დიაბეტური ტერფი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტური ტერფი

ნერვებისა და ძვალკუნთოვანი აპარატის პათოლოგიურ ცვლილებათა კომპლექსი აღინიშნება. დასახელებულმა ცვლილებებმა შესაძლოა კიდურის დაზიანებული ნაწილის განგრენა გამოიწვიონ.

დიაბეტური ტერფი შაქრიანი დიაბეტის ვერაგი გართულებაა, რომელიც არანამკურნალები შაქრიანი დიაბეტის ფონზე (სისხლში გლუკოზის არასათანადო კონტროლის პირობებში) პაციენტთა უმრავლესობას უვითარდება. ამის გამო, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს და დაიცვას ტერფების მოვლის რამდენიმე მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესი, რომელიც განგრენის განვითარებისა და კიდურის დაკარგვის არიდებისათვის უმნიშვნელოვანესია.

რა ხდება დიაბეტური ტერფის სინდრომის დროს?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიაბეტური ტერფი არის კომპლექსი იმ პათოლოგიური ცვლილებებისა, რომლებიც შაქრიანი დიაბეტის ფონზე ტერფის სისხლძარღვებსა და ძვალკუნთოვან სისტემაში მიმდინარეობს. შაქრიანი დიაბეტის ფონზე ირღვევა ქვემო კიდურების ინერვაცია და სისხლის მიმოქცევა, მეტაბოლური დარღვევები - სისხლში გლუკოზის მატება, ცხიმებისა და ცილების ცვლის მოშლა იწვევს ორგანიზმის, მათ შორის, ქვემო კიდურების, წვრილი სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანებას. გულიდან დაშორებული ქვემო კიდურების დისტალური ნაწილები - ტერფები, განსაკუთრებით თითები, ისედაც ცუდად მარაგდება სისხლით, ჯანმრთელებთანაც კი. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებთან კი დიაბეტური ანგიოპათია და ნეიროპათია (შესაბამისად, სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანება) საბოლოოდ არღვევს ტერფის ქსოვილთა კვებას (ტროფიკას), ტროფიკულ ცვლილებათა ჩამოყალიბების შედეგად კი იზრდება განგრენის განვითარების რისკი.

რამდენად ხშირად ვითარდება დიაბეტური ტერფი?

სამწუხაროდ, დიაბეტური ტერფი შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ხშირი გართულებაა. ის პაციენტთა დაახლოებით 70%-ს უვითარდება. ხშირ შემთხვევაში დიაბეტის გამო ექიმთან მიმართვიანობის, პირველი ვიზიტის დროს, პაციენტებს უკვე აღენიშნებათ ქვემო კიდურების ტროფიკული ცვლილებები. ქვემო კიდურების ამპუტაციის მიზეზებს შორის ყველაზე ხშირი სწორედ დიაბეტური ტერფია.

დიაბეტური ტერფის ძირითადი ფორმები

განასხვავებენ დიაბეტური ტერფის ნეიროპათიურ, იშემიურ და შერეულ ფორმებს.

  • ნეიროპათიური დიაბეტური ტერფი ხასიათდება ნერვული ტროფიკის მოშლის შედეგად განვითარებული ცვლილებებით. ამ ფორმის დროს ვლინდება ტერფის კანის სიმშრალე და აქერცვლა, ოფლის გამოყოფის დაქვეითება, ტერფის ძვლების დეფორმაცია, სპონტანური მოტეხილობები, ბრტყელტერფიანობა, როგორც სითბოსა და შეხებისადმი მგრნობელობის, ასევე ტკივილის შეგრძნების დაქვეითება.
  • იშემიური დიაბეტური ტერფი ვითარდება ძირითადად კიდურის მსხვილი სისხლძარღვების ათეროსკლეროზული და წვრილი სისხლძარღვების (მიკროანგიოპათია) პათოლოგიური ცვლილებების შედეგად. იშემიური ტერფი - ეს ტერმინი თავისთავად განმარტავს იმას, რომ ტერფში მიმდინარე ცვლილებები, მისი ქსოვილების ტროფიკური დარღვევები სისხლის მიმოქცევის მოშლისა და ჟანგბადით მომარაგების უკმარისობის შედეგია. იშემიური ფორმის დროს ვლინდება ტერფის მკვეთრად გამოხატული და მდგრადი შეშუპება, ტკივილი სიარულისას (გარდამავალი კოჭლობა), კიდურების ადვილად დაღლა, კანის პიგმენტაცია, კანქვეშა ბუშტუკების (სითხით სავსე ამობურცულობების) განვითარება.
  • დიაბეტური ტერფის შერეული ფორმის დროს გამოხატულია როგორც სისხლძარღვოვანი, ასევე ნერვული ტროფიკის მოშლის სიმპტომები. ეს ფორმა ძირითადად შაქრიანი დიაბეტის „დიდსტაჟიან“ პაციენტებს აღენიშნებათ.

ვინ არის დიაბეტური ტერფის განვითარების რისკჯგუფში?

ამ გართულების განვითარების რისკი პრაქტიკულად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ყველა პაციენტს ემუქრება, თუმცა, ყველაზე ხშირად დიაბეტური ტერფი მას უვითარდება, ვისაც აღენიშნება:

  • პერიფერიული ნეიროპათია ან სისხლძარღვთა სხვადასხვა პათოლოგია;
  • კიდურების წყლულოვანი დაზიანება ან ამპუტაცია წარსულში;
  • მავნე ჩვევებზე დამოკიდებულება (ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება);
  • ჰიპერტონიული დაავადება და სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე;
  • შაქრიანი დიაბეტის სხვა გართულებები;
  • მხედველობის დაზიანება.

რომელი სიმპტომები და ცვლილებები არ უნდა უგულებელყოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა?

შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ყველა პაციენტი უნდა ყურადღებით ეპყრობოდეს ქვემო კიდურების მდგომარეობას, რათა არ გამოეპაროს „დიაბეტური ტერფისათვის“ დამახასიათებელი სიმპტომები. ფეხებში უსიამოვნო შეგრძნებების განვითარება, მწველი და მჩხვლეტავი ტკივილი სიარულისას, „ჭიანჭველების ცოცვის“ ან კიდევ „დენის დარტყმის“ შეგრძნება, რომელიც სიარულისას ქრება, მიანიშნებს ნეიროპათიური დიაბეტური ტერფის განვითარებაზე. ამავე ფორმის ჩამოყალიბებაზე მიანიშნებს ტერფის ქსოვილთა მგრძნობელობის დაქვეითებაც.

ძლიერი ტკივილის აღმოცენება სიარულისას, ასევე ღამის პერიოდში ტკივილის განვითარება, რომელიც ამდება კიდურების საწოლიდან ჩამოკიდებისას ან ქრება სიარულისას, იშემიური დიაბეტური ტერფის განვითარების მანიშნებელია.

დამახასიათებელი ნიშნებიდან აღსანიშნავია:

  • ტერფისა და ფეხის ქვედა ნაწილის კანის ფერის ცვლილება (სიფერმკრთალე ან ყავისფერი პიგმენტაცია);
  • სიმშრალე და კანის აქერცვლა;
  • გამჭვირვალე სითხით ამოვსებული სხვადასხვა ზომის ბუშტუკების აღმოცენება;
  • დაწყლულებული და ძნელად შესახორცებელი ნაწიბურების (კოჟრების) განვითარება, თითებს შორის ძნელად შესახორცებელი ნახეთქების ჩამოყალიბება;
  • ფრჩხილების დეფორმაცია;
  • თმის ცვენა და კანის რქოვანა შრის გასქელება ტერფზე;
  • ტერფის დეფორმაცია, წვრილი ძვლების სპონტანური მოტეხილობები.

ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან ვიზიტი.

რას მოიცავს დიაბეტური ტერფის მკურნალობა

დიაბეტური ტერფის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, პაციენტის მდგომარეობასა და იმ კლინიკის შესაძლებლობებზე, სადაც ტარდება მკურნალობა.

საწყის ეტაპზე მკურნალობა მოიცავს შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციას, რომელიც მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად შესაბამის დიეტას გულისხმობს. დიაბეტური ტერფის მკურნალობის მეორე ეტაპი მნიშვნელობის მიხედვით კიდურების დატვირთვის შემცირებაა. ამისათვის, დიაბეტით დაავადებულს ურჩევენ მეტი დროის გატარებას მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაში, ასევე სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმლის გამოყენებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლულის მქონე კიდურების განტვირთვა.

დიაბეტური ტერფის მედიკამენტური მკურნალობა გულისხმობს სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატების, ანტიბიოტიკებისა და სისხლის შედედების შემაფერხებელი მედიკამენტების დანიშვნას.

ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია იშემიური დიაბეტური ტერფის შემთხვევაში, როდესაც არსებობს კიდურის სისხლის მიმოქცევის აღდგენის შანსი.

დიაბეტური ტერფის ფონზე განვითარებული წყლულების მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც მედიკამენტური, ასევე ქირურგიული (მკვდარი ქსოვილებისა და ჩირქის მოცილების, ადგილობრივად ანტიბიოტიკებით დამუშავებისა და სტერილური ნახვევის დადების მიზნით).

როგორ უნდა მოუაროთ ფეხებს შაქრიანი დიაბეტის დროს?

ამ რეკომენდაციების გათვალისწინება-შესრულება იცავს კიდურებს:

  • ყოველდღიურად დაითვალიერეთ ტერფები, განსაკუთრებით თითებს შორის უბნები. თუ თქვენ ვერ ახერხებთ ამას, სთხოვეთ ის ახლობელს;
  • რეგულარულად დაიბანეთ ფეხები 37 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის წყლით. საგულდაგულოდ გაიმშრალეთ ფეხები, განსაკუთრებით თითებშუა ადგილები;
  • ყოველდღიურად დაათვალიერეთ ფეხსაცმლის შიგნითა ზედაპირი;
  • მხედველობის დაქვეითებისას ნუ დაიჭრით ფრჩხილებს, ამის გაკეთება ახლობელს სთხოვეთ. ფრჩხილების მოჭრისას არ არის საჭირო მათი კიდეების მომრგვალება, უმჯობესია მოიჭრათ სწორხაზოვნად;
  • თუ კანი ტერფებზე გამომშრალი გაქვთ, დაიტენიანეთ კრემით, გარდა თითებშუა უბნებისა;
  • გამოიყენეთ ისეთი წინდა ან წელწინდა, რომელსაც ნაკერი არ აქვს, ან ნაკერი აქვს გარეთა მხრიდან;
  • ყოველდღიურად გამოიცვალეთ წინდა (წელწინდა);
  • რეგულარულად დაათვალიერებინეთ ფეხები სპეციალისტს;
  • კანის ნებისმიერი სახის ცვლილებისას, ნაკაწრი, ნახეთქი, უმნიშვნელო ჭრილობა, ბუშტუკი და სხვა, მიაკითხეთ ექიმს.

რა არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტის დროს:

  • ვიწრო და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება;
  • ფეხშიშველა სიარული და ღია ფეხსაცმლის გამოყენება;
  • კოჟრების მოსაშორებლად ქიმიური ნივთიერებებისა და პლასტირების გამოყენება, კოჟრების მოჭრა დამოუკიდებლად (ისინი ექიმმა უნდა დაამუშაოს და მოჭრას);
  • ფრჩხილების მოჭრა მაკრატლით, უმჯობესია ქლიბის გამოყენება;
  • ფეხების ცხელი წყლით ჩათბუნება.