ზრდის პრობლემები და სხეულის პროპორციები

ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი ეკატერინე კვარაცხელია.
- ქალბატონო ეკატერინე, რა ახდენს გავლენას ადამიანის სიმაღლეზე?
სიმაღლე ყველაზე აშკარა ფენოტიპური (გარეგნული) ნიშანია და ძალზე დამემკვიდრებადი ხასიათი აქვს, თუმცა მასზე გავლენას ახდენს არაგენეტიკური ფაქტორებიც. უფრო თუ დავაზუსტებთ, სიმაღლე, გარდა გენეტიკური ფაქტორებისა (მშობლების სიმაღლისა), დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, რასობრივ კუთვნილებაზე, კვებაზე, დაბადებისას არსებულ წონაზე, სქესობრივ მომწიფებაზე, ძვლოვან სიმწიფეზე, ზოგად სომატურ ჯანმრთელობასა და ქრონიკული დაავადებების, მეტადრე - სიმაღლის დარღვევებით მიმდინარე სპეციფიკური დაავადებების, არსებობა-არარსებობაზე, ფსიქოსოციალურ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
მოცემული პოპულაციის ფარგლებში მოცემულ დროს ინდივიდებს შორის სიმაღლის სხვაობა გენეტიკური ფაქტორებით ასიდან დაახლოებით 80 შემთხვევაშია განპირობებული. ადამიანის საბოლოო სიმაღლეს უმთავრესად გენეტიკური ფაქტორები განაპირობებს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოც, რომელშიც ბავშვი ვითარდება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი არანამკურნალები, დეკომპენსირებული ქრონიკული დაავადება გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდა-განვითარებაზე, ამიტომაც ჰორმონული და არაჰორმონული დარღვევების კორექცია აუცილებელია - ამით შესაძლებელია ფიზიკური განვითარების პარამეტრების გაუმჯობესება.
- როდესაც ბავშვს დაბალი მშობლები ჰყავს, შესაძლებელია თუ არა, სამედიცინო ჩარევით სიმაღლეში ზრდის სტიმულირება მოვახდინოთ?
- იდიოპათიური და ოჯახური ტანდაბლობის შემთხვევებში სამედიცინო ჩარევა უეფექტოა და არც რეკომენდებული გახლავთ.
- როგორია ტენდენცია საქართველოში სიმაღლეში ზრდის თვალსაზრისით?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- განვითარებულ ქვეყნებში შეისწავლიან ფიზიკური და სქესობრივი განვითარების ტენდენციებს, მათ მიზეზებს, კვებით და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს. სამწუხაროდ, მსგავსი კვლევები და დაკვირვებები საქართველოში არ ტარდება, ამიტომ იძულებულნი ვართ, მოვიყვანოთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული სტატისტიკური კვლევის შედეგები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავიც არის.
უკანასკნელი 50-100 წლის განმავლობაში ზრდა-განვითარების პროცესების დაჩქარების აშკარა ტენდენცია შეინიშნება, განსაკუთრებით კი სქესობრივი განვითარების დაჩქარებაა თვალსაჩინო. ზოგიერთ ქვეყანაში დაჩქარების ეს პროცესი უკვე დასრულდა, ზოგან კი ახლა იწყება.
- როგორ შეიცვალა ამ კუთხით სხეულის პროპორციები?
- უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სხეულის პროპორციებს ცვლილებები უფრო ნაკლებად შეეხო, ვიდრე სხეულის ზომებს. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, მამაკაცებში მოიმატა ქვედა კიდურების სიგრძემ, ორივე სქესის ადამიანებში - გულმკერდის გარშემოწერილობამ, მასასთან სიმაღლის შეფარდების მაჩვენებელი სხვადასხვა პოპულაციაში სხვადასხვანაირად შეიცვალა, ორივე სქესის ადამიანებში მოიმატა აგრეთვე კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებამ.
- როგორ ხდება ბავშვის ზრდა-განვითარება ასაკობრივად და რა ფაქტორები ახდენს ამაზე გავლენას?
- ბავშვის ზრდა-განვითარება ძალზე რთული დინამიკური პროცესია. იგი ორი უმნიშვნელოვანესი პერიოდისგან შედგება. ერთი საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდია, ხოლო მეორე - დაბადების შემდგომი ანუ პოსტნატალური.
დაბადებამდე და დაბადების შემდგომ სხვადასხვა ფაქტორი სხვადასხვა ხარისხით მოქმედებს: ემბრიონის, ხოლო შემდგომ - ნაყოფის ზრდა-განვითარება უპირატესად კვებით ფაქტორზეა დამოკიდებული - იმ ნივთიერებებზე, რომლებიც დედის ორგანიზმიდან ნაყოფს პლაცენტის საშუალებით მიეწოდება. შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანია ამ პერიოდში ჰორმონული ფაქტორი, კერძოდ, ზრდის ჰორმონის სეკრეცია.
დაბადებისას არსებული წონა და სიგრძე საშვილოსნოსშიდა გარემოს ადეკვატურობას ასახავს. ახალშობილის ზომებს ძალიან სუსტი დამოკიდებულება აქვს სიმაღლის საბოლოო მაჩვენებლებთან.
დაბადების შემდგომი პერიოდი მოიცავს ჩვილობის, ბავშვობისა და სქესობრივი მომწიფების ფაზებს. 2 წლამდე ზრდასა და განვითარებაში ისევ კვებითი ფაქტორი, ინსულინი და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორები (I და II) ასრულებენ უდიდეს როლს. ჰორმონულ ფაქტორზე (ზრდის ჰორმონზე) ეს პროცესები მაინცდამაინც არც ამ პერიოდშია დამოკიდებული.
2 წლისთვის ბავშვის სიმაღლის მაჩვენებელი გენეტიკურად განკუთვნილ განვითარების ხაზს - ცენტილს აღწევს. ამ ასაკისთვის მიღწეულია სიმაღლის საბოლოო მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარი.
2-დან დაახლოებით 12 წლამდე, სქესობრივი მომწიფების დაწყებამდე, ზრდა-განვითარება ძლიერ არის დამოკიდებული ჰორმონულ ფაქტორზე, მათ შორის - ზრდის, სომატოტროპულ და ფარისებრი ჯირკვლის, თირეოიდულ ჰორმონებზე. ჯანმრთელი ბავშვი მიჰყვება მისთვის გენეტიკურად განკუთვნილ სიმაღლის მრუდს და 95%-იანი ალბათობით აღწევს მშობლების საშუალო სიმაღლეს, სტანდარტული გადახრის (+8,5სმ) ფარგლებში.
მომდევნო ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდში სასქესო ჰორმონების გავლენით ზრდის ტემპი ჩქარდება. ძალზე მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება და როგორი ინტენსივობითა და ტემპით გაგრძელდება ეს ფაზა. ამ დროს შესამჩნევად იცვლება სხეულის ზომები, პროპორციები, აგებულება, ხდება ცხიმის გადანაწილება გოგონებში - გინოიდური, ხოლო ვაჟებში - ვისცერული ტიპით, ყალიბდება ქალისა და მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნები.