თუ წნევა გაქვთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ წნევა გაქვთ

ხშირია ჩვენი ჟურნალის მკითხველთა წერილებში. დღეს არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ სასაუბროდ კლინიკა ”გულს” ვეწვიეთ. გვესაუბრება ექიმი-კარდიოლოგი ხათუნა ჯალაბაძე.

  • ”მაღალი წნევა”, ”ჰიპერტონიული დაავადება”, ”არტერიული ჰიპერტენზია” - ეს ტერმინები საკმაოდ ხშირად გვესმის. არტერიული წნევის როგორი მაჩვენებლები ითვლება ნორმად და რა არის ჰიპერტონიული დაავადება?

- დღეს არტერიულ ჰიპერტენზიას განმარტავენ როგორც მრავალჯერ დაფიქსირებულ არტერიული წნევის აწევას ვერცხლისწყლის სვეტის 140/90 მილიმეტრზე მაღლა. ზოგჯერ პაციენტს, განსაკუთრებით - თუ ის 60 წელს არის გადაცილებული, მომატებული აქვს მხოლოდ სისტოლური (ზედა) წნევა, ხოლო დიასტოლური (ქვედა) წნევა ნორმის ფარგლებში რჩება. ასეთ ჰიპერტენზიას იზოლირებულ სისტოლურ ჰიპერტენზიას უწოდებენ. ”ჰიპერტენზიული დაავადება” და ”არტერიული ჰიპერტენზია” სინონიმებია. პირველი ტერმინი წინათ ფართოდ იყო გავრცელებული ჩვენს ლიტერატურაში, დღეს კი უცხოური ლიტერატურის ანალოგიით მეორეს უფრო მეტად იყენებენ. არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც, როგორც ვთქვით, არტერიული წნევის მაჩვენებლები მყარად იმატებს. აქვე უნდა ითქვას, რომ 140/90 ნორმის ზედა ზღვარია. მას, ვისაც წნევის ასეთი მაჩვენებელი აქვს, არტერიული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბება ემუქრება - 5 წლის განმავლობაში მათ 12%-ს შესაძლოა ჰიპერტენზია განუვითარდეს.

  • ასაკთან ერთად არტერიული წნევის მატება ბევრს ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია. ერთნაირია თუ არა არტერიული წნევის ნორმა ახალგაზრდებისა და ხანში შესულებისთვის?

- მკითხველმა შესაძლოა იცის კიდეც, რომ ახალგაზრდებს შორის საკმაოდ ხშირია შედარებითი ჰიპოტონია - ჩვენს ახალგაზრდა პაციენტთა დიდ ნაწილს არტერიული წნევა 90/60 მმ.ვწყ.სვ-ზე დაბალი აქვს, თუმცა მაღალი არტერიული წნევა ასაკთან ერთად მართლაც ხშირდება. იმატებს პაციენტის ასაკი და იმატებს არტერიული წნევაც. შესაბამისად, იზრდება არტერიული ჰიპერტენზიის სამიზნე ორგანოების დაზიანების რისკიც. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით არტერიული წნევის ნორმის შესახებ - ის 140/90 მმ.ვწყ.სვ-ია, განურჩევლად სქესისა და ასაკისა - ახალგაზრდებისა თუ მოხუცებისათვის, ქალებისა თუ მამაკაცებისათვის. ასე რომ, წნევის ასაკობრივ ნორმაზე ლაპარაკი ზრდასრულ პაციენტებთან მიმართებით მცდარია. არადა, ამ შეცდომას ბევრი უშვებს - არტერიული წნევის ”ასაკობრივ ნორმებს” დღემდე აწესებენ, რაც დაუშვებელია.

  • როგორც აღნიშნეთ, არტერიულ ჰიპერტენზიას წნევის მყარი მატება ახასიათებს. ჩაითვლება თუ არა არტერიულ ჰიპერტენზიად წნევის მომატების ცალკეული ეპიზოდები? შეიძლება თუ არა, ასეთი ეპიზოდების მქონე ადამიანს არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული ვუწოდოთ?

- ამჟამად მიიჩნევა, რომ არტერიული წნევის ერთხელ დაფიქსირებული მომატება ფიზიკური ან ემოციური დაძაბვის შედეგად არტერიულ ჰიპერტენზიას არ ნიშნავს. მართალია, ქრონიკული სტრესი, რომელიც ხშირად რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს, უარყოფით ემოციებს უკავშირდება, თვითონვეა არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი, მაგრამ წნევის მომატების ცალკეული შემთხვევები, რომლებსაც ეპიზოდური ხასიათი აქვს და მჭიდრო კავშირშია სტრესთან ან ორგანიზმის გადაძაბვასთან, დაავადებად არ ითვლება. ეს მხოლოდ ორგანიზმის რეაქციაა სტრესზე.

  • ასეთ დროს პაციენტები ხშირად უჩივიან ძლიერ თავის ტკივილს, სუბიექტური შეგრძნებების მკვეთრ გაუარესებას. არცთუ იშვიათად ამგვარი ჩივილები წნევის ნორმალური მაჩვენებლების დროსაც იჩენს თავს, რის გამოც პაციენტებს მიაჩნიათ, რომ ისეთი წნევა, როგორიც არის, მაგალითად, 120/80, მათთვის მაღალია. როგორია ექიმის აზრი?

- პაციენტის პირად შეგრძნებებზე დაყრდნობით არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ მსჯელობა დაუშვებელია. პაციენტის ჩივილები ნორმალური არტერიული წნევის ან მისი უმნიშვნელო მომატების შემთხვევაში შესაძლოა სულ სხვა ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული. თუნდაც იმავე სტრესთან.

  • საკმაოდ ხშირია საპირისპირო შემთხვევაც - ადამიანი ვერ გრძნობს, რომ მაღალი წნევა აქვს, არაფერს უჩივის და ამიტომ მკურნალობაზე უარს ამბობს.

- არტერიული წნევის მომატებას ხშირად სდევს თან განსაზღვრული ნიშნები:

  1. თავის ტკივილი,
  2. სიმძიმე კეფის არეში,
  3. გულისრევა,
  4. ადვილად დაღლა,
  5. ცუდი ძილი,
  6. თვალწინ მოციმციმე წერტილების გაჩენა.

მაგრამ არც ის არის გამორიცხული, არტერიული წნევის მომატებისას ადამიანი არაფერს უჩიოდეს და ჰიპერტენზია შემთხვევით აღმოაჩინონ. ასეთ დროს მკურნალობა ისევე აუცილებელია, როგორც მაშინ, როცა პაციენტი მაღალი წნევის გამო თავს ცუდად გრძნობს.

არტერიული ჰიპერტენზია მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებათა გამო არ არის საშიში. ის საშიშია უპირველეს ყოვლისა გართულებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, აქვეითებს მის შრომისუნარიანობას და კარდინალურად უცვლის ცხოვრების რიტმს. უნდა გვახსოვდეს, რომ არტერიული ჰიპერტენზია არის მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გულისა და თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) რისკფაქტორიც. დადგენილია, რომ მიოკარდიუმის ინფარქტის 100-დან 68 შემთხვევაში და ინსულტის 100-დან 75 შემთხვევაში ავადმყოფებს დიდხანს ჰქონდათ მომატებული არტერიული წნევა, მაგრამ ან არ უტარდებოდათ სათანადო მკურნალობა, ან თვითონვე ამბობდნენ უარს მედიკამენტების მიღებაზე, ან მკურნალობას მანამდე წყვეტდნენ, ვიდრე წნევა სამიზნე ციფრებს მიაღწევდა.

  • წნევის რომელი მაჩვენებელია უფრო მეტად საშიში გართულებების თვალსაზრისით?

- თანაბრად საშიშია როგორც ზედა, ისე ქვედა წნევის მატება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზიის (მხოლოდ ზედა წნევის მატების) დროს გართულების (მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გულის უკმარისობის) რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ორივე მაჩვენებლის ერთდროული მომატებისას.

  • რა არის წნევის სამიზნე ციფრები?

- არტერიული წნევა უნდა დაქვეითდეს ისეთ მაჩვენებლამდე, რომ გართულების რისკი მინიმალური იყოს. სწორედ ეს ციფრებია წნევის სამიზნე ციფრები. თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 140/90 მმ.ვწყ.სვ-ზე დაბალი უნდა იყოს. თუ პაციენტს დიაბეტი აქვს, ეს ციფრები 130/80 მმ.ვწყ.სვ-ზე ნაკლებია. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ წნევის სამიზნე ციფრები, ისევე, როგორც არტერიული წნევის ნორმა, ნებისმიერ ასაკში უცვლელია. 130/80 მმ.ვწყ.სვ-ია სამიზნე მაჩვენებელი თირკმლის უკმარისობის შემთხვევაშიც.

  • შესაძლოა თუ არა, არტერიული წნევის მომატება გარკვეულ პროფესიულ საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული?

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს სამსახურში არტერიული წნევა ხშირად უწევს მაღლა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ასეთი რამ ემართება ყოველ მეხუთე დაავადებულს. არტერიული ჰიპერტენზიის ასეთ ვარიანტს ”სამუშაო ადგილის ჰიპერტენზიას” უწოდებენ. ამ ფორმის თავისებურება ის არის, რომ პაციენტებს ექიმთან ან შინ წნევის გაზომვისას ხშირად ნორმალური მაჩვენებლები აღენიშნებათ. სამუშაო ადგილის ჰიპერტენზია უმეტესად მათ ემართებათ, ვისი სამუშაოც მოითხოვს ძლიერ ფსიქოემოციურ დატვირთვას ან ხშირ გადართვას ერთი საქმიანობიდან მეორეზე. სამუშაო ადგილის ჰიპერტენზია ხშირია აგრეთვე ეგრეთ წოდებული საშუალო რგოლის ხელმძღვანელთა შორის. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ურთიერთობა უწევთ როგორც ხელმძღვანელებთან, ასევე ხელქვეითებთანაც.

  • რა თავისებურებები ახასიათებს სამუშაო ადგილის ჰიპერტენზიის მიმდინარეობას? როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- არტერიული ჰიპერტენზიის აღნიშნული ფორმის დროს ხშირია სამიზნე ორგანოების, განსაკუთრებით - გულის დაზიანება, რაც მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით ვლინდება და შემდგომ გართულებათა მიზეზად იქცევა. სამუშაო ადგილის ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა არტერიული წნევის გაზომვა სამუშაო დღის განმავლობაში რამდენჯერმე, წნევის მონიტორინგი სადაგ და უქმე დღეებში. სამუშაო ადგილის ჰიპერტენზიის მკურნალობა უფრო რთულია, ვინაიდან რთული და მრავალფეროვანია ამ დროს არტერიული წნევის მომატების მექანიზმები. პრაქტიკულად ყოველთვის აუცილებელია კომბინირებული მკურნალობა ანუ სულ ცოტა ორი (ზოგჯერ, სამწუხაროდ, მეტიც) წნევის საწინააღმდეგო პრეპარატი.


  • რა იწვევს არტერიული წნევის მყარ მომატებას?

- არტერიული ჰიპერტენზია უმეტესად დამოუკიდებელი დაავადებაა. ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ სახეზეა პირველადი არტერიული ჰიპერტენზია. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომლის მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია, თუმცა ცნობილია რიგი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ არტერიული ჰიპერტენზიის აღმოცენებას. მათგან აღსანიშნავია ცხოვრების წესი, სოციალური გარემო, ასაკი, მემკვიდრეობითი განწყობა.

წნევის მატების შემთხვევათა შედარებით მცირე ნაწილი განპირობებულია ამა თუ იმ დაავადებით. ამ შემთხვევაში არტერიული ჰიპერტენზია დამოუკიდებელი პათოლოგია კი არ არის, არამედ სხვა დაავადების ერთ-ერთ ნიშანს, მის გამოვლინებას წარმოადგენს. არტერიული წნევის მატების ასეთ შემთხვევებს მეორეულ ჰიპერტენზიას უწოდებენ. ის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სნეულებებს: თირკმლისა და მისი სისხლძარღვების, ენდოკრინული სისტემის, ნერვული სისტემის დაავადებებს, ასევე - ზოგიერთი მედიკამენტის მიღებას, აორტის კოარქტაციას და სხვა მიზეზებს უკავშირდება.

  • თანაბრად ხშირია თუ არა არტერიული ჰიპერტენზია ქალებსა და მამაკაცებს შორის?

- არტერიული წნევის მატება მამაკაცებს უფრო ადრეულ ასაკში ეწყებათ. 50 წლამდე ჰიპერტენზია სწორედ მამაკაცებს შორის ჭარბობს, ამაზე უფროსი ასაკის პაციენტები კი უმეტესად ქალები არიან.

  • ჩვენი მკითხველები ხშირად გვწერენ, რომ მაღალი წნევისას თავს უფრო უკეთ გრძნობენ, ვიდრე მედიკამენტების მეშვეობით მისი ნორმალიზებისას. როგორია ექიმების ტაქტიკა ასეთ სიტუაციაში?

- უკვე საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ არტერიული ჰიპერტენზიის დროს აუცილებელია რეგულარული სამედიცინო დაკვირვება და სისტემატური მკურნალობა. როგორც აღვნიშნეთ, მკურნალობის მიზანია არტერიული წნევის სამიზნე ციფრების მიღწევა და ამ გზით გართულებათა რისკის მინიმუმამდე დაყვანა. აღნიშნული ტაქტიკა გამოყენებულ უნდა იქნეს არტერიული ჰიპერტენზიის ყველა შემთხვევაში. წნევის მომატებული მაჩვენებლების დაქვეითება გეგმაზომიერად უნდა მოხდეს. კერძო პაციენტისთვის არტერიული წნევის სასურველი ციფრები და მათი მიღწევის ვადა, ანუ რამდენად სწრაფად უნდა დაქვეითდეს არტერიული წნევა, მკურნალმა ექიმმა უნდა დაადგინოს. მხოლოდ მას შეუძლია, გადაწყვიტოს ეს საკითხი პაციენტის ორგანიზმის თავისებურებების, დაავადების ხანგრძლივობისა და მიმდინარეობის სპეციფიკის, სხვადასხვა დიაგნოსტიკური მაჩვენებლის გათვალისწინებით.

  • აუცილებელია თუ არა არტერიული წნევის რეგულარული გაზომვა? რას ისახავს მიზნად არტერიული წნევის მაჩვენებლების ოცდაოთხსაათიანი მონიტორინგი?

- არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში ექიმი აუცილებლად უნიშნავს პაციენტს წნევის დამწევ პრეპარატს. ამის შემდეგ აუცილებელია მკურნალობის ეფექტის ზუსტი შეფასება არტერიული წნევის მაჩვენებლების საგულდაგულო კონტროლით. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი არტერიული წნევის რეგულარული გაზომვა. ვინაიდან ექიმს წნევის გაზომვა მხოლოდ ვიზიტის დროს შეუძლია, რომელიც, რა თქმა უნდა, ყოველდღიური ვერ იქნება, პაციენტმა თვითონვე უნდა გაიზომოს წნევა დღე-ღამეში არანაკლებ ორჯერ (დილით და საღამოს). ამისთვის არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახლში წნევის გასაზომი ხელსაწყო. სწორედ ამ ხელსაწყოს მეშვეობით ხდება არტერიული წნევის ოცდაოთხსაათიანი მონიტორირება. არტერიული წნევა მუდმივი არ არის, ის დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ იცვლება, ოცდაოთხსაათიანი მონიტორირება კი საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ აღნიშნული ცვლილების ხასიათი, განვსაზღვროთ, უბრუნდება თუ არა წნევა ნორმას.

  • როგორია ჰიპერტენზიის მკურნალობის თანამედროვე პრინციპი? პაციენტები ხშირად კითხულობენ, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მკურნალობა, შესაძლებელია თუ არა, მკურნალობის განსაზღვრული კურსის შედეგად ადამიანი განიკურნოს.

- როგორც აღვნიშნეთ, ჰიპერტენზიის უშუალო მიზეზი, არსებითად, დღემდე დაუდგენელია, ამიტომაც შეუძლებელია დაავადების დროებით ან სამუდამოდ აღმოფხვრა. ანგინისა და პნევმონიისგან განსხვავებით, მკურნალობის მოკლე კურსებით არტერიული ჰიპერტენზიისგან განკურნება შეუძლებელია. ხშირად პაციენტები წნევის დამწევ პრეპარატს იღებენ სიმპტომურად ანუ მაშინ, როდესაც აფიქსირებენ არტერიული წნევის მაღალ ციფრებს ან შეაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნებები - თავბრუხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა... მერე კი, როდესაც სწრაფი მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებით (კლოფელინი, ადელფანი, კორინფარი) არტერიული წნევის ნორმალიზაციას მიაღწევენ, წნევის დამწევი მედიკამენტების მიღებას წყვეტენ.

ხშირად გვხვდება არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის მეორე არასწორი მოდელიც - პაციენტები რამდენიმე კვირის განმავლობაში იტარებენ ოპტიმალურ მკურნალობას, რომლის შედეგადაც ხდება არტერიული წნევის მეთოდური, თანდათანობითი ნორმალიზაცია, მაგრამ მოიწესრიგებენ თუ არა წნევის ციფრებს, თვლიან, რომ უკვე განიკურნენ და წყვეტენ წამლის მიღებას. ეს არანაკლებ დიდი შეცდომაა. არტერიული ჰიპერტენზიის შესვენებებით მკურნალობა დაუშვებელია. არტერიული ჰიპერტენზიის თანამედროვე მკურნალობის მიზანი, როგორც აღვნიშნეთ, სამიზნე ორგანოთა დაზიანების თავიდან აცილებაა. როცა პაციენტი წყვეტს მკურნალობას და არ იღებს წნევის დამწევ პრეპარატს, მის გულს, თირკმელებს, სისხლძარღვებს, თავის ტვინს აღარაფერი იცავს მაღალი წნევის ნეგატიური ზემოქმედებისგან და იზრდება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების (ინფარქტის, ინსულტის) განვითარების რისკი.

სადღეისოდ ექიმებს მოგვეპოვება წნევის დამწევი საშუალებების ფართო არსენალი. არტერიული წნევის ნორმალიზაციისთვის შვიდი სხვადასხვა კლასის პრეპარატებია მოწოდებული. მათი რაციონალური კომბინაციები იძლევა არტერიული წნევის საიმედო კონტროლის საშუალებას იმის ხარჯზე, რომ მათში შემავალი კომპონენტები ერთმანეთის მოქმედებას აძლიერებენ, თანაც შეუძლიათ, ერთმანეთის გვერდითი ეფექტების ნეიტრალიზაცია მოახდინონ.

მომატებული არტერიული წნევის დაქვეითებისა და შენარჩუნების მექანიზმი მრავალნაირია. ყველა კერძო შემთხვევაში ჰიპერტენზიის განვითარებას ერთდროულად რამდენიმე მექანიზმი უზრუნველყოფს. შესაბამისად, მკურნალობის სქემაც ექიმმა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა შეიმუშაოს. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და რეგულარულად იღებდეს წამალს.

თვითნებური, შესვენებებით მკურნალობა დაუშვებელია!!!

ექიმი ყოველთვის ცდილობს, შეარჩიოს ისეთი მედიკამენტი, რომელიც მარტო წნევის ნორმალიზებასა და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას კი არ იწვევს, არამედ ამცირებს დაინვალიდების ალბათობას და ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ყველა პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის შერჩევა მხოლოდ ექიმს შეუძლია, რადგან მხოლოდ ის ფლობს პროფესიულ ინფორმაციას პაციენტის ჯანმრთელობის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევებისა და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებათა შესახებ. ეს ყველაფერი მკაცრად ინდივიდუალურია, ამიტომ თუ რომელიმე პრეპარატი მოუხდა თქვენს ნათესავს ან მეზობელს, არ არის აუცილებელი, თქვენც გარგოთ.

  • რამდენად უვნებელია წნევის დამწევი მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება?

- ზოგიერთი ავადმყოფი ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას წყვეტს იმ გავრცელებული შეხედულების გამო, რომ ქიმიური ნივთიერებების ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვა ორგანოების (მაგალითად, კუჭის, ღვიძლის) დაზიანება. ეს უსაფუძვლო შიშია. მსოფლიოში წნევის დამწევი პრეპარატების გამოყენების უდიდესი გამოცდილება დაგროვდა. თანამედროვე პრეპარატებს პრაქტიკულად არ ახასიათებთ გვერდითი ეფექტები, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არ არსებობს წამალი, რომელსაც არასდროს, არც ერთ პაციენტში არ გამოუწვევია თანმხლები ეფექტები. ყოველი პრეპარატის შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ სრული ინფორმაცია მოყვანილია წამლის კოლოფში მოთავსებულ ფურცელ-დანართში. თუ პაციენტმა შეამჩნია გვერდითი მოვლენების ნუსხაში მოყვანილი რომელიმე სიმპტომი ან უსიამოვნო შეგრძნება, რომელსაც წამლის მიღებას უკავშირებს, აუცილებლად უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს, პრეპარატის მიღების შედეგია ეს სიმპტომი თუ რომელიმე სხვა მდგომარეობის ან დაავადების გამოვლინება.

  • როგორია მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდების როლი არტერიული წნევის კონტროლში?

- არტერიული წნევის რეგულირების თვალსაზრისით უდავოდ მნიშვნელოვანია არამედიკამენტური ხერხები - წონის დაკლება, მარილისა და ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა, ფიზიკური აქტიურობის გაზრდა, ემოციური სფეროს მოწესრიგება. ვინაიდან არტერიული წნევის მატება ხშირად სულიერ მღელვარებასთან არის დაკავშირებული, უნდა ვეცადოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ ნებისმიერ სიტუაციაში. როდესაც ვერაფერს შევცვლით, უმჯობესია, ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, მშვიდად მივიღოთ.


  • აუცილებელია თუ არა თამბაქოსთვის თავის დანებება?

- არტერიულ ჰიპერტენზიასა და მოწევას შორის ურთიერთდამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანი არ არის. მოწევისთვის თავის დანებება არტერიული წნევის ციფრებზე, პრაქტიკულად, არ მოქმედებს. მიუხედავად ამისა, მოწევის შეწყვეტა რომ სასარგებლოა, ეჭვს არ იწვევს - ეს პოზიტიურად მოქმედებს ქოლესტერინის დონეზე და ხელს უწყობს ათეროსკლეროზის თავიდან აცილებას, ამის შედეგად კი საგრძნობლად მცირდება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკიც.

  • რომელი გამოკვლევები ტარდება არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში?

- არტერიული ჰიპერტენზიისას, წესისამებრ, ტარდება ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა, შარდის საერთო ანალიზი, განისაზღვრება სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის, კრეატინინის, კალიუმის შემცველობა. ტარდება ექოკარდიოსკოპია. გარდა ამისა, შესაძლოა, პაციენტის მდგომარეობის, არტერიული ჰიპერტენზიის გართულებათა გათვალისწინებით საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევები, რასაც ყოველ კერძო შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს. სპეციალური ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებია აუცილებელი მეორეული ჰიპერტენზიის გამომწვევი დაავადების დასადგენადაც.

  • როდის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პაციენტს მეორეული ჰიპერტენზია აქვს?

- როდესაც არტერიული ჰიპერტენზია ვლინდება მეტისმეტად ახალგაზრდა ან, პირიქით, ხანში შესულ ასაკში, თავს იჩენს ენდოკრინული ან თირკმლის დაავადების ნიშნები, აღინიშნება წნევის მკვეთრი მატება, შეიძლება, მეორეული ჰიპერტენზია ვივარაუდოთ, თუმცა არც ერთი ხსენებული სიმპტომი არ არის მეორეული ჰიპერტენზიის აუცილებელი ნიშანი. ყოველ კერძო შემთხვევაში ექიმი მეორეული ჰიპერტენზიის არსებობას პაციენტის ინდივიდუალური მონაცემებისა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით ვარაუდობს.

  • შეიძლება თუ არა, წნევის მომატება რომელიმე მედიკამენტის მიღებით იყოს გამოწვეული?

- არტერიული წნევის მომატება შესაძლოა უკავშირდებოდეს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების, გლუკოკორტიკოიდების, პერორული კონტრაცეფციული საშუალებების მიღებას. თუ ამ პრეპარატების გამოყენებისას არტერიული წნევის მატება შევამჩნიეთ, ექიმი აუცილებლად უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში.

  • თირკმლის რომელმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება? რომელი გამოკვლევებია საჭირო დიაგნოზის დასასმელად?

- რენული ანუ თირკმლისმიერი ჰიპერტენზია შესაძლოა უკავშირდებოდეს უშუალოდ თირკმლის ქსოვილის დაავადებას ან მისი მკვებავი სისხლძარღვების - არტერიების - ცალმხრივ ან ორმხრივ შევიწროებას. მეორეული ჰიპერტენზიის გამომწვევ თირკმლის დაავადებათაგან აღსანიშნავია გლომერულონეფრიტი, ქრონიკული პიელონეფრიტი, თირკმლის პოლიკისტოზი - დაავადება, რომლის დროსაც ორივე თირკმელში აღინიშნება მრავალი სხვადასხვა ზომის კისტა, ჰიდრონეფროზი - შარდის გამომტანი გზების ზედა ნაწილის დილატაცია (გაფართოება). თითოეული მათგანის კლინიკური სურათის დეტალური განხილვა შორს წაგვიყვანს.

დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია შარდის ანალიზის, ექოსკოპიური და ზოგ შემთხვევაში - სპეციალური უროლოგიური კვლევის მონაცემები. თირკმლის არტერიის შევიწროებას საბოლოოდ ადასტურებს ანგიოგრაფიული გამოკვლევა.

  • ენდოკრინული სისტემის რომელმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპერტენზია?

- ჰიპერტენზიის გამომწვევ ენდოკრინულ პათოლოგიათა შესახებ საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, ფეოქომოციტომა უნდა დავასახელოთ. ეს არის სიმსივნე, რომელიც კატექოლამინების გამომუშავებას ახდენს. სიმსივნეთა უმრავლესობა კეთილთვისებიანია. დაავადების უმთავრესი გამოვლინებაა არტერიული ჰიპერტენზია, რომელსაც კრიზული მიმდინარეობა ახასიათებს. კრიზის დროს აღინიშნება კატექოლამინების სიჭარბის სხვა სიმპტომები: კანკალი, ტაქიკარდია, ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, თავის ტკივილი, გუგების გაფართოება. როდესაც ადამიანს აქვს მუდმივი ან პაროქსიზმული ჰიპერტენზია, რომელსაც ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, გულისცემა და ძლიერი ოფლის გამოყოფა, ოჯახში აღინიშნებოდა ფეოქრომოციტომის შემთხვევა, ჰიპერტენზია მიმდინარეობს კრიზებით, - აუცილებელია კვლევა ფეოქრომოციტომის გამოსარიცხავად. ამ მიზნით ტარდება სისხლისა და შარდის ბიოქიმიური გამოკვლევა, შემდეგ კი სიმსივნის ლოკალიზაცია დგინდება კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით. მკურნალობა ქირურგიულია - საჭიროა სიმსივნის ამოკვეთა.

გარდა ფეოქრომოციტომისა, არტერიულ ჰიპერტნზიას იწვევს:

  1. პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი ანუ კონის სინდრომი;
  2. კუშინგის სინდრომი;
  3. თირეოტოქსიკოზი ან ჰიპოთირეოზი;
  4. აკრომეგალია.
  • რა ნიშნები ახასიათებს პირველად ჰიპერალდოსტერონიზმს, როგორია მისი დიაგნოზირებისა და მკურნალობის ტაქტიკა?

- პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის ტიპური ნიშანია არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოკალემია - სისხლში კალიუმის შემცველობის დაქვეითება, რომლის მიზეზიც ალდოსტერონის მაპროდუცირებელი ადენომაა. იშვიათად ის ავთვისებიანია. სისხლში კალიუმის მცირე შემცველობა და შარდით მისი ჭარბი გამოყოფა ეჭვს ბადებს აღნიშნული დაავადების არსებობაზე. შემდგომში ტარდება ბიოქიმიური და რადიოლოგიური კვლევები. მკურნალობა გულისხმობს ადენომის ქირურგიულ მოცილებას, ზოგ შემთხვევაში - მედიკამენტურ თერაპიას.

  • რომელი კლინიკური ნიშნების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ კუშინგის სინდრომის არსებობა?

- კუშინგის სინდრომი, ისევე როგორც კონის სინდრომი, არტერიული ჰიპერტენზიის შედარებით იშვიათი მიზეზია. ის განპირობებულია კორტიზოლის ჭარბი გამომუშავებით. ჰიპერტენზია ამ სინდრომის მქონე პაციენტთა დიდ ნაწილს აღენიშება. დაავადების ტიპური კლინიკური ნიშნებია სიმსუქნე ცხიმის უპირატესად ტანსა და კისერზე დაგროვებით, მთვარისებრი სახე, ჭარბთმიანობა, კანის გათხელება, მოვარდისფრო სტრიები, სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილება, ოსტეოპოროზი. დაავადების დიაგნოზირების მიზნით ტარდება სპეციალური ლაბორატორიული ტესტები.

  • როდის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არტერიული ჰიპერტენზია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებით არის გამოწვეული?

- თირეოტოქისკოზის დროს ვითარდება სისტოლური არტერიული ჰიპერტენზია. მასთან ერთად დაავადების ტიპურ შემთხვევებში ყურადღებას იპყრობს აგზნებადობა, ოფლიანობა, მთელი სხეულის კანკალი, წონის კლება, ტაქიკარდია, თვალების გადმოკარკვლა, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, ტემპერატურის მატება. დიაგნოზს ადასტურებს ლაბორატორიული კვლევები. ჰიპოთირეოზის დროს არტერიული წნევა უმეტესად იკლებს, იშვიათად კი იმატებს, რაც სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის ზრდის ბრალია.

  • როგორ ვლინდება აკრომეგალია?

- აკრომეგალია ჰიპოფიზის წინა წილის ადენომის შედეგად ვითარდება. მას ახასიათებს სომატოტროპული ჰორმონის ჭარბი წარმოქმნა. არტერიული წნევის მომატებასთან ერთად აღინიშნება მტევნის, ტერფის, ქუსლის ძვლების, წარბზედა რკალების, ცხვირის გადიდება. ქვედა ყბა წინ წამოიწევს, კბილები მეჩხერდება. დიდდება შინაგანი ორგანოებიც.

  • როგორია დაავადების მიმდინარეობა ენდოკრინული ჰიპერტენზიის დროს?

- ენდოკრინული ჰიპერტენზიის მდგომარეობა ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული. როცა ენდოკრინული დაავადების წარმატებული მკურნალობა შესაძლებელია, არტერიული წნევის მაჩვენებლები ხშირად ნორმას უბრუნდება. როცა სავარაუდოა მეორეული ჰიპერტენზიის აღნიშნული ნაირსახეობა, მკურნალობა წარიმართება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით. მის მიერვე ხდება მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება.

  • საუბრის დასასრულს რას ურჩევდით მათ, ვისაც არტერიული ჰიპერტენზია აქვს?

- როგორც აღვნიშნეთ, მაღალი არტერიული წნევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მთელი წყების უმთავრესი რისკფაქტორია. არტერიული ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლა ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პრობლემის რანგშია აყვანილი, წნევის დაქვეითება კი თავის ტვინის ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტის, უეცარი კარდიული სიკვდილის, გულის ქრონიკული უკმარისობის, თირკმლის უკმარისობისა და მხედველობის დაქვეითების რისკსაც ამცირებს.

აქედან გამომდინარე, არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულმა გულისყურით უნდა აკონტროლოს არტერიული წნევა, რისი საწინდარიც სწორი დიეტური რეჟიმი და ცხოვრების ჯანსაღი წესია (აუცილებელი ფიზიკური დატვირთვით). საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია სრულყოფილი მედიკამენტური მკურნალობა თანამედროვე, მაღალეფექტური პრეპარატებით. რა თქმა უნდა, ცუდია, თუ მაღალი არტერიული წნევა გაქვთ, მაგრამ კარგია, რომ ამის შესახებ დროულად შეიტყვეთ. დღეს თქვენ გაქვთ საშუალება, ექიმის დახმარებით თვითონვე აკონტროლოთ სიტუაცია და არ მისცეთ ავადმყოფობას შანსი. თქვენ შეგიძლიათ, სძლიოთ ჰიპერტენზიას.