სასქესო ორგანოთა სოკოვანი დაავადება
როგორ გადაედება ან რა საფრთხეს უქადის სასქესო სისტემას, ამის თაობაზე სასაუბროდ გინეკოლოგ მერი ვახტანგიშვილს ვესტუმრეთ.
- რომელი მიკროორგანიზმი იწვევს სასქესო ორგანოთა სოკოვან დაავადებას?
- სასქესო ორგანოების სოკოვან დაავადებას ყველაზე ხშირად იწვევს კანდიდას გვარის საფუარისმაგვარი სოკო კანდიდა ალბიკანსი (Candida Albicans) (ამ სოკოთი გამოწვეულ დაავადებას, როგორც იცით, კანდიდოზი ეწოდება), გაცილებით იშვიათად - სოკო თორულოპსისი.
- რა უწყობს ხელს სოკოვანი დაავადების განვითარებას?
- სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება გარეგან (ეგზოგენურ) და შინაგან (ენდოგენურ) ფაქტორებად დაიყოს. გარეგანი ფაქტორების გავლენით ორგანიზმში იჭრება სოკოვანი ფლორა, რაც თრგუნავს ორგანიზმის საერთო რეაქტიულობას, ხოლო ენდოგენური ფაქტორები, წესისამებრ - ქრონიკული დაავადებები, აქვეითებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს. ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს:
- სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის დაზიანება და თანდაყოლილი ანომალიები;
- დაავადებები და/ან ფიზიოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც იწვევს ჰორმონულ ცვლილებებს და ამცირებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, ფსიქიკური დაავადებები, ორსულობა, კლიმაქტერიული პერიოდი);
- ჰიპოვიტამინოზი, ავიტამინოზი;
- იმუნოდეპრესიული მოქმედების მედიკამენტებით - კორტიკოსტეროიდებით, ციტოსტატიკებით, იმუნოდეპრესანტებით - მკურნალობა, სხივური თერაპია, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების არასწორი გამოყენება, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების ხანგრძლივი უკონტროლო გამოყენება;
- ხანგრძლივი სტრესი და არასწორი კვება.
კანდიდას გვარის სოკოები უშუალოდ ასტიმულირებს ბაქტერიული ინფექციების გამომწვევებს, ასევე იწვევს ბაქტერიების მგრძნობელობის დაქვეითებას ანტიბიოტიკებისა და სხვა პრეპარატების მიმართ. სწორედ ამით არის განპირობებული სასქესო ორგანოებში ბაქტერიული წონასწორობის დარღვევა, რის გამოც ვითარდება ჯერ დისბაქტერიოზი, მერე კი - კანდიდოზი.
- გადაედება თუ არა შარდსასქესო ორგანოების კანდიდოზი სქესობრივი კონტაქტის შედეგად?
- მართალია, კანდიდოზის გამომწვევი გადაედება სქესობრივი გზით (შარდსასქესო ორგანოების კანდიდოზი, ჩვეულებრივ, ვითარდება დაავადებულ ან ინფექციის მატარებელ ადამიანთან სქესობრივი კონტაქტის შედეგად), მაგრამ ინფექცია ორგანიზმში ფეხს იკიდებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა დათრგუნულია. კანდიდოზს არ მიაკუთვნებენ ვენერული დაავადებების რიცხვს, თუმცა მათთან ერთად განიხილავენ მსგავსი კლინიკური სურათის გამო.
- რას გვეტყვით ორსულებზე? შესაძლოა თუ არა, სოკოვანი ინფექცია გადაედოს ბავშვს? თუ კი, როგორ უნდა წარიმართოს ამ შემთხვევაში მკურნალობა?
- ორსულობის დროს არსებობს შესაძლებლობა ნაყოფის ინფიცირებისა, რაც ნაადრევი მშობიარობის საშიშროებას ქმნის. შესაძლოა ახალშობილის ინფიცირება დედის სამშობიარო გზებში გავლის დროსაც. შედეგად ვითარდება ლორწოვანი გარსების სპეციფიკური ანთება.
ორსულებში დაავადების მკურნალობა იწყება ორსულობის II ნახევრიდან. ამ დროს ყველა პრეპარატის მიღება არ შეიძლება, მკურნალობა არჩევითია. ორსულს ეკრძალება ისეთი კრემებისა და ტაბლეტების გამოყენება, რომლებიც შეიცავს კლოტრიმაზოლს.
- როგორია დაავადების განვითარების მექანიზმი?
- საშოში უამრავი მიკროორგანიზმი სახლობს. მათი ნაწილი სასარგებლოა, ნაწილი კი პათოგენური და პირობითპათოგენური. სასარგებლო მიკროორგანიზმები, მათ შორის - ლაქტობაქტერიები, საშოში ქმნიან მჟავა გარემოს, რითაც თრგუნავენ მავნე ბაქტერიების მოქმედებას და მათ ზღვარგადასულ გამრავლებას. თუ ლაქტობაქტერიების რაოდენობამ რაიმე მიზეზით იკლო, წონასწორობა ირღვევა და საშოში მრავლდება პათოლოგიური მიკრობები, მათ შორის - სოკოებიც.
- რა სიმპტომებით ვლინდება სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექცია?
- ქალებში, სოკოვანი ინფექციის ლოკალიზების მიხედვით, განასხვავებენ ვულვის, საშოს, საშვილოსნოსა და საშვილოსნოს დანამატების კანდიდამიკოზს. ამ დროს ჩივილები მეტ-ნაკლებად განსხვავებულია.
კანდიდოზური ვულვიტი
ვულვიტი ვულვის ანთებაა. კანდიდოზური ვულვიტის დროს ვულვის კანი და საშოს კარიბჭის ლორწოვანი გარსი წითლდება. ვულვის კანზე ჩნდება მცირე ზომის ბუშტუკები, რომლებიც შემდგომ ეროზიებად გარდაიქმნება. ეროზიები ერთმანეთს უერთდება და იფარება ქერქით, რასაც თან ახლავს ქავილი და წვა.
კანდიდოზური კოლპიტი
კოლპიტი საშოს ანთებაა. კანდიდოზურ კოლპიტს ახასიათებს წვა, ქავილი, ტკივილი, ფიფქოვანი თეთრად შლა უსუნო გამონადენით. გამონადენი ძალიან ჰგავს ხაჭოს, მძიმე შემთხვევებში მწვანეც შეიძლება იყოს.
მწვავე კანდიდოზური ენდოცერვიციტისთვის დამახასიათებელია საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება. ხშირად ვითარდება ნამდვილი ეროზია, მქაჩავი თეთრად შლა. უმეტესად თან ახლავს კოლპიტიც. ენდოცერვიციტის დროს სქესობრივი აქტი ძლიერ მტკივნეულია. ქრონიკულ სტადიაში დაავადების ნიშნები წაშლილი ფორმით ვლინდება.
კანდიდოზური ენდომეტრიტი
ენდომეტრიტი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთებაა. კანდიდოზური ენდომეტრიტი შედარებით იშვიათია. უმეტესად ვითარდება სეპტიკური ენდომეტრიტის შემდეგ, რომლის დროსაც ავადმყოფი დიდი დოზით იღებდა ანტიბიოტიკს. გამოვლინებით სეპტიკურ ენდომეტრიტს ჰგავს, მიმდინარეობს ხანგრძლივად.
კანდიდოზური სალპინგოოფორიტი
სალპინგოოფორიტი საშვილოსნოს დანამატების ანთებაა. კანდიდოზური სალპინგოოოფორიტი ძალზე იშვიათად გვხვდება. კლინიკური სურათი საშვილოსნოს დანამატების სეფსისური ანთების მსგავსია.
მამაკაცებში შარდსასქესო კანდიდოზი იშვიათად (0,3-3,5%) ვლინდება. საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 4 დღიდან 2 თვემდე, უმეტესად - 2-3 კვირა. კანდიდოზი მიმდინარეობს საშარდე მილის ანთების (ურეთრიტის), სასქესო ასოს ანთების (ბალანიტის) სახით, ხოლო თუ ანთებითი პროცესი ჩუჩის შიგნითა ფურცელზეც არის გადასული, საქმე გვაქვს ბალანოპოსტიტთან. განასხვავებენ მწვავე, ეროზიულ და განგრენოზულ ბალანოპოსტიტს.
კანდიდოზის ნიშნები მამაკაცებში
- წვა და ქავილი სასქესო ასოს და ჩუჩის შიგნითა ფურცლის მიდამოში;
- სასქესო ასოს თავის და ჩუჩის შიგნითა ფურცლის სიწითლე;
- თეთრი ნაფიფქი სასქესო ასოს თავსა და ჩუჩის შიგნითა ფურცელზე;
- ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება სქესობრივი აქტის დროს;
- ტკივილი მოშარდვის დროს;
- თეთრი ფერის სპერმისმაგვარი გამონადენი შარდვის დროს.
მამაკაცებს კანდიდოზი გაცილებით იშვითად უვითარდებათ, რადგან სოკო იოლად გამოირეცხება ურეთრიდან შარდთან ერთად. ფიზიოლოგიურად სოკო კანდიდა ძალიან ძნელად ეგუება მამაკაცის სასქესო ორგანოებზე ცხოვრებას. აქედან გამომდინარე, მამაკაცებში ამ დაავადების გამოვლინება საკმაოდ საყურადღებო სიმპტომია, რომელიც ორგანიზმის იმუნური დაცვის ძლიერ დაქვეითებაზე ან სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციის არსებობაზე მიუთითებს, ამიტომ თვითმკურნალობას უნდა ერიდოთ, გაიაროთ სრული დიაგნოსტიკა და ჩაიტაროთ მკურნალობა შესაბამისი პროფილის ექიმთან.
- როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?
- დიაგნოზი ემყარება ანამნეზურ, სარკეებში გინეკოლოგიური გასინჯვის (ქალებში) ან უროლოგიური გასინჯვის (მამაკაცებში) და ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებს.
ლაბორატორიული გამოკვლევებიდან აღსანიშნავია ბიოლოგიური მასალის მიკროსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. დიაგნოზს ამყარებს დაზიანებული უბნებიდან აღებულ ბიოლოგიურ მასალაში (მამაკაცებში - ურეთრიდან აღებულ ნაცხში, ქალებში - საშოს ნაცხში, ენდომეტრიუმის ანაფხეკში, საშვილოსნოს ღრუს გამონაყოფში) გამომწვევის აღმოჩენა.
კანდიდას ტიპის სოკოს გამოვლენას ნათესში პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის (პიფ) მეთოდითა და დნმ-მეთოდით სადიაგნოზო მნიშვნელობა არ აქვს, რადგან კანდიდოზის დროს მნიშვნელოვანია არა უბრალოდ კანდიდას არსებობა, არამედ მისი კოლონიების რაოდენობის განსაზღვრა.
- რა შეიძლება მოჰყვეს ნებაზე მიშვებულ შარდსასქესო კანდიდოზს? როგორია პროგნოზი, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი არ მკურნალობს?
- რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი. საზოგადოდ, კანდიდოზი იკურნება, მაგრამ მკურნალობის გარეშე პროცესი ხანგრძლივდება და რთულდება, ხოლო თუ არ აღმოიფხვრა ის ფაქტორები, რომლებიც კანდიდოზის განვითარებას უწყობს ხელს, შესაძლოა დაავადებამ მორეციდივე ხასიათი მიიღოს.
თუ ორივე სქესობრივმა პარტნიორმა ერთდროულად არ იმკურნალა, მოსალოდნელია რეინფექცია - ხელახალი ინფიცირება.
- იწვევს თუ არა სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება უშვილობას?
- არა, შარდსასქესო ორგანოების კანდიდოზი უშვილობის ძირითადი მიზეზი არ არის.
- როგორ მკურნალობენ?
- მკურნალობა აუცილებლად ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს. თვითმკურნალობის დროს არასწორად შერჩეულმა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებმა შესაძლოა მდგომარეობა დროებით გააუმჯობესოს, მაგრამ განკურნებამდე ვერ მიგვიყვანოს.
მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ, მერე - თვეში ერთხელ, დაბოლოს - მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ აუცილებლად უნდა ჩატარდეს საკონტროლო გამოკვლევა. ნაცხში სოკოს აღმოჩენა განმეორებითი მკურნალობის ჩვენებაა.
მკურნალობის მეთოდის შერჩევისას ითვალისწინებენ დაზიანების ფართობსა და ფორმას, სოკოს გავრცელების ხარისხს, თანმხლებ დაავადებებს, პაციენტის ასაკს.
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები გარეგანიც არსებობს და შინაგანიც. გარეგანი, ადგილობრივი მოქმედების პრეპარატებია საცხი, ვაგინალური ტაბლეტები ან სანთლები, შინაგანი, სისტემური მოქმედებისა კი დასალევი ტაბლეტები ან კაფსულები.
შინაგანად მისაღები ფორმები სოკოს კომპლექსური მკურნალობისას ინიშნება. დღესდღეობით ეფექტურად მიიჩნევა პულსთერაპია ხანგრძლივი ინტერვალებით. კვირის განმავლობაში პრეპარატები გროვდება ორგანიზმში, რაც საშუალებას გვაძლევს, მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დავისვენოთ მკურნალობისგან, მაშინ, როდესაც პრეპარატი კვლავ აქტიურად განაგრძობს ინფექციასთან ბრძოლას. პულსთერაპიის ჩვეულებრივი კურსი გრძელდება სამი თვე, მაგრამ პრეპარატი მისი დასრულების შემდეგ კიდევ ერთი წლის განმავლობაში ებრძვის ინფექციას და ხელს უშლის სოკოს ხელახალ წარმოქმნას. ეს უნიკალური მეთოდიკა მკურნალობას მაქსიმალურად მოხერხებულსა და უსაფრთხოს ხდის და თავიდან გვაცილებს რეციდივებს.
მამაკაცებში კანდიდოზის მკურნალობის პირველ სტადიაზე ინიშნება ადგილობრივი საშუალებები. შეიძლება ფლუკონაზოლის ერთჯერადი მიღებაც 150 მგ დოზით. კანდიდოზის ქრონიკული ფორმის დროს ინიშნება შინაგანად მისაღები პრეპარატები, მდგომარეობის გათვალისწინებით - ორგანიზმის მიკროფლორის აღმდგენი საშუალებებიც.
მნიშვნელოვანია, მკურნალობა დავიწყოთ ინფექციის პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე, რათა ინფექციამ განვითარება არ განაგრძოს, ქრონიკულ ფორმაში არ გადაიზარდოს და არ გამოიწვიოს ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორიც არის, მაგალითად, ქრონიკული პროსტატიტი ან ვეზიკულიტი. არც კანდიდოზის შარდის ბუშტსა და თირკმელებზე გავრცელებაა გამორიცხული.
კანდიდოზის მკურნალობა ხელშემწყობი ფაქტორების აღმოფხვრას და თანმხლები დაავადებების მკურნალობასაც ითვალისწინებს. თვითმკურნალობა დაუშვებელია, საშიშიც კი.
- აუცილებელია თუ არა რაიმე რეჟიმის დაცვა?
- მკურნალობის დასრულებამდე რეკომენდებულია დავიცვათ გარკვეული დიეტა: გამოვრიცხოთ რაციონიდან ტკბილი და ცხარე საკვები, სანელებლები, მარინადი, ასევე - სპირტიანი სასმელები. ეფექტური და შედეგიანი მკურნლობისთვის რეკომენდებულია, კურსის ბოლომდე შევიკავოთ თავი სქესობრივი კონტაქტისგან.
სამახსოვრო
მკურნალობის დროს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია ყველაფერს, რასაც შეიძლება შეეხოს სოკო: აბანოსა და საშხაპე ინვენტარს, ავადმყოფის პირად ნივთებს, ტანსაცმელს, თეთრეულს. ქსოვილები შეიძლება გამოვხარშოთ საპნისა და სოდის 2%-იან ნარევში (15-20-წუთიანი დუღილი აუცილებელია), მერე კი დავაუთოოთ.
აბაზანა უნდა დამუშავდეს შემდეგი წესით: აიღეთ თანაბარი რაოდენობის სარეცხი ფხვნილი და ქლორიანი კირი ან ქლორამინი (შეგიძლიათ აგრეთვე გამოიყენოთ 5%-იანი ქლორამინის ხსნარი, 5%-იანი ქლორიანი კირი ან 3%-იანი ლიზოლი), აურიეთ ერთმანეთში, მოაყარეთ აბაზანას, გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში და ჩარეცხეთ.