კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კუნთოვანი შრის პათოლოგიით მიმდინარე დაავადებები

ამჯერად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისკინეზიებზე ვისაუბრებთ. ისინი ფუნქციონალურ დაავადებებს მიეკუთვნება და საჭმლის მომნელებელი სისტემის გლუვკუნთოვანი ორგანოების (საყლაპავის, კუჭის, ნაღველგამომყოფი გზების, ნაწლავის) პერისტალტიკისა და ტონუსის დარღვევით მიმდინარეობს.
კუნთოვანი შრის ანუ სფინქტერების დაზიანებით მიმდინარე საყლაპავის დაავადებებს შეიძლება მივაკუთვნოთ რეფლუქსეზოფაგიტი, საყლაპავის ხვრელის თიაქარი, კარდიოსპაზმი და საყლაპავის აქალაზია.
რა არის რეფლუქსეზოფაგიტი?
ვიდრე დაავადების არსზე გადავიდოდეთ, ავხსნათ ზოგიერთი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურება. საყლაპავის ბოლოში არსებული კარდიული სფინქტერი ერთმანეთისგან ყოფს კუჭსა და საყლაპავ მილს, რათა საყლაპავი მილიდან ჰაერი კუჭში არ გადავიდეს, ხოლო კუჭის შიგთავსი საყლაპავში არ მოხვდეს.
რეფლუქსეზოფაგიტის დროს ყალიბდება კარდიის სარქვლის უკმარისობა, რის გამოც სფინქტერი ვერ ხურავს ხვრელს და კუჭის შიგთავსი საყლაპავში გადადის. ეს არის რეფლუქსი, რაც საყლაპავის ქვედა მესამედის გაღიზიანებას და ანთებით ცვლილებებს იწვევს. დაავადების მთავარი ნიშნებია:
- გულძმარვა, რომელიც წოლისას ძლიერდება;
- ბოყინი;
- მუცლის შებერვა და სიმძიმის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან და კუჭთან;
- პერიოდულად - შეტევითი ხასიათის, სხვადასხვა სიძლიერის ტკივილი მკერდის ძვლის უკან და ხერხემლის მიდამოში, რაც ხშირად სტენოკარდიულ შეტევაში ერევათ;
- ყლაპვის გაძნელება, ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა.
არცთუ ისე იშვიათია ღამის ასპირაციული სინდრომი. ამ დროს მძინარე ავადმყოფის კუჭის შიგთავსი სასულეში გადაედინება, რაც ხველის შეტევებს იწვევს. ასეთი ავადმყოფი დილაობით გამოყოფს დიდი რაოდენობით მყრალ ნახველს. ამის გამო ასპირაციული სინდრომი ხშირად სასუნთქი სისტემის დაავადებებში ერევათ, მწეველები კი ამას სიგარეტს აბრალებენ.
რა არის საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი?
გასტროეზოფაგურ დაავადებას შეიძლება დაერთოს საყლაპავი მილის თიაქარი. ამ დროს დიდია ალბათობა, კუჭის კარდიულმა და ფუნდალურმა ნაწილმა გულმკერდის ყაფაზში გადაინაცვლოს.
მცირე ექსკურსი
ადამიანის გულმკერდისა და მუცლის ღრუებს ერთმანეთისგან დიაფრაგმა ყოფს. დიაფრაგმა დიდი ზომის კუნთია და გარდა იმისა, რომ მუცლისა და გულმკერდის ყაფაზის გამყოფს წარმოადგენს, სუნთქვის პროცესშიც მონაწილეობს. საყლაპავი მილი გულმკერდის ღრუდან მუცლის ღრუში დიაფრაგმაში არსებული ხვრელის მეშვეობით გადადის. ჩვეულებრივ, ხვრელი ვიწროა. ამა თუ იმ მიზეზით მისი გაგანიერებისას საყლაპავის და/ან კუჭის ნაწილი გულმკერდის ღრუში გადაინაცვლებს.
რას უჩივის ავადმყოფი?
თიაქრის შემთხვევაში ტკივილი გაცილებით უფრო მძაფრია, ძლიერდება წინ წახრის, მძიმე ტვირთის აწევის დროს, შეიძლება იყოს როგორც მუდმივი, ასევე შეტევითი ხასიათისა და დამოკიდებულია საყლაპავის მილის თიაქრის ზომაზე: მცირე ზომის დეფექტის დროს ტკივილი უმნიშვნელოა, ხოლო დიდი ზომის პარაეზოფაგური თიაქრების დროს მოსალოდნელია შუასაყარში საყლაპავის საკმაოდ დიდი ნაწილის გამოსვლა და ჩაჭედვაც კი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი, არითმია და სიცოცხლეს საფრთხეც კი შეუქმნას. საყლაპავი მილის თიაქარს ყოველთვის თან სდევს რეფლუქსი - კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლა. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია:
- ჭარბი წონა.
- 50 წელზე ხანდაზმული ასაკი.
- ჰიპოდინამიური ცხოვრების ნირი. რეფლუქს-ეზოფაგიტი აგრეთვე ხშირია ყოფილ სპორტსმენებში, რომლებიც აქტიური ცხოვრებიდან ერთბაშად ცხოვრების პასიურ წესზე გადადიან.
- მუცლის ღრუში წნევის მომატებით მიმდინარე ნებისმიერი პათოლოგია - ძლიერი ხველა, ღებინება, ორსულობა, ასციტი, სიმძიმეების აწევა. ზოგჯერ ტრავმა.
- მემკვიდრეობა. დიაფრაგმის თიაქრის ჩამოყალიბებაზე მეტ-ნაკლებად მოქმედებს გენეტიკური განწყობაც, მაგალითად, მუცლის კედლის მყესოვანი აპარატის სისუსტე. ხშირად ასეთ ავადმყოფებს თიაქარი აქვთ სხვა მიდამოებშიც, მაგალითად, ჭიპის, საზარდულის არეში.
როგორ სვამენ დიაგნოზს?
დიაგნოსტიკა ემყარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოკონტრასტულ კვლევას (ბარიუმის ფაფით), გასტროსკოპიას, კუჭის მჟავიანობის გამოკვლევას (რასაც დიდ მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის) და საყლაპავის ქვედა მესამედის ბიოფსიას, რათა გამორიცხულ იქნეს ბარეტის ეზოფაგიტი.
როგორ მკურნალობენ?
მკურნალობა, პირველ რიგში, გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას:
- წონის დაკლებას;
- მოწევაზე უარის თქმას, რადგან ნიკოტინის ზემოქმედებამ შესაძლოა კარდიული სფინქტერის დამბლა გამოიწვიოს;
- მედიკამენტურ მკურნალობას. ჩვეულებრივ, ის იძლევა რემისიის მიღწევის საშუალებას, მაგრამ მისი შეწყვეტის შემდეგ, წესისამებრ, ვითარდება რეციდივი. მედიკამენტური მკურნალობის მთავარი ამოცანაა კუჭის მჟავიანობის შემცირება (ანტაციდებით, H2-ბლოკატორებით და Na+, K+ ატფ-აზის ინჰიბიტორებით - ალმაგელით, რანიტიდინით, ლანსოპრაზოლით და სხვა) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის გაუმჯობესება (ციზაპრიდი, დომპერიდონი, მეთოკლოპრამიდი).
თუ მედიკამენტური მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, რეფლუქსის სიმპტომებმა არ გაიარა ან განვითარდა გართულება, დაისმის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის ქირურგიული მკურნალობის საკითხი. ქირურგიული ჩარევით გულმკერდში გადანაცვლებულ კუჭს ადგილზე აბრუნებენ, ამცირებენ დიაფრაგმის ხვრელის ზომებს და აღადგენენ საყლაპავის სფინქტერს. დღეს ეს ოპერაცია ენდოსკოპიური მეთოდით ტარდება, რომელიც ნაკლებტრავმულია და გართულების თვალსაზრისითაც ნაკლებსარისკო.
როგორ ავიცილოთ თავიდან?
გასტროეზოფაგური რეფლუქსით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან აცილებასა და შემსუბუქებაში დაგვეხმარება:
- კვების რეჟიმის დაცვა - ჭამა დღეში 4-5-ჯერ მცირე ულუფებით;
- ისეთი საკვებისგან თავის შეკავება, რომელიც ზრდის კუჭის სეკრეციას და კარდიის ტონუსს. ასეთია ალკოჰოლი, შოკოლადი, პიტნა, კოფეინშემცველი პროდუქტები (ყავა, მაგარი ჩაი, კოკა-კოლა), საკაზმები, ნიორი, წიწაკა, ციტრუსები, ტომატი და სხვა;
- ცხიმიანი საკვების შეზღუდვა - იგი ადუნებს სფინქტერს და ანელებს კუჭის დაცლას, რაც თავისთავად ახშირებს რეფლუქსს. სამაგიეროდ, საკვებში ცილის მაღალი შემცველობა (ინდაური, წიწილის მკერდი, ნაღებმოხდილი რძე, თევზი, პარკოსნები) ამაგრებს სარქველს და გვიცავს რეფლუქსისგან;
- საწოლის თავის 10-15 სმ-ით წამოწევა;
- სიგარეტისთვის თავის დანებება. მოწევა ადუნებს სფინქტერის კუნთებს.
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ამცირებს საყლაპავის ქვედა სპინქტერის ტონუსს: თეოფილინი, კალციუმის ანტაგონისტები, მ-ქოლინობლოკატორები, ნიტრატები და ბეტა-ადრენობლოკატორები - სასურველია შეიცვალოს.