რა იწვევს ნაღველკენჭოვან დაავადებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს ნაღველკენჭოვან დაავადებას

თვისებების შეცვლას განაპირობებს, მერე კი - ნაღვლის ბუშტში კენჭების (ქვების) ჩამოყალიბებას.

საქმე ის გახლავთ, რომ ნაღვლის შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა ქოლესტერინი, ბილირუბინი, ნაღვლის მჟავები და მინერალები. ბილირუბინი და ქოლესტერინი ცუდად ხსნადი ნივთიერებებია, თუმცა ნაღველში ისინი გახსნილ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან მკაცრად განსაზღვრული კონცენტრაციითაა წარმოდგენილი და მკაცრად განსაზღვრულ თანაფარდობაშია ნაღვლის სხვა კომპონენტებთან. თუ ეს კონცენტრაცია და თანაფარდობა დაირღვა, იწყება პათოლოგია. თუმცა, მოდი, დაწვრილებთ განვიხილოთ ყოველივე.

  • ნივთიერებათა ცვლის პირველი დარღვევები

როდესაც ნაღველკენჭოვან დაავადებაზე საუბრობენ, ყოველთვის მოიაზრებენ ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობას, მაგრამ არასოდეს ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ ეს დაავადება კენჭების ჩამოყალიბებაზე გაცილებით ადრე იწყება - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პირველი დარღვევები იჩენს თავს.

დაავადების დასაწყისში კენჭები სრულიადაც არ არის ნაღვლის ბუშტში, მაგრამ ნაღვლის შემადგენლობა საგრძნობლად შეცვლილია. პათოლოგიური პროცესის სულ უფრო მეტად გაღრმავება საბოლოოდ დანალექის წარმოქმნასა და კენჭების ჩამოყალიბებას განაპირობებს.

  • ლეგენდები

ნაღველი მეტად მნიშვნელოვანი შემადგენლობის სითხეა. ჯერ კიდევ უძველესი მედიცინა მხოლოდ ცოდნას კი არ ფლობდა ნაღვლის არსებობის შესახებ, არამედ მას განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც ანიჭებდა. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ ნაღველს არაერთი ლეგენდა უკავშირდება.

ერთი ძველინდური ლეგენდის თანახმად, გველების მეფე ურჩხულს ერკინებოდა. გამარჯვებული მეფის ზღვის მახლობლად დაღვრილი ნაღვლისგან ზურმუხტი წარმოიქმნა. ალბათ გსმენიათ ჰერაკლეს გმირობათა შესახებ.

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ჰერაკლემ მრავალთავიანი ურჩხული ჰიდრა დაამარცხა, მოკვლისთანავე მას ნაღველი ამოაცალა და თავისი ისრები ამ სითხით გაჟღინთა. ნაღველმა მის იარაღს გასაოცარი ძალა შემატა - ჰერაკლეს მიერ მიყენებული ჭრილობები განუკურნებელი გახდა.

ძველ ჩინეთში მედიკოსები ადამიანებს სხვადასხვა ტიპად ყოფდნენ იმის მიხედვით, რომელი საწყისი ჭარბობდა მათში - ჰაერი, სისხლი, ნაღველი თუ ლორწო. ნაღვლისა და სისხლის სიჭარბე, ჩინელ მედიკოსთა აზრით, ადამიანს ვეფხვივით ძლიერსა და მამაცს ხდიდა.

ცნობილ სწავლულსა და მკურნალს, ჰიპოკრატეს, მიაჩნდა, რომ ადამიანის სხეული ოთხი სითხისგან შედგებოდა - სისხლისგან, ლორწოსგან, ყვითელი და შავი ნაღვლისგან. მისი აზრით, ადამიანის ჯანმრთელობა ამ სითხეთა წარმატებით შერევის შედეგი იყო, ხოლო დაავადება მაშინ იწყებოდა, როდესაც ეს სითხეები არასწორად ერეოდა ერთმანეთს.

დღეს ლეგენდები და მითები მეცნიერულად დასაბუთებულმა წარმოდგენებმა ჩაანაცვლა. ნაღვლის საფუძვლიანად შესწავლამ მისდამი დამოკიდებულებაც შეცვალა.

და მაინც, რას წარმოადგენს სინამდვილეში ნაღველი და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი?

  • ნაღველი და მისი ფუნქციები

ნაღველს ღვიძლის უჯრედები - ჰეპატოციტები გამოიმუშავებს. ნაღვლის გამომტანი გზებით ის საბოლოოდ თორმეტგოჯა ნაწლავში ხვდება. ნაწლავის ამ ნაწილში მიმდინარეობს საკვების მონელება, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლა.

ცხიმების მონელება-შეთვისების პროცესთა მთავარი ხელმძღვანელი და კოორდინატორი სწორედ ნაღველია. უფრო სწორად, ნაღველი არ შეიცავს არანაირ ფერმენტს, შესაბამისად, უშუალოდ არ მონაწილეობს ცხიმების დაშლაში, მხოლოდ ხელმძღვანელობს, მკაცრად და ეტაპობრივად უწევს კოორდინირებას ამ ურთულეს პროცესს. როგორც კი საკვები პირის ღრუში მოხვდება, ნაღველი თორმეტგოჯა ნაწლავისკენ მიიჩქარის. აქედან ის ნიშანს აძლევს პანკრეასს (კუჭუკანა ჯირკვალს) და ნაწლავთა ჯირკვლებს, რომლებიც საკვების დაშლა-მონელებისათვის საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავებასა და გამოყოფას იწყებენ. საკუთრივ ნაღველი ამ დროს ცხიმებს ანაწევრებს, რათა მათი მონელება და შეწოვა გაადვილდეს. როგორც კი ნაწლავში საჭმლის მომნელებელი ფერმენტები მოხვდება, ნაღველი მათ ააქტიურებს, ანუ არააქტიური ფორმიდან აქტიურ ფორმაში გადაჰყავს, გააქტიურებული ფერმენტები კი თავიანთი ფუნქციის შესრულებას იწყებენ.

გარდა ამისა, ნაღველი სხვა პროცესზეც ზრუნავს. საჭმლის მონელების შემდეგ ნაწლავებში მისი დარჩენილი ნაწილის გადაადგილებაც ნაღვლის საზრუნავია. სწორედ ნაღვლის წყალობით ძლიერდება ნაწლავის პერისტალტიკა (კუმშვითი მოძრაობა საკვების გადაადგილებისთვის). ნაღველს თორმეტგოჯა ნაწლავის პატარა და მარდ დიასახლისს უწოდებენ, რომელიც ცხიმების ათვისებასთან დაკავშირებულ საკითხებს უნიკალურად აგვარებს. სწორედ მისი წყალობით ხდება ცხიმების მონელების ურთულესი პროცესის სწორად და მკაცრად განსაზღვრული თანამიმდევრობით წარმართვა.

  • ნაღვლის კენჭები

ქიმიური შემადგენლობის მიხედვით ნაღვლის კენჭები შეიძლება იყოს ქოლესტერინული, ბილირუბინული და კირისა ანუ კირქვიანი, თუმცა ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან მხოლოდ ერთი ნივთიერებისგან შემდგარი კენჭები ბუნებაში პრაქტიკულად არ გვხვდება - ისინი, როგორც წესი, შერეულია. ზემოთ აღნიშნულ ჯგუფებად კენჭებს იმის მიხედვით ყოფენ, რომელი ნივთიერება ჭარბობს მასში.

ქოლესტერინული კენჭები შედარებით მსხვილი და მტკიცე წარმონაქმნებია. მათი შეფერილობა მოყავისფრო-მოყვითალოა, მაშინ როცა ბილირუბინული კენჭები გაცილებით მუქი ფერისაა, ზოგჯერ შავიც. ნაღვლის ზოგიერთი კენჭი მეტად მტკიცე და მყარია, ზოგიერთი კი, პირიქით, ფხვიერი, ხელში ადვილად იფშვნება, თუმცა მკითხველს არ უნდა ეგონოს, რომ არამყარი, ფხვიერი კენჭები ასევე ადვილად იფშვნება ნაღვლის ბუშტშიც. არსებობს მოსაზრება, რომ ფხვიერი კენჭების დაშლა ჰაერზე ხდება, მათი ამოღების შემთხვევაში, თორემ საკუთრივ ნაღვლის ბუშტში მათ დასაშლელად თანამედროვე მედიცინა სხვადასხვა პრეპარატს იყენებს და მიღებული შედეგების უნიკალურად მიჩნევა ჯერ კიდევ ნაადრევია.

პაციენტებს ყველაზე მეტად ნაღვლის კენჭების ზომა აღელვებთ. ნაღვლის ბუშტში კენჭის აღმოჩენისთანავე ყველას სწორედ ეს კითხვა უჩნდება - რა ზომისაა მათი კენჭი, და თუ ეს უკანასკნელი მცირე ზომისა აღმოჩნდა, შვებით ამოისუნთქავენ ხოლმე. სპეციალისტები კი გვარწმუნებენ, რომ ზომა არ არის გადამწყვეტი დაავადების მიმდინარეობისთვის; მთავარია, რამდენად "მუნჯი" ანუ ნაკლებად შემაწუხებელია კენჭი.

"ქოლერიკებად" უმეტესად სწორედ პატარა ზომის კენჭები გვევლინება - ყველაზე ხშირად სწორედ ისინი "ხმაურობენ" და აწუხებენ პატრონს, დიდი ზომისანი კი მეტწილად წყნარად, გაუნძრევლად არიან მოთავსებულნი ბუშტის ფსკერზე და ყურადღებას არ იპყრობენ. მეტიც - ასეთ კენჭებს, ხშირად სრულიად შემთხვევით აღმოაჩენენ ულტრაბგერითი გამოკვლევისას.

ახლა - იმის შესახებ, რას ნიშნავს "დიდი" და "მცირე" კენჭი. ლიტერატურაში ზომები მკაცრად არ არის განსაზღვრული. პირობითად, მცირე ზომის კენჭების ზომა ერთ სანტიმეტრამდეა. დიდია კენჭი, თუ ის ორ სანტიმეტრზე უფრო დიდი ზომისაა. ერთიდან ორ სანტიმეტრამდე ზომის კენჭები საშუალო ზომისად არის მიჩნეული. ეს - საორიენტაციოდ, თორემ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ასეთი დაყოფა პირობითია.

  • რა აჩენს ნაღვლის ბუშტში კენჭებს

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნივთიერებათა ცვლის მოშლა. ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას ნაღვლის შემადგენლობაც იცვლება, რასაც საბოლოოდ ნალექის წარმოქმნასა და კენჭების ჩამოყალიბებასთან მივყავართ. მაგრამ რა განაპირობებს თავად ნივთიერებათა ცვლის მოშლას, რაც ასე მძიმედ აისახება ორგანიზმზე?

  1. მემკვიდრეობა - მშობლებისგან შვილები, თვალის ფერის, ცხვირის ფორმისა და ხასიათის თვისებების მსგავსად, მემკვიდრეობით ნივთიერებათა ცვლის გარკვეულ ტიპსაც იღებენ. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სიმსუქნისადმი მიდრეკილ მშობლებს შვილებიც ასეთივე ჰყავთ. იგივე შეიძლება ითქვას კალკულოზურ ქოლეცისტიტზე. თუმცა, როდესაც დედას ან მამას ნაღველკენჭოვანი დაავადება აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილსაც აუცილებლად დაემართება აღნიშნული პათოლოგია. უბრალოდ, მას უფრო მაღალი ექნება დაავადების რისკი, გაცილებით მაღალი, ვიდრე მათ, ვინც ასეთი მემკვიდრეობით არ არის დატვირთული.
  2. ნივთიერებათა ცვლის ამა თუ იმ სახის დარღვევა - თუ ადამიანს აქვს შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, ათეროსკლეროზი, გაცხიმოვნება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება - ეს იმაზე მეტყველებს, რომ მის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა დარღვეულია, აღნიშნული დარღვევები კი ნაღვლის წარმოქმნის პროცესზეც აისახება და ხშირად ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩამოთვლილი პათოლოგიების მქონე პირები უთუოდ კალკულოზური ქოლეცისტიტითაც დაავადდებიან; უბრალოდ, მათ გაცილებით დიდი ექნებათ ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარების ალბათობა.
  3. ღვიძლის პათოლოგიები - როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაღველი ღვიძლში გამომუშავდება. შესაბამისად, თუ ეს ორგანო დაავადებულია და გაჭირვებით ასრულებს თავის ფუნქციას, ჯანსაღ, სრულფასოვან ნაღველს ვერ გამოიმუშავებს, სახეცვლილი, პათოლოგიური ნაღვლიდან დანალექის წარმოქმნისა და კენჭების ჩამოყალიბების ალბათობა კი ძალიან მაღალია. ადამიანებს, რომელთაც ღვიძლი დაავადებული აქვთ, გაცილებით ხშირად უჩნდებათ კენჭები ნაღვლის ბუშტში.
  4. საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოთა დაავადებები - ასევე ხელს უწყობს ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარებას. ეს მარტივი ასახსნელია: აღნიშნულ დაავადებათა გამო ირღვევა საჭმლის მონელების პროცესი, ნაწლავებში დიდი რაოდენობით გროვდება აირები, ნაწლავი ცუდად და არარეგულარულად იცლება, რაც მის გადავსებასა და გადატვირთვას უწყობს ხელს. შედეგად მუცლის ღრუში იმატებს წნევა. ნაღვლის ბუშტს, სხვა პრობლემებთან ერთად, ასეთ პირობებში ნაღვლის თორმეტგოჯაში გადადევნა უჭირს. ნაღველი ბუშტში გუბდება, სისტემატური შეგუბების გამო კი სქელდება (ბუშტის კედლები ნაღვლიდან წყალს იწოვს), შემადგენლობას იცვლის და კენჭების წარმოქმნის რისკს ზრდის.
  5. ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები - ნაღვლის ბუშტის დისკინეზია და ანთება, როგორც წესი, ხელს უწყობს ბუშტში ნაღვლის შეგუბებასა და მისი შემადგენლობის შეცვლას.
  6. კვების რეჟიმი და რაციონი - შიმშილი და კვებიდან კვებამდე ხანგრძლივი ინტერვალები ხელს უწყობს ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარებას. როდესაც საკვები დიდი ხნის განმავლობაში არ ხვდება კუჭში, ნაღვლის ბუშტსაც დიდხანს არ უწევს შეკუმშვა. გარდა ამისა, ორგანიზმი საჭირო ენერგიის მისაღებად "შავი დღისთვის" გადანახული ცხიმის წვას იწყებს, ცხიმის მასიური წვა კი დიდი რაოდენობით ცხიმიანი და კალორიული საკვების მიღების ტოლფასია. ასეთ დროს ნაღვლის ბუშტს დიდი ჯაფა ადგება. ისიც საყურადღებოა, რომ ცხიმებს ქოლესტერინიც მიჰყვება, ორგანიზმში ქოლესტერინის ჭარბად მოხვედრის შემთხვევაში კი მისი კონცენტრაცია ნაღვლის ბუშტშიც იზრდება. ირღვევა ნაღვლის შემადგენლობა, ხოლო შესქელებული ნაღვლიდან ნალექი გაცილებით იოლად წარმოიქმნება.
  7. ცხოვრების დუნე წესი, სტრესები, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება და სხვა ფაქტორები ასევე უწყობს ხელს დაავადების განვითარებას.