სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა ვენერული (როგორც მათ ძველად უწოდებდნენ) დაავადებების რიცხვი არათუ არ შემცირებულა, მოიმატა კიდეც.
უფრო მეტიც - წინათ თუ, ასე ვთქვათ, კლასიკური, მედიცინის სახელმძღვანელოებში აღწერილი სიმპტომებით ადვილად შეიძლებოდა ამა თუ იმ სქესობრივი გზით გადამდები დაავადების ამოცნობა, სადღეისოდ ძალზე იშვიათია შემთხვევა, რომელიმე ასეთი სნეულება იზოლირებულად აღმოაჩნდეს ადამიანს, - მაგალითად, მხოლოდ სიფილისი ან მხოლოდ გონორეა. ისინი, წესისამებრ, კომპლექსურად ხვდებათ სპეციალისტებს. მაგალითად, გონორეასთან ერთად ხშირია ქლამიდიური ინფექცია ან მიკოპლაზმოზი. ამიტომ ხშირად ხდება, რომ არასპეციალისტის მიერ ნამკურნალები სგგი მკურნალობის დასრულებიდან მცირე ხნის შემდეგ ისევ იჩენს თავს, მეტიც - ქრონიკულ ფორმას იღებს და სამუდამო სატანჯველად ექცევა ადამიანს.
მე-20 საუკუნის სქესობრივი რევოლუციის შემდეგ სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა ხალხში უფრო მეტად მოიკიდა ფეხი, ამავე საუკუნის მიწურულს კი თავი იჩინა ისეთმა მრისხანე დაავადებებმა, როგორებიც ც ჰეპატიტი და შიდსია. მათ გავრცელებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი საზღვრების გახსნამ. მიუხედავად ყველაფრისა, ეს თემა საზოგადოებაში დღემდე ტაბუდადებულია.
ზაფხული, შვებულებები და მათთან დაკავშირებული ხანმოკლე "ბობოქარი" ნაცნობობის დრო თითქმის მიიწურა. სამაგიეროდ, იწყება "წუთიერი სიამოვნებით" გამოწვეული პრობლემების სტატისტიკური ათვლა.
გთავაზობთ იმ სიმპტომთა ჩამონათვალს, რომელთა აღმოჩენისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სპეციალისტს და მხოლოდ სპეციალისტს! წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივი ანთებითი პროცესებით დაწყებული და უშვილობით დამთავრებული, ძალზე უსიამოვნო შედეგები გელით. ვიდრე თითოეული ინფექციის დახასიათებაზე გადავიდოდეთ, ვახსენოთ რისკჯგუფებიც.
-
რისკჯგუფები
სგგი-ით დასნებოვნების ალბათობა პარტნიორთა რაოდენობასა და მათი ცვლის სიხშირეზეა დამოკიდებული. რისკჯგუფებში შედიან სექსმუშაკები, სქესობრივი უმცირესობები (მაგალითად, ჰომოსექსუალები, რომლებიც ერთგვარ დახურულ ჯგუფებს ქმნიან) და ის ახალგაზრდები, რომლებიც მოუწესრიგებელ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან.
რისკჯგუფს ეკუთვნიან ექიმები და ის პირებიც, რომელთაც პროფესიული საქმიანობისას სისხლთან აქვთ კონტაქტი, მაგრამ თუ ელემენტარულ წესებს დაიცავენ, რისკი მინიმუმამდე დადის.
-
სიმპტომები
მაშ ასე, სგგი-სთვის, უწინარეს ყოვლისა, დამახასიათებელია გამონადენი და შარდვის დროს წვა.
გამონადენი და შარდვის დროს წვა შეინიშნება შემდეგი დაავადებების დროს:
- სიფილისი;
- გონორეა;
- ტრიქომონიაზი;
- ურეაპლაზმოზი;
- მიკოპლაზმოზი;
- ქლამიდიოზი;
- არასპეციფიკური ურეთრიტი;
- ურეთრიტი.
-
ურეთრიტი
ურეთრიტი შარდსადენის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მამაკაცებში მისთვის დამახასიათებელ სიმპტომად შარდსასქესო არხიდან გამონადენი მიიჩნევა. მაგრამ გამონადენი შეიძლება ფიზიოლოგიურიც იყოს. მეორე მხრივ, ზოგჯერ ურეთრიტიც მიმდინარეობს გამონადენის გარეშე. სარწმუნო დიაგნოზი რომ დაისვას, გამონადენი ექიმმა უნდა შეაფასოს. ასე რომ, მისი შემჩნევისთანავე ექიმს მიმართეთ.
ურეთრიტს, გარდა გამონადენისა, თან სდევს დიზურია (შარდვის გაძნელება) და სასქესო ასოს თავის გაღიზიანება. დიაგნოსტირება ურეთრის ნაცხის ან შარდის პირველი ულუფის გამოკვლევით ხდება. ურეთრიტს ხშირად იწვევს გონოკოკი, ქლამიდიური ინფექცია და სხვა.
-
სიფილისი
ქართულად მას ათაშანგს უწოდებენ. მისი გადაცემის ძირითადი გზა სქესობრივი კონტაქტია. სიფილისი შეძენილიც შეიძლება იყოს და თანდაყოლილიც. შედარებით ხშირია შეძენილი ფორმა.
თანდაყოლილი სიფილისი, რომელიც დედისგან ნაყოფს მუცლად ყოფნის პერიოდში გადაეცემა, იყოფა ნაადრევ (ვლინდება ორ წლამდე) და გვიან (ვლინდება უფრო გვიან ასაკში) ფორმებად. საინკუბაციო პერიოდი - დრო ინფექციის ორგანიზმში შეჭრიდან შანკრის გაჩენამდე - 10-90 დღეა (პირველი ხანის სიფილისი). მისი ხანგრძლივობა ორგანიზმის რეზისტენტობაზე, გამძლეობასა და ზოგიერთ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
შანკრი უმტკივნეულო, მკვრივფუძიანი წყლულია, რომელიც ინფექციის შეჭრის ადგილას ვითარდება. ის, როგორც წესი, ერთია. თან ახლავს რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება-ანთება. ათაშანგის განვითარებისას უმეტესად სწორედ ასეთი სურათი ვითარდება, თუმცა ინფექცია შესაძლოა ატიპურადაც გამოვლინდეს: შანკრი იყოს მრავლობითი, მტკივნეული ან ჩირქოვანი. საზოგადოდ, სასქესო მიდამოში არსებულ ყოველგვარ წყლულს, სანამ მისი წარმომავლობა არ გაირკვევა, ათაშანგად განიხილავენ. შანკრი ხშირად უკუვითარდება.
მეორე ხანის ათაშანგის დროს ზიანდება სხვადასხვა ორგანო და სისტემა, ვითარდება გენერალიზებული გამონაყარი ქავილის გარეშე, ყველაზე ხშირად - ხელისგულებსა და ფეხისგულებზე. შედარებით იშვიათია ბუდობრივი გამელოტება. მოსალოდნელია თვალის სიფილისური დაზიანება, მენინგიტი, ჰეპატიტი, გლომერულონეფრიტი. გამონაყარი იშვიათად (შავკანიანებში) არის მქავანა.
ზოგიერთ სხვა სგგი-სთან შედარებით, სიფილისის მკურნალობა იოლია, რადგან მის გამომწვევს ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მუტაცია თითქმის არ განუცდია.
მკურნალობა გულისხმობს პაციენტის სისხლში, ნეიროსიფილისის დროს კი - თავ-ზურგტვინის სითხეშიც, ანტიბაქტერიული პრეპარატის ტრეპონემისთვის (სიფილისის გამომწვევისთვის) სასიკვდილო კონცენტრაციის შექმნას. რაც უფრო ხანგრძლივია ინფექცია, მით უფრო ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო.
ათაშანგის გვიანი ფორმის დროს (საბედნიეროდ, ბოლო ხანს ის იშვიათია) მოკლე კურსებით მკურნალობის შემთხვევაში საკმაოდ ხშირია რეციდივი. ათაშანგის უშედეგო მკურნალობა და გვიანი გართულებები ძალიან იშვიათია, შიდსიან პაციენტებშიც კი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სიფილისის მკურნალობის სადღეისოდ არსებული მეთოდები ადეკვატური და ეფექტურია. სხვათა შორის, შიდსის მქონე პაციენტებში დაავადება შესაძლოა უფრო აგრესიულად მიმდინარეობდეს - ადრეულ ეტაპზევე განვითარდეს თვალის ათაშანგი, ნეიროსიფილისი. აქედან გამომდინარე, გამოკვლევა აივ-ის არსებობაზე აუცილებელია ყველა სიფილისიანი პაციენტისთვის - შიდსის თანაარსებობა ცვლის მკურნალობის სქემას, მკურნალობის შემდეგ კი საჭიროა აქტიური მეთვალყურეობა.
-
გონორეა
გონორეა მამაკაცებსა და ქალებში სხვადასხვანაირად ვითარდება; მათ შორის საერთო ის არის, რომ დაავადების ძირითადი გამოვლინებაა სასქესო ორგანოებიდან არსებული გამონადენი და მჭრელი ტკივილი შარდვის დროს.
მამაკაცებში გონორეის სიმპტომად მიიჩნევა თეთრი ან ყვითელი გამონადენი ასოდან, თუმცა გამონადენის არარსებობა დაავადების არარსებობას არ ნიშნავს. გამონადენი, როგორც წესი, საინკუბაციო პერიოდის (2-დან 5 დღემდე) გავლის შემდეგ ჩნდება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ საინკუბაციო პერიოდი უფრო მეტხანს (ერთ თვეს და მეტს) მიმდინარეობს.
ბევრი მიმართავს ე. წ. პროვოკაციის ტესტს: შემთხვევითი სქესობრივი აქტის შემდეგ ძილის წინ ორიოდე კათხა ლუდს, მწარე ან მჟავე საკვებს მიირთმევენ და მეორე დილით ამოწმებენ, არის თუ არა, ან რა ფერისაა გამონადენი. მსგავსი "ტესტირება" გონორეის არსებობის ან არარსებობის დასტურად ვერ ჩაითვლება. ბოლო ხანს აღნიშნავენ ისეთი შემთხვევების გახშირებას, როდესაც გონორეა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სხვა შემთხვევებში კი საინკუბაციო პერიოდის დასრულების შემდეგ ვითარდება გონორეის მწვავე ფორმისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
დაავადების მიმდინარეობა და სიმპტომები, პირველ რიგში, იმაზეა დამოკიდებული, რომელ ორგანოს შეუტევს გონოკოკი. ყველაზე ხშირად ურეთრა ზიანდება და გონორეული ურეთრიტი ვითარდება. სხვათა შორის, მისთვისაც დამახასიათებელია გამონადენი, რომელიც ქვედა საცვალზე მოყვითალო-მომწვანო ლაქებს ტოვებს. ბოლო წლებში ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ გონორეის გამომწვევის რეზისტენტობა უფრო და უფრი იზრდება.
ამასთან, იშვიათობად იქცა დამოუკიდებელი გონორეა. მასთან ერთად ხშირად გვხვდება ქლამიდიური ინფექციაც, რაც უფრო მეტად აძნელებს დაავადების მკურნალობას. გონორეაზე კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ ამჯერად ეს ვიკმაროთ. დავძენთ მხოლოდ იმას, რომ ეს ინფექცია უყურადღებობის შემთხვევაში უშვილობას, იმპოტენციას და სხვა გართულებებს იწვევს. მთავარია, მკურნალობა რაც შეიძლება ადრე დაიწყოს. თვითმკურნალობით საქმე შეიძლება ძალიან გართულდეს.
-
ტრიქომონიაზი
ტრიქომონა ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმია, რომელსაც არა მარტო ორგანიზმში, არამედ მის გარეთ სიცოცხლის უნარიც შესწევს. გარდა იმ ზიანისა, რომელსაც აყენებს ორგანიზმს თავად ტრიქომონა, მას ძალუძს გონოკოკის შთანთქმაც, თანაც ისე, რომ ეს უკანასკნელი უვნებელი დარჩეს. ერთი ადამიანისგან მეორის ორგანიზმში მოხვედრისას ტრიქომონას თან მიაქვს "გადაყლაპული" გონოკოკიც და არასრულყოფილი მკურნალობის (მაგალითად, თვითმკურნალობის) შემთხვევაში ტრიქომონიაზის განკურნების შემდეგ გონორეული ინფექცია ვითარდება.
მამაკაცებში ტრიქომონიაზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ისინი შეიძლება მთელი სიცოცხლე ტრიქომონიაზის მატარებლები იყვნენ, პარტნიორებს ასნებოვნებდნენ, მაგრამ თავად არავითარ დისკომფორტს არ განიცდიდნენ. შედარებით იშვიათად ანთებითი პროცესი ვლინდება ურეთრაში, პროსტატასა და სათესლე ბუშტუკებში, სათესლე ჯირკვლებში. ზოგჯერ აღინიშნება ურეთრიდან მღვრიე თეთრი გამონადენი ან შარდში სისხლის კვალი. ასეთი სურათი 1-2 კვირას გასტანს. მერე სიმპტომები სუსტდება, თუმცა დაავადება გრძელდება და ქრონიკულ ფორმას იღებს.
-
ურეაპლაზმოზი
ურეაპლაზმა მიკროორგანიზმია, რომელსაც ვირუსებიდან ერთუჯრედიანებისკენ გარდამავალ საფეხურად განიხილავენ. ამ ორგანიზმით ინფიცირება ხშირად სქესობრივი გზით ხდება. გარდა ამისა, ის შეიძლება მშობიარობის დროსაც გადაედოს დედისგან შვილს. ამ დაავადების საინკუბაციო პერიოდი 4 დღიდან ერთ თვემდეა, თუმცა გამორიცხული არ არის, უფრო მეტხანსაც გაგრძელდეს. საინკუბაციო პერიოდის დასრულების შემდეგ თავს იჩენს ურეაპლაზმოზის პირველი სიმპტომები.
უნდა ითქვას, რომ ხშირად ურეაპლაზმოზი თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ზოგჯერ კი არავითარი სიმპტომი არ შეინიშნება. ასეთი მიმდინარეობა უფრო ქალებში შეიმჩნევა. მამაკაცებში ურეაპლაზმოზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მცირედი გამჭვირვალე გამონადენი სასქესო ასოდან, ზომიერი ტკივილი და წვის შეგრძნება მოშარდვის დროს. ურეაპლაზმით წინამდებარე ჯირკვლის დაზიანება პროსტატიტის ნიშნებით ვლინდება.
-
მიკოპლაზმოზი
უროგენიტალიური მიკოპლაზმოზი კლინიკურად მაინცდამაინც არ განსხვავდება სხვა ეტიოლოგიის (გონორეა, ტრიქომონიაზი) სგგ ინფექციებისგან. პაციენტების ნაწილი არავითარ სუბიექტურ გამოვლინებას არ უჩივის, ნაწილს კი სიმპტომების მთელი წყება აღენიშნება. შარდსასქესო გზების დაზიანებისას მამაკაცებს დილაობით მცირე რაოდენობის გამონადენი აქვთ.
-
ქლამიდიოზი
ქლამიდიოზი ნელ-ნელა ართმევს სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს "ოცდამეერთე საუკუნის ჭირის" სახელს. ჯანმოს განცხადებით, ამ ინფექციის გავრცელების სიჩქარე ზვავისას ჰგავს. ეს დაავადება ძირითადად სქესობრივი გზით გადაეცემა. მამაკაცებში ურეთრიტის ყოველი მეორე შემთხვევა ქლამიდიური წარმოშობისაა. მამაკაცებში ქლამიდიოზი ურეთრიდან გამონადენით ვლინდება. ის გამჭვირვალეა, არცთუ ისე უხვი და თან სდევს მცირედი ტკივილი შარდვის დროს. ბავშვებში (ბიჭებში) გამონადენთან ერთად სასქესო ორგანოების ქავილიც შეინიშნება.
-
არასპეციფიკური ურეთრიტი
არასპეციფიკური ურეთრიტი შარდის გამომყოფი არხის ანთებაა, რომელიც გონოკოკის, ქლამიდიის, ტრიქომონას, ურეაპლაზმის, მიკოპლაზმისა და ჰერპესის ვირუსისგან განსხვავებული სხვა მიკროორგანიზმებით არის გამოწვეული. ვენეროლოგიაში ეს ყველაზე საინტერესო და ნაკლებშესწავლილი სფეროა. არასპეციფიკურ ურეთრიტზე ეჭვის მიტანა აუცილებელია ურეთრიტის ნებისმიერი სიმპტომის (სასქესო ასოდან გამონაყოფი, ტკივილი და წვა შარდვის დროს) გამოვლენის დროს.
-
გარდნერელოზი
გარდნერელოზი საშოს დისბაქტერიოზია, ამიტომ, ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ამ პათოლოგიის მამაკაცთა დაავადებად განხილვა არ შეიძლება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ გარდნერელას, გარდნერელოზის გამომწვევს, ძალუძს, ანთებითი პროცესი მამაკაცის ორგანიზმშიც გამოიწვიოს.
გარდნერელა მამაკაცის სასქესო სისტემაში უშუალოდ სქესობრივი კონტაქტის დროს ხვდება და რაკი მისი სასქესო ტრაქტის "კანონიერი ბინადარი" არ არის, გარდნერელოზი მისთვის სქესობრივ ინფექციად შეიძლება ჩაითვალოს. მამაკაცის ორგანიზმში გარდნერელა ყველაზე ხშირად ხვდება და, წესისამებრ, სასქესო სისტემას 2-3 დღეში ტოვებს. იშვიათად ვითარდება გარდნერელების ქრონიკული მატარებლობა, რომლის დროსაც ანალიზები ყოველთვის დადებითია, თუმცა დაავადების არავითარი სიმპტომი არ შეინიშნება. ასიდან 90 შემთხვევაში გარდნერელოზი მამაკაცებში საერთოდ არ ამჟღავნებს თავს და იმით არის საშიში, რომ სქესობრივი პარტნიორები ისე ავადდებიან, ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ.
კლასიკურ შემთხვევებში დაავადების გამომწვევი, სქესობრივი აქტის დროს საშარდე არხში მოხვედრისას, იწვევს ლორწოვანი გარსის დუნედ მიმდინარე ანთებით პროცესს. ამ დროს სასქესო ასოდან შესაძლოა მომწვანო გამონადენი წამოვიდეს, რომელიც პაციენტისათვის ნაკლებშემაწუხებელია. თუმცა ზოგჯერ მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს კიდეც - გარდნერელოზის გამომწვევმა შეიძლება ურეთრიტი გამოიწვიოს, რომელიც მოშარდვისას წვითა და ტკივილით ვლინდება.
გარდა ამისა, ასოდან გამონადენს სპეციფიკური, თევზის მსგავსი სუნი აქვს. ასეთ დროს აუცილებელია გარდნერელოზის მკურნალობა, სხვა შემთხვევებში კი ბევრი სპეციალისტი მამაკაცებში ამ ინფექციის მკურნალობას აუცილებლობად არ მიიჩნევს. თუმცა, ვინაიდან მამაკაცისთვის უვნებელი გარდნერელა შეიძლება მისი სქესობრივი პარტნიორის ინფიცირების მიზეზად იქცეს, ამ დაავადების მკურნალობა ყოველთვის საჭიროა.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დაავადების პროფილაქტიკა ძალზე მარტივი და ეფექტურია:
- ცხოვრების ჯანსაღი წესი,
- პარტნიორის ერთგულება,
- ჯანსაღი კვება,
- გადაღლისა და სტრესისთვის თავის არიდება,
- საკუთარი თავისადმი სულ ცოტა ყურადღება მრავალ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან.
დაბოლოს, თუ სასქესო ორგანოებიდან გამონადენმა ცვლილება განიცადა, ნუ დაიცდით, ვიდრე ყველაფერი "თავისით გაივლიდეს"; მხოლოდ სპეციალისტს ძალუძს, ზუსტად შეაფასოს, ნორმალურია თუ არა ეს გამონადენი. აუცილებლად მიმართეთ ექიმს და დარწმუნდით, რომ ჯანმრთელი ბრძანდებით. თუ პრობლემა არსებობს, იგი ადვილად, სწრაფად და იაფად მხოლოდ ადრეულ სტადიებზე იკურნება. ექიმთან დროულად მისვლა კი თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.