კარდიომიოპათია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარდიომიოპათია

- მიოკარდიტსა და კარდიომიოპათიაზე - ვესაუბროთ. რა იწვევს ამ დაავადებებს, როგორ ვლინდება ისინი, როგორ მკურნალობს მათ თანამედროვე მედიცინა? ამ და სხვა კითხვებით აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ კლინიკას ვეწვიეთ. გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კარდიოლოგი ჯაკო უგრეხელიძე.

- რა არის მიოკარდიტი და რა იწვევს მას?

- მიოკარდიტი გულის კუნთოვანი შრის - მიოკარდიუმის ანთებაა. ის უმეტესად მანამადე პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებს ემართებათ. მიოკარდიტი სხვადასხვა სიმძიმისაა. ახასიათებს არითმია, გულის უკმარისობის განვითარება და მისი სწრაფი პროგრესირება. ეს გართულებები პაციენტისათვის შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს.

კლინიკურ პრაქტიკაში ტერმინებს "მიოკარდიტი" და "ანთებითი კარდიომიოპათია" ზოგჯერ სინონიმებად მიიჩნევენ. დაავადების მიზეზის დადგენა უმეტესად ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევებში იდიოპათიურ მიოკარდიტზე საუბრობენ. ცხადია, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მიოკარდიუმის ანთების მიზეზი ცნობილია. ამ მიზეზთაგან უპირველეს ყოვლისა უნდა დავასახელოთ ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ იდიოპათიური მიოკარდიტის გამომწვევიც ვირუსული ინფექციაა, თუმცა მისი დადგენა-დიაგნოსტირება ვერ ხერხდება. მიოკარდიტს იწვევს ენტეროვირუსი, კოქსაკის ვირუსი, ადენოვირუსი, მკითხველისთვის კარგად ცნობილი ისეთი დაავადებების გამომწვევი ვირუსები, როგორიც არის გრიპი, ყბაყურა, წითურა, ჩუტყვავილა, ჰერპესი და სხვა. მიოკარდიტი ასევე შეიძლება დაერთოს ისეთ ინფექციურ დაავადებებს, როგორიც არის დიფტერია, ტუბერკულოზი, ბრუცელოზი, სიფილისი, ლეპტოსპიროზი, ბორელიოზი.

გამორიცხული არ არის მიოკარდიტის აღმოცენება სოკოვანი (კანდიდოზი, ასპერგილოზი და სხვა) ინფექციის, პარაზიტული (ტრიქინელოზი, ექინოკოკოზი და სხვა) ინვაზიის, ზოგიერთი უმარტივესით გამოწვეული დაავადებების დროს. ზოგჯერ მიოკარდიტი ამა თუ იმ მედიკამენტის მიღებისას აღმოცენდება. ამ შემთხვევაში მისი უმთავრესი მიზეზია ჰიპერმგრძნობელობა (მომატებული მგრძნობელობა) მიღებული წამლის მიმართ. ასეთ რეაქციას იწვევს ქიმიოთერაპიული პრეპარატები, ანტიბიოტიკები, წნევის დამწევი, ეპილეფსიის სამკურნალო ზოგიერთი საშუალება.

გარდა ჩამოთვლილი მიზეზებისა, მიოკარდიტის აღმოცენება შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი ქიმიური (ტყვია, დარიშხანი, ფოსფორი, ვერცხლისწყალი, კობალტი) და ფიზიკური (რადიაცია, სითბური დაკვრა ან სხეულის გადაცივება) ფაქტორის ზემოქმედებამ. ყურადღება უნდა გავამახვილოთ მიოკარდიტის იმ შემთხევებზე, რომლებიც თავს იჩენს რევმატიზმისა და შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებით მიმდინარე, ეგრეთ წოდებული რევმატული დაავადებების დროს. მათ შორის აღსანიშნავია მკითხველისთვის კარგად ცნობილი დაავადებები - სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, სკლეროდერმია. შესაძლოა მიოკარდიტის აღმოცენება თირეოტოქსიკოზის შემთხვევაშიც.

- როგორ განაპირობებს ეს ფაქტორები მიოკარდიტის აღმოცენებას, რა მექანიზმით ვითარდება დაავადება?

- დასახელებულმა ფაქტორებმა შესაძლოა უშუალო ტოქსიკური ზემოქმედება მოახდინოს გულის კუნთზე, შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილება იმუნურ სისტემაში, რაც შემდგომ მიოკარდიუმის ანთებითი დაზიანების მიზეზად იქცევა.

- რა ნიშნები ახასიათებს მიოკარდიტს?

- მიოკარდიტის დროს პაციენტები უმეტესად უჩივიან ზომიერად ინტენსიურ ტკივილს გულის არეში. ტკივილი, წესისამებრ, თანმხლები პერიკარდიტის (პერიკარდიუმის ფურცლების ანთების) შედეგია. არცთუ იშვიათად ასეთ ტკივილს გულის იშემიური დაავადების - სტენოკარდიის, ზოგჯერ - მწვავე კორონარული სინდრომის გამოვლინებად მიიჩნევენ, თუმცა ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ დაავადების კლინიკური სურათი ხშირად უყალიბდება პაციენტს, რომელსაც არ აქვს გულის იშემიური დაავადების რისკ-ფაქტორები.

ტკივილთან ერთად პაციენტები უჩივიან ტემპერატურის მომატებას, ოფლიანობას, შემცივნებას, ქოშინს, ტაქიკარდიას. ხშირია გულის რიტმის დარღვევა - არითმია. არც სიცოცხლისთვის საშიში არითმიის აღმოცენება და უეცარი სიკვდილია გამორიცხული. დაავადებამ შესაძლოა გულის უკმარისობის სიმპტომებით (დაღლილობა და ქოშინი ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას, ქვედა კიდურების შეშუპება) იჩინოს თავი. როგორც აღვნიშნეთ, ეს სიმპტომები ხშირად უეცრად ვითარდება, ისე, რომ პაციენტს ადრე არასოდეს ჰქონია გულის დაავადება.

ვირუსული მიოკარდიტის დროს ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ მიოკარდიტისთვის დამახასიათებელ ჩივილებს 1-2 კვირით უსწრებს წინ გრიპისმაგვარი სიმპტომები - ცხელება, სახსრების ტკივილი, ფარინგიტი, ანგინა ან სურდო. რევმატული მიოკარდიტის დროს, ბუნებრივია, აღინიშნება დაავადების კლინიკური სურათი. ძირითადი დაავადების კლინიკური ნიშნები იპყრობს ექიმის ყურადღებას სხვა რევმატული პათოლოგიების ფონზე აღმოცენებული მიოკარდიტის დროსაც.

- რომელ მეთოდებს იყენებენ მიოკარდიტის დიაგნოსტიკისთვის?

- როგორც ყველა სხვა კარდიოლოგიური პათოლოგიის დროს, მიოკარდიტის შემთხვევაშიც გულის დაავადებისთვის დამახასიათებელი ჩივილების არსებობისას გამოკვლევა ელექტროკარდიოგრაფიით იწყება. ის უმეტესად არასპეციფიკურ ცვლილებებს - ტაქიკარდიას, არითმიას, ბლოკადას ავლენს. ეს იმას ნიშნავს, რომ კარდიოგრაფიით გამოვლენილი ცვლილებები მხოლოდ მიოკარდიტისთვის კი არ არის დამახასიათებელი, არამედ გულის სხვა დაავადებების დროსაც შეიძლება აღინიშნებოდეს.

როგორც ვთქვით, მიოკარდიტი გულის კუნთის ანთებაა. ისევე როგორც, საზოგადოდ, ანთებითი დაავადებების დროს, ამ დროსაც სისხლის საერთო ანალიზი ანთებისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს ავლენს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სისხლში მიოკარდიუმისთვის სპეციფიკური ფერმენტების აქტივობის განსაზღვრა - ვლინდება აქტივობის მატება. ტარდება ლაბორატორიული გამოკვლევები იმ დაავადებათა დასადგენად, რომლებიც მიოკარდიტს იწვევს. მნიშვნელოვანია ექოკარდიოსკოპიით მიღებული მონაცემები. აღნიშნული გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, გამოვრიცხოთ გულის ის დაავადებები, რომლებიც შეიძლება გულის უკმარისობის მიზეზი იყოს, დავაზუსტოთ გულის ფუნქციის დარღვევის ხარისხი, დავადგინოთ პერიკარდიუმის ღრუში სითხის არსებობა, რაც არცთუ იშვიათად თან სდევს მიოკარდიტს. მკურნალობის პროცესში ექოკარდიოსკოპიული გამოკვლევა განმეორებით ტარდება, რათა დავაკვირდეთ გულის მდგომარეობის დინამიკას. რიგ შემთხვევაში, განსაზღვრული ჩვენების არსებობისას, შესაძლოა დაგვჭირდეს სხვა კვლევებიც.

- როგორია მიოკარდიტის მკურნალობის პრინციპი და პროგნოზი?

- მიოკარდიტის მკურნალობა უმთავრესად გულის კუნთის ანთების შედეგად აღმოცენებული არითმიისა და გულის უკმარისობის მკურნალობას გულისხმობს. გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოიყენება შარდმდენები, პერიფერიული სისხლძარღვების გამაფართოებელი პრეპარატები, აგფ-ინჰიბიტორები.

მძიმე უკმარისობისას შესაძლოა დაგვჭირდეს პრეპარატები, რომლებიც გულის შეკუმშვას აუმჯობესებს. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია მიოკარდიტის გამომწვევი ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილება, ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექციების, სისტემური დაავადებების მკურნალობა. ამ მიზნით მიოკარდიტით დაავადებულ პაციენტებს ხშირად ერთდროულად მკურნალობენ კარდიოლოგი და რევმატოლოგი ან კარდიოლოგი და ინფექციონისტი.

მკურნალობისას მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობის შემცირება, გულის უკმარისობის შემთხვევაში - სითხისა და სუფრის მარილის მიღების შეზღუდვა. მიოკარდიტგადატანილი პაციენტი იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თავდაპირველად კვლევები ტარდება 1-3 თვის ინტერვალით, ნელ-ნელა იზრდება ფიზიკური აქტივობა.

მწვავე მიოკარდიტი უმეტესად პაციენტის გაჯანსაღებით მთავრდება. რიგ შემთხვევაში მიოკარდიტი შესაძლოა დილატაციური კარდიომიოპათიის აღმოცენების მიზეზად იქცეს, რიგ შემთხვევაში კი შესაძლოა მიოკარდიტის შედეგად აღმოცენდეს წინაგულ-პარკუჭოვანი გამტარობის სრული დარღვევა (სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა), რის გამოც საჭირო ხდება გულის რიტმის წამყვანის - პეისმეიკერის იმპლანტაცია.


- რას გულისხმობს ტერმინი "კარდიომიოპათია", რა ნიშნები ახასიათებს ამ დაავადებას?

- კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებაა. განასხვავებენ მის სამ ტიპს - დილატაციურს, ჰიპერტროფიულსა და რესტრიქციულს. სამივეს აერთიანებს ერთი რამ: დაავადების შედეგად გული, უფრო სწორად, გულის კუნთი ისე ზიანდება, რომ შეუძლებელი ხდება გულის უმთავრესი ფუნქციის - სისხლის აორტაში გადატყორცნისა და მთელი ორგანიზმისთვის მიწოდების - შესრულება; ვითარდება გულის უკმარისობა.

- როგორ ვლინდება კარდიომიოპათია?

- კლინიკური ნიშნები უმეტესად მანამდე არ იჩენს თავს, სანამ არ აღმოცენდება გულის უკმარისობა. გულის უკმარისობის შემთხვევაში ყურადღებას იპყრობს ქოშინი როგორც ფიზიკური დატვირთვისას, ასევე მოსვენებისას, ქვემო კიდურების შეშუპება, შორსწასულ შემთხვევებში - მუცლის ზრდა სითხის დაგროვების გამო, გულის ფრიალი ან გულის არარეგულარული მუშაობის შეგრძნება, საერთო სისუსტე, თავბრუხვევა.

განურჩევლად კარდიომიოპათიის ფორმისა, აღნიშნული სიმპტომები მკურნალობის გარეშე სწრაფად პროგრესირებს.

- რა განაპირობებს კარდიომიოპათიის აღმოცენებას?

- ხშირად კარდიომიოპათიის მიზეზი, განურჩევლად ტიპისა, უცნობია, - ასეთ შემთხვევებში ვსაუბრობთ იდიოპათიურ კარდიომიოპათიაზე, - რიგ შემთხვევაში კი კარდიომიოპათიის გამომწვევი ფაქტორის დადგენა შესაძლებელია. დადგენილია, რომ დილატაციური კარდიომიოპათიის მრავალი შემთხვევა იდიოპათიურია. ამავე დროს აღმოჩენილია გენები, რომლებიც ამ დაავადებასთან არის ასოცირებული. კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება.

ცნობილია, რომ დილატაციური კარდიომიოპათიის რისკფაქტორებია მაღალი არტერიული წნევა, თუ ის პაციენტს დიდხანს აღენიშნება, გულის სარქვლოვანი პათოლოგიები (მანკები), გულის კუნთის დაზიანება იშემიის გამო - გვირგვინოვანი სისხლძარღვების ათეროსკლეროზული შევიწროების შედეგად, ხანგრძლივი ტაქიკარდია, მეტაბოლიზმის ანუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებები, მათ შორის - შაქრიანი დიაბეტი და თირეოტოქსიკოზი, აუცილებელი ვიტამინებისა (მაგალითად, B1-ის) და მინერალების (სელენის, კალციუმის, მაგნიუმის) დეფიციტი, ალკოჰოლის ჭარბი მიღება წლების განმავლობაში, კოკაინი, ზოგიერთი მედიკამენტი, ქიმიოთერაპიული საშუალებები, ზოგიერთი ვირუსული ინფექცია, რომლებიც მიოკარდიტის შედეგად კარდიომიოპათიას იწვევს, ჰემოქრომატოზი - რკინის ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადება, ზოგიერთი ნერვკუნთოვანი დაავადება.

ზოგჯერ დილატაციური კარდიომიოპათია ორსულობის უკანასკნელ ტრიმესტრში ან ლოგინობის ხანაში ვითარდება.

- როგორია დილატაციური კარდიომიოპათიის არსი?

- დილატაციური კარდიომიოპათია კარდიომიოპათიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ ყველაზე ხშირად საშუალო ასაკში, ისიც მამაკაცებს შორის გვხვდება. ზოგჯერ დაავადებას ოჯახური ხასიათი აქვს. დილატაციური კარდიომიოპათიის დროს გულის ღრუები, უმთავრესად კი მარცხენა პარკუჭი, რომელსაც გადამწყვეტი როლი ეკისრება სისხლის გადატყორცნისას, გაფართოებული ანუ დილატირებულია, გულის როგორც სისხლის ტუმბოს ფუნქცია შესუსტებულია, ორგანოებისთვის სისხლის მიწოდება დაქვეითებულია. დილატაციური კარდიომიოპათია გულის უკმარისობის ხშირი მიზეზია. ზემოხსენებულ ცვლილებებთან ერთად ვითარდება გულის რიტმის დარღვევა - არითმია. გულის ღრუს მკვეთრი გაფართოებისა და სისხლის დინების დარღვევის გამო გულში ყალიბდება თრომბი, რაც ზოგჯერ ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის, ფილტვის ინფარქტის ან თავის ტვინის ინსულტის მიზეზად იქცევა. მოსალოდნელია უეცარი სიკვდილი არითმიის ან თრომბოზის შედეგად.

გულის ღრუების მკვეთრი დილატაცია იწვევს მიტრალური სარქვლის ნაკლოვანებას, რასაც მოსდევს სისხლის ნაკადის წინაგულისკენ უკუდენა. ეს უფრო მეტად აძნელებს გულის მუშაობას და ამძიმებს გულის უკმარისობას.

- რას ეფუძნება დილატაციური კარდიომიოპათიის დიაგნოსტიკა?

- პაციენტის ჩივილებისა და მისი გასინჯვის საფუძველზე ექიმი გულის დაავადებას ივარაუდებს. ინიშნება ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, გულმკერდის რენტგენოგრაფია. ელექტროკარდიოგრაფია საშუალებას გვაძლევს, დოკუმენტურად დავადასტუროთ გულის რიტმის დარღვევა და სხვა ცვლილებები.

ექოკარდიოსკოპია დილატაციური კარდიომიოპათიის დროს მნიშვნელოვანი სადიაგნოზო მეთოდია. მისი მეშვეობით ვავლენთ გულის ღრუების დილატაციას, გულის კუმშვადობის დაქვეითებას, გულის სარქველთა ნაკლოვანებას, გულში არსებულ თრომბოზს. მართალია, გულმკერდის რენტგენოგრაფია უშუალოდ კარდიომიოპათიის სადიაგნოზო მეთოდი არ არის, მაგრამ ის საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ გულის ზომების მატება, გულის უკმარისობით გამოწვეული შეგუბებითი ცვლილებები ფილტვებში, სითხის დაგროვება პლევრის ღრუში ან ფილტვის ინფარქტისთვის დამახასიათებელი სურათი. რიგ შემთხვევაში საჭიროა სხვა კვლევებიც.

- რა არის ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია და როგორ ვლინდება ის?

- ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს გულის კუნთი ანომალიურად სქელდება. გასქელება უპირატესად მარცხენა პარკუჭის კუნთსა და პარკუჭთაშუა ძგიდეს მოიცავს. ამის შედეგად პაკუჭის კედელი კარგავს ელასტიკურობას, ხოლო პარკუჭის ღრუს მოცულობა მცირდება, რაც საბოლოოდ ართულებს გულის შეკუმშვას, ამცირებს ორგანიზმის სისხლით მომარაგებას. გარდა ამისა, იცვლება გულის ელექტრული აქტივობა, რაც ზრდის არითმიის აღმოცენების რისკს.

სხვა კარდიომიოპათიების მსგავსად, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიაც ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, თუმცა ბავშვობის ასაკში დაწყებული დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს. სიხშირე ორივე სქესის პირებს შორის თანაბარია. დაავადებულთა დიდ ნაწილს აქვს ამ პათოლოგიის ოჯახური ისტორია. ცნობილია, რომ ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ასოცირებულია განსაზღვრულ გენეტიკურ დარღვევასთან, გენების მუტაციასთან. დადგენილია, რომ თუ მშობელს აქვს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, ამ დაავადების განვითარების რისკი იზრდება.

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია სხვადასხვა სიმძიმისაა. დაავადებულთა უმრავლესობას, დაახლოებით 70%-ს, აქვს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის ის ფორმა, რომლის დროსაც გასქელებული, ჰიპერტროფირებული პარკუჭთაშუა ძგიდე ახშობს მარცხენა პარკუჭის შეკუმშვისას აორტისკენ მიმართულ სისხლის ნაკადს. დაავადების ამ ფორმას უწოდებენ ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიას გამოსავალი ტრაქტის ობსტრუქციით ან ჰიპერტროფიულ ობსტრუქციულ კარდიომიოპათიას.

ობსტრუქციული კარდიომიოპათიის დროს პაციენტები ხშირად უჩივიან თავბრუხვევას, გულის წასვლის შეგრძნებას, რომელიც ფიზიკური დაძაბვისას ძლიერდება. ჩივილებიდან საყურადღებოა გულის რიტმის დარღვევის ეპიზოდები. მკვეთრად ჰიპერტროფირებული გულის კუნთის სისხლმომარაგების დაქვეითების გამო პაციენტები ხშირად უჩივიან ტკივილს გულის არეში, თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა დაავადება პირველად გულის უკმარისობით, არითმიით ან უეცარი კარდიული სიკვდილით ვლინდება.


- რა გართულებაა მოსალოდნელი დაავადების ამ ფორმის დროს?

- როგორც აღვნიშნეთ, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია უმეტესად გულის უკმარისობით ან გულის რიტმის დარღვევით რთულდება, რაც საკმაოდ მძიმე, ზოგჯერ საბედისწერო გართულებები გახლავთ. არის შემთხვევები, როცა არითმია უეცარ კარდიულ სიკვდილს იწვევს. 30 წლამდე უეცარი კარდიული სიკვდილის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი სწორედ ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიაა.

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის გართულებაა გამოსავალი ტრაქტის ობსტრუქციაც, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. კლინიკურად ობსტრუქცია ვლინდება ქოშინით ფიზიკური დატვირთვისას, თავბრუხვევით, გულის წასვლის შეგრძნებით.

- რა არის საჭირო ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დიაგნოსტიკისთვის?

- პაციენტის ჩივილებისა და გასინჯვისას მიღებული მონაცემების საფუძველზე ექიმი ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიას ივარაუდებს და დანიშნავს სათანადო კვლევებს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ექოკარდიოსკოპია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ძგიდის ჰიპერტროფია, გამოსავალი ტრაქტის ობსტრუქცია და მისი ხარისხი, სარქვლების მდგომარეობა. ზუსტი მონაცემების მისაღებად შესაძლოა დაინიშნოს ტრანსთორაკალური ექოკარდიოსკოპია (მცირე ზომის ტრანსდუსერი თავსდება საყლაპავში).

გულის რიტმის დარღვევის დიაგნოსტიკისთვის ტარდება ელექტროკარდიოგრაფია. ამ დროს ელექტროკარდიოგრაფია ხშირად ავლენს ცვილებებს, რომლებიც ტიპობრივია გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტისათვის, თუმცა პაციენტები აღნიშნავენ, რომ ინფარქტი არასოდეს ჰქონიათ. რიგ შემთხვევაში საჭიროა ჰოლტერის მონიტორირება - 24 საათის განმავლობაში ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა სპეციალური აპარატურის მეშვეობით ისე, რომ პაციენტის ცხოვრების ჩვეული რიტმი არ დაირღვეს. ზოგჯერ საჭიროა დამატებითი კვლევები.

- რა ნიშნები ახასიათებს რესტრიქციულ კარდიომიოპათიას?

- რესტრიქციული კარდიომიოპათიის დროს იცვლება გულის კუნთის თვისებები - ის ხდება რიგიდული, ნაკლებად ელასტიკური, რაც საკმაოდ ართულებს გულის მარცხენა პარკუჭის სისხლით ავსებას მაშინ, როცა პარკუჭი დუნდება და სისხლი წინაგულიდან ჩამოედინება. გულის უკმარისობის აღმოცენებისას ეს თავისებურება განაპირობებს შეგუბებას უპირატესად სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში. პაციენტებს უშუპდებათ ქვედა კიდურები, სითხის დაგროვების გამო ეზრდებათ მუცელი. რესტრიქციული კარდიომიოპათიის შემთხვევები ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, თუმცა უმეტესად ხანშიშესულებს ემართებათ.

უნდა ითქვას, რომ რესტრიქციული კარდიომიოპათია კარდიომიოპათიის ყველაზე იშვიათია ფორმაა და უმეტესად იდიოპათიურია (ანუ მისი მიზეზი უცნობია). ამავე დროს, ცნობილია, რომ შესაძლოა რესტრიქციული კარდიომიოპათიის განვითარება ამილოიდოზის (ორგანიზმში პათოლოგიური ცილა ამილოიდის დაგროვებით მიმდინარე დაავადება), ჰემოქრომატოზის, გლიკოგენის ცვლის დარღვევის, სიმსივნის დროს, სხვადასხვა ალერგიული დაავადების ფონზე მიოკარდიუმის ეოზინოფილური ინფილტრაციის დროს, რადიაციის ზემოქმედების შედეგად. დაავადების დიაგნოსტიკა ზემოთ ჩამოთვლილ კვლევებს ეფუძნება.

- როგორია კარდიომიოპათიების მკურნალობის პრინციპი?

- ნებისმიერი კარდიომიოპათიის მკურნალობის მიზანია გულის უკმარისობის სიმპტომების შემცირება, მისი პროგრესირების შეჩერება და გართულებათა პროფილაქტიკა. მკურნალობის ტაქტიკა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში კარდიომიოპათიის ტიპზეა დამოკიდებული. დილატაციური კარდიომიოპათიის დროს მიზანშეწონილია ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერების გამოყენება. ეს პრეპარატები აუმჯობესებს გულის კუმშვის ფუნქციას, ახდენს გულის უკმარისობის პროფილაქტიკას, ახანგრძლივებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

გარდა ამისა, ამ ჯგუფის პრეპარატებს შესწევთ სისხლძარღვების გაფართოების, წნევისა და გულის დატვირთვის შემცირების უნარი. ინიშნება ბეტა-ბლოკერებიც, რომლებიც ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, აქვეითებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს გულის ფუნქციას.

შარდმდენების, საგულე გლიკოზიდების, ანტიკოაგულანტების გამოყენება თავიდან გვაცილებს თრომბის ფორმირებას. ჩამოთვლილი პრეპარატები უმეტესად კომბინირებულად (ერთდროულად ორი ან მეტი მედიკამენტი) ინიშნება.

დილატაციური კარდიომიოპათიის დროს ზოგჯერ მიზანშეწონილია სპეციალური პეისმეიკერის იმპლანტაცია, რომელიც ახდენს მარცხენა და მარჯვენა პარკუჭების შეკუმშვათა კოორდინაციას - უზრუნველყოფს მათ ერთდროულ შეკუმშვას. თუ არსებობს სიცოცხლისთვის საშიში არითმიის რისკი, ტარდება ანტიარითმიული მედიკამენტური მკურნალობა ან სპეციალური კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია. ეს არის ასანთის კოლოფისოდენა მოწყობილობა, რომელიც იმპლანტირდება (ინერგება) გულმკერდის კედელში და რიტმის დარღვევისას ელექტრული იმპულსის მეშვეობით აღადგენს ნორმალურ გულისცემას. ასეთი ჩარევა რეკომენდებულია, როცა პაციენტს აქვს სიცოცხლისთვის საშიში არითმიის აღმოცენების მაღალი ალბათობა.

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია თავიდან აგვაცილებს სიკვდილს არითმიის გამო.

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს მიზანშეწონილია დაინიშნოს ბეტა-ბლოკერები ან კალციუმის ანტაგონისტები, რომლებიც ამცირებენ გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ახდენენ რიტმის სტაბილიზაციას. გამოიყენება ანტიარითმიული პრეპარატებიც. შესაძლოა საჭირო გახდეს პეისმეიკერის ან კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია. უკანასკნელი ჩარევა რეკომენდებულია, თუ პაციენტს ჰქონდა გულის რიტმის სიცოცხლისთვის საშიში დარღვევა ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის გამო უეცარი კარდიული სიკვდილით გარდაიცვალა.

ზოგჯერ, როცა მარცხენა პარკუჭი ძლიერაა ჰიპერტროფირებული, ტარდება ქირურგიული ჩარევა ჰიპერტროფირებული კუნთის ნაწილის მოკვეთის მიზნით.

რესტრიქციული კარდიომიოპათიის მკურანლობისას ძალისხმევა მიმართულია დაავადების სიმპტომების შემცირებისკენ. რეკომენდებულია მიღებული სითხისა და სუფრის მარილის ზედმიწევნითი კონტროლი. ორგანიზმში სითხის შეკავებისას ინიშნება შარდმდენები. აუცილებელია არტერიული წნევისა და გულის რიტმის კონტროლი სათანადო პრეპარატებით. კარდიომიოპათიის ამ ფორმის მკურნალობა რთულია, ვინაიდან ხშირია მიდრეკილება წნევის დაქვეითებისკენ. მოციმციმე არითმიის აღმოცენებისას ინიშნება ანტიკოაგულანტები. როცა რესტრიქციული კარდიომიოპათია რომელიმე დაავადების (ამილოიდოზის, ჰემოქრომატოზის, ალერგიული დაავადების) ფონზე აღმოცენდება, მნიშვნელოვანია ამ პათოლოგიის მკურნალობაც. ზოგჯერ საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

განვითარებულ ქვეყნებში კარდიომიოპათია გულის გადანერგვის ხშირი მიზეზია. ყოველგვარი კარდიომიოპათიის მკურნალობა ტარდება ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით. თვითმკურნალობა არამც და არამც არ შეიძლება.

- როგორ მოვიქცეთ კარდიომიოპათიის პროგრესირების თავიდან ასაცილებლად?

- რამდენიმე რეკომენდაციის დაცვით შეგვიძლია მინიმუმამდე შევამციროთ დისკომფორტი, რომელსაც დილატაციური კარდიომიოპათია იწვევს. ამისათვის აუცილებელია:

  • რეგულარულად ვითანამშრომლოთ ექიმთან და ზედმიწევნით შევასრულოთ მისი რეკომენდაციები;
  • თავი დავანებოთ თამბაქოს წევას;
  • თავი დავანებოთ ალკოჰოლის მიღებას;
  • ვიკვებოთ ჯანსაღად;
  • შევინარჩუნოთ ნორმალური წონა.

ვინაიდან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია მნიშვნელოვანწილად გენეტიკურ ფაქტორთან არის დაკავშირებული, მისი პროფილაქტიკა შეუძლებელია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების დროულ დიაგნოსტიკას და ღონისძიებებს მისი გართულებების, უპირველეს ყოვლისა კი ფატალური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა პაციენტი ვერ გრძნობს დაავადების არსებობას და პირველი გამოვლინება უეცარი კარდიული სიკვდილია. ასეთი რამ უმეტესად ახალგაზრდა, ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს ემართებათ, თუმცა არცთუ ისე ხშირად. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს რეკომენდებული არ არის არც სპორტით პროფესიული დატვირთვა, არც სამოყვარულო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა.

ვფიქრობ, მკითხველი მიხვდა, რომ მიოკარდიტი და კარდიომიოპათია საკმაოდ მძიმე დაავადებებია. მათი მკურნალობა იოლი არ არის, მაგრამ დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში კარდიოლოგიის თანამედროვე მიღწევები პაციენტს საშუალებას მისცემს, დიდხანს და სრულფასოვანად იცოცხლოს.