იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტ-ენდოკრინოლოგს, აკადემიკოს ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლიზმისა და დიეტოლოგიის ცენტრ `ენმედიცის~ დირექტორს, თსსუ-ს ასოცირებულ პროფესორ დავით მეტრეველს.
-
ბატონო დავით, არის თუ არა საქართველო იმ რეგიონთა რიცხვში, სადაც მოსახლეობას იოდის უკმარისობა აღენიშნება?
- ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო სწორედ იმ რეგიონთაგანია, სადაც გარემოში ბუნებრივად არსებობს იოდის დეფიციტი. იოდი ცოტაა ნიადაგში, შესაბამისად, ამ ნიადაგზე გახარებული მცენარეები და ცხოველები, რომლებიც ასეთ მიწაზე ამოსული ბალახით იკვებებიან, ცხადია, ადამიანისთვის იოდის წყაროდ ვერ გამოდგებიან. ეს სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან ადამიანი იოდს უმთავრესად საკვების მეშვეობით იღებს.
-
წყალი, ბატონო დავით?
- წყალი არ გახლავთ იოდის ძირითადი წყარო. ამ მოსაზრების დასაბუთება ადვილია: დღე-ღამეში ადამიანს 150-დან 300 მკგ-მდე იოდი სჭირდება. მიღებული იოდის 80-90% სურსათზე მოდის, 4,5% - წყალზე და ამდენივე - ჰაერზე. მესმის თქვენი შეკითხვის არსი: გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს იოდდეფიციტის მთავარი მიზეზი იოდით ღარიბი წყალი იყოს. ჩემთვის ხშირად უთქვამთ პაციენტებს: `ექიმო, ჩიყვი მაქვს, იმიტომ რომ ჩვენთან წყალი არ შეიცავს იოდს~. საქმე ის არის, რომ წყალში იოდი ნიადაგიდან ხვდება, ამიტომ ამა თუ იმ რეგიონის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი წყალში იოდის შემცველობაა - თუ მასში ეს ნივთიერება ნაკლებია, ნაკლები იქნება ნიადაგშიც. ეს მეთოდი არცთუ საიმედოა, მაგრამ თავის დროზე კვლევის ერთ-ერთ საშუალებად გამოიყენებოდა.
-
ცნობილია, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების მოსახლეობაში იოდდეფიციტი არ აღინიშნება. რატომ?
- თუ ნებას მომცემთ, კიდევ განვავრცობ ამ სიას. მაგალითად, იაპონიაში მოსახლეობა არათუ იოდის დეფიციტს არ განიცდის, არამედ საკვებიდან ყოველდღიურად იღებს იოდს, რომლის ოდენობა საქართველოს მკვიდრის მიერ მიღებული იოდის ოდენობას 100-ჯერ აღემატება. ეს იმიტომ, რომ იაპონელები უმთავრესად ოკეანის პროდუქტებით იკვებებიან. ოკეანეში იოდი მართლაც უხვად არის, ამიტომ ის საკვებიც, რომელიც ოკეანიდან მიიღება - ოკეანის თევზი, წყალმცენარეები - საკმარისად არის გაჯერებული ამ ნივთიერებით. ამიტომ იყო, რომ საბჭოთა ეპოქაში წყნარი ოკეანის, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან საქართველოში რეგულარულად შემოდიოდა ზღვის კომბოსტოს კონსერვი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავდა იოდს. დღეს სააფთიაქო ქსელში იყიდება პრეპარატი ლამინარია, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ზღვის კომბოსტოს ნედლეულისგან დამზადებული ტაბლეტები, რომელიც იოდს შეიცავს.
-
ზღვის პროდუქტები თუ იოდით მდიდარია, რატომ არის გავრცელებული საქართველოს ზღვისპირეთში იოდდეფიციტი?
- მე ოკეანე ვახსენე. შიდა ზღვებს, მათ შორის - შავ ზღვას, თავისი შინაგანი გარემო აქვს. მეორე მხრივ, მართლა იოდის დეფიციტით არის თუ არა განპირობებული ამ რეგიონში გავრცელებული ჩიყვი, ამის დასადგენად დამატებითი კვლევაა საჭირო. საქართველოს ყველა რეგიონი ერთნაირად იოდდეფი-ციტური არ არის, მაგრამ საშუალო მაჩვენებელს თუ ავიღებთ, იოდის ნაკლებობა აშკარაა. საქართველოში შარდით დღე-ღამეში ლიტრზე 40-დან 80 მკგ-მდე იოდი გამოიყოფა. ეს ნორმაზე გაცილებით ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი დღე-ღამეში იმის ნახევარ იოდსაც კი არ იღებს, რასაც უნდა იღებდეს, ამიტომ, თუ სპეციალურ დახმარებას არ გავუწევთ, საქართველოს მთელი მოსახლეობა იოდის დეფი-ციტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ იოდის მასობრივი პროფილაქტიკა იოდიანი მარილით. ეს ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის საკმარისია. მაგალითად ბავშვებს, მოზარდებს, ორსულებს, მეძუძურ ქალებს არ ეყოფათ ის ოდენობა, რომელიც შეიძლება იოდიანი მარილით მიიღონ. მათთვის იოდის დამატებითი წყაროა საჭირო.
-
ბატონო დავით, მოსახლეობაში გავრცელებულია შეხედულება, რომ იოდს დიდი ოდენობით შეიცავს ნიგოზი, კაკლის წენგო, კაკლის მურაბა, ფეიხოა, კივი. შესაძლებელია თუ არა ამ პროდუქტების მეშვეობით იოდის დეფიციტის შევსება?
- ყოველი მცდარი შეხედულება ერთსა და იმავე დროს სასაცილოც არის და სატირალიც; სასაცილო - უვიცობის გამო, სატირალი - იმიტომ, რომ მას მოსახლეობის ჯანმრთელობა ეწირება. მე თუ მკითხავთ, ეს დაახლოებით იგივეა, რაც, მაგალითად, ანემიისას ჰემოგლობინის მოსამატებლად ალუბლისა თუ ჭარხლის წვენების სმა. ალუბალიც, ჭარხალიც და სხვა ხილ-ბოსტნეულიც მდიდარია ძალიან სასარგებლო ნივთიერებებით, მაგრამ ეს არ გახლავთ ჰემოგლობინის მომატების ერთადერთი და, მით უმეტეს, საუკეთესო გზა. იოდის დეფიციტის საწინააღმდეგოდ კაკლის წენგოს მიღება ასეთივე შეცდომაა. არც წენგო, არც კივი, არც კაკლის მურაბა არ არის საკმარისი იოდის უკმარისობის აღმოსაფხვრელად. ჩვენებურ პროდუქტებში ეს ნივთიერება ძალიან ცოტაა.
თუ ადამიანს იოდის დამატებითი წყარო დასჭირდა, უმჯობესია, იოდიან მარილთან ერთად (ჩვენისთანა რეგიონში მხოლოდ ასეთი უნდა იყიდებოდეს!) მიიღოს იოდით გამდიდრებული სხვა პროდუქტები, მაგალითად, იოდიანი ჩაი, რომელიც ამ ნივთიერების მშვენიერი წყაროა. აშშ-ში მოსახლეობა იოდის დეფიციტს არ განიცდის. არა იმიტომ, რომ იქ ნიადაგი იოდით მდიდარია, არამედ იმიტომ, რომ ამ დეფიციტის შესავსებად საკვები სათანადოდ მუშავდება. ეს ეხება არა მარტო იოდს, არამედ სხვა მიკროელემენტებსაც: რკინას, ფტორს, ასევე - ვიტამინებს. მომხმარებლამდე სათანადოდ დამუშავებული და გამდიდრებული სურსათი მიდის. ჩვენთან პროდუქტებს ასე არ ამუშავებენ, ამიტომ იოდის დამატებითი წყარო საგანგებოდ, ცალკე უნდა შევიძინოთ.
ძალიან კარგია იოდბალანსი, იოდომარინი, სხვა ნაერთები. ამ პრეპარატების მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ მათში იოდი ქიმიურად სუფთა სახით და სათანადო დოზირებით არის წარმოდგენილი. ერთხანს ტელევიზიითაც კი მოისმენდით ასეთ რჩევებს: აიღეთ 1 ჭიქა წყალი ან რძე, ჩააწვეთეთ 5-10 წვეთი იოდი და მიიღეთ ყოველდღე. ეს, მეტი რომ არ ვთქვათ, შემაძრწუნებელია - იოდის ათპროცენტიანი სპირტხსნარის 1 წვეთი იმდენ იოდს შეიცავს, რამდენიც ადამიანს მთელი წელი ეყოფა. წარმოიდგინეთ, სადამდე მიგვიყვანს ყოველდღე 5-10 წვეთის მიღება! მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ყველა ვიტამინი თუ ელემენტი საჭიროა სწორედ იმდენი, რამდენსაც ორგანიზმი ითხოვს. საშიშია იოდის დეფიციტი, მაგრამ არანაკლებ საშიშია მისი სიჭარბე - შესაძლოა, მეტად მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები გამოიწვიოს. ამიტომ არ შეიძლება, იოდის დეფიციტის საწინააღმდეგოდ ასე ხელაღებით გამოვიყენოთ მავანთა მიერ შეთხზული მეთოდები, რომლებიც მეცნიერულად არ არის შესწავლილი და დასაბუთებული. მით უმეტეს, როდესაც არსებობს იოდდეფიციტის პროფილაქტიკის მეცნიერულად დამუშავებული, შესწავლილი მეთოდები.
-
ბატონო დავით, ზემოთ არაერთხელ ახსენეთ იოდის შემცველი პრეპარატები. რამდენად მიზანშეწონილია მათი მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე?
- მე, ისევე როგორც ყველა სხვა ექიმი, თვითმკურნალობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამ კერძო შემთხვევაში საქმე ოდნავ უკეთ არის - იოდიზებული მარილით პროფილაქტიკა არ მოითხოვს ექიმის დანიშნულებას. იოდიანი მარილი ყველა ქვეყანაში თავისუფლად იყიდება, მისი გაცემისას არ ითხოვენ ექიმის რეცეპტს. სხვა საქმეა, ყველასათვის შეიძლება თუ არა მისი მიღება. საქმე ის არის, რომ არსებობს ხალხი, ვისთვისაც იოდდეფიციტის ფონზე ნორმალური ოდენობით იოდის მოხმარება შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს, მაგრამ ასეთი რამ იშვიათია და ამ ზიანის გამოსწორებაც სავსებით შესაძლებელია. მეტსაც გეტყვით: ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც იოდდეფიციტის აღმოსაფხვრელად იოდიანი მარილის შეტანა დაიწყეს, პირველი 3-5 წლის განმავლობაში მკვეთრად მოიმატა თირეოტოქსიკოზის შემთხვევებმა, მაგრამ ეს არ ქცეულა იმის საბაბად, რომ ვინმეს იოდის დეფიციტის პროფილაქტიკაზე უარი ეთქვა.
სამწუხაროდ, იოდდეფიციტურ რეგიონებში გვხვდება ისეთი სნეულებანი, როგორიც არის თირეოტოქსიკური ადენომა - ავტონომიურად მოფუნქციონირე კვანძი. თუ ასეთი კვანძი იოდის დეფიციტის პირობებში ვერ ახერხებს, გამოიმუშაოს ჭარბი ოდენობის ჰორმონი - მხოლოდ იმიტომ, რომ იოდი არ აქვს. როგორც კი ადენომით დაავადებული ორგანიზმი იოდიან მარილს მიიღებს, იწყება პროცესი, რომელსაც თირეოტოქსიკოზამდე მივყავართ. თუმცაღა, ვიმეორებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იოდის ნაკლებობის პროფილაქტიკაზე უარი ვთქვათ. ხალხი, ვისთვისაც ეს სახიფათოა, უნდა გამოვავლინოთ და ვუმკურნალოთ. თანაც, როგორც გითხარით, ასეთი ადამიანი თითებზე ჩამოსათვლელია, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კი იოდის ნაკლებობისგან დაზღვეული იქნება.
დავუბრუნდეთ პრეპარატებს. მათი მოხმარება იოდის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ჯგუფური პროფილაქტიკა ეწოდება. სულ პროფილაქტიკის სამ ფორმას განასხვავებენ:
- მასობრივს - ხორციელდება იოდიანი პროდუქტების მეშვეობით;
- ჯგუფურს - ხორციელდება მოსახლეობის განსაზღვრულ ჯგუფში: ბავშვებში, მოზარდებში, ორსულებსა და მეძუძურ ქალებში;
- ინდივიდუალური.
ჯგუფური პროფილაქტიკა ითვალისწინებს იოდის დამატებით მიღებას ტაბლეტების სახით. ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს პათოლოგია, რომლის დროსაც იოდის დამატებითი მიღება სახიფათოა. თუ ასეთი პათოლოგია არსებობს, ის აუცილებლად გამოვლინდება - მშობლები, თუ ელემენტარულ პასუხისმგებლობას მაინც გრძნობენ შვილის მიმართ, დაავადების ნიშნების შემჩნევისას მას უთუოდ მიიყვანენ ოჯახის, უბნის ექიმთან ან სპეციალიზებულ ცენტრში. ასეთი ბავშვი ცოტაა. ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობას იოდის დამატებითი ულუფა სჭირდება და არ არის აუცილებელი, წინასწარ ყველა სათითაოდ გასინჯოს ექიმმა. როდესაც ბავშვს იოდის პრეპარატის ტაბლეტს ვაძლევთ, ეს იოდის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მცდელობაა, ისევე როგორც მოზრდილი ადამიანისთვის იოდიანი მარილის მიღება. ეს არ არის მკურნალობა, ეს არის პროფილაქტიკა და მის ჩატარებას სპეციალური ნებართვა არ სჭირდება.
-
ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიის შემდეგ მოსახლეობა მასობრივად იღებდა იოდის სპირტხსნარის წვეთებს. რამდენად მართებული იყო ეს?
- სავსებით მართებული გახლდათ. საქმე ის არის, რომ ფარისებრ ჯირკვალს აქვს ერთი უნიკალური თვისება: ის აქტიურად შთანთქავს იოდს, მაგრამ ვერ განასხვავებს, რადიაქტიურია იგი თუ სტაბილური. ამიტომ როდესაც ადამიანი რადიაქტიური იოდით გაჯერებულ გარემოში ხვდება, ფარისებრი ჯირკვალი აქტიურად შთანთქავს მას, განსაკუთრებით - თუ მანამდე იოდის დეფიციტს განიცდიდა. მეორე: როგორც კი ფარისებრი ჯირკვალი ჭარბი ოდენობის იოდს მიიღებს, ამ ელემენტის შთანთქმა იბლოკება. ჭარბი რაოდენობა ფიზიოლოგიურზე 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტია. ჩერნობილის ავარიის დროს გათვლა ასეთი იყო: გარემოში არის რადიაქტიური იოდი, ჩვენი ორგანიზმი მოინდომებს, შთანთქას იგი; სჯობს, დავასწროთ და დიდი ოდენობით მივიღოთ ჩვეულებრივი იოდი, რათა ფარისებრ ჯირკვალს მადა წაუხდეს და რადიაქტიური იოდის შთანთქმა აღარ მოისურვოს.
-
როგორ მოვამზადოთ იოდშემცველი პროდუქტებისგან კერძები, რომ ეს ელემენტი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ?
- თერმული დამუშავება იოდის ოდენობას ამცირებს. გამოსავალი ერთადერთია: იოდიანი მარილი მზა კერძს უნდა დავუმატოთ. მარილმა არ უნდა იდუღოს, თორემ მასში შემავალი იოდი დაიკარგება.