მწვავე ვირუსული ინფექციები
მიუხედავად ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციათა დიდი ძალისხმევისა და დასახელებულ დაავადებათა გამომწვევებთან აქტიური ბრძოლისა, გრიპისა თუ სხვა რესპირატორული ინფექციების გამომწვევი ვირუსების დამარცხება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, მეტიც, სამწუხაროდ, გრიპის გართულებებით ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება. ეს განპირობებულია იმით, რომ ვირუსები, უპირველესად გრიპის გამომწვევები და კორონავირუსები, ხშირად იცვლიან სტრუქტურას, მუტირებული ვირუსები კი კვლავ აინფიცირებენ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ გრიპის გადატანის შემდეგ ადამიანს კარგი „იმუნური ბარიერი“ რჩება, ახალი, სახეშეცვლილი, მუტირებული ვირუსი მაინც ადვილად აღწევს ორგანიზმში, რადგან ის იმუნური სისტემისათვის ჯერ უცხოა და მის მიმართ ორგანიზმს ჯერ არ აქვს გამომუშავებული ე.წ. დამცველობითი ბარიერი.
ვისთვის არის ყველაზე მეტად საშიში ვირუსთან შეხვედრა?
განსაკუთრებით რთულად გადააქვთ ინფექცია ბავშვებსა და ასაკოვნებს. ამ ასაკობრივი ჯგუფებისათვის საშიშია გართულებები, რომლებიც შესაძლოა დაავადების მიმდინარეობისას განვითარდეს. ბავშვები შედარებით რთულად ავადობენ იმის გამო, რომ მათი იმუნური სისტემა ჯერ არ შეხვედრია ვირუსს, ასაკოვნებისა და საზოგადოდ, ქრონიკულად მოავადეებისათვის კი ვირუსი საშიშია დასუსტებული იმუნური სისტემის გამო.
მწვავე ვირუსული ინფექციებისათვის რისკჯგუფს ქმნიან:
- ბავშვები;
- 60 წელს გადაცილებულები;
- ფილტვის ქრონიკული დაავადების (ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) მქონე პირები;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადების (გულის თანდაყოლილი მანკები, გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა) მქონე პირები;
- ორსულები;
- მედმუშაკები;
- საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კვების ობიექტებზე მომუშავენი.
ინფექცია დაავადებული ადამიანისგან ჯანმრთელს გადაეცემა ნერწყვისა და/ან ლორწოს უწვრილესი წვეთებით, რომელსაც ავადმყოფი ხველის, ცხვირცემინებისა თუ საუბრისას აფრქვევს. ეს ინფექციის გადაცემის ჰაერწვეთოვანი გზაა. არსებობს ინფექციის გადაცემის კონტაქტური გზაც.
ვირუსული ინფექციები, ჩვეულებრივ, აზიანებს ზედა და ქვედა სასუნთქ გზებს. მიუხედავად იმისა, რომ სასუნთქი გზების ინფექციები კლასიფიცირდება გამომწვევის მიხედვით (მაგალითად, გრიპი, პარაგრიპი), მათ კლინიკურ კლასიფიცირებას, ჩვეულებრივ, სინდრომის თანახმად ახდენენ (მაგალითად, რინოფარინგიტი, ბრონქიოლიტი, ლარინგოტრაქეიტი, პნევმონია). თუმცა, დაავადების გამომწვევი გარკვეული მიკროორგანიზმები, ჩვეულებრივ, იწვევენ დამახასიათებელ კლინიკურ გამოვლინებებს (მაგალითად, რინოვირუსი, როგორც წესი, იწვევს რინიტს, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, როგორც წესი - ბრონქიოლიტს და ა. შ.), ყოველ ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს მრავალი ვირუსული რესპირატორული სინდრომი.
ვირუსული რესპირატორული დაავადების სიმძიმე არსებითად განსხვავებულია. მძიმე ფორმით დაავადება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარეობს ჩვილებსა და ასაკოვნებთან. დაავადება შესაძლოა განვითარდეს როგორც უშუალოდ ვირუსული ინფექციის სახით, ასევე გამოვლინდეს თანმხლები ფილტვ-გულის დაავადებათა გამწვავებით, ან კიდევ აღმოცენდეს ფილტვების დაზიანებით მიმდინარე ბაქტერიული სუპერინფექციის სახით, გამოიხატოს შუა ყურის ან წიაღების ანთებით.
ერთი შეხედვით მწვავე ვირუსულ ინფექციებს შორის თითქოს არსებითი განსხვავება არ არის, თუმცა, განსაკუთრებული დამახასიათებელი თავისებურებები მათ მაინც განასხვავებს.
პარაგრიპი
მისთვის დამახასიათებელია – ხმის განსაკუთრებულად გამოხატული შეცვლა, ჩახლეჩა, „მყეფავი“ ხველა. მთლიანობაში პარაგრიპი ბევრად მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე გრიპი, არც ისე მაღალი ტემპერატურით, რომელიც ზრდის შემთხვევაში თანდათანობით მატულობს. ადეკვატური ზომების დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლოა პარაგრიპი გადაიზარდოს ლარინგიტში, ბრონქიტსა და პნევმონიაშიც კი. პარაგრიპი განსაკუთრებულად საშიშია ჩვილებისათვის, რადგან, ხახის მწვავე სტენოზისა და შეშუპების შედეგად, შესაძლოა ცრუ კრუპის პროვოცირება მოახდინოს. ამიტომაც, მეტად მნიშვნელოვანია, პარაგრიპის ტრადიციული მედიკამენტური თერაპიის პარალელურად, სასუნთქი გზების დამატენიანებელი ინჰალაციები. პარაგრიპი ერთ კვირას ან კვირანახევარს გრძელდება.
რესპირატორულ-სინციტიური ინფექცია
პარაგირიპისაგან განსხვავებით, თავს იჩენს მაშინ, როდესაც უკვე დაზიანებულია წვრილი ბრონქები და ბრონქიოლები. ესაა სწორედ რესპირატორულ-სინციტიური ინფექციის სივერაგე. ის შესაძლოა 2 კვირას და მეტხანსაც გაგრძელდეს. ამ დაავადების დროს პაციენტის მდგომარეობა ასთმურს ჰგავს - პაციენტს უჭირს სუნთქვა, განსაკუთრებით - ამოსუნთქვა, მოხრჩობის შეგრძნება ტანჯავს, ფილტვებში მსტვინავი ხმებია.
რისკჯგუფში არიან მოხუცები და სამ წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
რესპირატორულ-სინციტიური ინფექცია განსაკუთრებით საშიშია გულით დაავადებულთათვის, ასევე ალერგიული და ფილტვის პათოლოგიების მქონე პირებისათვის. ამ კატეგორიას ყველაზე მძიმედ გადააქვს აღნიშნული ინფექცია. შველა და ხსნა დროული დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობაა.
ადენოვირუსული ინფექცია
ამ ინფექციის დროს მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღეს ნარჩუნდება, კისრისა და იღლიის ლიმფური კვანძების ზომა იზრდება. ამ სიმპტომების გარდა, ადენოვირუსული ინფექციისათვის სპეციფიკურად დამახასიათებელია „ფარინგოკონიუნქტივური ცხელება“, რომელიც ვლინდება ჯერ ერთ, ხოლო შემდგომ ორივე თვალში ძლიერი ჭრის შეგრძნებით, რომელსაც 2-3 დღეში მოსდევს გაძლიერებული ცრემლდენა. ქუთუთოების ქვეშ და თვალის კუთხეებთან ვლინდება თეთრი ან მორუხო აპკები. გრიპისა და პარაგრიპისაგან განსხვავებით, ხველა ადენოვირუსული ინფექციის დროს სველია. ბავშვებთან დაავადება ხშირად ვლინდება დიარეითაც (ფაღარათით).
რინოინფექცია
თავისთავად რინოინფექცია ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა, თუ ის გრიპს ან პარაგრიპს დაერთო, ცხვირიდან გამონადენით ყველა ვირუსს სჯობნის. საყურადღებოა ამ ინფექციის გართულება - ჰაიმორიტი, რომლის ასარიდებლად საჭიროა სურდოს დროულად მკურნალობა.
რა არის საჭირო რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს
1) წოლითი რეჟიმი – ორგანიზმს სჭირდება მოსვენება, წოლითი რეჟიმი, გარდა იმისა, რომ ეხმარება ორგანიზმის დროულად გამოჯანმრთელებას, სხვებსაც იცავს დასნებოვნებისაგან;
2) სულ მცირე, 2 ლიტრი სითხის მიღება – უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მეტი წყალი, ჩაი, მინერალური წყალი, რძე, კომპოტი და სხვა. სითხეს ორგანიზმიდან ინტოქსიკაციის პროდუქტები გამოაქვს;
3) დიეტა - ავადმყოფობის პერიოდში სასურველია რძის ნაწარმისა და მცენარეული საკვების მიღება. ასეთი საკვები ზოგავს ორგანიზმს მონელებისათვის საჭირო ენერგეტიკული დანახარჯებისაგან და ორგანიზმი უფრო ადვილად ებრძვის ინფექციას;
4) ტემპერატურის მომატებასთან რაციონალურად ბრძოლა - ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს არ უნდა დაუკარგოთ ინფექციასთან ბრძოლის უნარი. სხეულის ტემპერატურის მომატება ორგანიზმში ინფექციის შეჭრის საპასუხოდ განვითარებული დამცველობითი რეაქციაა, მიკრობთა შემოტევის დროს თავის ტვინში აქტივდება განსაკუთრებული ცენტრები, რომლებიც თერმორეგულაციაზეა პასუხისმგებელი. ტემპერატურით ორგანიზმი ებრძვის გამომწვევს, შესაბამისად, 38 და ზოგჯერ 38,5 გრადუსი ტემპერატურის ხელოვნური საშუალებებით დაწევას ექიმები რეკომენდაციას არ უწევენ, მით უფრო, თუ ცხელება ორგანიზმს ნორმალურად გადააქვს;
5) ჩ ვიტამინი – არ უნდა დაგავიწყდეთ ვიტამინები, განსაკუთრებით ჩ ვიტამინი. ის ააქტივებს ინტერფერონის გამომუშავებას, ასტიმულირებს იმუნური სისტემის ფუნქციობას. ამ ვიტამინს ყველაზე უხვად შეიცავს გრეიპფრუტი. დღეში ერთი გრეიპფრუტის მიღებით ორგანიზმი უზრუნველყოფილია ჩ ვიტამინის დღიური ნორმით;
6) ოთახის რეგულარულად განიავება და დატენიანება - მშრალ გარემოში სასუნთქ სისტემას უჭირს ინფექციასთან გამკლავება;
7) ცხვირის სათანადო დრენაჟი – იმისათვის, რომ არ გახანგრძლივდეს ინფექცია, საჭიროა ცხვირის სათანადო დრენაჟი და ჰიგიენის შესაბამისი ნორმების დაცვა, რაც გულისხმობს ცხვირის სწორად მოხოცვას და ამისათვის ერთჯერადი (ქაღალდის) ცხვირსახოცების გამოყენებას, პირსახოცისა და ბალიშის პირის ხშირად ცვლას, ცხვირის მოხოცვის შემდეგ ხელების რეგულარულად დაბანას;
8) ანტიბიოტიკებისაგან თავშეკავება - ანტიბიოტიკები ბაქტერიათა საწინააღმდეგო საშუალებებია და ვერ ებრძვის ვირუსებს, ამასთან ვნებს ნაწლავის მიკროფლორას, შესაბამისად, დაავადების დაწყებისთანავე ამ პრეპარატების მიღება (რასაც ბევრი მიმართავს) არასწორია, მხოლოდ ახანგრძლივებს პროცესს და ართულებს დაავადების მიმდინარეობას. ანტიბიოტიკების მიღება საჭიროა მეორეული გართულებების შემთხვევაში, თუ ვირუსული ინფექცია გართულდა პნევმონიით, ბრონქიტით და სხვა. ამ პრეპარატების მიღების აუცილებლობას მხოლოდ ექიმი-სპეციალისტი წყვეტს.
ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა გულისხმობს:
- ხელების სწორად და რეგულარულად დაბანას;
- დაავადებულებთან კონტაქტის არიდებას;
- ცხოვრების ჯანსაღ წესს, რაც გულისხმობს ძილის მოწესრიგებულ რეჟიმს, ჯანსაღი საკვებით კვებას, ფიზიკურ აქტივობას;
- წყლისა და სითხის მიღების ბალანსს;
- ოთახის სველი წესით რეგულარულად დამუშავებას და განიავებას;
- სამედიცინო ნიღბის გამოყენებას ხალხმრავალ ადგილებში.