ინფექციური დაავადებებით გამოწვეული გაუწყლოება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინფექციური დაავადებებით გამოწვეული გაუწყლოება

 

ჩვილებს ჩამოუყალიბებელი აქვთ კომპენსატორული და სარეგულაციო მექანიზმები, ახასიათებთ ორგანოებისა და სისტემების ფუნქციური და მორფოლოგიური არასრულფასოვნება, სისხლძარღვებისა და ქსოვილების მაღალი განვლადობა, რის გამოც ჰომეოსტაზის მუდმივობის შენარჩუნება უჭირთ.

რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მეტ სითხეს შეიცავს მისი ორგანიზმი. ახალშობილის ორგანიზმში სითხის საერთო ოდენობა სხეულის მასის მინიმუმ 80%-ს შეადგენს. ვინაიდან ბავშვის ორგანიზმი უფრო მეტ სითხეს შეიცავს, ვიდრე მოზრდილისა, გაუწყლოების მიმართ ის უფრო მგრძნობიარეა.

- რა იწვევს გაუწყლოებას?

- გაუწყლოებას იწვევს ვირუსული (როტავირუსი, ენტეროვირუსი) და ბაქტერიული წარმოშობის (სალმონელოზი, შიგელოზი, ქოლერა, ეშერიხიოზი) ნაწლავური ინფექციები, უფრო ზუსტად, ამ ინფექციების თანამდევი დიარეა და პირღებინება.

დიარეა

დიარეა, იგივე ფაღარათი, ნაწლავთა გახშირებული მოქმედებაა, რომლის დროსაც განავალი ჩვეულებრივზე მეტ სითხეს შეიცავს. ნაწლავთა მოქმედების სიხშირე კვების რაციონსა და ორგანიზმის თავისებურებებზეა დამოკიდებული. დღე-ღამეში სამი ან მეტი დეფეკაცია თხელი, წყლისებური განავლით დიარეად ითვლება. დიარეა ხშირია ბავშვთა ასაკში, განსაკუთრებით - ექვსი თვიდან ორ წლამდე. გვხვდება მცირე ასაკის ბავშვებშიც, რომლებიც იკვებებიან ძროხის რძით ან ხელოვნური ნარევებით.

ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს ხშირად აქვთ რბილი, თხელი, ფაფისებური განავალი, მაგრამ ეს დიარეა არ არის. არც ხშირი, მაგრამ ნორმალური კონსისტენციის განავალია დიარეა. ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე და პერსირებულ დიარეას. მწვავე ორ კვირამდე გრძელდება, პერსირებული - ორ კვირაზე მეტხანს. ასეთი რამ უმეტესად მოხუცებსა და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პირებში გვხვდება.

დიარეის დროს ორგანიზმი დიდი ოდენობით სითხეს და მარილებს კარგავს, რაც ხშირად შეუქცევად პათოლოგიურ პროცესებს უდებს სათავეს. ამის გამო დიარეა, განსაკუთრებით - ბავშვთა ასაკში, არცთუ იშვიათად ლეტალური შედეგით სრულდება. სითხესა და მარილებს ორგანიზმი საკვებისა და სასმლის მეშვეობით იღებს. ჯანმრთელ ორგანიზმში ისინი ნაწლავებიდან სისხლში ხვდება. დიარეის დროს ნაწლავთა უკუშეწოვის ფუნქცია ირღვევა და სისხლში ნაკლები სითხე და მარილები გადადის.

შესაბამისად, ორგანოებს ნაკლები სითხე და მარილები მიეწოდება. გაუწყლოება ვითარდება, როდესაც სითხისა და მარილების დანაკარგი მათ მოთხოვნილებას აჭარბებს. რაც უფრო ხშირი და ხანგრძლივია დიარეა, სითხისა და მარილების მით უფრო ძლიერ დეფიციტს განიცდის ორგანიზმი. თუ ეს მდგომარეობა გახანგრძლივდა, ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები იწყება.

პირღებინება

დიარეას ხშირად ერთვის პირღებინება. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა და დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. პირღებინების დროს ორგანიზმი უფრო მეტ სითხეს კარგავს და, ამდენად, გაუწყლოებაც უფრო სწრაფად ვითარდება.

მაღალი სიცხე

ნაწლავური ინფექციის კიდევ ერთი კლინიკური ნიშანია მაღალი ტემპერატურა, რაც ძლიერ ოფლიანობას და სუნთქვის გახშირებას იწვევს. ყოველივე ეს კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას და ორგანიზმის გაუწყლოებას აჩქარებს.

- გაუწყლოების დროს ორგანიზმი სითხესთან ერთად ელექტროლიტებსაც კარგავს. რითია საშიში მათი დაკარგვა?

- ორგანიზმის ერთ-ერთი ძირითადი ელექტროლიტი კალიუმია. მისი შემცველობის მკვეთრი დაქვეითება მუცლის შებერილობას და ძლიერ დისკომფორტს იწვევს. კალიუმის კონცენტრაციაზე მოქმედებს მეტაბოლური ცვლის დარღვევა, კუჭ-ნაწლავისა და თირკმლის პათოლოგიები, რომელთა დროსაც ეს ელემენტი ჭარბად გამოიყოფა ორგანიზმიდან. ატრიუმი ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილეობს. მისი დეფიციტი ორგანიზმის ძლიერ აღგზნება-მოდუნებას იწვევს.

- გაუწყლოების სიმძიმე დაკარგული სითხის ოდენობაზეა დამოკიდებული. ამის მიხედვით, რამდენი ხარისხის გაუწყლოება არსებობს და როგორ ხდება მისი მართვა?

- განასხვავებენ მსუბუქ, საშუალო და მძიმე გაუწყლოებას. მსუბუქი გაუწყლოების მართვა-მკურნალობა შინაც შესაძლებელია. ამ დროს დაკარგული სითხის მარაგის შესავსებად სითხის პერორალური მიღებაც საკმარისია. საშუალო და მძიმე გაუწყლოება გადაუდებელ სტაციონარულ ჩარევას და ოცდაოთხსაათიან მეთვალყურეობას მოითხოვს.

- რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რომ საშუალო ან მძიმე გაუწყლოება არ გამოეპაროთ?

- მსუბუქი დეჰიტრატაციის დროს ბავშვის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი აქტიურია, ტირილის დროს სდის ცრემლი, ენა და პირის ღრუს ლორწოვანი სველი აქვს, სითხეს ნორმალურად სვამს. საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის დროს ბავშვი აგზნებულია, მოუსვენარი, თვალები ჩაცვენილი აქვს, ენა და პირის ღრუ - მშრალი, ტირის უცრემლოდ, სითხეს ხარბად სვამს, კანის ელასტიკურობა დაქვეითებული აქვს, ნაოჭები ნელა უსწორდება.

მძიმე გაუწყლოებისას ბავშვი მივარდნილია, თვალები ძლიერ აქვს ჩაცვენილი, პირის ღრუ და ენა - მეტისმეტად გამომშრალი (შესაძლოა, ენაზე ჰქონდეს თეთრი ნადები), პირიდან ამოსდის აცეტონის სუნი, სითხეს ცუდად იღებს ან საერთოდ ვერ სვამს, კანის ნაოჭები მეტისმეტად ნელა უსწორდება, ასხამს ცივი ოფლი, კანი ციანოზური აქვს, კიდურები - ცივი, ყიფლიბანდი - ჩავარდნილი. ეს უკვე საგანგაშო მდგომარეობაა.


- როგორ ვებრძოლოთ გაუწყლოებას ექიმის მოსვლამდე?

- გაუწყლოებასთან ბრძოლა ღებინების ან ფაღარათის დაწყებისთანავე უნდა დავიწყოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა სამი მოთხოვნა:

1. ბავშვს უნდა ვასვათ ჩვეულებრივზე მეტი სითხე.

2. მივცეთ საკმარისი ოდენობის ასაკის შესაფერისი კალორიული საკვები.

3. თუ მდგომარეობა 2-3 დღეში არ გაუმჯობესდა, მივმართოთ ექიმს.

იგივე მოთხოვნები ვრცელდება მოზრდილებზე.

მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მეორე პუნქტს. წინათ დიარეის დროს ინიშნებოდა მშიერი დიეტა (ან მხოლოდ ბრინჯის ნახარში). ამჟამად ეს შეხედულება უარყოფილია. სრულფასოვან კვებას მკურნალობის შედეგიანად დასრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

- რომელი ხსნარები გამოიყენება პერორალური რეჰიდრატაციისთვის?

- ამისთვის იყენებენ სხვადასხვა გლუკოზა-მარილოვან ხსნარს. ყველაზე ეფექტურია Oღშ. თუ მასზე ხელი არ მიგვიწვდება, შეგვიძლია, გამოვიყენოთ საკვებ პროდუქტებზე მომზადებული სითხეები: ბოსტნეულის, მჭლე ხორცის ნახარში, ბრინჯის ნახარში. თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე იმყოფება, ძუძუ უფრო ხშირად უნდა ვაწოვოთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდი გვთავაზობს პერორალურ სარეჰიდრატაციო ხსნარს - ПРС შეცვლილი ფორმულით. მასში გლუკოზისა და მარილების კონცენტრაცია შემცირებულია თუთიის დამატების ხარჯზე. თუთია დადებითად მოქმედებს ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე, ნაწლავის სტრუქტურასა და ფუნქციაზე. ხელს უწყობს ნაწლავის ჩამოფცქვნილი კედლის აღდგენას. სარეჰიდრატაციო ხსნარის ეს ფორმულა გაუწყლოების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად ითვლება.

ბავშვს სითხე უნდა მივცეთ მცირე ულუფებით, ჩაის კოვზით 1-2 წუთში ერთხელ, თუ აღებინა, რეჰიდრატაცია ათწუთიანი შესვენების შემდეგ განვაგრძოთ. გახსოვდეთ: სითხის ერთბაშად მიცემამ შესაძლოა ღებინების პროვოცირება გამოიწვიოს.

- რას გვირჩევდით კვებასთან დაკავშირებით?

- დიარეის დროს, როგორც აღვნიშნეთ, კვების გაგრძელება აუცილებელია. ეს ხელს შეუწყობს მეტაბოლურ პროცესებს და თავიდან აგვაცილებს კვების დარღვევას. მთავარია, სურსათი მექანიკურად და თერმულად კარგად იყოს დამუშავებული (მოხარშული, გატარებული, ბლენდერში ათქვეფილი), რათა ბავშვმა ადვილად მოინელოს.

საკვები მიეცით მცირე ულუფებით, ყოველ ულუფას ენერგეტიკული სრულფასოვნებისთვის 1-2 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი დაამატეთ. დიარეის შეწყვეტის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში საჭიროა დამატებითი კვება. სასარგებლოა ახალი ხილის წვენები და ბანანი, ვინაიდან ეს უკანასკნელი კალიუმს შეიცავს. საკვების მიცემა საჭიროა ყოველ 3-4 საათში ერთხელ, დღეში არანაკლებ 6-ჯერ. ყველაზე უფრო უკეთესია ხშირი კვება მცირე ულუფებით. რაც უფრო ძლიერია ორგანიზმი, მით უფრო ადვილად უმკლავდება დაავადებას.

იგივე რჩევა მინდა მივცე მოზრდილებსაც. საკვები უნდა იყოს დიეტური, მოხარშული, ადვილად მოსანელებელი, ნაკლებცხიმიანი (უპირატესად - მცენარეულ ცხიმზე მომზადებული), ვიტამინებით მდიდარი.

- თუ დაკარგული სითხის ოდენობის გამოთვლა ვერ მოხერხდა, როგორი სქემით უნდა მიიღოს სითხე ავადმყოფმა?

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დეჰიდრატაციის მკურნალობის ასეთ სქემას გვაწვდის:

  • მსუბუქი დეჰიდრატაციის დროს 2 წლამდე ასაკის ბავშვმა ყოველი წყლიანი დეფეკაციის შემდეგ უნდა მიიღოს 50-100მლ სითხე.
  • 2 წლიდან 10 წლამდე საკისამ - 100-200მლ (დღე-ღამეში 1000 მლ)
  • 10 წელზე უფროსმა - 2000მლ დღე-ღამეში

საშუალო დეჰიდრატაციის დროს პირველი 6 საათის განმავლობაში მისაღები სითხის ოდენობაა

  • 4 თვემდე - 200-400 მლ
  • 4 თვიდან 1 წლამდე - 400-600 მლ
  • 1-დან 2 წლამდე - 600-800 მლ
  • 2-დან 4 წლამდე - 800-1200 მლ
  • 5 წლიდან - 1200-2200 მლ
- თუ სითხის კარგვა გრძელდება, როგორ მოვიქცეთ?

- ავადმყოფის საერთო მდგომარეობა ყოველ 1-2 საათში უნდა შეფასდეს. თუ ვითარება არ გაუმჯობესდა, აუცილებელია პაციენტის სტაციონარში გადაყვანა და ინტრავენური ინფუზიის (გადასხმების) დაწყება. სითხის პირველ ნახევარს სითხის სწრაფი შევსების მიზნით ნაკადურად უსხამენ, ხოლო დანარჩენს - ნელი წვეთებით. წყალმარილოვანი სითხეების გადასხმისას აუცილებელია სისხლში ელექტროლიტების ბალანსის კონტროლი.

ხშირად საჭიროა ცილოვანი ხსნარების გადასხმაც. ცილების უკმარისობისას ავადმყოფს აღენიშნება როგორც ადგილობრივი (მაგალითად, ზემო ქუთუთოების), ისე ზოგადი (ზემო და ქვედა კიდურების) შეშუპება. მძიმედ მიმდინარე გაუწყლოების ფონზე ირღვევა ორგანოებისა და სისტემების ფუნქციონირება, ნივთიერებათა ცვლის პროცესები, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედება. არცთუ იშვიათად ვითარდება სინდრომული უშაქრო დიაბეტი.

ჩვილ ბავშვებში ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების გამო მძიმე გაუწყლოება ნეიროტოქსიკოზით მიმდინარეობს, რაც კლინიკურად. კრუნჩხვებით, კრთომებით და შემდგომი ადინამიით (მოდუნებით) ვლინდება. ყოველივე ეს სინდრომულ მკურნალობას მოითხოვს.

გახსოვდეთ: დროულად დაწყებული მკურნალობა თავიდან აგაცილებთ გართულებებს, უფრო მალე აღგიდგენთ ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და საშუალებას მოგცემთ, დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.