თირკმლის გამოკვლევის მეთოდები
თირკმლის გამოკვლევის მეთოდებზე გვესაუბრება აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ნეფროლოგი მანანა კაპანაძე.
- ჩვენმა მკითხველმა ალბათ იცის, რომ თირკმლის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება შარდისა და სისხლის ლაბორატორიულ და თირკმელების ფუნქციურ კვლევას. როგორ უნდა შეგროვდეს შარდი ანალიზისთვის?
- საერთო ანალიზისთვის შარდი უნდა შეგროვდეს დილით, პირველი მოშარდვისას. აღებულ უნდა იქნეს მთელი ულუფა. შარდის აღების წინ საჭიროა სასქესო ორგანოების საფუძვლიანი ტუალეტი. ჭურჭელი უნდა იყოს სუფთა და მშრალი. გამოკვლევამდე შარდის შენახვა შეიძლება არა უმეტეს 1,5 საათისა, ისიც აუცილებლად სიგრილეში. სასურველია, წინა დღეს თავი შევიკავოთ ისეთი ხილისა და ბოსტნეულის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა შარდს ფერი შეუცვალოს.
- რას გვაძლევს შარდის ანალიზი და რა მიგვანიშნებს თირკმლის პათოლოგიაზე?
- შარდის საერთო ანალიზი შარდსასქესო სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას ასახავს, თუმცა მისი მეშვეობით შეიძლება ვიმსჯელოთ ორგანიზმში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებაც.
შარდის შემადგენლობა იცვლება დიაბეტის, ტუბერკულოზის, ცხელების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ინფექციური დაავადებების, სისხლის დაავადებების, მოწამვლის, ასევე - ზოგიერთი სხვა პათოლოგიის შემთხვევაში.
შარდის საერთო ანალიზი ინიშნება როგორც სკრინინგული ტესტი და შედის აუცილებელი გამოკვლევების სიაში ნებისმიერი პათოლოგიის დროს. შარდის საერთო ანალიზი მისი ფიზიკური თვისებების შესწავლას და ნალექის მიკროსკოპიულ გამოკვლევას ითვალისწინებს.
- ფერი - შარდის ნორმალურ შეფერილობას პიგმენტი უროქრომი განაპირობებს. მოწითალო, ხორცის ნარეცხის ფერი განპირობებულია შარდში ერითროციტების, ჰემოგლობინის, პორფირინის, მიოგლობინის გაჩენით თირკმლის კოლიკის, თირკმლის ინფარქტის, გლომერულონეფრიტის დროს.
შარდმა შესაძლოა მიიღოს მწვანე ფერიც, თუ მასში ბაქტერია ფსევდომონა გაჩნდა ან შარდის საშუალებით ორგანიზმიდან ეგზოგენური ქიმიური ნივთიერება - მეთილენის ლურჯი გამოიყო. ჭუჭყიანი ყავისფერი და რუხი ფერი განპირობებულია პიურიით - შარდში ჩირქის არსებობით, მოთეთრო ფერს კი შარდს ფოსფატები და ცხიმები აძლევს. კუთრი წონა 1008-დან 1025-მდე მერყეობს. იმატებს შაქრიანი დიაბეტის, გლომერულონეფრიტის, ნეფროზული სინდრომის, სითხის დაკარგვის (დიარეა, ღებინება), ოლიგურიის, სითხის მცირე რაოდენობით მიღების შემთხვევაში, იკლებს უშაქრო დიაბეტის, თირკმლის მილაკების მწვავე დაზიანების, პოლიურიის, თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს.
- მჟავატუტოვანი წონასწორობა - შარდის ნორმალური პH 5,0-6,0-ია. მისი მატება შეინიშნება ჰიპერკალიემიის, საშარდე სისტემის ინფექციების, თირკმლის მილაკების ფუნქციის დარღვევის დროს, ხოლო კლება - ჰიპოკალიემიის, თირკმლის ქრონიკული დაავადებების, შარდკენჭოვანი დაავადების დროს.
- პროტეინურია - შარდში ცილა ჩნდება მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტის, მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტის, ორსულთა ნეფროპათიის, თირკმელების ამილოიდოზის, ნეფროზული სინდრომის, დიაბეტური ნეფროპათიის, თირკმლის მილაკების დაზიანების, თირკმლის ტუბერკულოზის, საშარდე გზების სიმსივნის დროს.
შარდში გლუკოზის არსებობა შაქრიანი დიაბეტის არარსებობის შემთხვევაში თირკმლის მილაკების დაზიანებაზე მიუთითებს. ეპითელური უჯრედების რაოდენობა იმატებს შარდის ბუშტის, თირკმლის მენჯის ანთებითი პროცესის, შარდკენჭოვანი დაავადების დროს. ლეიკოციტურია - შარდში ლეიკოციტების მატება - შეინიშნება პიელონეფრიტის, ცისტიტის, ურეთრიტის, პროსტატიტის, ქრონიკული ინტერსტიციული ნეფრიტის დროს.
- ცილინდრურია - შარდში ცილინდრების არსებობა - ძირითადად პათოლოგიაზე მიუთითებს, თუმცა ერთეული ჰიალინური ცილინდრი ნორმალურ შარდშიც შეიძლება აღმოვაჩინოთ.
ჰიალინური ცილინდრი გვხვდება თირკმლის ამა თუ იმ ორგანული დაზიანების დროს.
ეპითელური ცილინდრების არსებობა თირკმლის ტუბულარული აპარატის დაზიანებაზე მეტყველებს, ხოლო მარცვლოვანი ცილინდრებისა - მილაკებში განვითარებულ დისტრიფიულ ცვლილებებზე.
ცვილისებრი ცილინდრები თირკმლის პარენქიმის მძიმე დაზიანებისთვის არის დამახასიათებელი. ის ხშირია თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს, თუმცა მწვავე შემთხვევაშიც შეიძლება შეგვხვდეს.
ერითროციტული ცილინდრების არსებობა ჰემატურიის თირკმლისმიერი გენეზის ნიშანია. ისინი შეიმჩნევა არა მარტო თირკმლის ანთებითი დაავადებების, არამედ თირკმლის პარენქიმული სისხლდენის დროსაც.
ლეიკოციტური ცილინდრები ძალიან იშვიათად გვხვდება და მათი არსებობა თითქმის გამორიცხულია პიელონეფრიტის დროს.
პიგმენტური ცილინდრები კი მიოგლობინურიასა და ჰემოგლობინურიას ახასიათებს.
- ლორწოს ლორწოვანი გარსის ეპითელიუმი გამოყოფს. ნორმალურ შარდში ის უმნიშვნელო რაოდენობით არის. ანთებითი პროცესების დროს მისი შემცველობა იმატებს.
- ბაქტერიები ნორმალურ შარდში არ არის ან ძალიან ცოტაა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბაქტერიების არსებობა შარდსასქესო სისტემის ანთებით პროცესზე ყოველთვის არ მიუთითებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რაოდენობას. ბაქტერიის სახეობას, ბაქტერიურიის დონეს, ანტიბიოტიკებისადმი ბაქტერიების მგრძნობელობას შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით ადგენენ.
- საფუარა სოკო ნორმალურ შარდში არ გვხვდება. მისი აღმოჩენა გლუკოზურიის, ანტიბიოტიკებით არარაციონალური მკურნალობის, შარდის დიდხანს შენახვის მაჩვენებელია.
- შარდში მარილების შემცველობა დამოკიდებულია შარდის კოლოიდურ მდგომარეობაზე, PH-სა და სხვა თვისებებზე. შარდის მჟავა რეაქციის დროს გვხვდება შარდმჟავა მარილები, ურატები, ოქსალატები, ტუტე რეაქციის დროს კი ტრიპელფოსფატები, ამორფული ფოსფატები. შარდში მარილების სიჭარბე ხელს უწყობს კონკრემენტის წარმოქმნას და შარდკენჭოვანი დაავადების ჩამოყალიბებას.
- შესაძლოა თუ არა, ცვლილებები ფიზიოლოგიური იყოს?
- ჯანმრთელი ადამიანის შარდში ცილა ან არ არის, ან ძალიან ცოტაა - 0,1 გ/ლ-მდე. ამას ფიზიოლოგიურ პროტეინურიას უწოდებენ. ასეთი პროტეინურია შეინიშნება დიდი რაოდენობით ცილოვანი საკვების მიღების შემდეგ, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ემოციური გადაძაბვის - სტრესის, ეპილეფსიის დროს.
მოზარდებში შეიმჩნევა ეგრეთ წოდებული ორთოსტატიკური პროტეინურიაც, მაგრამ თანამედროვე გამოკვლევები იძლევა საშუალებას, გამოვლინდეს ამ დროს თირკმლის მიკროსტრუქტურაში არსებული ცვლილებები. აქედან გამომდინარე, ფიზიოლოგიური პროტეინურიის არსებობა ეჭვქვეშ დგება.
- სისხლის რა სახის გამოკვლევაა საჭირო თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის დასადგენად და რომელი მაჩვენებელი მიუთითებს თირკმლის პათოლოგიაზე?
- თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის დასადგენად საჭიროა სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, რომელიც დღესდღეობით სამედიცინო გამოკვლევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ის საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, როგორ მუშაობს ესა თუ ის ორგანო, მოცემულ შემთხვევაში - თირკმელი. სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლებიდან თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად მნიშვნელოვანია შარდოვანა, კრეატინინი, შარდმჟავა, ელექტროლიტები.
შარდოვანა ცილების დაშლის საბოლოო პროდუქტია. ის ღვიძლში ამიაკისგან წარმოიქმნება და შარდის კონცენტრირებაში მონაწილეობს. იმატებს გლომერულონეფრიტის, პიელონეფრიტის, ტუბერკულოზის, თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს.
კრეატინინი ცილის ცვლის საბოლოო პროდუქტია. ის წარმოიქმნება ღვიძლში, ცირკულირებს სისხლში და გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. მისი სიჭარბე თირკმლის მწვავე უკმარისობასა და თირკმლის ქრონიკულ დაავადებებს ახლავს თან.
საერთო ცილა. ცილა ორგანული პოლიმერია და ამინმჟავებისგან შედგება. ის სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს - მონაწილეობს სისხლის შედედებაში, სისხლის PH-მუდმივობის შენარჩუნებაში, ტრანსპორტირებაში, იმუნურ რეაქციებში და სხვა. საერთო ცილა სისხლის ცილის საერთო რაოდენობას გამოხატავს. მისი შემცველობა დაბალია თირკმლის იმ დაავადებების დროს, როცა შარდის საშუალებით ორგანიზმიდან დიდი ოდენობით გამოიყოფა ცილა. ალბუმინი მნიშვნელოვანი ცილაა. მისი შემცირება - ჰიპოალბუმინემია - შეინიშნება ნეფროზული სინდრომის დროს.
კალიუმი ელექტროლიტია, რომელიც ძირითადად უჯრედშიგა გარემოშია კონცენტრირებული. ჰიპენატრიემია - კალიუმის სიჭარბე - თან სდევს თირკმელების მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას. ქლორის სიჭარბე თირკმელების მწვავე უკმარისობის, ანურიისა და ოლიგურიის დროს შეინიშნება, მისი შემცირება კი დიურეტიკების ზედოზირების დროს არის მოსალოდნელი.
ნატრიუმიც ელექტროლიტია. ის ძირითადად უჯრედგარე გარემოშია თავმოყრილი. ჰიპოკალციემია თირკმელების ქრონიკული დაავადების დროს გვხვდება.
C-რეაქტიული ცილა სწრაფად რეაგირებს ქსოვილის დაზიანებაზე. რაც უფრო მწვავედ არის გამოხატული ანთებითი პროცესი ორგანიზმში, მით უფრო მაღალია სისხლში მისი შემცველობა.
ქოლესტერინი ცხიმოვანი ცვლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჰიპერქოლესტერინემია გვხვდება გლომერულონეფრიტის, თირკმლის ქრონიკული დაავადებების, ნეფროზული სინდრომის, შაქრიანი დიაბეტის, პოდაგრის დროს. ზოგჯერ საჭიროა სისხლში ანტისტრეპტოლიზინ 0-ს განსაზღვრა. მისი მომატება გლომერულონეფრიტის სტრეპტოკოკულ გენეზზე მიუთითებს.
სისხლის საერთო ანალიზი საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ ანთებითი პროცესი. მასზე მიუთითებს ლეიკოციტოზი - ლეიკოციტების რაოდენობის მომატება - და ედს-ის (ერითროციტების დალექვის სიჩქარის) მომატება.
- განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან ქალისა და მამაკაცის შარდის ლაბორატორიული მაჩვენებლები?
- განსხვავდება. ნორმის ზედა ზღვარი მამაკაცებს უფრო მაღალი აქვთ, რაც კუნთოვანი ქსოვილის მეტი მოცულობით აიხსნება.
- იქნებ თირკმლის ფუნქციურ სინჯებზეც გვესაუბროთ. რისი განსაზღვრისათვის არის მოწოდებული ეს სინჯები და როგორ უნდა იქნეს აღებული შარდი ამ გამოკვლევისთვის?
- გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის განსაზღვრა ყველაზე უკეთ ახასიათებს თირკმლის მოფუნქციე ქსოვილის მოცულობას. ეს მეთოდი გამოიყენება თირკმლის დაავადების სიმძიმისა და მიმდინარეობის შესაფასებლად. გარდა ამისა, მას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მედიკამენტების ადეკვატური დოზის შესარჩევად, რომლებიც თირკმელების საშუალებით გამოიყოფა.
გორგლოვანი ფილტრაციის შესუსტება ან ძირითადი დაავადების პროგრესირებაზე მიუთითებს, ან იმ მდგომარეობის ნიშანია, რომელიც თირკმელების პერფუზიის დაქვეითებასთან არის დაკავშირებული. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის ინდექსად სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციას იყენებენ. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარესა და კრეატინინს შორის უკუკავშირი არსებობს. გორგლების მიერ ფილტრირებული კრეატინინის რაოდენობა დაახლოებით შეესაბამება თირკმელებით გამოყოფილი კრეატინინისას.
გორგლოვანი ფილტრაციის დასადგენად საჭიროა, 24 საათის განმავლობაში (დილიდან დილამდე) მიღებულ შარდში განისაზღვროს ენდოგენური კრეატინინის საშუალო კლირენსი, ხოლო ვენიდან უზმოზე აღებულ სისხლში - კრეატინინის კონცენტრაცია.
- რომელი ინსტრუმენტული მეთოდებია მოწოდებული თირკმელების გამოსაკვლევად?
- ულტრაბგერითი გამოკვლევა, ასევე - რენტგენოლოგიური მეთოდები: მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, უროგრაფია, პიელოგრაფია, ცისტოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, თირკმელების ანგიოგრაფია, რადიოიზოტოპური გამოკვლევა.
- როდის მიმართავენ თირკმლის ულტრაბგერით გამოკვლევას? რა არის მისი ჩვენება? რისი დადგენა შეიძლება ამ გზით?
- თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა იმისთვის ტარდება, რომ განისაზღვროს თირკმლის ზომა, მდებარეობა, თირკმლის ქსოვილის ექოგენურობა (ამ უკანასკნელის მატება თირკმლის ქრონიკული დაავადების მაჩვენებელია), მენჯფიალათა სისტემის დილატაცია, თირკმელების პოლიკისტოზი, სითხის პერინეფრული დაგროვება; შესაძლებელია, გამოვლინდეს ობსტრუქცია, ჰიდრონეფროზი, კენჭი, კისტა, ესა თუ ის მოცულობითი წარმონაქმნი, შარდსასქესო ორგანოების განვითარების ესა თუ ის მანკი. ექოსკოპიის კონტროლით ხორციელდება თირკმლის ბიოფსია, ხდება თირკმლის სისხლძარღვების შესწავლა და ასე შემდეგ.
- რას გვაძლევს შარდის ბუშტის ულტრაბგერითი კვლევა?
- შარდის ბუშტის ულტრაბგერითი კვლევის ჩვენებაა შარდის ბუშტის განვითარების ანომალია, შარდის გამოყოფის დარღვევა, ცისტიტი, შარდის ბუშტის ტრავმა. ამ გზით შეიძლება შარდის ბუშტის კიბოსა და სხვა სიმსივნეების დიაგნოსტიკა.
- რა ინფორმაციას გვაწვდის დოპლეროგრაფია?
- შარდსასქესო ორგანოების დოპლეროგრაფია საშუალებას იძლევა შეფასდეს თირკმლის სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის სიჩქარე, გამოვლინდეს სტენოზი და ობლიტერაცია, აგრეთვე - შარდსასქესო სისტემის მსხვილი სისხლძარღვების ანევრიზმები. ეს მეთოდი უმტკივნეულოა, უკუჩვენება პრაქტიკულად არ აქვს.
- რენტგენოლოგიური კვლევის რომელ მეთოდებს მიმართავენ თირკმელების პათოლოგიის დროს, რას გვაძლევს ეს მეთოდები, როგორია მათი ჩატარების ჩვენება და უკუჩვენება? როგორ უნდა მომზადდეს პაციენტი გამოკვლევისთვის?
- უროგრაფია თირკმლის დაავადებების სადიაგნოზო საკმაოდ გავრცელებული ვიზუალური მეთოდია. უროგრაფიული მეთოდებია მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, ექსკრეტორული უროგრაფია, პიელოგრაფია, თირკმელების ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა.
მიმოხილვითი რენტგენოგრაფია ტარდება, როდესაც ეჭვობენ შარდკენჭოვან დაავადებას ან სიმსივნეს.
ექსკრეტორული უროგრაფია საშუალებას იძლევა, კონტრასტის ინტრავენური შეყვანით გამოვიკვლიოთ თირკმელების, შარდსაწვეთის, შარდის ბუშტის სტრუქტურა, გამოვავლინოთ თირკმლის პარენქიმის დაზიანება - ავთვისებიანი სიმსივნე, პაპილარული ნეკროზი, საშარდე სისტემის სიმსივნე, კენჭები, საშარდე სისტემის განვითარების ანომალიები, არტერიულ-ვენური მანკები.
უროგრაფიის უკუჩვენებაა საკონტრასტო ნივთიერებაზე ალერგიული რეაქცია, თირკმლის უკმარისობა, დიაბეტური ნეფროპათია, ორსულობა.
პიელოგრაფია საშუალებას გვაძლევს, ზუსტად განვსაზღვროთ ობსტრუქციის ადგილი და კონტურები, მოვახდინოთ ობსტრუქციული და არაობსტრუქციული ჰიდრონეფროზის დიფერენცირება.
თირკმელების ანგიოგრაფია მეთოდია, რომლის საშუალებითაც შეიძლება შეფასდეს თირკმლის არტერიების მდგომარეობა. ამ მანიპულაციის დროს თეძოს არტერიაში შეჰყავთ კათეტერი და საკონტრასტო ნივთიერება, რის შემდეგაც იღებენ რენტგენული სურათების სერიას. ეს მეთოდი ნაჩვენებია თირკმლის სისხლძარღვოვანი არქიტექტონიკის, თირკმლის სისხლძარღვების შევიწროების ხარისხის დასადგენად, ეს უკანასკნელი კი ხშირად არის არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი.
კომპიუტერული ტომოგრაფია მიზანშეწონილია ჩატარდეს ობსტრუქციის დროს, რომლის მიზეზი სიმსივნეა, ჰიდრონეფროზის დროს, როდესაც სხვა გამოკვლევები უეფექტოა, მოცულობით წარმონაქმნებზე, განსაკუთრებით კი ავთვისებიან სიმსივნეზე ეჭვის დროს, თირკმლის ტრავმის დროს. ამასთანავე, ის რეტროპერიტონეული სივრცის უფრო ეფექტური ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა.
- როდის მიმართავენ ენდოსკოპიურ გამოკვლევას?
- ენდოსკოპიური მეთოდი ფართოდ გამოიყენება შარდსასქესო ორგანოების დაავადებათა სადიაგნოზოდ და სამკურნალოდ. მისი მეშვეობით შესაძლებელია, ვიზუალურად ზედმიწევნით იქნეს გამოკვლეული ორგანოს ლორწოვანი გარსები და ღრუები.
- რა ინფორმაციას გვაწვდის ენდოსკოპიური გამოკვლევა?
- ურეთროსკოპია ურეთროსკოპის მეშვეობით ურეთრის გამოკვლევაა. ამ მეთოდით შესაძლებელია არა მარტო დიაგნოზის დასმა, არამედ ბიოფსიაც შემდგომი ჰისტოლოგიური კვლევისათვის. ამასთანავე, ურეთროსკოპიის დროს ხდება ურეთრის გათავისუფლება ქვებისგან, უცხო სხეულებისგან, წარმონაქმნებისგან (პაპილომა, კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნები, შარდის გამომყოფი არხის კიბო), ჰემანგიომების ელექტროკოაგულაცია, ურეთრაში სამკურნალო პრეპარატების ინსტილაცია, ურეთრის ანომალიური განვითარების, ჰემოსპერმიის, სათესლე ბაგირაკის დაავადების დიაგნოსტიკა და სხვა.
ურეთროსკოპია ადგილობრივი ან საერთო გაუტკივარებით ტარდება.
ცისტოსკოპია ცისტოსკოპის საშუალებით შარდის ბუშტის ოპტიკური დათვალიერებაა. დიაგნოზის დასაზუსტებლად ცისტოსკოპიას მიმართავენ ინტერსტიციული ცისტიტის, ცისტიტის ხშირი გამწვავების, ჰემატურიის, შარდის შეუკავებლობის, შარდში ატიპური უჯრედების გამოვლენის, მტკივნეული შარდვის, მცირე მენჯის ღრუში ქრონიკული ტკივილის, შარდის ბუშტში კენჭის არსებობის, შარდის ბუშტის პოლიპის ან სიმსივნის, ხშირი შარდვის ან შარდვის გაძნელების დროს.
ცისტოსკოპია გამოიყენება არა მარტო სადიაგნოზოდ, არამედ ისეთი სამკურნალო მანიპულაციების ჩასატარებლადაც, როგორიც არის შარდის ბუშტის სიმსივნის მოცილება, ქვის დაშლა და მისი ცალკეული ნაწილების გამოტანა, შარდის ბუშტის ობსტრუქციის მოცილება, შარდის ბუშტის სისხლდენის კუპირება.
ცისტოსკოპის ოპტიკური კონტროლით ტარდება ისეთი ოპერაციებიც, როგორიც არის პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია, შარდის ბუშტის სიმსივნის ტრანსურეთრული რეზექცია. ცისტოსკოპიას ატარებენ იმ შემთხვევაში, როცა შარდსავალი გზები თავისუფალია, შარდის ბუშტის მოცულობა 100 მლ-ზე ნაკლები არ არის და გამოკვლევის დროს შარდის ბუშტის შიგთავსი გამჭვირვალეა.
ქრომოცისტოსკოპია ინსტრუმენტული გამოკვლევაა, რომლის საშუალებითაც ვადგენთ ზედა საშარდე გზებისა და თირკმელების ფუნქციურ მდგომარეობას. ამასთანავე, ეს მეთოდი თითოეული მხარის ცალ-ცალკე გამოკვლევის საშუალებას გვაძლევს. ამ დროს ორგანიზმში ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად შეჰყავთ ინდიგოკარმინი - სპეციალური ლურჯი საღებავი, შემდეგ კი ცისტოსკოპით აკვირდებიან ორივე შარდსაწვეთიდან შეღებილი შარდის გამოჩენას. თუ შარდგამომყოფი სისტემა ჯანმრთელია, შეღებილი შარდი გამოჩნდება საღებავის ინტრავენური შეყვანიდან - 3-5, ხოლო კუნთში შეყვანიდან 15-20 წუთის შემდეგ. ერთ-ერთი თირკმლის დაზიანებისას შესაბამისი შარდსაწვეთიდან ინდიგოკარმინის გამოყოფა შეფერხებულია.
პიელოსკოპიას საფუძვლად უდევს სპეციალური შარდსაწვეთის ფიბროოპტიკური კათეტერის გამოყენება, რაც ცისტოსკოპის შემდეგ შეჰყავთ თირკმლის მენჯში. ეს საშუალებას გვაძლევს, დავათვალიეროთ მენჯის შიდა კედლები, გამოვავლინოთ მენჯფიალათა სისტემის შენების თავისებურება და მასში არსებული პათოლოგიური ცვლილები.
პიელოსკოპია შეიძლება ჩატარდეს როგორც რეტროგრადულად (ურეთრა, შარდის ბუშტი, შარდსაწვეთი) რიგიდული ან დრეკადი ენდოსკოპით, ასევე ანტეგრადულად ნეფროსტომის გავლით. უკანასკნელი მეთოდი ულტრაბგერითი ან რენტგენოლოგიური კონტროლით ხორციელდება.
- როდის ტარდება რადიოიზოტოპური რენოგრაფია? აქვს თუ არა უკუჩვენება ან გვერდითი მოვლენები კვლევის ამ მეთოდს?
- რადიოიზოტოპური რენოგრაფია რადიაქტიური ნივთიერების გამოყენებით თირკმელების ფუნქციის რენტგენოლოგიური გამოკვლევაა. ინტრავენურად შეყვანილი რადიაქტიური ნივთიერება თირკმელებში გროვდება, მერე კი გამოიყოფა. გამოკვლევის ეს მეთოდი გრაფიკულად გამოხატავს რადიაქტიური ნივთიერების სეკრეციასა და ექსკრეციას.
თირკმელებზე რადიაქტიური ნივთიერების რეგისტრაცია რადიოცირკულოგრაფის საშუალებით ხდება. თირკმლის ნორმალური ფუნქციობის დროს მიღებულ გრაფიკს აღმავალი (სეკრეციული) და დაღმავალი (ექსკრეციული) უბნები აქვს.
რადიოიზოტოპური რენოგრაფია საშუალებას გვაძლევს, ადრეულ ეტაპზევე გამოვავლინოთ თირკმელების დაავადება, ცალ-ცალკე გამოვიკვლიოთ თითოეული მათგანის გამომყოფი და სეკრეტორული ფუნქცია, დავადგინოთ პროცენტული შესაბამისობა თირკმელების ფუნქციურ შესაძლებლობასთან, განვსაზღვროთ დაავადების პროგნოზი და ავირჩიოთ მკურნალობის მართებული ტაქტიკა.
- რა არის თირკმლის ბიოფსია? როგორია მისი ჩვენება? აქვს თუ არა უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები?
- თირკმლის ბიოფსია დიაგნოსტიკური მანიპულაციაა. ის საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ მორფოლოგიური გამოკვლევისთვის თირკმლის ქსოვილის ფრაგმენტი, რომელიც თირკმლის ქერქოვან და ტვინოვან ნივთიერებებს შეიცავს. გამოკვლევის ამ მეთოდს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ის საშუალებას გვაძლევს, დავსვათ მორფოლოგიური დიაგნოზი, ზუსტად შევარჩიოთ მკურნალობის სქემა, განვსაზღვროთ პროგნოზი.
თირკმლის ბიოფსიის ჩვენებაა:
- გლომერულონეფრიტის მორფოლოგიური ტიპებისა და ინტერსტიციული ნეფრიტის დიაგნოსტიკა;
- თირკმლის დაზიანებით მიმდინარე შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებების ვერიფიცირება;
- სისტემური ვასკულიტების, თირკმელების ამილოიდოზის, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა დაავადებების დროს თირკმლის დაზიანების ხარისხის განსაზღვრა;
- აუცილებლობის შემთხვევაში - ნეფროზული სინდრომის, პროტეინურიის, ჰემატურიის, არტერიული ჰიპერტენზიის გენეზის განსაზღვრა გადანერგილი თირკმლის მოცილების დასაზუსტებლად.
უკუჩვენებაა:
- ცალი თირკმელი;
- ჰემორაგიული დიათეზი;
- თირკმელების პოლიკისტოზი;
- ჩირქოვანი პიელონეფრიტი და პარანეფრიტი (თირკმლისა და თირკმლისირგვლივი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება);
- თირკმლის სიმსივნე;
- თირკმლის ტუბერკულოზი;
- თირკმლის არტერიის ანევრიზმა;
- თირკმლის ვენის თრომბოზი;
- ავადმყოფის ისეთი მდგომარეობა, როდესაც მასთან კონტაქტში შესვლა შეუძლებელია (კომა, ფსიქოზი, დემენცია);
- დაბოლოს - ავადმყოფის უარი ბიოფსიაზე.
შედარებითი უკუჩვენებაა:
- მძიმე დიასტოლური ჰიპერტენზია (110 მმ ვწყ.სვ-ზე მეტი);
- თირკმელების გამოხატული უკმარისობა;
- შორს წასული ათეროსკლეროზი;
- კვანძოვანი პერიარტერიიტი;
- მიელომური დაავადება;
- ნეფროფტოზი;
- პათოლოგიურად მოძრავი თირკმელი.
- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ბიოფსიას?
- ათიდან დაახლოებით 8 შემთხვევაში მოსალოდნელია თირკმლის პარენქიმაში მცირე ჰემატომების გაჩენა. კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენები - პერსისტიული მაკროჰემატურია, საშარდე გზების თრომბი, რეტროპერიტონიული სისხლდენები, რომელთა დროს აუცილებელია ტრანსფუზია - ასიდან მხოლოდ 1-2 შემთხვევაში შეინიშნება.
არაკუპირებადი სისხლდენის დროს საჭიროა ქირურგიული ჩარევა, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია - დაახლოებით 0,3%. ასევე ძალიან მცირეა ინფიცირების რისკი, რადგან ბიოფსია ტარდება ასეპტიკის წესების მკაცრი დაცვით.
აღწერილია შემთხვევები, როცა ბიოფსიის დროს არტერიულ-ვენური ფისტულა და ანევრიზმა ჩამოყალიბდა, თუმცა მათ კლინიკური მნიშვნელობა არ აქვთ. სიკვდილიანობა ძალიან დაბალია - ერთი ბიოფსიის 8000 პროცედურაზე.
- როგორი უნდა იყოს პაციენტის კვებისა და ცხოვრების რეჟიმი თირკმლის ბიოფსიის შემდეგ?
- თირკმლის ბიოფსიის შემდეგ პაციენტი დაახლოებით 6 საათი უნდა იწვეს ზურგზე. ძლიერი სისხლდენა რომ არ გამოეპაროთ, პირველი 2 საათის განმავლობაში 15 წუთში ერთხელ უნდა გაიზომოს არტერიული წნევა და პულსი. თუ სასიცოცხლო მაჩვენებლები ამ ხნის განმავლობაში სტაბილური დარჩა, შემდგომ მათ უფრო იშვიათად აკონტროლებენ. აკვირდებიან შარდს, რათა არ გამოეპაროთ მასში სისხლის არსებობა. თუ პირველ ულუფებში მაკროჰემატურია შეინიშნება, მაგრამ მომდევნოებში სისხლის მინარევი თანდათანობით მცირდება და ქრება, ეს საშიში არ არის. 4-6 საათის შემდეგ ამოწმებენ ჰემატოკრიტს და ადარებენ ბიოფსიის წინ მიღებულ მაჩვენებელს. თუ ამ დროისთვის არავითარმა გართულებამ არ იჩინა თავი, პაციენტი სტაციონარულ მეთვალყურეობას აღარ საჭიროებს, ამიტომ შეიძლება, ბიოფსია ამბულატორიულად ჩატარდეს. ბიოფსიიდან 2-4 კვირის განმავლობაში პაციენტმა თავი უნდა არიდოს ფიზიკურ დატვირთვას.