშინი, სისუსტე, თავბრუხვევაც. ამ ჩივილებით ავადმყოფი მიმართავს ექიმს, რომელიც პაციენტს უზომავს პულსს, გულისცემის თავისებურებათა საფუძველზე ვარაუდობს მოციმციმე არიტმიას და დიაგნოზის დასადასტურებლად ნიშნავს ელექტროკარდიოგრაფიულ გამოკვლევას. კარდიოგრაფიასთან ერთად ტარდება ექოკარდიოსკოპია (პაციენტებისთვის კარგად ცნობილი "გულის ექოსკოპია"), რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ მოციმციმე არიტმიის გამომწვევი გულის პათოლოგია. რიგ შემთხვევაში საჭიროა სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა არსებობა-არარსებობის დასადგენად.
- სამუდამოა თუ არა მოციმციმე არიტმიის დიაგნოზი?
- განასხვავებენ მოციმციმე არიტმიის პაროქსიზმულ და ქრონიკულ ფორმებს. პირველი მცირე ხანს გრძელდება და გაივლის, ხოლო მეორე მუდმივია.
- რას ითვალისწინებს მოციმციმე არიტმიის მკურნალობა?
- მოციმციმე არიტმიის მკურნალობა ითვალისწინებს გულის ნორმალური რიტმის აღდგენას, როცა ეს შეუძლებელია - გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლს. გარდა ამისა, მოციმციმე არიტმიის მკურნალობის მნიშვნელოვანი მომენტია თრომბოზის თავიდან აცილება, რისთვისაც სისხლის შედედებაზე მოქმედ მედიკამენტებს ვიყენებთ.